პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროგრამა ითვალისწინებს მერძევეობის მიმართულებით ძირითადი საშუალებების შეძენის/შექმნის და სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსებას.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებით/მიზნობრიობით:
• რძის პირველადი წარმოება – შენობა-ნაგებობისა (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება;
• ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება – მანქანა-დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებების თანადაფინანსება;
• ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის (კაცები 18-35 წელი, ხოლო ქალები 18-40 წლის ჩათვლით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაცხოვრებელი) – არაუმეტეს 100 კვ.მ სათბურის მოწყობის თანადაფინანსება;
• მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურის მოწყობა (არაუმეტეს 5 კვტ სიმძლავრე) – რძის პირველადი წარმოების ბენეფიციარებისათვის;
• სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის/სისტემის დანერგვა – მცირე და საშუალო ზომის რძის გადამამუშავებელი საწარმოს და რძის შემგროვებელი პუნქტის ბენეფიციარებისათვის.
პროგრამის მიზანი და ამოცანა
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროგრამის ამოცანაა რძის მცირე მწარმოებლებისთვის მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა.