სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 1 მილიარდ 63 მილიონ ლარზე მეტი აითვისა, რაც შესრულების 99.9%-ია.
სურსათის უვნებლობის ნაწილში 76 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და შესრულების მაჩვენებელი 101.8%-ია.
მებაღეობის და მეღვინეობის განვითარებაში 269 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული და ათვისების მაჩვენებელი 99.5%-ია.
სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების დაფინანსებაში 100%-იანი შესრულების მაჩვენებელია, ერთიანი აგრო პროექტის ფარგლებში 339 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული და 99.9%-ია შესრულების მაჩვენებელი.
მელიორაციის მიმართულებით გასულ წელს ათვისებული თანხა -209.5 მილიონ ლარს, შესრულების მაჩვენებელი კი 98.0%-ს შეადგენს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 7.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0% შეადგინა.
გიორგი კაკაურიძემ ასევე ისაუბრა საგარეო სექტორზე. მისი თქმით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტმა 7 მილიარდ 291 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა – 18 მილიარდ 572 მილიონი დოლარი.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს 6 მილიონ 856 ათასამდე საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობამ 5 მილიონ 522 ათასამდე შეადგინა. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 4 მილიარდ 690 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 265 მილიონი დოლარით მეტია ვიდრე 2024 წელს.
სხდომაზე, ასევე, მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
წარდგენილი ანგარიშები სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ცნობად მიიღო.

