რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? სამკურნალოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყენება როგორც სახამებლისა და შაქრის შემცვლელი შაქრიანი დიაბეტის დროს
მიწავაშლა საუკეთესო კულტურაა, რომელიც მეცხოველეობასაც ფეხზე დააყენებს და ხალხისთვის საკმარის, სამკურნალო თვისებების მქონე შაქარსაც მოგვცემს. დიახ, სამკურნალოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყენება როგორც სახამებლისა და შაქრის შემცვლელი შაქრიანი დიაბეტის დროს.
ამერიკელი ინდიელების მიერ კულტივირებული მიწავაშლა, ანუ ტოპინამბური, ერთ-ერთი იმ კულტურათაგანია, რომელმაც საქართველომდე კი მოაღწია, მაგრამ რატომღაც ფართო გავრცელება ვერ პოვა.
მიწავაშლას სხვადასხვა ჯიშიდან საუკეთესოა ე.წ. ტოპინომზესუმზირა, რომლის ერთხელ მოშენებული პლანტაცია 10 წლამდე ძლებს. მძლავრი ფესვთა სისტემის წყალობით, რომელზედაც ტუბერები ვითარდება, მცენარე მდგრადია და წაქცევის საშიშროება არ ემუქრება.
ტოპინომზესუმზირას ტუბერი შეიცავს 25-35%-მდე შაქარს, დიდი რაოდენობით პროტეინს, კალიუმს, ფოსფორს, ვიტამინებს B და C, რკინას და, რაც ყველაზე საინტერესოა, 40%-მდე ინულინის მჟავას, რომელსაც ეძახიან მცენარეულ ინსულინს და იხმარება დიაბეტის სამკურნალოდ.
ტოპინომზესუმზირა, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ტოპინამბურისა და მზესუმზირას ჰიბრიდიზაციით მიღებული ჯიშია, იზრდება 3,5-4მ-მდე. მისი მწვანე მასა მდიდარია ნახშირწყლებით, კაროტინით, შაქრით, ამიტომაც ძვირფასი საკვები კულტურაა მეცხოველეობისათვის. მწვანე მასის ნახარში უებარია სახსრების სამკურნალოდ. თითქმის დაუჯერებელია, მაგრამ ამ კულტურას შეუძლია გააუვნებლოს ქარხნის მავნე ნარჩენები.
კვების მრეწველობაში ტუბერებისაგან ამზადებენ ფხვნილს, ფრუქტოზისგან სიროფს, სასმელებს, პასტას, ინსულინს. არსებობს ტუბერისგან მიღებული კონცენტრატი, რომელიც იხმარება მძიმე დამწვრობის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და თირკმლების დაავადების სამკურნალოდ.
ტოპინომზესუმზირას ტუბერის კომპოტი არა მარტო წყურვილს კლავს, არამედ არეგულირებს წნევასა და შაქრის დონეს სისხლში, დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, ეხმარება ანემიით დაავადებულებს, რადგან მასში რკინის შემცველობა ბევრად მეტია, ვიდრე კარტოფილში.
ტუბერების გამოყენება შეიძლება უმად, შემწვარი, მოხარშული და ჩირის სახით.
აშენებენ როგორც მთელი, ისე დაჭრილი ტუბერებით, რგავენ შემოდგომით ან გაზაფხულზე. ირგვება კვადრატულ-ბუდობრივად ან რიგებში. მანძილი რიგთაშორისებში 70 სმ-ია, მცენარეთა შორის – 55 სმ. მწვანე მასას იღებენ შემოდგომით, ტუბერებს – მოგვიანებით, ოქტომბერში, ან გაზაფხულზე, ხშირად საერთოდაც არ თხრიან. ნარგავებში პირდაპირ უშვებენ ღორებს და 14-15 დღის განმავლობაში ასე კვებავენ. შემდეგ უკვე შეაქვთ სასუქი და ფარცხავენ. მიწაში ჩარჩენილი ტუბერები საკმარისია მომავალი წლის მოსავლის მისაღებად.
მწვანე მასის აღების შემდეგ, მისი მოთხრა-გამოზიდვის გარეშე, ადგილზევე კვებავენ ღორებს. ესეც ძალიან ხელსაყრელია. მწვანე მასა საუკეთესო საკვებია აგრეთვე მეწველი ძროხებისა და კვერცხმდებელი ფრინველისთვის.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)