რატომ არის თიხის ჭურჭელი სასარგებლო?
როგორი სუფთაც არ უნდა იყოს ბოსტნეული, თუ მას დაბალი ხარისხის მეტალის ან პლასტიკის ჭურჭელში მოვამზადებთ და მივირთმევთ, ის მაინც საფრთხის შემცველი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ჭურჭელი დამზადებული იყოს ისეთი ბუნებრივი მასალისგან, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და გახურებისას თუ სხვადასხვა მჟავებისა და ცხიმების ზემოქმედებისას არ გამოყოფს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.
თიხის ჭურჭლის სასარგებლო თვისებებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების შესახებ, ალბათ გსმენიათ. ასეთი აზრიც კი არსებობს, რომ თიხას მაგიური ძალა აქვს, ათავისუფლებს ნეგატივისგან და ადამიანებისთვის პოზიტიური განწყობა მოაქვს. ეს, რა თქმა უნდა, დამტკიცებული ჰიპოთეზა არ გახლავთ, მაგრამ ამავე დროს იმასაც ვერავინ უარყოფს, რომ თიხის ჭურჭელში საკვები გაცილებით გემრიელი, არომატული და ჯანსაღი მზადდება, ხოლო პროდუქტები – საკმაოდ დიდხანს ინახება. გაინტერესებთ, რატომ ხდება ასე?
თიხის ჭურჭლის სასარგებლო თვისებებს, უპირველესად, განაპირობებს ის, რომ დამზადებულია ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო ბუნებრივი მასალით.
დედამიწა ადამიანს აძლევს არა მარტო წყალს და საკვებს, არამედ ამ საკვების შესანახ საშუალებასაც. თიხის დამუშავებისა და გამოწვის საიდუმლო ადამიანებმა ცივილიზაციის ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს და მას შემდეგ, აქტიურად იყენებენ ჭურჭლისა თუ სხვა სამეურნეო ნივთების დასამზადებლად. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ათასწლეულებმა განვლო და დღეს ჭურჭელი უამრავი სხვადასხვა მეტალისა თუ შენადნობისგანაც მზადდება, თიხა მაინც ინარჩუნებს თავის ფუნქციასა და ფასეულობას – გვჩუქნის ყველაზე ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭელს ჩვენი სამზარეულოსა თუ მარნისთვის.