ოთხშაბათი, ნოემბერი 20, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიის, რაც მემამულეს აინტერესებს - რა არის ბიორაგი და როგორ...

ის, რაც მემამულეს აინტერესებს – რა არის ბიორაგი და როგორ გამოვიყენოთ ის?

ის, რაც მემამულეს აინტერესებს

რა არის ბიორაგი და როგორ გამოვიყენოთ ის?

– ბიოენერგოაქტივატორ „ბიო­რაგის“ საშუ­ა­ლე­ბით შესაძლებელია:
1. გარემოს დაბინძურების გარეშე ბიოლოგი­ურად სუფთა მოსავლის მიღება;
2. მოსავლიანობის მნიშვნელოვანი გადიდება;
3. მცენარეთა განვითარების დაჩქარება, სა­ად­რეო მოსავლის აღება და დამწიფების ვა­დე­ბის შემოკლება;
4. მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება და პრო­­დუქციაში ცილის, ნახშირწყლების, ამინმჟა­ვებისა და სხვა ბიოორგანული ნივთიერებების რაოდენობის გადიდება;
5. მწვანე მასის გაზრდა;
6. დაავადებებისა და გარემოს არახელსაყ­რე­ლი პირო­ბების მიმართ მდგრადობის გაძ­ლი­ერება;
7. სასუქების ეფექტიანობის გადიდება, რაც მინერალური სასუქების ეკონომიის ს­აშუალებას იძლევა;
8. ნიტრატების, მძიმე ლითონებისა და რა­დი­ო­­ნუკლეიდების შემცირება სასოფლო-სა­მე­ურნეო პროდუქციაში;
9. თესლების აღმოცენების უნარის გაზრდა და კალმების სწრაფი დაფესვიანება;
10. ძნელად დასაფესვიანებელ მცენარეთა ვეგეტაციური გამრავლება;
11. ფრინველთა და ცხოველთა იმუნიტეტისა და პროდუქტიულობის გაზრდა;
12. ნაყოფმსხმოიარების რამდენიმე წლით დაჩქარება.
მგონი, ეჭვს აღარ იწვევს „ბიორაგის“ სასწა­ულმოქმედება, მით უმეტეს, რომ ორ ათეულ წელზე მეტია (1979 წლიდან) მიმდინარეობს არა მარტო მის თვისებებზე დაკვირვება, არამედ ფერმერულ მეურნეობებში მისი წარმატებით გამოყენებაც. აი, რას წერს საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აგროეკოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების მონიტორინგის ლაბორატორიის გა­მგე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქ­ტორი გ. გოგიჩაიშვილი:
„ჩვენ ბიოენერგოაქტივატორი გამოვიყენეთ სხვადასხვა ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში: ­ხო­­ბის, ზესტაფონის, გარდაბნის, დმანისის რა­ი­ო­ნე­ბის სხვადასხვა სოფელში, კუმისის ტბის მიდამოებში. შედეგებმა
დაადასტურა ბიოე­ნე­-რ­­გო­­აქტივატორის მა­­ღალ­­ეფექ­ტურობა. სი­მინ­დის მოსავლიანობის ნამატმა შეადგინა 80%. მცენარეებს, ჩვე­ულებრივთან შედარებით, ძლიერად ჰქონდათ ფესვთა სისტემა განვითარებული, გამოირჩეოდნენ ტაროების სიმრავლით, სიგრძითა და სიჯანსაღით. ბიოენერგოაქტივატო­რით დიდი ეფექტი იქნა მიღწეული აგრეთვე გაუთოხნავ და მცირე რაოდენობის სასუქებით დამუშავებულ ნაკვეთებზე. ამ შემთხვევაში მოსავლიანობა ბევრად აღემატებოდა ორჯერ გათოხნილი და ჩვეულებრივი აგროტექნიკით დამუშავებული ნაკვეთებიდან მიღებულ შედეგებს.
ბიოენერგოაქტივატორი სოფლის მეურნე­ობა­ში სრულიად ახალი სიტყვაა, რომე­ლიც ეკო­ლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების გარანტიაა“.
აი, რას გვირჩევს ბიოენერგოაქტივატორ `ბიორაგის~ ავტორი, ბატონი რამაზ გახო­კიძე:
1. სათესლე მასალის შესამოწმებლად თესლი ჩაყარეთ სუფრის მარილის ან ამონიუმის გვარჯილის 3-5%-იან ხსნარში 5-6 წუთით. დასათესად გამოიყენეთ მხოლოდ ხ­სნარში ჩაძირული თესლი, რომელიც უნდა გაირეცხოს სუფთა წყლით და გაშრეს;
2. ვირუსოვანი და სხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად მშრალი თესლები უნდა გახურდეს თერმოსტატში ჯერ 30-40ºჩ-ზე, ხოლო შემდეგ 45-55ºჩ-ზე 4-6 საათის განმავლობაში. კიტრისა და პამიდვრის თესლები, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი თესვა გათვალისწინებულია სათბურში, დღე-ღამის განმავლობაში უნდა მოთავსდეს 30-40ºჩ-ზე, მეორე დღე-ღამის განმავლობაში 50-52ºC -ზე, ხოლო მესამე დღეს – 70-78ºC-ზე. ამის შემდეგ თესლებს ათავსებენ „ბიორაგის“ ხსნარში.
ხსნარი ასე მოამზადეთ: ამპულაში მოთავსე­ბუ­­ლი სითხე გააზავეთ ეტიკეტზე მითი­თე­ბუ­ლი მო­ცულობის სუფთა წყალში ხის, მინის, პლასტმა­სის ან მომინანქრებულ ჭურჭელში და მოურიეთ ხის ჯოხით რამდენიმე წუთის განმავლობაში. ბიოენერგოაქტივატორის ხსნარის და­მზადება შეიძლება მასალის დამუშავებამდე 1-2 დღით ადრე.
თესლი ასე დაამუშავეთ: 1. ხსნარში მუდმივი აერაციისა და პერიოდული მორევის პირობებში ათავსებენ თესლებს: სიმინდს – 24 სთ; ლობიოს – 15 სთ; სოიას – 3 სთ; მზესუმზირას, მწვანილის თესლებს – 12 სთ; ბოსტნეულ-ბაღჩეულ კულტურებს – 20 სთ. ამ ხნის განმავლობაში ჯანსაღი თესლები იჯირჯვება და იძირება, უხარისხო – ცურავს ზედაპირზე, რომელთაც აცილებენ. 1კგ სათესლე მასალას, თესლის სიმკვრივის მიხედვით, ასველებენ 0,5-1ლ ხსნარში. ხსნარიდან ამოღებულ თესლს, ცხრილზე გაფენილს, რამდენიმე საათის განმავლობაში აშრობენ 25-30ºC ტემპერატურაზე და თესავენ 24 სა­ათის განმავლობაში. თესვის 1-2 დღით შეფერხებამ შეიძლება თესლების დაღუპვა გა­მოიწვიოს;
2. თესლების დამუშავება შეიძლება შესხუ­რებითაც. 1ც სიმინდის, ხორბლის, ქერისა და შვრი­ისათვის საჭიროა 35 ლ სამუშაო ხსნარი (ე.ი. 10 კგ-ს დასჭირდება 3,5 ლ). თესლებს ამუ­შავებენ 3-ჯერ: საცრიანი სარწყავით ასხა­მენ 15ლ ხსნარს, კარგად ურევენ და აფარებენ ბრეზენტს. 6 საათის შემდეგ მარცვალს კვლავ ასხამენ 10 ლ-ს, ხოლო მომდევნო დღეს – დარჩენილ 10 ლ-ს. მარცვლის გაჯირჯვების შემდეგ ბრეზენტს მოა­ცი­ლებენ და მარცვალს აშრობენ. მეორე დღეს მარცვალი მზად არის დასათესად. თესლის დატოვება ბრეზენტის ქვეშ 24 საათზე მეტხანს არ შეიძლება, რადგან ეს გამოიწვევს გაღივებას და გააძნელებს დათესვას.
კარტოფილის ტუბერების დამუშავება: ტუბე­რებს პრეპარატის ხსნარში ათავსებენ 1-1,5 საათით და შემდეგ რგავენ. ყვავილობამდე და ყვავილობის პერიოდში, სტიმულაციის ეფექტის გასაძლიერებლად, მცენარეებს ორჯერ ასხურებენ იმავე ხსნარს. ტუბერების დამუშავება შეიძლება შესხურებითაც. ხსნარის შესხურების შემდეგ ბოლქვების თხელ ფენას 3-6 დღის განმავლობაში ათავსებენ 20-22ºC ტემპერატურაზე, 80-95% ჰაერის ტენიანობისა და აქტიური ვენტილაციის პირობებში, შემდეგ კი რგავენ. აღნიშნული პროცედურის ჩატარებით მნიშვნელოვნად იზრდება მოსავლიანობაც და ხარისხიც.
კალმების დაფესვიანება: `ბიორაგით~ დამუ­შავებული კალმები ადვილად ფესვიანდება, თუ ისინი დროულად და სწორად არის აჭრილი. ორი სახის კალმებს აფესვიანებენ: მერქნისებრ, ანუ ერთწლიანი ყლორტის ნაწილს, და მწვანე კალამს, რომელსაც იღებენ კარგად განვითარებული გვერდითი მწვანე ყლორტებიდან. ეს კალმები წარმოადგენს სუსტად და ნახევრად გამერქნებულ დასაფესვიანებელ მასალას.
4-10 სმ სიგრძის მწვანეფოთლებიან კალმებს „ბიორაგის“ ხსნარში ათავსებენ სიგრძის ერთ მესამედზე, მერქნიან, 15-30 სმ სიგრძის, კალმებს – სიგრძის ნახევრამდე, ორ მესამედამდე ან სამ მეოთხედამდე. კალმებს ამუშავებენ მინის, ფაიფურის ან მომინანქრებულ ჭურჭელში 20-72 საათის განმავლობაში (ანალოგიურად ამუშავებენ ჩითილებს 24 საათის განმავლობაში). ხსნარის ტემპერატურა კალმების დამუშავებისას უნდა იყოს 20-25ºC. უფრო მაღალ ან დაბალ ტემპერატურაზე სასურველი შედეგი არ მი­იღება.
კონკრეტული კულტურებისათვის დიდი მნი­შ­­ვნელობა აქვს ოპტიმალურ დროს. ასე მაგა­ლითად, კივის კალმების დამუშავების ოპტიმა­ლური დროა 72 საათი, კარტოფილის ტუბერებისა – 1,5 საათი.
„ბიორაგით“ დამუშავების შემდეგ მწვანე კალ­მები გადააქვთ სათბურში. კალმების დარგვის საუკეთესო დროა დილა ან საღამო, როცა სიცხე კლებულობს. დარგვის შემდეგ კალმებს კარგად რწყავენ წვრილსაცრიანი სარწყავით. ყველაზე ხელსაყრელი ტემპერატურა, რომლის დროსაც კალმები ფესვიანდება, უმეტეს შემთხვევაში, 18-დან 30ºC-მდე მერყეობს.
– როგორ მოვაშენოთ ქამა სოკო?
– შინაურ პირობებში ქამა სოკოს (შამპინი­ონის) მოშენება შესაძლებელია სარდაფში, მიწურში, სათბურსა თუ პოლიეთილენით გადახუ­რულ კვალსათბურებში და ღია გრუნტშიც კი, სადაც გრუნტის წყლები მიწის ზედაპირიდან საკმაოდ ღრმად არის. თხრიან 2-2,5 მ სიღრმის სარდაფს და სოკო თაროებზე ან იატაკზე მოჰ­ყავთ; სხვა შემთხვევაში, აწყობენ 1-1,4 მ სიგა­ნის, 20-25 სმ სიღრმისა და სასურველი სიგრძის კვალსათბურს. მისი სახურავი გაუმჭვირვალე უნდა იყოს, ამიტომ საჭიროა მისი გადახურვა ფიცრით, შეიძლება ლერწმითაც. სარდაფი უნდა ნიავდებოდეს, რისთვისაც მიწურის კედ­ლებში გამჭოლ, მოპირისპირე სავენტილაციო ხვრელებს აყოლებენ, მათში კი დგამენ მილებს. ამ მილებს აკრავენ წვრილნასვრეტებიან ბა­დე­ებს, რათა მავნებლები არ შევიდნენ. ბოლოს კეთდება ჩასასვლელი კიბე და კარი. ამგვარ მიწურ სარდაფებში მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია მოსავლის უწყვეტად აღება.
შემდეგი ეტაპია ცხენის ახალი ნაკელის შოვ­­ნა და კვალსათბურში ჩატვირთვა. ყოველ­ 10მ3-ზე საჭიროა 4-5 მ3, ანუ 1,6-2,2 ტ ნაკელი, რო­მელშიც შერეული უნდა იყოს საფენი ბზე. რო­ცა ცხენის ნაკელს ვერ შოულობენ (რაც სა­უკეთესოა), მაშინ საფენად იყენებენ ძროხის (საერთოდ, მსხვილფეხა პირუტყვის), ცხვრის ან ღორის ბზეს, ან ნახერხშერეულ ნაკელს. უპრიანია, სხვადასხვა სახის ნაკელი მშრალ ადგი­ლას დაიდგას ცალ-ცალკე გროვებად, რათა წყა­ლი არ მოხვდეს და მისი შერევა სხვადასხვა თანაფარდობით შეიძლებოდეს.
ნაკელის უკმარისობის შემთხვევაში შეიძ­ლე­ბა კომპოსტის გამოყენებაც, რომელიც ასე მზად­დება:
I ვარიანტი: 1 ტ ბზე, 3-4 ტ ცხენის ნაკელი, 4-5კგ შარდოვანა და 60 კგ თაბაშირი.
II ვარიანტი: 1 ტ ბზე, 1,5-2 ტ ცხენის ნაკელი, 200-300 კგ ქათმის ნაკელი.
კომპოსტის მომზადებას იწყებენ საკომპოს­ტე მასალის შტაბელებად ფორმირებით. თითო­ეული მათგანის სიგანე 1,5-1,6 მ უნდა იყოს, სიმაღლე – 1,5-1,6 მ. ფერმენტაციის პროცესი სათანადოდ რომ წარიმართოს, საჭიროა შტაბელში კომპონენტების ფენებად დალაგება. მა­გა­ლითად, ბზე (20-25 სმ), ნაკელი (10-15 სმ) და შარდოვანა. დალაგებულ ფენებს კარგად ასველებენ ნასვრეტებიანი სარწყა­ვით. თითოეულ შტაბელში 4-5 ასეთი ფენა უნდა იყოს. თაბაშირს ამატებენ ბოლო გადაზელისას.
კომპოსტის დამუშავებიდან 5-7 დღის შემდეგ შტაბელებში იწყება ფერმენტაცია – ტემპერატურა იმატებს 65-75º-მდე. ამ დროს საჭი­როა კომპოსტის რეგულარული დასველება, უმჯობესია, დღეში ორჯერ. შემდგომში კომპოსტის გადაზელა ნაკელის მსგავსად ხდება.
კომპოსტის დამუშავება-დასველება და სასუ­ქისა და თაბაშირის დამატება 2-3-ჯერ ხდება. კომპოსტისგან ერთგვაროვანი, ფხვიერი მა­სის მისაღებად მას ჩვეულებრივი ნაკელის ფიწ­ლე­ბით მიწაზე ერთ ფენად შლიან, შემდეგ კვლავ შტაბელებად ალაგებენ. დამუშავების პროცესში 1 ც ნაკელზე ამატებენ 250-300 გ ამონიუმის სულფატს და ერთმანეთში კარგად ურევენ.
თბილ ამინდში, უპრიანია, კომპოსტის გროვა, ანუ შტაბელი, გაკეთდეს მცირე ზომისა, ხოლო სიცივეში მის ზომებს ზრდიან და ტრაპეციის ფორმას აძლევენ.
შტაბელების მეორე დამუშავებას ატარებენ 5-6, ზოგჯერ 7-10 დღის შემდეგ. ამ დროს 1ც კომპოსტს ამატებენ 300-500 გ თაბაშირსა და 150გ სუპერფოსფატს. ამ პროცედურის შემ­დეგ ტემპერატურა შტაბელებში მატულობს 50-60º-მდე, ზოგჯერ 60-75º-მდეც კი. ასეთი შტაბე­ლები სარ­დაფებში შეაქვთ და იქ ალაგებენ. თუ ტემპერატურა დაბალია, შტაბელებს მესამედაც აფხვი­ერებენ.
კომპოსტის მომზადებას (ფერმენტაციას), რო­­­გორც წესი, 18-25 დღე სჭირდება.
როდესაც კომპოსტი ყავისფერს მიიღებს, ამი­­აკის სუნი აღარ ექნება და ბზე ადვილად მოს­წყდება, ეს ნიშნავს, რომ სოკოს მოსაყვანი გრუნ­ტი უკვე მზად არის. მნიშვნელოვანი ნიშა­ნია გრუნტის ტენიანობაც, რომელიც თბილ, მშრალ ამინდში დაახლოებით 65% უნდა იყოს. სათბურებში, რომლებიც არ თბება, ცივ ამინდში გრუნტის ტენიანობა უნდა იყოს 60%, ცივ სარ­დაფში – 55%. თუ ხელის მსუბუქი მოჭერით კომპოსტს წვენი გაუვიდა, ეს ნიშნავს, რომ მი­სი ტენიანობა 70%-მდეა; თუ ხელისგულზე მხო­ლოდ სისველის კვალი დარჩა, ტენიანობა 60%-ს არ აჭა­რ­ბებს, თუ მსუბუქად მოჭერისას ხელისგულს ნაკელის ნაწილაკები მიეწება, ტენიანობა 50%-ია; თუ კომპოსტის გუნდა ხელისგულს ცუდად ეწებება, ეს ნიშნავს, რომ ტენიანობა 40%-ია და გრუნტისთვის არ გამოდგება.
გრუნტის მომზადების შემდეგ საჭიროა სარ­­დაფში მისი შეტანა და დაგება. მანამდე აუცი­ლებელია სარდაფის კარგად განიავება, ზედმი­წევნით გაწმენდა-გასუფთავება და დეზინ­ფექ­ციის ჩატარება. სადეზინფექციოდ გამოიყენება 0,25-0,5ლ 40%-იანი ფორმალინი, გაზავებული 10ლ წყალში. 1მ2-ზე საჭიროა 0,25ლ ამგვა­რი ხსნარი. შესხურების შემდეგ სარდაფის კარ-­ფან­ჯარა და სავენტილაციო მილები 2 დღე-­ღა­მის განმავლობაში იხურება.
თუ სოკო სტელაჟების გარეშე ერთ იარუს­ზე უნდა მოშენდეს, დამუშავებულ კომპოსტს შლიან პირდაპირ იატაკზე, 40-45 სმ სისქეზე და ტკეპნიან მანამდე, ვიდრე ფენა 25-30 სმ-მდე დაიწევს. თუ კომპოსტი ნაკლებტენიანია, სარწყავით ზომიერად ასველებენ.
შამპინიონის მოსაყვანად აკეთებენ 0,7-0,8მ სიგანისა და 22-25 სმ სიმაღლის კვლებს.
მიცელიუმის ჩათესვა. 10-20 დღის შემდეგ, როგორც კი კვლებში ტემპერატურა 25º-მდე და­იწევს, იწყებენ მიცელიუმის ჩათესვას. სა­უკე­თე­სო ხარისხისაა სტერილურ პირობებში გაზრდილი ახალი მიცელიუმი.
მიცელიუმის ჩათესვა ხდება პალოების გა­მოყენებით – მათი საშუალებით გრუნტს 4-7სმ-ით ასწევენ, პატარა ფოსოში მოათავსებენ 20-30გ მიცელიუმის შემცველ მასას და გრუნტს აფა­რე­ბენ. მიცელიუმს თესავენ ჭადრაკულად – ერთ­მანეთისგან 25X25 სმ-ის დაცილებით. დარ­გვის ნორმაა 1 მ2-ზე 400-500 გ.
7-10 დღის შემდეგ, როდესაც მიცელიუმი ჩა­იზრდება, სარდაფში ჰაერის ტემპერატურას 12-14º-მდე აყენებენ. მიცელიუმის შესამოწმებ­ლად ფრთხილად ასწევენ ნაკელს სხვადასხვა ად­გილზე – თუ მიცელიუმი დარგული ადგილის ირ­გვლივ 1-2 სმ-ით გაზრდილია, შედეგი და­მაკ­მაყოფილებლად ფასდება. დათესვიდან 18-20 დღის შემდეგ, როცა მიცელიუმი 4-5 სმ-ზე გა­იზ­რდება, ჩათესილი ადგილის გარშემო მიწას აყ­რიან. ამისთვის საუკეთესოა ბოსტნის სილნარი, რომელიც მანამდე ნაკელით ან ნეშომპალით იყო განოყიერებული. ასეთ მიწას, გაფხვიერებულსა და გაცრილს, აყრიან კვლებს 4-5 სმ სისქეზე; დატკეპნა არ არის საჭირო, რათა აერაცია არ დაირღვეს.
მოვლა. კვლებზე გაცრილი მიწის მობნევის შემდეგ გრუნტში ტემპერატურა 10-12º-მდე ეცემა, რაც ნაყოფიანობის მთელ პერიოდში უნდა შენარჩუნდეს. ტენიანობა უნდა შეადგენდეს 60-70%-ს (ხელის მოჭერისას ხელისგულზე სისვე­ლე არ უნდა დარჩეს). თუ ტენიანობა დაქვეი­თე­ბულია (ნიადაგი მუჭში ცუდად გუნდავდება), აუცილებელია წვრილნასვრეტებიანი სარწყა­ვით მორწყვა, 1 მ2-ზე ასხამენ 2-5ლ წყალს. არ შე­იძლება წყალმა კვლის ქვედა ფენაში ჩაჟო­ნოს, ეს მიცელიუმის ნაადრევ დაბერებასა და დაღუპვას გამოიწვევს.
მოსარწყავად 10-12º-მდე ტემპერატურის სუ­ფ­თა, თბილ წყალს იყენებენ. სარდაფი რეგუ­ლა­რულად უნდა ნიავდებოდეს, ჰაერის ტემპე­რა­ტურა – 15-17º, შეფარდებითი ტენიანობა კი 85-90% უნდა იყოს.
მოსავლის აღება. შამპინიონი მოსავალს იძ­ლევა მიცელიუმზე მიწის დაყრიდან 15-40 დღის განმავლობაში, უფრო ხშირად კი 20-25 დღის შემდეგ, რაც მოყვანის პირობებზეა დამოკი­დე­ბული.
პირველი მოსავალი, როგორც წესი, მცირეა, დაახლოებით 5-7 დღის შემდეგ იმატებს და უცბად წყდება. ასეთი თანამიმდევრობა 5-7-ჯერ მეორდება, რის შემდეგაც ჩნდება ერთეული სო­კოები. ყველაზე დიდი მოსავალი მიიღება მოსავლიანობის დაწყებიდან 20-40 დღის შემდეგ. მისი ხანგრძლივობა უფრო ხშირად სამ-ოთხ თვეს გრძელდება.
