მუხა – Quercus
მსოფლიოში გავრცელებულია მუხის გვარის 450-600-მდე სახეობა, რომელთაგან ნაწილი ფოთოლმცვენია, ნაწილი მარადმწვანე (ძირითადად, ტროპიკებსა და სუბტროპიკებში).
საქართველოში მუხის 7 სახეობაა გავრცელებული, რომელთაგან 5 წითელი ნუსხითაა დაცული (კოლხური მუხა/Quercus hartwissiana Stev; იმერული მუხა/Quercus imeretina Stev. Ex Malleev; მაღალმთის მუხა/Quercus macranthera Fisch et Mey; ჭალის მუხა/Quercus; pedunculiflora C. Koch.;პონტოს მუხა/Quercus pontica C. Koch.).
მუხა გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, ასევე აფრიკასა და აზიაში. ხეებია, იშვიათად ბუჩქები, გვხვდება როგორც მარადმწვანე, ისე ფოთოლმცვენი. მარადმწვანე მუხა გავრცელებულია თბილ ქვეყნებში.
მუხა საქართველოს ტყეების ძირითადი შემქმნელი სახეობაა და ქმნის ტყის მნიშვნელოვან მასივებს.
ზოგი მუხის სახეობა სინათლისა და სითბოს მომთხოვნია, ზოგი კი სიცივის ამტანი და სინესტის მოყვარული. ზოგი – ტანმაღალი ხეა გაშლილი ვარჯით, ზოგი კი ტანდაბალი და დაბრეცილი ღეროთი ხასიათდება.მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყრით. მუხა ქმნის როგორც წმინდა ასევე შერეულ კორომებს.
მუხის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ძირითადად, 400-500 წელია, ზოგიერთი სახეობის შემთხვევაში – 1000-1500 წელი.
მუხა, სხვა ხეებთან შედარებით, უამრავი სახეობის ცოცხალ ორგანიზმებს მასპინძლობს. ხოჭოები ბურღვით ცდილობენ სქელი დახეთილი ქერქის ქვეშ დაბინავებას, ფუღუროებში ბუები და ღამურები იდებენ ბინას, ციყვებისთვის მუხა საუკეთესო მასპინძელია. მრავალი ცხოველი აფარებს თავს მუხის ძირს.
მუხის ნაყოფს, რომელსაც რკო ეწოდება, ადამიანი საკვებად იყენებდა. რკოსგან დღესაც ამზადებენ ბურღულს, ორცხობილას, ყავას და სპირტს. რკო გამორჩეული საკვებია ფრინველებისა და ცხოველებისთვის.
მუხის მერქანი გამძლე, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალაა, ხოლო მერქნის გული, უნიკალური ქიმიური შემადგელობის გამო, შეუცვლელია ღვინისა და კონიაკის წამოებაში. მუხის მერქნისგან დამზადებულ კასრებში დაძველებული სპირტი, დროთა განმავლობაში, განსაკუთრებულ გემოს, ხარისხსა და უნიკალურ თვისებებს იძენს.
მუხის ქერქის ნაყენი მრავალი ანთებითი თუ სხვა დაავადების მკურნალია. მუხის კორომში დასვენება კი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის სამკურნალოა.
ევროპაში ყველაზე ასაკოვანი მუხის ხე ავსტრიის ქალაქ ბად ბლუმაში ხარობს და იგი 1200 წლისაა, ხოლო ტანის გარშემოწერილობა 8,7 მეტრს აღწევს. ასევე ცნობილია უძველესი მუხა, რომელიც სახელგანთქმულია როგორც რობინ ჰუდის მუხა, იგი ინგლისში, შერვუდის ტყეში ხარობს და 800-1000 წლამდე ასაკისაა.
წყარო: ეროვნული სატყეო სააგენტო