შპალერი ასე მოაწყვეთ
შპალერის მოსაწყობად საჭიროა: მწკრივის ბოლოებში დასაყენებელი ბოძები, შუალედური სარები და 2-2,5მმ სისქის თუთიის მავთული. ყველაზე ეკონომიურია რკინაბეტონის ბოძები და სარები, თუმცა უფრო გამძლე მაინც T-ს ფორმის რკინის ბოძები და მილებია. არც ძველებური, მამაპაპური, აკაციის ბოძებია ურიგო: თუ ბოლოებს მოუწვავთ, თავებს კონუსისებურად წაუთლით და შეღებავთ, 15-20 წელს გაძლებს.
სათავე ბოძების დასაყენებლად თხრიან 60-80სმ სიღრმის ორმოს, ერთდროულად ითხრება მეორე ორმოც ღუზისთვის, რომელიც ზუსტად მწკრივის სიბრტყეში უნდა მდებარეობდეს. ღუზისთვის არჩევენ 5-8-კგ-იან მავთულისმარყუჟიან ქვას. დებენ მიწაში ისე, რომ მარყუჟი მოექცეს მიწის ზევით, აყრიან მიწას და მაგრად ტკეპნიან. შემდეგ ჩააყენებენ ბოძს და მასაც მაგრად მიუტკეპნიან მიწას, რათა ორმოდან ამოყრილი მიწის არც ერთი ნამცეცი არ დარჩეს მიუტკეპნელი. ამის შემდეგ ბოძები მაგრდება ღუზებზე. მოაბით ორმაგი მავთული – ერთი ბოძის წვერში, მეორე – შუაში, გამოაბით ღუზის მარყუჟს, მერე გაუყარეთ ორმაგ მავთულში ქანჩი და კარგად დაქანჩეთ; სარების დასაყენებლად ბოძებზე გააბით კანაფი, მონიშნეთ 6-8 მ-ის მანძილზე ადგილები და ჩასვით სარები.
მავთულს ვაბამთ, რა თქმა უნდა, ჯერ ბოძებზე, ხოლო შემდეგ სარებზე. თუ რა სიმაღლეზე იბმება მავთულები, დამოკიდებულია შპალერის ტიპზე. მავთულების დასაჭიმად იყიდება სპეციალური ხელსაწყო, რომელიც თავისი აგებულებით მარტივი და ადვილად გამოსაყენებელია. თუ ბოძები და სარები მეტალისაა, აუცილებლად უნდა დაიხვრიტოს საჭიროებისამებრ.
მათთვის, ვინც ვენახის გაშენებას აპირებს
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)