ვინ მტერი და ვინ მოყვარე
როგორც წესი, ძველ ეზოში სახლის წინ აუცილებლად იდგა კაკლის ხე. ეს ტრადიცია ნაწილობრივ ახლაც გრძელდება. სახლის წინ კაკლის ხეს ჰქონდა ის დანიშნულება, რომ მას არ ეკარებიან ბუზები, კოღოები, კრაზანები და სხვა მწერები, რომლებიც აწუხებენ ადამიანს. კაკლის ხის ფოთოლი და ნაყოფის გარე მწვანე წენგო გამოყოფს თავისებურ შხამებს. კულტურული და ველური მცენარეებიც კი ვერ ხარობენ კაკლის ხის გვერდით; მაგალითად, ვაშლისა და მსხლის ხე ცუდად იზრდება და ნაყოფს არ იძლევა.
ყველა ხეს აქვს თავისი დამახასიათებელი სურნელი, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიურია ყვავილობის პერიოდში. ამ სუნს გამოსცემს შემდეგ კვირტები, ფოთლები, ქერქი და ნაყოფი; ე.ი. ყოველი ხე თავის გარშემო დამახასიათებელ ქიმიურ გარემოს ქმნის. ამიტომ სხვადასხვა მცენარეს მისთვის სპეციფიკური ქიმიური გარემო ახასიათებს, ხშირად ერთიმეორისთვის მიუღებელიც.
ძველი რომაელი მეცნიერის პლინიუს უფროსის ნაშრომებში მითითებულია, რომ ვენახში არ შეიძლება კომბოსტოსა და ზოგიერთი ბაღჩეულის ერთად დარგვა, ვინაიდან ყურძნის მტევანი მათ სიახლოვეს მეჩხერი გამოდის და ღვინოც ფუჭდება. ასევე მიუღებელია ვაზის გვერდით თხილის ბუჩქი.
ჯერ კიდევ XVII საუკუნეში მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ერთი მცენარის მიერ გამოყოფილი ქიმიური ნაერთი მეორისათვის შეიძლება დამღუპველი ან სასარგებლო იყოს.
დადგენილია, რომ ახალგაშენებულ ბაღში კარტოფილის დათესვა იწვევს ხეხილის დაკნინებას კარტოფილის მიერ გამოყოფილი ტოქსინების გამო, რის შედეგადაც ნიადაგში მცირდება აზოტის რაოდენობა. ასეთი ბაღისთვის უფრო სასარგებლოა სოია, რომელიც ამდიდრებს ნიადაგს აზოტით. ასევე შეიძლება ვაშლისა და მსხლის ხეებთან ახლოს ალუბლის ხის დარგვა.
სადაც გაშენებულია თეთრი აკაცია, ცხენის წაბლი, სოჭი, ვარდი, იასამანი და ძახველი, სხვა მცენარეებს უჭირთ ზრდა-განვითარება. კოწახური, მაგალითად, გამოყოფს ალკალოიდ ბერბერინს, რომელიც ჩაგრავს სხვა მცენარეებს.
გარეული მსხალი (პანტა) შესანიშნავად ხარობს შერეულ მუხის კორომში, მაგრამ მას ვერ შეხვდებით წიფლნარსა და წიწვოვან ტყეებში.
კოლორადოს ხოჭოს მავნებლობაზე მრავალჯერ დაწერილა. მას შეიძლება ვებრძოლოთ ნივრით. კარტოფილის რიგთა შორის თუ ჩავრგავთ ნიორს, მას ხოჭო აღარ გაეკარება.
სადაც ხარობს ნიორი, მცირდება ლოკოკინების რაოდენობაც.
მიუღებელია გარგარისა და ალუბლის ერთად დარგვა, ასევე ბლის ხესთან მოცხარის, ხოლო კომშთან მსხლის ხის დარგვა.
მოცხარსა და სხვა კენკროვნებთან შეიძლება ჩაირგოს ნიორი ან ხახვი.
ასევე ერთმანეთისგან მოშორებით უნდა იყოს პამიდვრისა და კიტრის კვლები. ამრიგად, ბაღის განაშენიანების დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მცენარეების ურთიერთდამოკიდებულება, რათა მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი.
გახსოვდეთ
ნიადაგი, სადაც ჭიაყელების სიუხვეა, საკვები ნივთიერებებითაც მდიდარია და საუკეთესო სტრუქტურაც აქვს. ამიტომ დაიცავით ისინი: დაბარეთ თქვენი ნაკვეთი სპეციალური საბარავი ფიწლით, მოაცილეთ ჭიაყელების დაუძინებელი მტერი – თხუნელა. არასოდეს დაანთოთ ცეცხლი ნაკვეთში, ამ დროს ჭიაყელები იხოცებიან და მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ჩნდებიან.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები