მერქნიანი კულტურების სხვლა
სხვლა ერთ-ერთი ძირითადი აგროტექნიკური ღონისძიებაა ბაღ-ვენახში. მისი მიზანია მცენარის ფორმირება, ძლიერი მცენარის გაზრდა და, რაც მთავარია, უხვი და მაღალხარისხოვანი მოსავლის მიღება.
ახალდარგულ მცენარეს აუცილებლად უნდა მოაჭრათ ცენტრალური ღეროს კენწერული ნაწილი და გვერდითი ტოტები დარგვის დროს დაზიანებულ ფესვებსა და მიწისზედა ნაწილებს შორის წონასწორობის შესანარჩუნებლად.
განუტოტავი ერთწლიანი ნერგის ფორმირების დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ გადაჭრილი ადგილიდან დაახლოებით 20 სმ-ის ქვემოთ ვითარდება ტოტები. ამიტომ, თუ გინდათ, რომ ნერგის შტამბის სიმაღლე იყოს 60 სმ, უნდა გადაიჭრას 80 სმ სიმაღლეზე.
ორწლიანი ნერგის გასხვლისას უნდა ამოიჭრას ვარჯის შუაგულში არსებული, ერთმანეთთან ძალიან ახლოს მყოფი სუსტი ტოტები; ძლიერ ტოტებს, რომელთაც დატოვებთ, წვერები ეკვეცება. როგორც წესი, ტოტი იჭრება ისე, რომ წვერის კვირტი დარჩეს გარეთ, რათა ნაზარდი განზე განვითარდეს და არა ცენტრისკენ. ცენტრისკენ მიმართული ტოტები იჭრება ძირში. თავისთავად ცხადია, უნდა მოაცალოთ ყველა მოტეხილი ან შემხმარი ტოტი. ტოტები, რომლებიც მახვილ კუთხეს ქმნიან ცენტრალურ ღეროსთან, შეგიძლიათ გადაღუნოთ სასურველ კუთხემდე და კანაფით მიაბათ შტამბზე.
სამწლიან ხეს რომ სასურველი ფორმა მისცეთ, ვარჯში არსებული ყველა ჩახშირებული, შიგნით მიმართული და დაზიანებული ტოტი უნდა მოაცალოთ, ხოლო ცენტრალურ ღეროსთან მახვილი კუთხით მოზარდი ტოტები, ისევე როგორც ორწლიანების შემთხვევაში, გადაღუნოთ ჰორიზონტალურ ან ნიადაგისკენ დახრილ მდგომარეობაში და დააბათ შტამბზე ან სპეციალურად დარჭობილ პალოებზე. ეს ღონისძიება აფერხებს ტოტების გაძლიერებულ ზრდას და ხე უფრო ადრე იწყებს მსხმოიარებას. ასე გამოგვყავს 4-5 იარუსი, რომელსაც ყოველწლიურად ვარეგულირებთ.
ოთხწლიანი ხე უკვე ფორმირებულია და ისხამს კიდეც. ამ შემთხვევაში სხვლის ძირითადი მიზანია ვარჯის გამოხშირვა და ცენტრალური ღეროს ზედა ნაწილის წაჭრა დაახლოებით 3მ-ის ზევით. სხვლის დროს ყველა ხეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მსხვლელმა უნდა გაითვალისწინოს ხის ან ბუჩქის შესაძლებლობები, კლიმატური პირობები, მცენარეთა რწყვისა და გამოკვების საკითხები და ა.შ.
ქლიავისა და გარგარის ვარჯებს ზომიერი გამოხშირვა სჭირდება. ერთმანეთზე გადახლართული და ერთმანეთთან ახლო მყოფი ტოტებიდან სცილდება შედარებით სუსტი, აგრეთვე ცენტრისკენ მიმართული და დაზიანებული ტოტები. ეს ჯიშები ისე უნდა გაისხლას, რომ ვარჯში მზის სხივი ადვილად აღწევდეს.
ატამს, რაც უფრო დაბალი შტამბი ექნება, ჯობია. ამ შემთხვევაშიც ვარჯის გამოხშირვა მოხდება ზემოთ მითითებული მეთოდით. სხვლის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ატმის ხის პოლარობა, ანუ წვერისკენ ზრდის თვისება. ეს რომ არ მოხდეს, ყოველწლიურად ვუტოვებთ სანაყოფე და სამამულე – 1/3-ზე დამოკლებულ ტოტებს. ასე ნასხლავი ატამი დიდხანს იძლევა ნაყოფს, გაუსხლავად დატოვებული, ანუ წვერისკენ გაქცეული ხეები მხოლოდ კენწეროში ისხამენ და მალეც ხმებიან. თუ მაინც „გაგექცათ“ ატმის ტოტები წვერისკენ, ჩაატარეთ გასაახალგაზრდავებელი სხვლა – ზომიერად გადაბელეთ.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები