მსხალი – ხეხილის ბაღი, სადაც მსხალი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდეს
გამოჩენილი ფრანგი მეცნიერი ოლივიე დე სერი აღნიშნავს, რომ ხეხილის ბაღი, სადაც მსხალი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდესო; მეც ასე ვფიქრობ. მიუხედავად იმისა, რომ ვაშლი უძვირფასესი კულტურაა, ხილით დახუნძლულ ბაღში შესული ადამიანი, პირველ რიგში, მსხალს გაუსინჯავს გემოს. ხილი, რომელიც განთქმულია თავისი განუმეორებელი გემოთი და სურნელებით, არც ქიმიური შემცველობით ჩამორჩება. მსხალი შეიცავს 5-16% შაქრებს, 1%-მდე ვაშლის, ლიმონისა და სხვა მჟავებს, ცილებს, პექტინებს, A, B, ჩ, PP ვიტამინებს. გამოიყენება ნედლად და სხვადასხვა ნაწარმის: წვენების, კომპოტის, მურაბის, მარმელადის, ხილფაფის, ჩირისა და ა.შ. სახით. ერთ-ერთი საუკეთესო თაფლოვანი მცენარეა, 1ჰა-ზე 8-დან 23 კგ-მდე თაფლს იძლევა.
მსხალი უძველესი კულტურაა. ცნობილია მისი 5000-მდე ჯიში, საქართველოში – 150-მდე.
საქართველოში გავრცელებული მსხლის ძირითადი ჯიშებია:
კახური გულაბი – კახეთი, ქართლი, მესხეთი
ქართლური გულაბი – ქართლი, კახეთი, მესხეთი
სამარიობო – იმერეთი
სასელო – იმერეთი
აყირო – იმერეთი
თიბათვის მსხალი (ყბაწითელი გულაბი) – კახეთი
უზუნ-არმუდი – მესხეთი
სოხუმის დუშესი – აფხაზეთი
ნანაზორი (ბებიას მსხალი) – მესხეთი, ქართლი
ყაბაღ-არმუდი – მესხეთი
შავი მსხალი – რაჭა-ლეჩხუმი
შემოდგომის ხეჭეჭური – კახეთი
ბჟო – ქართლი
გვერდწითელა – ქართლი
კაცისთავა – დასავლეთი საქართველო
ხეჭეჭური – კახეთი, ქართლი, რაჭა, იმერეთი, გურია, მესხეთი
საზამთრო მსხალი – იმერეთი
თავრიჯული – მესხეთი, სხვა რაიონები
მცენარე სინათლის მოყვარულია, ნაკლებად გვალვაგამძლე. ყინვაგამძლეობით ჩამორჩება ვაშლსა და ალუბალს. იზრდება ყოველნაირ ნიადაგზე (გარდა ქვიშიანი და დამლაშებული ნიადაგისა), ყველას კი შავმიწა და წაბლა ნიადაგი ურჩევნია.
ასე რომ, 2 ძირი მსხალი, ერთი საადრეო და ერთიც საგვიანო, აუცილებლად დარგეთ თქვენს მამულში, არ ინანებთ.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები