სოფლის მეურნეობის კომიტეტმა მცხეთის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა. შეხვედრაზე UNESCO-ის ნომინაციაზე “საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდი” მომუშავე ჯგუფის შემადგენლობა დაამტკიცეს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიზანი უკვე არსებული წარმატებული გამოცდილების გაზიარება და უახლოეს მომავალში ქართული ლუდის ხარშვის ტრადიციის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებაა.
“შეიქმნა ახალი სამუშაო ჯგუფი იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ პარლამენტში გვქონდა ხორბლის და პურის ტრადიციის “იუნესკოს” მხრიდან აღიარების მხრივ. გადავწყვიტეთ, რომ ეს კარგი გამოცდილება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ლუდის ხარშვის ტრადიციაც “იუნესკოს” ვაღიარებინოთ. ასე რომ, ისინი, ვინც სოფლის მეურნეობის კომიტეტში ხართ ან დაინტერესებული ხართ ამ საკითხით, ჩათვალეთ, რომ ამ მომენტის დასაწყისში დგახართ და, იმედი გვაქვს, 1-2 წელიწადში შევძლებთ, “იუნესკომ” აღიაროს ეს ტრადიცია, როგორც არამატერიალური კულტურული ძეგლი,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მცხეთაში გამართულ შეხვედრას, თავად პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს “ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორისგან უწყების საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

