აგვისტო
ბაღი. აგვისტოში იკრიფება საადრეო ჯიშის ვაშლი (პაპიროვკა, სუისლაპერი, ზაფხულის ატმისებრი, ლეჩხუმური შაფრანა), მსხალი (კახური გულაბი, ქართული გულაბი, სამარიობო, სოხუმის დუშესი, კლაპის ფავორიტი, ვენის ტრიუმფი, უზუნ-არმუდი) და ქლიავის საადრეო ჯიშები (მწვანე რენკლოდი, ონტარიო, ჭრელი პედრიგონი, დიდი ჰერცოგი და სხვ.).
აგვისტოში (თუ ივლისში გამოგვრჩა მხედველობიდან) აუცილებელია ნაყოფით დახუნძლული ხეებისთვის ორკაპი საყრდენების შეყენება, რისთვისაც ორკაპში წინასწარ მცირეოდენ თივას ან სხვა რბილ მასალას ვათავსებთ, რათა ტოტი არ გაიხეხოს. ამ პერიოდში იცის სარეველების მომრავლება, ამიტომ ნუ დაიზარებთ მამაპაპური თოხით მათ განადგურებას.
ვენახი. საჭიროებისამებრ ტარდება ბორდოს 1%-იანი ხსნარით შესხურება, ასევე გოგირდით შეფრქვევა, ოღონდ წამლობას წინ უნდა უძღოდეს ზედმეტი ყლორტების – შტამბზე ამონაყარების მოცილება (გარდა იმ ამონაყარისა, რომელიც შეიძლება დაგვჭირდეს გადასაწიდნად ან დაზიანებული მხარის შესაცვლელად). ამ პერიოდში ხდება ყლორტების მიბმა საყრდენზე და ნამხარის შეცლა; მტევნის ზემოთ 10 ფოთლის, ანუ 10 მუხლის, დატოვება და წვერის წაწყვეტა, ხოლო სიმწიფეში შესვლისთანავე იმ ფოთლების მოცილება, რომლებიც მტევნებს ჩრდილავს.
აგვისტოში ასევე აუცილებელი ღონისძიებაა თოხნა მიწის გაფხვიერებისა და სარეველების მოსპობის მიზნით. საუკეთესო საშუალებაა დამულჩვა, ანუ ვაზის ძირში ნათოხნი ბალახის, ნაკელის, ტორფის და ა.შ. დაფენა. ეს ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას და სარეველებთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია.
ბოსტანი. კომბოსტო. იღებენ საშუალო-საგვიანო ჯიშის (თეთრთავიანი, წითელთავიანი და სავოიის) კომბოსტოს მოსავალს თანდათანობით. მოსავლის აღების დაგვიანება იწვევს თავების დახეთქას და საყვავილე ისრების განვითარებას.
სტაფილო. დამატებითი გამოკვების სახით სტაფილოს კვლებში შეაქვთ ამონიუმის გვარჯილა ან მინერალური სასუქის ნარევი გადამწვარ ნაკელთან ერთად.
ჭარხალი. იღებენ ადრეულ პერიოდში დათესილი სუფრის ჭარხლის მოსავალს შერჩევით. გვიან დათესილ ან დარგულ ჭარხალს დამატებით უტარებენ გამოკვებას ისევე, როგორც სტაფილოს.
თვის ბოლოკი და ბოლოკი. თესავენ თვის ბოლოკს სექტემბერში მოსავლის აღების მიზნით. აუცილებელია ხშირი რწყვა, ვინაიდან წყლის ნაკლებობისას ძირხვენი არ იზრდება, უხეშდება და საკვებად უვარგისი ხდება.
ამავე თვეში ითესება წითელი, ანუ ჩინური ბოლოკი, რომლის მოსავალს ოქტომბერ- ნოემბერში იღებენ.
თავიანი ხახვი. აგვისტოს ბოლოს, როცა ხახვის ფოჩები დაჭკნება და ჩაწვება, იწყებენ მის ამოყრას. მომწიფებული ბოლქვი უნდა დაუყოვნებლივ ამოიღოთ, რადგან დაგვიანებისას შეიძლება ახალი ფესვი და ფოჩი განივითაროს.
ივლისი – თქვენს ბაღჩა-ბოსტანში, ბაღსა და ვენახში ივლისშიც ბევრი სამუშაოა
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)