სოკოს კრეფენ, როცა ფეხსა და ქუდს შორის საბურველი იწყებს განვითარებას. მოკრეფის დაგვიანების შემთხვევაში ის იგლიჯება და ქუდი იხსნება – ასეთი სოკოები არასტანდარტულია. სოკოს იღებენ ძალიან ფრთხილად, რათა მიცელიუმი არ დაზიანდეს; ამისათვის სოკოს არ გლეჯენ, ნელ-ნელა ატრიალებენ, თითქოს ამოხრახნა უნდათო, და ფრთხილად ამოსწევენ, რათა არც ფეხი დაზიანდეს და არც მიცელიუმი. ქამა სოკო იკრიფება ყოველდღე, საშუალო მოსავალი 1 მ2-ზე 3-6 კგ-ია.
სოკოს მოყვანას გარკვეული გამოცდილება სჭირდება, მაგრამ როცა საქმეში გაიწაფებით, კარგ შემოსავალსაც მიიღებთ.
– რით გავაშენოთ ქარსაფარი ზოლი ?
– შეგიძლიათ დარგოთ კედარი. კედრის თესლის შეძენა შეიძლება ქალაქის გამწვა­ნების სა­ნერგეში, თუ ასეთი კიდევ არსებობს, შეიძლება ამის შესახებ უფრო დამაჯერე­ბელი პასუხი გაგცენ მემამულეთა კავშირის თანამშრომლებმა. თუ თქვენი მიწის ნაკვეთი ურ­წყავია და ღმერთის იმედზე ხართ, ასეთ ადგილზე კვიპაროსების გა­შენება ჯობს. თუ თქვენი მიწის ნაკვეთი სარ­წყა­ვია, მაშინ ქარსაფრის გაშენება უფულოდაც შე­იძ­ლება. მო­ჭერით ტირიფის სწორი, 1-1,5 მ-იანი ტოტები, დარგეთ ერთმანეთისგან 3 მ-ის დაცი­ლებით და შუაში ჩარგეთ ქაცვი. ტირიფი ყველა მდინარის ნაპირზე იზრდება, ქაცვი – მდინარე ივრის სანაპიროზე. თქვენ ერთდროულად ქარსაფარიც გექნებათ, შეუვალი ღობეც და ქაცვის უძვირფასესი ნაყოფიც. თუ ქაცვის მოსათხრელად შორს წასვლა დაგეზაროთ, მაშინ ტირიფებს შორის მაყვალი დარგეთ; არც ეს გახლავთ ურიგო ღობე, ხოლო მაყვლის ნაყოფი რომ საუკეთესოა, ეს გეცოდინებათ.
– გვაქვს ნაკვეთი წითელმიწა ნიადაგით, ანუ „აყალო მიწა“; რა სასუქი გამოვიყენოთ, რომ იგი უხვმოსავლიანი გახდეს, სად შეიძლება სასუქის შეძენა?
– ის, რასაც თქვენ „წითელმიწას“ უწოდებთ, რა თქმა უნდა, არასწორია, რადგან „წითელმიწა“ მხოლოდ დასავლეთ საქართველოსთვის არის დამახასიათებელი, ხოლო „აყა­ლო“ იგივეა, რაც თიხა. ასეა თუ ისე, ასეთი ნიადაგი აუცილებლად მცირემოსავლიანი იქნება, მაგრამ ნუ შეშფოთდებით.
ნებისმიერ ნიადაგს 3 წელიწადში ერთხელ სჭირდება განოყიერება, თქვენი ნიადაგის ტიპს – მით უმეტეს. ერთადერთი სასუქი, რომელსაც მე გირჩევთ, გახლავთ ორგანული, ანუ ნაკე­ლი. კარგია ტორფი და კომპოსტი, რომელიც ყვე­ლაზე უფრო ხელმისაწვდომია. რაც შეეხება ნაკელის შეძენას, მისი შოვნა შეიძლება, ხოლო ტორფი ხშირად აქვს მემამულეთა კავშირს.
– როგორ მზადდება კომპოსტი?
– კომპოსტში შესაძლოა შედიოდეს: გაფუჭე­ბული საკვები პროდუქტები, სამზარე­ულოს ნარ­ჩენები, ნახერხი, ტყის საფენი, დამპალი ჩა­ლა, ჩა­მოცვენილი ფოთლები, დაქუცმაცებული სა­რე­ველა მცენარეები, ოღონდ უთესლოდ აღებული. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც გაიხრწნება.
კომპოსტი დააწყვეთ 2-4 მ სიგანის და 1-2მ სიმაღლის გროვებად. სიგრძეს არა აქვს მნიშვნე­ლობა. აღმოსავლეთ საქართველოში გრო­ვა თავსდება ღია ცის ქვეშ, ორმოში, ჩა­ლა­გა­და­ფა­რებული, ხოლო დასავლეთში ორმო უნდა დაიცვათ ნალექისგან.
გროვისათვის ადგილი წინასწარ უნდა მოს­წორდეს და მოიტკეპნოს, ზედ დაეფინოს 15-20სმ სისქის კორდის მიწა, ნიადაგის ნეშომპალა ან ტორ­ფი, რომელსაც დაეყრება დაქუცმაცებული სა­კომპოსტე მასალა. ყოველი ფენა კარგად დაიტკეპნება.
საუკეთესო შედეგს იძლევა კომპოსტის გრო­ვაში მისი წონის 1-2% ფოსფორიტის ფქვილის დამატება. გროვა დროგამოშვებით უნდა მოირწყას წყლით, წუნწუხით ან წ­ყალ­ში გაზავებული ფეკალური მასით, ისე, რომ კომპოსტი მუდამ ზომიერად სველი იყოს. დაკომპოსტების პერიოდში გროვას დასჭირდება 1-2-ჯერ არევა. კომპოსტი მზად იქნება 5-6 თვის შემდეგ. მისი სასუქად გამოყენება შეიძლება, როცა მთელი მასა მუქ ფერს მიიღებს.
ორგანული სასუქების შეტანა ნებისმიერი ტიპის ნიადაგში იმიტომ გახლავთ სასურველი, რომ გარდა საჭირო ნივთიერებებით მისი გამდიდრებისა, ყალიბდება ნიადაგის სტრუქტურა, რაც აუცილებელია.
– რა და როგორ დავრგოთ აივანზე ან სახლის სახურავზე, რომელსაც ბრტყელი გადახურვა აქვს?
– სახლის სახურავსა და აივანზე, ფაქტობ­რივად, ყველა სახის მცენარის გაშენება შე­იძ­ლება, როგორც ბალახოვანი, ისე ბუჩქოვანი და ხემცენარეების. მაგრამ ამ სიამოვნებას გარკვეული ინვენტარი და, რა თქმა უნდა, შესაბამისი თანხები ესაჭიროება. სახლის ბ­რტყელ სახურავზე ბაღის გაშენების პრაქტიკა დღევანდელი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს, რის­თვისაც სახლის მშენებლობისას საჭირო მოწყობილობას ითვალისწინებენ. ჩვენს პირობებში ყვე­­ლაფერი თქვენ თვითონ უნდა მოიფიქროთ. ასე, მაგალითად, ხეები და ბუჩქები შესანიშნავად გრძნობენ თავს ძველ, გამოუსადეგარ კასრებში, ლითონისაგან შეკრულ კუბებში, ვედროებში, შესაბამისი ზომის ხის ყუთებში და ა.შ. ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ სახურავზე ძლიერ აჭერს მზე და მეტალის ქოთნები, კუბები, კასრები და ა.შ. აუცილებლად თეთრად უნდა შეიღებოს. განსაკუთრებით საყურადღებოა აქ გაშენებული მცენარეების წყლით მომარაგება, ყოველდღე თუ არა, ორ დღეში ერთხელ აუცილებლად უნდა მოირწყოს და შეშრობისთანავე ნიადაგი გაფხვიერდეს.
ნიადაგად გამოიყენეთ ნეშომპალით მდი­და­რი მიწა. კასრს ფსკერი აუცილებლად გახვ­რე­ტილი უნდა ჰქონდეს და მდინარის კენჭებით მოხრეშილი. კასრიდან დაწრეტილი წყალი უნდა გროვდებოდეს სადგამში (ისე, როგორც ქოთნის მცენარეებში) და ზედ მიდუღებული მილით წყალი იღვრებოდეს სანიაღვრეში. სხვათა შორის, ერთი ძირი ვაზისთვის ან ხემცენარის დასარგავად ძველი აბაზანაც გამოდგება, მას ხომ წყლის გამოსასვლელიც აქვს. მასში, ვაზთან თუ ხესთან ერთად, შეგიძლიათ მწვანილიც მოიყვანოთ. როცა სახუ­რავზე ან აივანზე გასაშენებელ ხეებზეა ლაპარაკი, იგულისხმება ნაგალა საძირეზე დამყნილი ხეები. დარგვით კი შეგიძლიათ დარგოთ: ვაშლი, მსხალი, ატამი, ლეღვი, თხილი და ა.შ. სახურავზე, თუ ამისთვის საკმარისი ფართობია, იმდენი ყურძნის მოყვანა შეიძლება, რომ ღვინოც დაწუროთ.
შესანიშნავი კოინდრის მოლის აბიბინება შე­იძლება სახურავზე, თუ შესაბამის ორ­ფსკერიან, ნებისმიერი ფორმის მეტალის ჭურჭელს შე­აკ­ვრევინებთ. ანდა შეიძლება სადგამი მეტალის იყოს და რაშიც მცენარე ითესება – ფიცრისგან შეკრული.
დანარჩენი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკი­დე­ბული.
– გთხოვთ მიპასუხოთ, სად არის ფიჭვის ხე გავრცელებული, რა დადებითი თვი­სებები აქვს მას და რაში იყენებენ დღესდღეობით?
– ფიჭვი მარადმწვანე წიწვიანი ხეების, იშვიათად გართხმული ბუჩქების, გვარია ფ­ი­ჭ­ვისებრთა ოჯახში. მისი სიმაღლე 1,5 მ-დან 50-75 მ-მდეა. გვალვაგამძლე და სინათლისმოყვარული მცე­ნა­რეა, დაჩრდილვას ვერ იტანს; ტყეებს ქმნის როგორც მდიდარ, ისე მწირ და ქვიან ნიადაგზე, კირქვებსა და ტორფიან ადგილებში. 10-მდე სახეობაა გავრცელებული ჩრდილო ნახევარსფეროში; საქართველოში ფიჭვის 4 სახეობა გვხვდება: კავკასიური, ანუ სოსნოვსკის ფიჭვი, ბიჭვინთის, ელდარისა და კოხის. ჩვენში თითქმის ყველგანაა გავ­რცელებული, უმთავრესად მთის ზედა სარტყელში. დიდ მასივებს ქმნის სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისის შემოგარენის გამწვანებაში არსებული წიწვიანების 99% ფიჭვია. იძლევა კარგ სამშენებლო მერქანს; წიწვი შეიცავს ეთერზეთს – წიწვის სუნის მქონე მოყვითალო-მომწვანო ფერის სითხეს, რომელიც გა­მოიყენება პარფიუმერიაში, ხოლო ფიჭვის კვირტები – მედიცინაში.
– სექტემბერში თუ შეიძლება რამე დაითესოს, რომ გვიანი შემოდგომისათვის მოსავალი მივიღოთ (ლაპარაკია კიტრის, პამიდვრის, ხახვისა და მწვანილის დათესვაზე); პერსპექტივაში რა ხეხილის გაშენება ჯობია?
– რაც შეეხება ბოსტნეული კულტურების თესვასა და მერქნიანების დარგვას, სექტემბერში არაფერი ითესება. 10 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე შეგიძლიათ დათესოთ ნიორი.
ფოთოლცვენის დამთავრების შემდეგ დარგეთ ნებისმიერი მერქნიანი მცენარე (ხე და ბუჩქი).
– როგორ დავაყენოთ „ღვინო“ და არაყი შავი ქლიავისგან?
– არც ერთ ალკოჰოლურ სასმელს, გარდა ყურძნის დუღილით მიღებული სასმლისა, ღვინო არ ჰქვია!
თუ გნებავთ, რომ მაინცდამაინც შავი ქლიავის `ღვინო~ დააყენოთ, გამოაცალეთ კურკები, კარგად ჩაჭყლიტეთ ხის კასრში, თავი მოუკარით ან მჭიდროდ დახუფეთ, ურიეთ დილა-საღამოს. დუღილს რომ დაიწყებს, განსაკუთრებით მაშინ სჭირდება ყურადღება; დურდო ზემოთ ამოდის და ამორევით უკან აბრუნებთ. როცა დადუღდება, დურდო თა­ვისით დაილექება კასრის ფსკერზე. ამოიღეთ წვენი, კარგად გაწურეთ, ჩაასხით ბოცაში და დაელოდეთ დალექვას. დალექვის მერე იმდენჯერ გადაიღეთ, სანამ ლექი არ მოსცილდება. ამის შემდეგ თქვენი `ღვინო~ მზად არის.
დურდოდან შეგიძლიათ მაშინვე გამოხადოთ არაყი, შეგიძლიათ წყალი დაასხათ და მოგვიანებით გამოხადოთ. გამოხდის დროს იმდენი წყალი უნდა ჰქონდეს, რომ არ მი­იწ­ვას.
– მყავს ტალღისებური თუთიყუში, დასცვივდა ბუმბული, სულ გაუშიშვლდა თავი და მკერდი. როგორ ვუმკურნალოთ მას?
– ბუმბულის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს ფრინველის ცუდი ზნე. როცა ფრინველებს სრულ­ფასოვანი ცხოველური და მინერალური საკ­ვები აკლიათ, ისინი ერთმანეთს ჯერ ბუმბულს აწიწკნიან, ხოლო შემდეგ ხორცს. თუ თქვენი თუთიყუში მარტოა, შესაძლებელია, ჰყავდეს პარა­ზი­ტი – ბუმბულიჭამია. სანამ მთლად არ გაშიშვლებულა, მიაკი­თხეთ ზოოვეტერინარს. არ არის გამორიცხული, კარგი კონსულტაცია მიიღოთ აგრეთვე ზოომაღაზიასა ან ზოოპარკში. მანამდე კი გირჩევთ, გაპუტულ ადგილებზე ზეთი ან ქონი წაუსვათ.
– საჭიროა თუ არა რაიმე წამალი ან ვიტამინები ინდაურის ჭუკებისა და წიწილე­ბის გა­საზ­რდელად?
– მემამულეთა კავშირში იყიდება აკადემი­კოს რამაზ გახოკიძის მიერ მრავალწლოვანი ცდების შედეგად მიღებული ბიოლოგიური ნაერთი `ბიორაგი~, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება წიწილებისა და ჭუკების გასაზრდელად.
– საქართველოს ბაზრებსა ან სათესლე მეურნეობებში შესაძლებელია თუ არა შევიძინო დიდი რაოდენობით გოგრის თესლი (დაახლ. 15 ტომარა წელიწადში)?
– გოგრის თესლის შოვნა საქართველოში წარმოუდგენელია. გოგრა დიდი რაოდე­ნობით მოჰყავთ შუა აზიასა და აზერბაიჯანში. შეიძლება იქ სცადოთ მისი შოვნა.
– გთხოვთ, მოგვითხროთ კარტოფილის პლა­ნტაციის დაავადებებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაზე, როცა ყვავილობამდე მცენარე გადაიკრავს ჟანგისფერს, რაც ვრცელდება მთელ პლანტაციაზე და ყვავილობას უშლის ხელს.
– კარტოფილის იმ უამრავ დაავადებათა შორის, რაც დღეისთვის ცნობილია, საყურადღებოა 20-მდე ყველაზე გავრცელებული და განსაკუთრებით საშიში დაავადება.
ერთი უმნიშვნელო ნიშნით, რასაც თქვენ გვა­წვდით, ძნელია დაავადების სახეობის დადგენა. სავარაუდოა, ეს იყოს ე.წ. ფიტოფტოროზი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელე­ბული დაავადება. ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა:
1. სათესლე ტუბერები გაღივდეს სინათლეზე და ამის შემდეგ გადაირჩეს. 20-25 დღის შემდეგ ტუბერებზე გა­მოჩნდება ფიტოფტოროზის ნიშნები – მუქი ფერის ლაქები.
2. გასაღივებლად ან დასათესად გადარჩეული ტუბერების შეწამვლა ხსნარით – 2გ შაბიამანი და 10 გ კალიუმის პერმანგანატი (`მარგანცოვკა~) გახსენით 10ლ წყალში და 2ლ შეასხურეთ 100კგ კარტოფილს, ან მხოლოდ შაბიამანი – 2გ 10ლ წყალზე.
– არც ისე დიდი ხნის წინ სახლში გაჩნდა ე.წ. ხის ჩრჩილი. ნასვრეტები შევამჩნიე როგორც პარკეტზე, ასევე ხის კედლებსა და თაროებზე. გვირჩიეთ, როგორ მოვიშოროთ.
– მართლაც მერქნის დაუძინებელი მტერია ხოჭო, რომელსაც რკილი ჰქვია. არსებობს ბინის რკილი, რომელიც აზიანებს ხის კედლებსა და იატაკს; ავეჯის რკილი – აზიანებს ავეჯს, ხის ჩარჩოებს, იატაკს; ხორბლის რკილი – აზიანებს ხორბლის ნაწარმს, წიგნებს და სხვ. ეს მცირე ზომის ხოჭო, რომლის სიგრძე 2-დან 8 მმ-მდეა, პირდაპირ მტრად მოგვევლინა, რადგან მისი მოსპობა საკმაოდ შრომატევადია და ხშირად უშედეგოც. არადა, არსებობს მრავალი საშუალება მის მოსაშორებლად: ვაზელინის ზეთი; 3 წილი სკიპიდარისა და 1 წილი ნავთის ნარევი; შეიძლება აგრეთვე ბენზინში გახსნილი ნაფტალინის გამოყენებაც. ამ საშუალებებით შეიძლება დაზიანებული ადგილების გაწმენდაც და ხოჭოსგან დახრულ ნასვრეტებში მათი შესხურება შპრი­ცით, რის შემდეგაც უნდა ამოილესოს უნივერსა­ლური ან ჩვეულებრივი ფანჯრის მინის საგოზავით, პარაფინით, ცვილით. 2-3 კვირის შემდეგ ასეთი პროცედურა გაიმეორეთ, ერთი თვის შემდეგ შეამოწმეთ ხოლმე რეგულარულად, ხომ არ გაჩნდა ახალი ნასვრეტები.

გახსოვდეთ

რკილის წინააღმდეგ ბრძოლის სა­უ­კეთესო საშუალებაა პროფილაქტიკური ღონისძიებები: პირველ რიგში, ხშირად გაანიავეთ ბინა, ასევე ხშირად გაწმინდეთ ავეჯი, იატაკი, ხის ჩარჩოები სკიპიდარის შემცველი მასტიკით.
საუკეთესო საშუალება, რომლითაც შე­გიძლიათ დაამუშაოთ რკილისგან დაზი­ანებული მერქანი, გახლავთ ვაზელინის ზეთი, მით უმეტეს, არც სპეციფიკური სუნი აქვს და არც ცეცხლსაშიშია.

– მაღაზიაში ვიყიდე იონჯის თესლი, დავთესე და ამოვიდა აბრეშუმასთან („ჭლექი“) ერთად. ამბობენ, თესლი გასაწმენდი იყოო.
– აბრეშუმა ერთ-ერთი ყველაზე საშიში, საკარანტინო პარაზიტი სარეველაა. პარაზიტობს სამყურაზე, იონჯაზე, სელზე, წიწაკაზე, თამბა­ქო­ზე, კარტოფილზე, ჭარხალზე, ცერცველაზე, ხახვზე და სხვ. გვხვდება სარეველა მცენარეებზეც. მრავლდება თესლითა და ღეროს ნაწილებით. თესლი გაღივების უნარს ინარჩუნებს 10 წლამდე. პატრონ მცენარეს (რომელზეც პარაზიტობს) ეკვრის ხვიარა ღეროზე განლაგებული მისაწოვრებით და იკვებება მის ხარჯზე. გავრცელებულია თითქმის მთელ დედამიწაზე. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული: ევროპული, სამყურას, წიწაკისა და ამერიკული აბრეშუმა. საქონლის საკვებში მოხვედრილი აბ­რეშუმა ცხოველებს უღიზიანებს საჭმლის მომნელებელ ორგანოებს.
თქვენს ნაკვეთში მოზარდი სარეველა არის ე. წ. სამყურას აბრეშუმა, რომელიც პარაზიტობს მხოლოდ პარკოსან მცენარეებზე. ყვავილობს ივნისიდან დაწყებული, მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში. ერთი მცენარე იძლევა რამდენიმე ათას ცალ თესლს.
მის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუ­ალებაა სათესლე მასალის შემოწმება, რათა არ გაგ­ვეპაროს უცხო თესლი – ამ შემთხვევაში, აბ­რეშუმასი. ამისათვის სათესლე მასალას ატა­რებენ ცხრილებში. აბრეშუმას თესლი ძალიან წვრილია და ადვილად მო­საცილებელი.
თუ მაინც გაჩნდა სარეველა, ყვავილობამდე უნდა ჩაიხნას ღრმად. უნდა განადგურდეს ირ­გვლივ არსებული სარეველა მცენარეები, რომლებზეც პარაზიტობს აბრეშუმა. შეიძლება ნათესარის ცეცხლით განადგურებაც.
თუ ფხიზლად არ იქნებით, ვერ მოიცილებთ ამ აბეზარ პარაზიტს.
– გთხოვთ, მოგვაწოდოთ მცირეოდენი ინფორმაცია ბამბის კულტურის შე­სახებ. 
– ბამბა ერთ-ერთი ძირითადი ტექნიკური კულტურაა.
ბალბისებრთა ოჯახის ამ გვარში გაერთი­ანე­ბულია 35 სახეობა, მათ შორის 5 კულტურულია. გავრცელებულია 50-ზე მეტ ქვეყანაში. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნე­ბიდან მოჰყავთ შუა აზიის რესპუბლიკებში, აზერბაიჯანში, სამხრეთ უკრაინაში, მოლდა­ვეთში, კრასნოდარისა და სტავ­როპოლის მხარეებში.
ბამბის თესვა-მოყვანას მისდევდნენ საქართველოშიც, კერძოდ გარდაბნისა და მარნეულის რაიონებში, ივრის ნაპირებსა და ალაზნის ველზე.
ბამბა მრავალწლოვანი მცენარეა. კულტუ­რა­ში აწარმოებენ, როგორც ერთწლო­ვან მცე­ნარეს, ამრავლებენ თესლით. ჩვეულებრივ პირობებში ბამბის კულტურა წარ­მოადგენს 1-1,4მ-ზე მეტი სიმაღლის ბუჩქს, აქვს მსხვილი ყვავილები. მცენარის ნაყოფში, როგორც კოლოფში, გამოხვეული თეთრი ბოჭკო და 20-40 თესლია მოთავსებული. ბამბა ვეგეტაციის პერიოდში საჭიროებს 5-7 რწყვას. ზრდის ოპტიმალური ტემპერატურაა 25-30ºჩ; 0ºჩ-ზე დაბალ ტემპერატურაზე იღუპება. საუკეთესო მოსავალს იძლევა ცხელ და უღრუბლო ამინდში, რა თქმა უნდა, სისტემატური რწყვის პირობებში.
ბამბის ბოჭკოსგან მზადდება: ქსოვილი, ტყავი, რეზინი და სხვ. თესლიდან ხდიან ზეთს, რომელსაც კვების მრეწველობასა და ტექნიკაში იყენებენ, ხოლო გადამუშავებულ ნარჩენებს – ცხოველთა საკვებად.
– სექტემბერში გადაჭრილ ლიტრ-ნახევრიან პლასტმასის ბოთლებში ჩავყარე მიწა და ჩავთესე კედრის კაკლები, სულ 10 ცალი. პირველი კედარი აპრილის თვეში ამოვიდა, მაგრამ 5 დღეში გაშავდა, ჭკნობა და ლპობა დაიწყო. მეორე კედარი ივნისის ბოლოს ამოვიდა, მანაც 10 დღეში დაიწყო გაშავება. ზოგიერთი ამოვიდა და უცბად დალპა. მიწით სავსე ბოთლები, სადაც კედარი მითესია, გარეთ აივანზე დგას. მზე მთელი დღის განმავლობაში ასხივებს, მორწყვით საღამოობით ვრწყავ. არ ვიცი, რისი ბრალია, რომ ვერც ერთი ამოსული კედარი ვერ გავახარე.
გთხოვთ, გვირჩიოთ, როგორ გავახაროთ კედარი ოთახის პირობებში? მსურს აგრეთვე კედრისა და წაბლის დათესვა პარკებსა და თბილისის ზღვის მიდამოებში. მაინტერესებს, შეძლებს თუ არა დათესილი კედარი და წაბლი აღმოცენებასა და განვითარებას? რამდენ წელიწადში აღწევს 1 მეტრ სიმაღლეს კედარი და წაბლი? ოთახში დავთესე აგრეთვე ორი ცალი წაბლი, ორივე ამოვიდა და კარგადაც ი­ხარა.
– ნებისმიერი თესლის ჩათესვა უმჯობესია ხის ან თიხის ქოთანში, რომელიც ყვავი­ლებისთვის არის გათვალისწინებული, პოლიეთილენის ჭურჭელშიც შეიძლება ჩათესვა, ოღონდ აუცილებლად უნდა გაუხვრიტოთ ძირი და მიწის ჩაყრამდე ნახვრეტს ქვა ან კრამიტის ნატეხი დააფაროთ.
ბაღ-პარკებში მცენარეების თესვა ადგილობრივი დირექციის თანხმობის გარეშე არ შეიძლება იმიტომ, რომ იქ ყველაფერი წინასწარ იგეგმება. თუ მათ შეუთანხმდებით, შე­იძლება უფლება მოგცენ და ადგილიც მიგიჩინონ.
– მინდა გავაშენო ნაძვის ხის მცირე პლან­ტაცია. ტელევიზიით შევიტყვე, რომ საახალწლო ნაძვის ხეებად გამოიყენება რაჭული სოჭი, რომლის გირჩებიც ბელგიელ ბიზნესმენებს გააქვთ ევროპაში, გამოჰყავთ სათბურებში და ამარაგებენ ევროპული ბაზრის თითქმის 70%-ს.
სად შეიძლება რაჭული სოჭის თესლის შეძენა და როგორ გამოვიყვანო ნერგები?
– ეს ერთადერთი სახეობაა საქართველოში, გავრცელებულია აჭარა-იმერეთის ქედზე. საქარ­თველოში მისი გავრცელების უკიდურესი აღმოსავლეთი საზღვარი გადის მდ. ალგეთზე, მანგლისთან. თესლს იძლევა 30-40 წლის მცენარე (კორომში უფრო გვიან – 70 წლის). ცოცხლობს 600-700 წელს. თესლი სცვივა ოქტომბერ-ნოემბერში. საჭიროა მოსწრება გირჩების ფაზაში, თორემ გირჩა იშლება და ფრთიანი თესლი იბნევა.
სოჭი ადვილად მრავლდება თესლით, 1კგ-ში 150 ათასი თესლია. თესვის ნორმაა 5-6გ 1 ­გ­რძივ­ მეტრზე. სოჭის ნერგი 5-6 წლამდე შეიძლება გა­დავ­რგოთ შიშველი ფესვებით, უფრო ხნიერი ნერგის შემთხვევაში კი – აუცილებლად მიწის გუნდით – ბელტით.
თესლის შენახვის ვადაა 2-4 წელი. ინახება თავ­დახშულ მინის ჭურჭელში. ითესება მსუბუქ თიხნარ-ქვიშნარ ნიადაგში. ნიადაგი კარგად უნ­და დამუშავდეს და გასუფთავდეს სარეველების ფესვებისგან. აუცილებელია სასუქის შეტანა. ითესება ახალშეგროვილი თესლი შემოდგომით ან გაზაფხულზე. საუკეთესოა ნათესის დამულჩვა – ნიადაგის ზედაპირის დაფარვა ჩალით, ფოთლებით, ქაღალდით და ა.შ. ხოლო ცხელ ამინდში აღმონაცე­ნებს იცავენ მზის სხივების უშუალო ზემოქმედებისაგან, ანუ უჩრდილავენ. ვეგეტაციის პერიოდში აუცილებელია მარგვლა, მიწის გაფხვიერება და, საჭიროებისამებრ, რწყვა.
სოჭის თესლის შეძენა შეგიძლიათ ყველა სატყეო მეურნეობაში, სადაც ის იზრდება. შეგიძ­ლიათ შეუკვეთოთ რაჭის რომელიმე სატყეო მე­ურნეობაში, მაგალითად ონში.
– კარტოფილი გათლის დროს ხშირად მთლიანად გაყვითლებულია, თანაც შიგადაშიგ გა­შავებულიც. შეიძლება მისი გამოყენება?
– არსებობს კარტოფილის ჯიში, რომლის გამოსაყენებელი ნაწილი ყვითელია. გაშა­ვებული ნაწილები ამოჭერით და შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვებად.
– ცხელ ჩაიში თაფლი კარგავს თუ არა თავის თვისებებს?
– თაფლის გაცხელება 50-60 გრადუსზე და­უშ­ვებელია, იგი კარგავს თავის საუკეთესო თვისებებს.
– მირჩიეთ, როგორ მოვსპო სახლში ბაღლინჯო.
– ბაღლინჯოს მოსასპობად ასე მოიქეცით: აიღეთ 120 გ სკიპიდარი, 120 გ ნავთი, 60გ 90%-იანი ღვინის სპირტი და 24 გ ნაფტალინი. თხევადი ნივთიერებები შეურიეთ ერთმანეთს და შიგ გახსენით წმინდად დაფხვნილი ნაფტალინი. ნაზავი შეასხურეთ ყველგან, სადაც შეიძლება ბაღლინჯომ დაიბუდოს.
– სოფელში 20 წლის წინ დარგული კაკლის ხე მიდგას, სახლის საძირკვლიდან 6 მეტრით არის დაცილებული, ძალიან დიდი გაიზარდა. მაინტერესებს, სახლის საძირკველს ხომ არ დააზიანებს?
– სახლთან ახლოს კაკლის დარგვა არ არის გამართლებული. უმჯობესია, თუ კაკლის ნერგს ნაკვეთის ბოლოში, ჩრდილოეთის მხარეს გამოუნახავთ ადგილს. სახლთან ახლოს მდგარი კაკლის ხის ფოთლები ცვივა სახლის სახურავზე და სანიაღვრე მილებში იჭედება, რაც მეტად არასასურველია.
რაც შეეხება თქვენი სახლის საძირკველს, არა მგონია, რაიმე საფრთხე მოელოდეს. თუ გე­ეჭვებათ, სახლისკენ მიმართული ფესვები შეგიძლიათ ჩაჭრათ.
– გთხოვთ მიპასუხოთ, სად შეიძლება შევიძი­ნო შავი პილპილის თესლი ან მისი ნერგი? გვიამბეთ ყველაფერი შავი პილპილის შე­სახებ.
– უძველესი, ყველასათვის ცნობილი სანელებელი შავი პილპილი, რომლის გარეშე არც ხინკალი ივარგებს და არც შილაფლავი, ინდური წარმოშობისა გახლავთ. კულტივირებულია მრავალ ტროპიკულ ქვეყანაში, მათ შორისაა – შრი-ლანკა, ინდონეზია, ინდოჩინეთი, დასავლეთი და სამხრეთი აფრიკა, ანტილის კუნძულები, ბრაზილია და სხვ.
პილპილისებრთა ოჯახში 8(12) გვარი და 2500-მდე (ზოგი მონაცემით 1400) სახეობაა, რომ­ლებიც ლიანების, პატარა ხეებისა და ბალახე­ბის სახით არის წარმოდგენილი. ამ ოჯახიდან ყველაზე მნიშვნელოვანია შავი პილპილი, რომელიც ბუნებრივად დღესაც ი­ზრდება ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, 15მ-მდე სიმაღლის ტროპიკული მცოცავი ბუჩქია (ლიანა), აქვს სუსტი ღერო, გულის ან კვერცხის ფორმის ფოთლები; ის­ხამს მრგვალ, მოწითალო ფერის ცხარე ნაყოფს, რომელიც გაშრობისთანავე შავდება. სხვათა შორის, შავი პილპილისგან შეიძ­ლება უმაღლესი ხარისხის თეთრი პილპილის მიღებაც. ამისათვის ნაყოფს ამწიფებენ, ვიდრე მოყვითალო-წითელი არ გახდება, შემდეგ გა­რეკანს აცლიან და იღებენ თეთრ პილპილს.
საქართველოში ღია გრუნტში შავი პილპილის წარმოება კლიმატური პირობების გამო შე­უძლებელია, არც ორანჟერეაშია ეს კულტურა გამოცდილი. ჩვენში გავრცელებული პილპილისებრთა ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელი გახლავთ პეპერომია, რომელსაც დეკორატიული დანიშნულებით აშენებენ, თუმცა მის ნაყოფსაც ხმარობენ სანელებლად.
– როგორ გავსხლათ ალუბალი და ბალი? 
– ყველა ჯიშის მცენარეს ინდივიდუალური მიდ­გომა, მათ შორის, სხვლაც თავისებური სჭირდება.
ალუბლის სხვადასხვა ფორმა არსებობს. არის ბუჩქისებური – დაბალი და საკმაოდ გაფარ­ჩხულვარჯიანი; ზოგი ფორმა ძლიერი ზრდით ხასიათდება და ვარჯიც ჩვეულებრივი აქვს. ვარჯის ფორმები ნორმალურად ითვლება, თუ ბუჩქად მოზარდს 10-12, ხოლო ხედ მოზარდს 8-9 ტოტისგან შემდგარი ვარჯი აქვს.
როგორც წესი, ირგვება ალუბლის ერთ­წლი­ანი და ორწლიანი ნერგები. როცა ნამყენი ერთ­წლიანია, დარგვის შემდეგ გადაჭერით 70-80 სმ სიმაღლეზე მიწის ზედაპირიდან, თუ ორწლია­ნია, ცენტრალური ტოტი პირველი იარუსის ტო­ტებთან შედარებით 25-30 სმ-ით ზემოთ გადაჭერით.
მსხმოიარებაში შესული ალუბლის ხეების სხვლის დროს მოაცილეთ დაზიანებული და ჩა­ხ­­შირებული ტოტები. არ გააჭაჭანოთ ფესვზე ამონაყარები და შტამბზე მოზარდი ყლორტები.
– სჭირდება თუ არა ბალს სხვლა?
– ბალი ითვლება ძლიერ მოზარდ მცენარედ, გარბის წვერისკენ, განტოტვა კი მეტად მეჩხერია. ამიტომ პირველ წლებში უნდა შეიკვეცოს ერთწლიანი ნაზარდები, რაც ხელს შეუწყობს გვერდითი ტოტების განვითარებას.
ასაკში შესვლის შემდეგ ეჭრება ხმელი და დაზიანებული ტოტები. ამაზე მეტ გასხ­ვლას ბალი არ საჭიროებს.
გახსოვდეთ
ყოველი ტოტის მონაჭერზე აუცილებლად წაუსვით ბაღის მალამო, რაც ხელს უწყობს ჭრილობის ადვილად შეხორცებას.
– რა რაოდენობის სოიის მიღება შეიძლება 1ჰა ნაკვეთზე?
– იყო დრო, როცა საქართველოს სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთ წარმატებულ კულტუ­რად სოიაც ითვლებოდა. აი, მისი ძირითადი ჯიშები საქართველოს მიწათმოქმედებაში: იმე­რუ­ლი, გურული, ჭიათურის, მოწინავე – 7, კოლ­ხი­და – 4, ადრეულა – 6, სენაკისა და სხვ.
სოია საკმაოდ მაღალმოსავლიანი პარკო­სა­ნი კულტურაა, ჰექტარზე მისი მოსავალი 12,8 ცენ­ტნერს აღწევს.
– როგორ მრავლდება ჩაის ვარდი?
– ვარდი ერთნაირი მეთოდით მრავლდება – კალმების დაფესვიანებითა და მყნობით. კალმების დასაფესვიანებლად მოჭერით დაყვავილებული ვარდის ის ტოტი, რომელზეც ყვავილი იყო. ყლორტის წვერი გადაჭერით ჰორიზონტალურად ზედა კვირტიდან 5-7 მმ-ის დაშორებით, ხოლო ქვედა ნაწილი – ირიბად, კვირტიდან 1,5-2მმ-ზე. ყლორტზე უნდა დარჩეს 7-8 კვირტი, ქვედა ფოთლებს ეჭრება ნახევარი. კალმები თავსდება წყლიან ქილაში, რომელშიც წყალი 1,5-2 სმ-ზეა. ერთ ქილაში შეიძლება მოთავსდეს რამდენიმე კალამი, ოღონდ ისე, რომ ფოთლები ერთმანეთს არ ეხებოდეს. კალმებიანი ქილა დადგით მზიან ადგილას. მუდმივად დაიცავით წყლის დონე ქილაში. 10-12 დღის შემდეგ კალმები გადაიტანეთ ღია გრუნტში, რომლის ნიადაგი ასე უნდა შეზავდეს: 0,5 წილი გადამწვარი ნაკელი და თითო-თითო წილი სილა, ტორფი და ყამირის მიწა. კალმები დარგვისთანავე კარგად მორწყეთ და შიგნიდან კირით შეთეთრებული მინის ქილები დაახურეთ. ნარგავს ტენი არ მოაკლოთ. ერთი კვირის შემდეგ დაიწყება კვირტის გაშლა და ნაზარდის გამოტანა. იმისათვის, რომ ნაზარდი შეეჩვიოს ღია გრუნტის პირობებს, დღეში 10-15 წუთით ქილები მოხადეთ. ამ მეთოდით ერთ წელიწადში გექნებათ ნებისმიერი ჯიშის ვარდის ნერგი.
ეს გახლავთ ვარდის გამრავლების ყველაზე იოლი და ხელმისაწვდომი მეთოდი.
– უწამლი საფერავის ყურძნის ჯიშებიდან რომლის მოშენებას გვირჩევდით საგარეჯოს რაიონში, გვაცნობეთ ოჯალეშის მოვლა-პატრონობის წესები.
– „უწამლი საფერავის“ ჯიში არ არსებობს. საფერავი ერთ-ერთი უძვირფასესი შავნა­ყოფა ვაზის ჯიშია, რომელიც საგარეჯოს რაიონში, კერძოდ ხაშმში, დიდ მოსავალსაც იძლევა და უძვირფასესი ღვინოც დგება. თქვენ ალბათ გაინტერესებთ, რომელი შავნა­ყოფა ვაზის უწამლი ჯიშის გაშენება სჯობს საგარეჯოს რაიონში.
ამ ბოლო ხანებში ამგვარი უწამლი ჯიში უამ­რავი გამოჩნდა საქართველოში – შა­ვიც და თეთრიც, რომელთა კონკრეტული დასახელებაც, ვფიქრობთ, არავინ იცის. ვისაც ჰკითხავ, რა ჯიშიაო – უწამლს ვეძახითო, გიპასუხებს.
ერთი ჯიში, რომელსაც მტრედისფეხას ეძახი­ან, საგარეჯოს პირობებში კარგ მო­სავალსაც იძ­ლევა და მისი ღვინოც საუკეთესოა – საფერა­ვისგან ძნელად გასარჩევი. როგორც ირკვევა, მტრედისფეხა უძველესი შავყურძნიანი ქართული ჯიშია, მესხეთიდან გადმოტანილი, რომელიც შეწამვლას არ საჭიროებს.
უპრიანი იქნება, თუ თქვენთვის საინტერესო სა­კითხზე უშუალოდ საგარეჯოელებს გაესაუბრებით.
ოჯალეში წითელყურძნიანი უძვირფასესი სა­ღ­ვინე ჯიშია. გავრცელებულია სამეგ­რელოს მთის­პირა რაიონებში, როგორც მაღლარად, ისე დაბ­ლარების სახით. შეუწამლავად ავადდება ჭრაქითა და ნაცრით. საჭიროებს საწამლი ვაზის ყველა აგროტექნიკურ ღონისძიებას. აღმოსავლეთ საქართველოში ოჯალეში ივარგებს, თუ არა, საეჭვოა.
– ამბობენ, ამბროზია ძალზე საშიში სარეველაა, მეტიც, იგი ასთმასაც იწვევსო. გთხოვთ, განგვიმარტოთ, მართლა ასეა თუ არა, და როგორ ვებრძოლოთ ამ მცენარეს?
– ავშანფოთლიანი ამბროზია ეკოლოგიუ­რად სა­შიში სარეველაა. ჩვენში გავრცელებულია რო­გორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ სა­ქარ­თველოს სასოფლო-სამეურნეო ნათესებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ლიანდაგების, გზის­პირებისა და ღობეების გასწვრივ, მიტოვებულ და და­უსახლებელ ადგილებში. ყვავილობს ივ­ლის-­აგვისტოში. მისი ყვავილის მტვერი იწ­ვევს ძლი­ერ ალერგიულ დაავადებებს – თივის ცხე­ლებასა და ბრონქულ ასთმას. მცენარის თით­ქმის ყველა ორგანო შხამიანია. მის მიერ გამო­ყოფილი ტოქსინები თავის სიახლოვეს მოზარდ კულტურულ მცენარეებს არ აძლევს განვითა­რე­ბის საშუალებას. ფოთლებში მწარე ეთერზე­თების არსებობის გამო სარეველა მკვეთრად ამცირებს საძოვრებისა და თივის კვებით ღირებულებას; ამიტომ აუცილებელია მის წინააღ­მდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარება. სავალდებულოა, საკარმიდამო ნაკვეთებისა და ღობის გასწვრივ სარეველის მოთიბვა ყვავილობამდე ან თესლის მომწიფებამდე. მონათიბი უნდა ამოიძირკვოს, ნარჩენები შეგროვდეს და დაიწვას. შეიძლება გამოიყენოთ ჰერბიციდებიც სპეციალიზებულ მაღაზიებში მცენარეთა დაცვის სპეცი­ალისტთან კონსულტაციის შემდეგ.
გახსოვდეთ
სარეველა უნდა მოითიბოს ყვავილო­ბამდე ან თესლის მომწიფებამდე, რათა თავიდან აიცილოთ ალერგიული დაავადებანი! აღსანიშნავია ისიც, რომ `მავნე ორგანიზმებისგან მცენარეთა დაცვის შე­სახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, პასუ­ხისმგებლობა დაეკისრება იმ მიწის მესაკუთრეს, რომლის მოუვლელი საკარმიდამო ნაკვეთი საფრთხეს შეუქმნის მეზობელ საკარმიდამო ნაკვეთებს!
ავშანფოთლიანი ამბროზიის კერების გამოჩენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენი რაიონის სურსათის უვნებლობის, ვეტერინარი­ისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახუ­რის სამმართველოს ან სოფლის რწმუნებულს, რათა დროულად მოსპონ ეს სარეველა.
– გთხოვთ, მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ ჩაის შესახებ.
– ჩაი უბრალოდ ცხელი სასმელი კი არ გახლავთ, ბევრად მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე დღემდე იყო ცნობილი, თუნდაც, ტანინს (იგი ჩაიში დიდი რაოდენობითაა). დიდხანს ეგონათ, რომ იგი უბრალოდ მწკლარტე, მთრიმლავ ნივთიერებას წარმოადგენდა, რომელსაც ძირითადად ტექნიკური მიზნებისთვის გამოიყენებდნენ. ფერმენტაციის შემდეგ ტანინი შესანიშნავ გემოსაც იძენს და P ვიტამინის წყაროც გახლავთ. P და C ვიტამინები ისე კარგად არის ჩაის ფოთლებში შეზავებული, რომ ფინჯან ჩაისთან ერთად საჭირო რაოდენობის სასიცოცხლო ნივთიერებებსაც ვიღებთ.
გარდა მთრიმლავი ნივთიერებისა, ჩაი შეიცავს: ალკალოიდებს, ეთერზეთებს, ამინ­მჟავებს, პიგმენტებსა და ვიტამინებს.
ალკალოიდებს შორის ყველაზე ცნობილია მა­ტონიზებელი ნივთიერება კოფეინი. ალბათ ბევ­რმა არ იცის, რომ ჩაი უფრო მეტ და ადვი­ლად შესათვისებელ კოფეინს შეიცავს, ვიდრე ყავა. თანაც ჩაიში შემავალი კოფეინი ტანინთან კომპლექსში უფრო მსუბუქად მოქმედებს გულ-­სისხლძარღვებსა და ცენტრალურ ნერვულ სის­ტემაზე. ჩაის კოფეინს ახასიათებს ერთი შესა­ნიშნავი თვისებაც: იგი არ გროვდება ადამიანის ორგანიზმში. უამრავ პროფილაქტიკურ და სამკურნალო ნივთიერებას – მათ შორის ანტისიმსივნურსა და ანტირადიაციულს – შეიცავს მწვანე ჩაი. ასე რომ, საკმაოდ ძველი გამოთქმა „ჩაი სიცოცხლის ელექსირია!“ – დღესაც ძალაშია!
– როგორ დავამზადოთ ყურძნის წვენისაგან უალკოჰოლო ღვინო ოჯახის პირობებში. 
– ღვინოში იგულისხმება მხოლოდ და მხო­ლოდ ყურძნის წვენის დუღილის შედეგად მიღებული ალკოჰოლური სასმელი. ამრიგად, უალკოჰოლო ღვინო ბუნებაში არ არსებობს. თუ „ღვინისას“ გულისხმობთ – არც იმას ერქვა, როგორც ხედავთ, ღვინო.
თუ გნებავთ, რომ ღვინო დალიოთ და არ დათვრეთ, დალიეთ მცირე დოზებით – დღის განმავლობაში 100-200 გ და არასოდეს დაავადდე­ბით გულ-სისხლძარღვთა დაავადებით. თუ გული უკვე გაწუხებთ, თავი შეიკავეთ ყოველგვარი ალკოჰოლური სასმლის მიღებისაგან და ყურძნის წვენი მიირთვით.
