ვაზის გრუნტში მყნობა
ამგვარ წესს მაშინ მიმართავენ, როცა ვაზის გაახალგაზრდავება ან ჯიშის შეცვლა უნდათ. ეს მეთოდი ძალიან მარტივი და, პროცედურის ნორმალურად ჩატარების შემთხვევაში, ყოველთვის დადებითშედეგიანია.
მყნობის დაწყებამდე 8-10 დღით ადრე დასამყნობი ვაზის ძირს გარშემო შემოაცლიან მიწას 20 სმ სიღრმეზე ისე, რომ ფესვის ყელი გამოჩნდეს. გადახერხავენ ფესვის ყელიდან 4-5სმ-ზე, გადანახერხს ასწორებენ ბასრი დანით, გააპობენ ცალი მხრიდან და გაუკეთებენ პატარა სოლს, რომ სანამყენე კალამი ადვილად ჩაისვას. სანამყენე კვირტს 2-3 მუხლზე გადაჭრიან და სოლისებურად ჩათლიან რქის ბოლო ნაწილს ისე, რომ სანამყენემ განაპობი, რაც შეიძლება, ნაკლებად გასწიოს და ლერწის ქსოვილები ერთმანეთს კარგად დაემთხვეს. ჩასმის დროს კვირტი გარეთ უნდა იყოს მიმართული. ამის შემდეგ მაგრად უჭერენ კანაფს (შეიძლება ალუმინის მავთულიც, ოღონდ შეხორცების შემდეგ აუცილებლად უნდა შეხსნათ) და 8-10 სმ სიმაღლეზე აყრიან ფხვიერ მიწას. თუ საძირე განიერია, შეგიძლიათ იმავე წესების დაცვით 2 კალამიც ჩაამყნოთ, ერთი ან სხვადასხვა ჯიშისა.
ვაზის გრუნტში მყნობა ხდება გაზაფხულზე, ვაზის ტირილის დაწყებამდე. ტირილის პერიოდში მყნობა უშედეგოა.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები