მაისი
ამ თვეში გადაუდებელი სამუშაოა ბაღ-ვენახის დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან. ბაღში, პირველ რიგში, ვაშლისა და მსხლის ხეებს წამლავენ ქეცის საწინააღმდეგო საშუალებებით – 0,2%-იანი კაპტანით ან 0,1%-იანი სილიტით.
ყვავილობის ფაზაში იხმარება 0,1%-იანი კაპტანი. შეწამვლა ტარდება მხოლოდ წვიმიან ამინდში. დაყვავილების შემდეგ წამლავენ 0,1%-იანი სილიტით ან 0,1%-იანი ტოპსინით. 10-14 დღის შემდეგ გამოიყენება 0,2%-იანი კაპტანი ან 0,1%-იანი ტოპსინი. შემდგომ ყოველი 4 დღის შემდეგ, წვიმიან ამინდში წამლავენ 0,2%-იანი კაპტანით ან 0,3%-იანი ხომეცინით.
კურკოვანი ხეხილის შესაწამლად ყავისფერი სიდამპლის თავიდან ასაცილებლად უშუალოდ ყვავილობის წინ ხმარობენ სილიტის 0,1%-იან ხსნარს, ხოლო ყვავილობის ფაზაში ტოპსინის 0,1%-იან ხსნარს. ამ ხსნარებით ბაღის შეწამვლა შეიძლება მხოლოდ ხანგრძლივი წვიმების პერიოდში. ყვავილობის შემდეგაც იწამლება მხოლოდ წვიმიან ამინდში.
ატმის სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ ხეხილი იწამლება ყვავილობის შემდეგ 0,15%-იანი კაპტანით, 0,15% -იანი კარატანით ან 0,1%-იანი ტოპსინით.
ხეხილის მავნებლების საწინააღმდეგო შეწამვლა ტარდება ყვავილობის შემდეგ 0,1%-იანი ოვადოფოსით, 0,3%-იანი ქლოროფოსით ან 0,6-1%-იანი მეტაფოსით.
ახალგაშენებულ ნერგებს შეაცალეთ ის ყლორტები, რომლებიც შტამბზე აქვს ამოყრილი. ზედმეტი ყლორტები შეაცალეთ ხეხილსაც. ყლორტის მოცილება ახლავე სჯობს, რადგანაც, როცა გაიზრდება, გაძნელდება. ვარჯის შიგნით კარგად გამოათავისუფლეთ, რომ ჰაერმა და მზის სხივმა შეაღწიოს.
ვაშლის ნაყოფჭამიას წინააღმდეგ საბრძოლველად ყვავილობიდან 2-3 კვირის შემდეგ შტამბის ქვედა ნაწილს შემოახვიეთ 2-3 ფენა სქელი შესაფუთი ქაღალდი, ჯვალო ან სხვა ქსოვილი და დაახვიეთ ზედ თოკი ისე, რომ მოჭერილი ჰქონდეს ორ რგოლად – ერთი ზემოთ, მეორე ქვემოთ, შუა ნაწილში უნდა დარჩეს სივრცე, რომ შიგნით მწერებმა დაიბუდონ. 7-10 დღის შემდეგ ნახვევი მოხსენით და მწერებთან ერთად დაწვით.
ეს მეთოდი ყველა ნაყოფჭამიას საწინააღმდეგოდ გამოდგება.
ბაღის მავნებლების (ბუგრების, ტკიპების და სხვ.) საწინააღმდეგოდ გამოიყენება მცენარეული საშუალებებიც: მაგალითად, ძალიან ეფექტურია ახალდაჩეჩქვილი ნივრის წყალხსნარით შესხურება (200 გ ნიორი 10 ლ წყალზე), ოღონდ ნიორწყალი წინასწარ გაწურეთ ორმაგ მარლაში და ისე ჩაასხით აპარატში.
ამავე მიზნით გამოიყენება ხახვის ქერცლის წყლიანი ნაყენი. 200გ წმინდად დაფქული ქერცლი დააყენეთ 10 ლ წყალში 10-12 საათს, გაწურეთ და შეასხურეთ.
მაისი წვიმებისა და თბილი ამინდის თვეა, რაც ძალზე ხელსაყრელია სარეველების ზრდა-განვითარებისათვის, ამიტომაც ხშირად მოგიწევთ თოხნა. ნათოხნი ბალახი ხეხილს ჯამებში ჩაუყარეთ და კარგად მიუტკეპნეთ. იგი ხელს შეუწყობს ნიადაგში ტენის შენარჩუნებას და ამასთანავე შესანიშნავი ორგანული სასუქიცაა.
ვენახის სამუშაოები. წვიმა და თბილი ამინდი პირდაპირ მისწრებაა სოკოვანი დაავადებების – ჭრაქისა და ნაცრის გასავრცელებლად. ჭრაქის საწინააღმდეგოდ I და II შეწამვლა 1%-იანი ბორდოს ხსნარით ტარდება ვაზის ყვავილობამდე, III – მარცვლის გამონასკვისთანავე, IV-V – მარცვლის დამსხვილების პერიოდში, ბოლო წამლობა კი – 2 კვირის შემდეგ. ეს, ცხადია, არ ეხება `ადესას~ და სხვა უწამლო ჯიშებს. ზედმეტი ყლორტების შეცლა კი ყველა ჯიშისთვის აუცილებელია. პირველ რიგში, შტამბსა და ორწლიან ნაწილებზე უნდა მოაცალოთ უნაყოფო ყლორტები და ტყუპი ყლორტიდან ერთ-ერთი – სუსტი ან უნაყოფო.
ნაცარი ძალზე საშიში სოკოვანი დაავადებაა, მაგრამ, თუ დროულად ჩაატარებთ საჭირო ღონისძიებებს, მისი თავიდან აცილება შეიძლება. როგორც კი ვაზის ფოთლებზე ნაცრისფერ ფიფქს შეამჩნევთ, დაავადებული ფოთლები მაშინვე შეაცალეთ და დაწვით. ამის შემდეგ, რაც უფრო მალე ჩაატარებთ ვენახის დამუშავებას კოლოიდური გოგირდით ან შესაბამისი საშუალებით, მით უფრო მალე აიცილებთ თავიდან ზარალს. გოგირდის შეფრქვევა სასურველია მშრალ, უქარო ცხელ ამინდში.
მაისის მეორე ნახევარი ვაზის გაფურჩქნის დროა; სადაც კი ტყუპ ყლორტს ნახავთ, სუსტი მოაცალეთ და ძლიერი დატოვეთ. თუ სადმე რქა ასახვევი დაგრჩათ, აახვიეთ. ზედმეტი ყლორტები ყველგან შეაცალეთ: პირველ რიგში – შტამბზე, შემდეგ – სანაყოფეზე და ყველა მრავალწლიან ღეროზე განვითარებული უნაყოფო, სუსტი და დაავადებული ყლორტები. თუ შესაწამლია, ჯერ მწვანე ოპერაციები ჩაატარეთ, რათა ზედმეტი წამალი არ დახარჯოთ, და შემდეგ შეწამლეთ.
ბოსტანი. ბოსტანშიც იმდენი საქმეა, რომ მშრომელ კაცს ამ თვეში დასვენების დრო არ ექნება. ირგვება პამიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, იმარგლება ნათესები. შეგიძლიათ დათესოთ ყველა სახის მწვანილი, თვის ბოლოკი, ხახვი, კიტრი, ლობიო, სიმინდი. ამოსულ და წამოზრდილ ბოსტნეულს გაუფხვიერეთ ნიადაგი, საჭიროების შემთხვევაში, მორწყეთ. სქლად ნათესი აღმონაცენი შეათხელეთ. იცოდეთ, თუ თვის ბოლოკი სქლად გითესიათ, მალე აყვავდება და ძირს არ გაიკეთებს.
უხვი და მაღალხარისხოვანი მოსავლის მისაღებად სასურველია თესლი წინასწარ მოათავსოთ სპეციალურ ხსნარ „ბიორაგში“, რომელიც იყიდება მემამულეთა კავშირის მაღაზიაში.
„ბიორაგის“ ხსნარში თესლი მოათავსეთ: სიმინდი – 24 საათის, ლობიო – 15 საათის, ხორბალი – 12 საათის, სოია – 3 საათის, მზესუმზირა და მწვანილები – 12 საათის, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები – 20 საათის განმავლობაში.
თქვენს მამულ-დედულში ახლა ძალზე ბევრი სამუშაოა. ბოსტანი, ბუნებრივია, უკვე „მწყობრშია“, მაგრამ მწვანილის კვლებში სარეველებიც მოძალებული იქნება და ზედმეტი აღმონაცენიც. როგორც წესი, ბოსტნეული კულტურების ნათესი თავიდანვე სქელი უნდა იყოს, რათა აღმონაცენმა კარგად იგრძნოს თავი. ასე უფრო `თბილად~ არიან, მაგრამ, როგორც კი წამოიზრდებიან, უკვე კონკურენტები ხდებიან და ცდილობენ ერთმანეთს, რაც შეიძლება, მეტი მზის სხივი, ტენი და საკვები „წარსტაცონ“. აი, ამიტომაც უნდა კვლებს გამოხშირვა. იცით კი, როგორი სიხშირისა უნდა იყოს თითოეული კულტურის ნათესი? რა თქმა უნდა, ეს ყველამ არ იცის.
აი, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ნათესები გამარგვლა-გამოხშირვის შემდეგ, რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული ერთმანეთისაგან თითოეული კულტურის აღმონაცენი (ცხრილი # 4).
როგორ დავიცვათ ნათესები მავნებლებისგან. მაისის თვეში განსაკუთრებით მომრავლდებიან ხოლმე ნათესებისთვის საშიში მავნებლები, ამიტომ სასწრაფოდ შეაგროვეთ ბაბუაწვერას ფოთლები. 400-500გ მწვანე ფოთოლი დააქუცმაცეთ, დაასხით 10ლ წყალი, 2-3 საათის შემდეგ გაფილტრეთ და მიასხურეთ აღმონაცენებს. მავნებლებიც მოისპობიან და არც მწვანილეულს დაუშავდება რამე.
გახსოვდეთ
ყოველგვარი პრეპარატი, მათ შორის მცენარეული წარმოშობისაც, შხამია და უნდა მოიხმაროთ განსაკუთრებული სიფრთხილით. შხამქიმიკატები იხმარეთ მხოლოდ ხეხილის მძიმე დაავადების შემთხვევაში.
დადგა აპრილი, წელიწადის უმშვენიერესი თვე,
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები