როგორ მოვუაროთ მარაოსებრ პალმას
მარაოსებრი პალმის მოვლისას გასათვალისწინებელია სათავსის ტემპერატურა, რომელიც 16-18º უნდა შეადგენდეს. აუცილებელია ფოთლების რეგულარული ჩამორეცხვა, გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში უხვი რწყვა, ზომიერი, მაგრამ რეგულარული მორწყვა ზამთრობით. დაუშვებელია ნიადაგის ბოლომდე გამოშრობა!
ამ სახეობის პალმისათვის დამახასიათებელია ფოთლების წვერის ხმობა, ამიტომ საჭიროა მხოლოდ ხმელი ნაწილების (და არა მთელი ფოთლის) ჩამოჭრა. უნდა მოიჭრას ძირში მხოლოდ ის ფოთოლი, რომელიც მთლიანად გახმება. ზამთრობით მცენარე დადგით სინათლეზე – ფანჯარასთან ახლოს, ხოლო ზაფხულობით მოარიდეთ მზის სხივებს.
მცენარე დარგეთ აპრილ-მაისში. ნიადაგი ასე შეამზადეთ: ახალგაზრდა მცენარისთვის – კომპოსტი – 1 წილი, მსუბუქი კორდის მიწა – 1 წილი, ნეშომპალა – 1 წილი, ქვიშა – 1 წილი; მოზრდილი მცენარისთვის – მძიმე კორდის მიწა – 1 წილი, ნეშომპალა – 1 წილი, მსუბუქი კორდის მიწა – 1 წილი, ქვიშა – 1 წილი, კომპოსტი – 1 წილი. ახალგაზრდა მცენარეებს ყოველწლიური გადარგვა სჭირდება, საშუალო ასაკისას – 2-3 წელიწადში ერთხელ და მოზრდილებს – 5 წელიწადში ერთხელ. რწყავენ უხვად, თბილი (30º-იანი) წყლით. მორწყვიდან 2 საათის შემდეგ ფსკერში გაჟონილი წყალი აუცილებლად გადაღვარეთ. ზამთრობით, როგორც კი კასრში ნიადაგის ზედაპირი გახმება, აუცილებლად მორწყეთ. დეკადაში ერთხელ მორწყეთ წყალში გახსნილი ძროხის ნაკელით. კარგი მოვლის პირობებში მცენარე ყოველწლიურად ივითარებს 3 ახალ ფოთოლს.
გახსოვდეთ
მცენარეების ზრდის შეჩერებისა და საერთო მდგომარეობის გაუარესების მიზეზი უამრავია: ეს შეიძლება იყოს ნიადაგური პირობები, ჰაერისა და ნიადაგის ტენიანობა და ნიადაგში მინერალების შემცველობა.
ტიტას სამი ბოლქვით ნაყიდი სასახლე
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები