მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინავებლად საუკეთესო ამინდით.
სექტემბერი – მობრძანდა მადლიანი შემოდგომა
მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინავებლად საუკეთესო ამინდით. ეს ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარულითა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს – სიმძიმისაგან ტოტებდახუნძლულ ბაღს. უყურებს და ტკბება დამკრახული ყურძნის მტევნების, მუქი ლურჯი და ვარდისფერი ქლიავის, ფერად-ფერადი ვაშლისა და მსხლის, სხვა უტკბილესი და უგემრიელესი ხილის ცქერით, რომელსაც დროულად სჭირდება მოკრეფა-დაბინავება. ეს კი არც ისე ადვილი საქმეა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ხეხილის ჯიშების მიხედვით ნაყოფის სიმწიფის ხარისხიც. ნაადრევად მოკრეფილი ვაშლი ცუდად ინახება და არც არომატი აქვს შესაბამისი. არც დაგვიანებით მოკრეფილი ვარგა, გადამწიფებული კარტოფილივით ფხვიერი ხდება.
კრეფის ნორმალურად ჩასატარებლად აუცილებელია: კიბეები, ვედროები, კავები ტოტის მოსაწევად და ვედროს ჩამოსაკიდებლად, გრძელ ჭოკზე მიმაგრებული სპეციალური საკრეფი, რომელიც გამოიყენება ვაშლისა და მსხლის კენწეროებიდან ჩამოსაკრეფად. ვაშლის კრეფისას შეეცადეთ ნაკლებად დაზიანდეს ცვილი, რომლითაც დაფარულია ნაყოფი, ვინაიდან იგი აუცილებელია ნაყოფის შესანახად; ვედროშიც ფრთხილად ჩააწყვეთ, არ დაჟეჟოთ. მოკრიფეთ სათითაოდ და არა ორ-ორი ნაყოფი ერთად. კარგად ინახება მხოლოდ მწიფე (და არა გადამწიფებული ხილი).
მოკრეფილი ხილი ფრთხილად ჩააწყვეთ ხის ყუთებში და შეინახეთ ბნელ სარდაფში, სადაც ტემპერატურა 2-4ºჩ-ია, შეფარდებითი ტენიანობა – 85-90%. ხილი მოკრეფისთანავე უნდა დახარისხდეს, დაჟეჟილი და ჭიანი მოსცილდეს და ზომის მიხედვით გადაირჩეს, ხოლო შემდეგ ფრთხილად ჩალაგდეს 4%-იანი საჭმელი სოდით წინასწარ გარეცხილ ყუთებში ან დალაგდეს თაროებზე. ვ
აშლი დაალაგეთ ყუნწით ქვემოთ, მსხალი – პირიქით. იმისათვის, რომ ჰაერი არ გამოშრეს, საცავში დადგით წყლიანი თასი. ტენიან სარდაფებში დგამენ ჩამქრალი კირით სავსე ყუთს, რომ ზედმეტი ტენი შეიწოვოს. იქ, სადაც ხილი ინახება, არ შეიძლება მძაფრსუნიანი პროდუქციის ან ქიმიური საშუალებების (მათ შორის ბენზინის, ნავთის) შენახვა. ძალიან კარგად ინახება გაუქმებულ ჭაში კალათით ჩაკიდებული ხილი, მათ შორის ქლიავიც. სარდაფის უქონლობის შემთხვევაში ხილის შენახვა შეიძლება აივანზეც, ოღონდ წინასწარ სათითაოდ შეახვიეთ ქაღალდში და ისე ჩააწყვეთ, ხოლო ყინვის შემთხვევაში ყუთები შეფუთეთ. კარგად ინახება ვაშლი, მსხალი და კომში ღია აივანზე ან საკუჭნაოში დადგმულ სახურავიან ტახტებსა და სკივრებში, ოღონდ იქაც სათითაოდ ქაღალდში გახვეული ჩაალაგეთ. ყურძნის შესანახად ვარგისია სათავსი, სადაც ტემპერატურაა 5-6ºჩ, ტენიანობა – 80%, ასეთია სარდაფი. უკეთესია, თუ მტევნებს ასე ჩაალაგებთ – ერთი ფენა ნახერხი, შემდეგ მტევნები და ა.შ.
მოსავლის აღების შემდეგ, როცა ყველაფერს დააბინავებთ, ნაკვეთი გადაბარეთ. თუ სამი წლის მანძილზე სასუქი არ შეგიტანიათ, სასურველია, ყოველ 10 მ2-ზე 40-60კგ ნაკელის შეტანა. ყინვების დაწყებამდე გადაბარვა იმიტომ არის აუცილებელი, რომ ყინვა ბელტებს შლის და ნიადაგს აფხვიერებს. გამხმარი და დაავადებული ხეები ძირიანად ამოძირკვეთ და ნაკვეთიდან გაიტანეთ. ხის ამოსაღებად ძირიდან 60-100 სმ-ის დაშორებით ირგვლივ მოთხარეთ და ყველა ფესვი გადაჭერით. როგორც კი ხეს გვერდზე გადახრით, მისი მოთხრა ადვილია.
სექტემბერში იბერტყება კაკალი; თხლად გაშალეთ მშრალ სათავსში, რომელიც კარგად ნიავდება და დაცულია მღრღნელებისაგან. მსხვილი, მაღალხარისხოვანი კაკლები გადაარჩიეთ და შეინახეთ სათესლედ. ითესება ადრე გაზაფხულზე.
გახსოვდეთ
შესანახი ვაშლი და მსხალი იკრიფება ყუნწიანად, ნაყოფის დაუზიანებლად.
აგვისტო – ბაღი. აგვისტოში იკრიფება საადრეო ჯიშის ვაშლი (პაპიროვკა, სუისლაპერი, ზაფხულის ატმისებრი
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები