კაქტუსი
ყველასათვის ცნობილია საოცარი შეფერილობისა და ულამაზესი ყვავილების მქონე კაქტუსები. ზღარბებს, გიგანტურ შანდლებს, ბურთებს, გველებს და, ვინ იცის, კიდევ რას აღარ მოგვაგონებს ეს ეკლიანი მცენარე.
ამ საინტერესო მცენარის 3000-მდე სახეობას ითვლიან. საოცარი სანახავია კაქტუსი ყვავილობისას. მსხვილი ეკლებით დაფარულ ღეროზე იშვიათი სილამაზის, თეთრად მოქათქათე ან სხვადასხვა ფერის ხასხასა ყვავილები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. კაქტუსის სხვადასხვა ჯიშის ღეროები ძალზე განსხვავდება ერთმანეთისგან. კაქტუსებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა ცერეუსის გვარის წარმომადგენლები, ზოგჯერ მათი ღეროს სიმაღლე 20 მ აღწევს. კაქტუსების გვარის ექინოპსისის წარმომადგენლები გიგანტურ ზღარბებს მოგვაგონებს. მათი დიამეტრი 2 მ-ს, ხოლო სიმაღლე 5 მ-ს აღწევს. ასეთი ეკლიანი ბურთის წონა რამდენიმე ტონაა. სელენიცერეუსის გვარისათვის დამახასიათებელია მიწაზე გველივით გართხმული ფორმა. ასტროფიტუმები ვარსკვლავებს ჰგავს. ორიგინალური ფორმა აქვს ოპუნციებს, მათი ღერო შედგება ცალკეული წვნიანი „კვერცხებისაგან“, რომლებიც ერთმანეთზე სხვადასხვა კუთხით არის მიმაგრებული.
კაქტუსები დედამიწის ზურგზე ყველაზე გვალვაგამძლე მცენარეებია – უძლებენ 60º სიცხეს. ამის შესაძლებლობას ქმნის რეზერვუარად ქცეული მათი ტოტები და ტანი, რომლებშიც უამრავი წყალი გროვდება. იმისათვის, რომ წყლის აორთქლება შეფერხდეს, კაქტუსის ტანი დაფარულია ცვილის ფენით, ხოლო მისი ეკლები სახეშეცვლილ ფოთლებს წარმოადგენს, რაც თავისთავად გამორიცხავს წყლის აორთქლებას.
კაქტუსის ყვავილები სხვადასხვა ფერისაა: თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, წითელი. ზოგიერთი სახეობა ყვავილობის დროს იცვლის გვირგვინის ფერს, ასეთია – მამილარია.
კაქტუსების სამშობლო ცენტრალური, სამხრეთი და ჩრდილო ამერიკაა.
ევროპაში მათი მოხვედრა, ისევე, როგორც მრავალი სხვა მცენარისა, ქრისტეფორე კოლუმბის დამსახურებაა. მექსიკაში, პერუში, არგენტინაში კაქტუსების უამრავი ნაირსახეობა გავრცელებულია კლდოვან უდაბნოებში, სავანებში, მარადმწვანე ტროპიკულ ტყეებში, სადაც ნალექების წლიური რაოდენობა 2000-3000მმ-ია, ხოლო ტემპერატურა 18ºC ქვემოთ არ ჩამოდის. აქაური კაქტუსები „ცხოვრობენ“ ხეების ტანსა და ტოტებზე.
სამხრეთ ამერიკაში განსაკუთრებით პოპულარულია ოპუნციის გვარის კაქტუსები. მისი მომჟავო-მოტკბო ნაყოფი, რომელიც ფორმით ლიმონს ან მსხალს წააგავს, გამოიყენება საკვებად როგორც ნატურალური, ასევე ჩირის ან მურაბის სახით.
მექსიკელები დღესაც იყენებენ ოპუნციის ეკლებგაცლილ ღეროებს ნაციონალური კერძების დასამზადებლად.
საკვებად ხმარობენ აგრეთვე კაქტუსის საკმაოდ ბევრი სახეობის ნაყოფს; წვნიანი ღეროებისგან კი ამზადებენ მარმელადსა და კანფეტებს. გარდა ამისა, კაქტუსების მსხვილ ღეროებსა და ტანს იყენებენ ავეჯის დასამზადებლადაც(!), კარ-ფანჯრებისა და სახურავების მასალად; ოპუნციის ერთ-ერთი სახეობის ღეროს თერმული დამუშავების შედეგად მიიღება ალისფერი საღებავი, რომელიც გამოიყენება როგორც ქსოვილების შესაღებად, ისე კულინარიაშიც.
უძველესი დროიდან კაქტუსების ზოგიერთი სახეობა გამოიყენება სამკურნალოდაც.
კაქტუსების დიდი უმრავლესობა ყვავის აპრილიდან ივნისის ჩათვლით. ყვავილები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან ზომით, ფერითა და აგებულებით.
კაქტუსებს ამრავლებენ თესლით და ვეგეტატიური ნაწილების დაფესვიანებით.
ვარდი – დედამიწის ზურგზე უთვალავი მშვენიერი ყვავილია, მაგრამ, როცა ვინმეს ან რაიმეს ულამაზესად წარმოჩენა სურთ, უმალ ვარდს ადარებენ.
მასალის გამოყენების პირობები