„ღვინისამ“ არ გაამართლა და ამიტომაც შეწ­ყვიტეს მისი წარმოება.
– როგორ შევწამლოთ ვაზი გოგირდის შეფრქვევით ნაცრის ასაცილებლად?
– ნაცარი – ვენახის საშიში მტერია, ჩვენში ამერიკიდან შემოვიდა 1850 წელს. წამლობის გარეშე ვენახში გაწეული შრომა წყალში გადაყრილია, დროული მკურნალობით კი შეგიძლიათ მთლიანად შეინარჩუნოთ მოსავალი.
ნაცრის განვითარებას შესაბამისი ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა უწყობს ხელს – ოპტიმალური ტემპერატურა 20-24ºC, ხოლო ტენიანობა – 60-80%. წინასწარ ვენახის შეწამვლას შესაბამისი საშუალებებით აზრი არა აქვს, მაგრამ დიდი ყურადღება გმართებთ, რომ მისი გამოჩენა არ გამოგეპაროთ.
ფოთოლზე თავდაპირველად ჩნდება მოთე­თ­რო ფერის ლაქისებური ფიფქი, რომე­ლიც ნა­ცარს წააგავს. ლაქები თანდათან ერთდება და, შე­საძლებელია, ფოთოლი მთლიანად დაიფა­როს ამ ფიფქით, შემდეგ ფოთოლი ყვითლდება და ცვივა. ავადდება ნორჩი ყლორტებიც, ხოლო შემდგომ ყურძნის მარცვალი, რომელიც მთლიანად იფარება ფიფ­ქით, აჩერებს ზრდას და წვენის მოწოლის გამო სკდება, ხმება და გამოუსადეგარი ხდება. თუ ასეთი პროცესი მასობრივად განვითარდა, მთელი მოსავალი დაიღუპება. რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? – პირველ რიგში, ფოთლებს უნდა მივხედოთ, ნაცრის გამოჩენისთანავე დაავადებული ფოთლები შევაცალოთ, შემდეგ კი აუცილებლად შევ­წამლოთ. ამ ბოლო ხანებში გამოჩნდა ნაცრით დაავადებული ვენახის სამკურნალო უამ­რავი საშუალება (კარატანი, ბაილეტონი, ტოპსინ M, სეროცინი, ისო და სხვ.), მაგრამ ყველა­ზე უსაფრთხო და მეტად ეფექტუ­რია გოგირდის შეფრქვევა.
პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ შესაფ­რქვევად ვარგისია ძალიან წმინდად დაფ­ქუ­ლი გოგირდი, რომლის შეფრქვევაც ხდება ზურგის ან ხელის საბერვლით. გამოფრქვეული მ­ტვერი თხელ ფენად უნდა დაეფინოს ვაზის მწვანე ნა­წილებს.
მოსავლიანი ვენახის შეფრქვევა ხდება 4-5-ჯერ: პირველი – ყვავილობამდე, მეორე – ყვავილო­ბის დროს, მესამე – დაყვავილების შემდეგ, მეოთხე – როცა მარცვალი გამონასკვულია, ანუ ისრიმობის დაწყებისას, მეხუთე კი, საჭიროების მიხედვით, ყურძნის შეთვალებამდე.
გოგირდის შეფრქვევა ტარდება უქარო მშრალ ამინდში. ყვავილობის ფაზაში გოგირდის შეფ­რქვევა აუცილებელია, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამ პერიოდში ნაცარი საგრძნობლად აზიანებს ყვავილებს, გარდა ამისა, შეფრქვევის დროს წარმოქმნილი მცირე ნიავი ხელს უწყობს გამანაყოფიერებელი მტვრის გადატანასა და უკეთ დაყვავილებას.
– მცხეთას რომ გავცდებით, ძეგვისკენ, ყურ­ძენი ყველგან კარგად ხარობს, როგორც კი შევალთ სოფელ ძეგვში, ნაცრისა და ჭრაქისგან სულ მთლიანად განადგურებულია ვაზი, განსაკუთრებით „გორულას“ და „ჩინურის“ ჯიშები, ძეგვის შემდეგ ნიჩბისისკენ ვაზი უკვე კარგად არის. გთხოვთ, აგვიხსნათ ეს საოც­რება. საქართველოში ყველგან ყურძნის მშვენიერი მოსავალია, ძეგვში კი ყვავილშივე განადგურდა მარცვალი.
– ჭრაქი და ნაცარი ვენახის უსასტიკესი მტერია. 
რა ხდება? – თუ არც ძეგვამდე და არც მას შემდეგ ვენახი არ ზიანდება, რატომ მაინცდამაინც ძეგვში ავადდება ვაზი?! ამის თქმა და რჩევის მოცემა შორიდან, ცოტა არ იყოს, ძნელია. მე მაინც შევეცდები შეგიმსუბუქოთ გასაჭირი, როგორც ძველმა მევენახემ და პრაქტიკოსმა მე­ურნემ.
პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ, თუ მოსავლიანი ვენახი გნებავთ, ის უნდა გა­აშენოთ ცალკე კულტურად, ბაღთან ერთად დადებითს ვერაფერს მიაღწევთ. ვენახის გაშენება ყველაზე უკეთესია სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სა­მ­ხრეთ-დასავლეთ ექსპოზიციაზე. ასეთ ად­გილ­ზე მზე ჭარბად უნათებს ვენახს, რაც ასე აუცი­ლებელია მისთვის. იქ, სადაც მზეა, ყველაფერი ჯანმრთელია. ვაზებსა და რიგთაშორისებს შორის მანძილი აუცილებლად უნდა იყოს დაცული, ვენახში სარეველების გაჭაჭანებაც არ შეიძლება. რიგთაშორისები ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ გაბატონებული ქარი შიგ თავისუფლად მოძ­რაობდეს. ვაზი უნდა იყოს ღონიერი, რის­თვისაც აუცილებელია ყოველ სამ წელიწადში ორგანული სასუქის შეტანა. ვაზი დროულად უნდა გაისხლას და მწვანე ოპერაციებიც დროულად ჩატარდეს. დაბოლოს, წამლობა დროულად თუ არ ჩატარდა, თქვენი შრომა წ­ყალში გადაყრილი იქნება.
მაშ ასე, დავიწყოთ მკურნალობა იმით, რომ არ გამოგვეპაროს ვენახში თუნდაც ერთი დაავა­დებული ფოთოლი. იგი უნდა მოაცილოთ და დაწვათ, თუ შესაძლებლობაა, შეწამლეთ იმავე დღეს, თუ არადა, მეორე დღეს აუცილებლად.
ჭრაქისა და ნაცრის საწინააღმდეგოდ დღეს უამრავი საშუალებაა. ასე მაგალითად, ჭრაქის წინააღმდეგ გამოიყენება ბორდოს ხსნარი, კუპროზანი, ცინები, კაპტანი, არცერიდი, პოლიკარბაცინი, რიდომილი, სეროცინი, ზეპარენი და სხვ. ყველა ჩამოთვლილი პრეპარატი იყიდება მემა­მულეთა კავშირის მაღაზიაში და თან ახლავს გამოყენების ინსტრუქცია.
ნაცრის საწინააღმდეგოდ გამოიყენება გოგირდის შეფრქვევა, ან 1%-იანი კოლოიდური გო­გირდის შესხურება შემდეგი თანამიმდევრობით: 4-5 ფოთლის განვითარებისთანავე, ყვავილობაში, ყვავილობის დამთავრების შემდეგ და ახალგამონასკვულ მარცვლებზე.
ჭრაქის საწინააღმდეგოდ პირველი და მეორე წამლობა უნდა ჩატარდეს ყვავილობამდე, მესამე – მარცვლის გამონასკვისთანავე, მეოთხე – ისრიმობის დაწყებისას (როცა მარცვალი ცოტა დამსხვილდება), მეხუთე სრული ისრიმობის დროს, ხოლო მეექვსე წ­ამლობა ტარდება მეხუთე წამლობიდან 10-15 დღის შემდეგ. ყურძნის შეთვალების შემ­­დეგ წამლობა დაუშვებელია.
– როდის არის ყველაზე შესაფერისი დრო კამელიის გადასარგავად?
– ნებისმიერი მცენარის გადარგვა შეიძლება შემოდგომით და გაზაფხულზე. მარადმწვანე ფოთლოვანი და წიწვიანი მცენარეები ირგვება ბელტიანად, ამიტომ კამელიის გადარგვა შეიძლება ნებისმიერ დროს, გარდა კოკრებისა და ყვავილობის ფაზისა, ოღონდ, აუცილებლად ბელტი­ანად, ანუ მიწიანად. მიწიანად გადარგვისას მცე­ნარე წინასწარ მორწყეთ, თუ ღია გრუნტში გიდგათ – ამოღების დროს, ისე ამოიღეთ, რომ ბელტი არ დაუშალოთ და წინასწარ გამზადებულ ორმოში ან ქოთანში გადაიტანეთ. დარგვისთანავე მიწა კარგად მიუტკეპნეთ და მორწყეთ.
– როგორ დავრგო და მოვუარო ზამთრის პერიოდში დაფნას და როგორ დავა­ფესვიანო?
– დაფნის გამრავლება ყველაზე ადვილია ბუჩ­ქის ამონაყარებით და თესლით. კალ­მები დასაფესვიანებლად უნდა აიჭრას აპრილში, შე­იძ­ლება ივნისის შუა რიცხვებიდან შუა ივლისამდეც. კალამი უნდა იყოს მომწიფებული, მაგრამ არა გახევებული, 6-8სმ სიგრძის. კალმებზე არსებულ ფოთლებს ამოკლებენ და რგავენ ნეშომპალა-ქვიშიან ქოთნებში. ქვედა ფენა, ანუ ნეშომპალიანი შრე, უნდა იყოს 3-4სმ, ხოლო ქვიშის ფენა – 2-3სმ. დაფესვიანების ოპტიმალური ტემპერატურა 16-20ºჩ-ია. დაფესვიანებას ესაჭირო­ება 1 თვე. ამის შემდეგ კალმები გადააქვთ მუდმივ ადგილას.
დაფნა არ არის დეფიციტური მცენარე და მი­სი ნერგის, თესლის, აგრეთვე, კალმის შოვნა არ გაგიძნელდებათ.
– როგორ შევარჩიოთ ადგილი ჭის ამოსათხრელად? 
– ჭის ამოსათხრელ ადგილს მხოლოდ გეო­ლოგები მიგითითებენ. თუ სურვილი გექნებათ, არ­ტეზიულ ჭას ამოგითხრიან და მუდმივად გექ­ნებათ საუკეთესო სუფთა სასმელი წყალი.
როგორც წესი, იქ, სადაც ვირისტერფა, ისლი, ჭილი და ბაია იზრდება, გრუნტის წ­ყალი ახლოა მიწის ზედაპირთან. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი სასმელად გამოდგება! – აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო.
– ბოლო წლებში ჩვენს რაიონში გავრცელდა პამიდვრის ნარგაობის მძიმე და­ავადება. მცენარე, რომელიც სრულიად საღად გამო­იყურება, დახუნძლულია ყვავილებით და ნა­­ყოფით, მოულოდნელად ხმება ყოველგვა­რი წინასწარი ნიშნების გარეშე. გთხოვთ, მოგ­ვაწოდოთ ინფორმაცია პამიდვრის ამ დაავა­დებასა და მასთან ბრძოლის ღონისძიებებზე. 
– რა ემართება თქვენს პამიდორს, შორიდან ამის დადგენა ძნელია. თუ ამის მიზეზი რომელი­მე სოკოვანი დაავადებაა, შეწამლეთ ბორდოს ხსნარით (შაბიამნისა და კირის ხ­სნარით).
პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს ჩითი­ლე­­ბის გადარგვამდე 1-2 დღით ადრე 0,5%-იანი ბო­რდოს ან 0,4 %-იანი კუპროზანის ხსნარით. გა­დარგვის შემდეგ უნდა შეიწამლოს 3-4-ჯერ პროფილაქტიკის მიზნით. თუ დაავადების მასობრივი გავრცელებაა მოსალოდნელი ჭარბი ტე­­ნიანობის, დღისა და ღამის ტემპერატურის მკვე­თრი ცვალებადობის გამო, წამლობა უნდა გან­მეორდეს 5-7 დღეში 1%-იანი ბორდოს, 0,4%-იანი კუპროზანის ან 0,15%-იანი რიდომილის ხსნა­რით.
თუ მცენარეზე ბუგრია შესეული, შეწამლეთ ნივრისა და სარეცხი საპნის ნარევით, რომელიც ასე კეთდება:
0,5კგ ნიორი დანაყეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გახსენით 5ლ წყალში, გადა­წურეთ ნიორი, რომელიც მარლაზე დარჩება, კარ­გად ჩაწურეთ კიდევ 5ლ წყალში ისე, რომ მარლაზე დარჩეს ნივრის მინიმალური მასა. შემდეგ ეს ხსნარი მოათავსეთ ვედროში, გახსენით შიგ 50 გ სარეცხი საპონი (მთლიანად რომ გაიხსნას) და შეასხურეთ. შესხურება უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში. ამგვარი წამლობა გადაგირჩენთ ნარგაობას.
– რკინიგზის გამწვანების ზოლში დარგული ნეკერჩხლისა და კოპიტის ერთწლიან ნერგებს შორის მინდა დავთესო ლობიო და შევიტანო ჰერბიციდი. ჰერბიციდი ხომ არ დააზიანებს ნერგებს? 
– არსებობს გამორჩევითი და საერთო მოქ­მედების ჰერბიციდები. საერთო მოქმედების ჰერ­ბიციდი სპობს ყველა სახის მცენარეს, მათ შორის მოზარდ მერქნიან მცენარეებსა და ბუჩქებს. ხოლო გამორჩევითი მოქმედების ჰერბიციდი აჭკნობს და ხელს უშლის განვითარებაში ზოგიერთი სახეობის მცენარეს. ეს ჰერბიციდები უნდა შეგირჩიონ იქ, სადაც მათ შეიძენთ. ისე კი, არ გირჩევთ რკინიგზის ახლოს არც ერთი მცენარის დათესვას, რადგან იქაურობა ეკოლოგიურად ძალიან დაბინძურებულია!
– რატომ არის წყაროს წყალი საუკეთესო? 
– შეცდომა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ყველა წყაროს წყალი საუკეთესოა! რამდენი წყაროც არ­სებობს, ყველა განსხვავდება ქიმიური შემცვე­ლობითა და საგემოვნო თვისე­ბებით. დღევანდელი ეკოლოგიური პირობების გამო, როცა წვი­მის წყალიც კი იმ დონეზეა დაბინძურებული, რომ საშიშია ცოცხალი ორგანიზმებისათვის, ვერ მოგ­ცემთ პირობას, რომ ლაბორატორიული შემოწმების გარეშე წყლის სასმელად გამოყენება დასაშვებია.
სანდოა სოფლებში (განსაკუთრებით საუკუნე­ების მანძილზე არსებული) ხალხის მიერ საკუთარ თავზე გამოცდილი წყაროები, თუმცა არ იქ­ნებოდა ურიგო, პერიოდულად იმ წყლების ლაბორატორიული შემოწმებაც.
1975 წელს ერთ-ერთ რუსულ ჟურნალში დაიბეჭდა ამერიკელი მეცნიერების მონა­ცემები, რო­მელთა მიხედვით წვიმის ნიაღვარი, რომელიც ქუ­ჩებში მიედინება, ბევრად უფრო შხამი­ანია, ვიდრე წარმოება-დაწესებულებების კანა­ლი­ზაციისა. საქმე ისაა, რომ წვიმის წ­ყალი შთან­თქავს შხამიანი მეტალების დიდ რაოდენობას, რო­მელსაც შეიცავს გამო­ნაბოლქვი გაზები. გა­მოკვლევებით დადგენილია, რომ წვიმის წყალი ყოველწლიურად საშუალოდ 125 ტონა ტყვიასა და 15 ტონა ვერცხლისწყალს შთანთქავს. ამას დაუმატეთ ს­ხვადასხვა ქარხნის, ატომური რეაქ­ტორის ნარჩენები, რომლებიც წვიმის სახითაც მოდის და ბოლოს ნიადაგში ხვდება; არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ წ­ყაროს, არტეზიულ თუ ჩვეულებრივ ჭასაც დაემატოს.
ჩვენი დედაქალაქის შემოგარენში არსებულ ძვე­ლისძველ წყაროთა უმეტესობა იმდენად მა­რი­ლიანია, რომ დასალევად არც გამოდგება, თუმ­ცა ცივი კი გახლავთ.
მდინარე ვერეს სათავეში, საიდანაც იწყება მდინარე, როგორც მახსოვს, 2-3 წყაროა, ცივი და კამკამა. ვერეს ხეობის განაშენიანებამდე, მდ. ვერეს წყალი შესანიშნავი საგემოვნო თვისებებისა გახლდათ.
ასე რომ, წყალი სასმელად ვარგა თუ არა, მხო­­ლოდ ლაბორატორიულ პირობებში დ­გინ­დე­ბა და არა ბუნებაში, ექსკურსიაზე ყოფნის დროს.
– მაქვს ბაღი კორპუსის უკან, სადაც მიდგას ვაშლი, ალუბალი და სხვა ხილი. პირველ წამლობას ვუტარებ გაზაფხულზე, კვირტის გაშლამდე, ბორდოს 3%-იანი ხსნარით, ნაყოფი მაინც ჭიანდება და ცვივა. უნდა თუ არა შემდეგ კიდევ წამლობა, რა დროს და რამდენჯერ. ასევე მაქვს რამდენიმე ძირი ვაზი, გაზაფხულის ყინვამ გააფუჭა ნაყოფი და ფოთოლიც მოიკუჭა, როგორ ვუმკურნალო?
– ძალიან კარგი გიქნიათ, რომ ხეხილი დროულად ჩამოგირეცხავთ ბორდოს 3%-იანი ხსნარით. ეს საუკეთესო საშუალებაა სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ.
თქვენ რომ მოსავალს გიფუჭებთ, ეს გახლავთ ნაყოფჭამია, რომლის მოსაცილებლად აუცილებელია: ადრე გაზაფხულზე ქერქის ჩამოფხეკა-ჩამოსუფთავება, ხეზე შერჩენილი და ძირს ნაყარი დაზიანებული ნაყოფის მოცილება და დაწვა; ნი­ადაგის გადაბარვა მასში მოზამთრე მუხლუხების მოსასპობად; მუხლუხების მასობრივი გამოჩენისთანავე მი­ზანშეწონილია ხეების შესხურება აბზინდის ნაყენით ან პამიდვრის ნასხლავის ნახარშით 5 დღეში ერთხელ, რამდენჯერმე. არსებობს თანამედროვე მაღალეფექტური ქიმიური საშუალებები, რომელთა შეძენა შეგიძლიათ მემამულეთა კავშირის სპეციალიზებულ მაღაზიაში, იქ შესაბამის კონსულტაციასაც გამიწევენ და ყოველ პრეპარატს თან ახლავს ხმარების წესები.
– როგორ ამრავლებენ მანდარინს? 
– მანდარინს ამრავლებენ ტრიფოლიატის საძირეზე კვირტის მყნობით, ე.წ. ოკულირების წესით. მცენარე მყნობიდან მესამე-მეოთხე წელს იწყებს ნაყოფმსხმოიარებას, რაც 25-30 წელს გრძელდება. ნაყოფმსხმოიარების სა­უკეთესო პე­­რი­ოდი აქვს 12-13-წლიან ნერგებს.
– სად ხარობს და როგორ გამოიყენება ვერ­ხვი სამკურნალწამლოდ?
– საქართველოში ორი სახეობის ვერხვი იზ­რდება, რომლებსაც მედიცინაში იყე­ნებენ. ეს გახლავთ მთრთოლავი ვერხვი და ოფი.
მთრთოლავი ვერხვი 30 მეტრამდე სიმაღლის ხეა, მომწვანო-მონაცრისფრო ქერქით, რომელიც ღეროს ქვედა ნაწილში საკმაოდ ღრმად არის დაღარული.
ფოთლები დასაწყისში ნაცრისფერბუსუსიანია,­ შემდეგ კი პრიალა, კვერცხისებრ-სამკუთხა ფო­რმის, დაკბილული და ხეშეში.
იზრდება ზღვის დონიდან 600-2300მ სიმაღ­ლე­ზე, ტყეებში, გაჩეხილ ნატყევარზე, ნახანძრა­ლებზე, ხშირად არყის ხესთან ერთად.
გამოიყენება კვირტები, ფოთლები და ნორჩი ყლორტების ქერქი.
შეგროვების დრო: კვირტები და ქერქი გროვ­დება გაზაფხულზე, ფოთლები – მაის-ივ­ნისში.
კვირტები გამოიყენება როგორც შარდმდენი, ოფლმდენი, კუჭში შემკვრელი, ანთების საწინა­აღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ჭრილობის შემხორცებელი საშუალება.
ქერქის შიდა შრეს ფოთლებთან ერთად გერმანულ ხალხურ მედიცინაში ხმარობენ სპირტი­ანი ნაყენის სახით კუჭის დაავადებების სამკუ­რ­ნალოდ.
ნორჩი გათუთქული ფოთლები გამოიყენება საფენების სახით რევმატიზმის, პოდაგრისა და ბუასილის დროს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
დააქუცმაცეთ ფოთლები, დაასხით მდუღარე წყალი, შეახვიეთ დოლბანდში და დაი­დეთ მტკი­ვან ადგილას.
– როგორ გავაშენოთ სვია? 
– პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ სვიის ჯიშზე, მისი მოყვანის ადგილსა და შემდეგ აგ­როტექნიკაზეა დამოკიდებული ლუდის ხარისხი. თქვენ თუ ველურად მზარდი სვიის კულტურაში შეტანას აპირებთ, არ არის გამორიცხული, რომ უცხოურს აჯობოს კიდეც, მაგრამ ამას წინასწარი გამოცდა, ანუ ქარხნის ტექნოლოგთან სვიის გარკვეული რაოდენობის მიტანა და ტექნოლოგიაში ჩართვა სჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ ხელშეკრულება გააფორმოთ ქარხანასთან. ამის გარეშე არ გირჩევთ, ხელი მოჰკიდოთ სვიის გაშენებას.
სვიას აშენებენ კალმებით, რომლებსაც წინასწარ სანერგეებში აფესვიანებენ და მეორე წლის ადრე გაზაფხულზე რგავენ მუდმივ ადგილას ერთმანეთისაგან 1 მეტრის და­ცილებით და 2,25 მ რიგთაშორისებში. ერთ ჰექტარზე დაახლოებით საჭიროა 4400 ნერგი. ზაფხულში რიგთაშორისებს აფხვიერებენ, შეაქვთ სასუქები, რწყავენ. როგორც კი ნარგავები 60-90 სმ-ს მიაღწევს, გაჰყავთ მავთულის ან კანაფის საყრდენზე. დარგვიდან პირველივე წელს იძლევა მოსავალს, მაგრამ სრულმოსავლიანია მეორე წლიდან.
მოსავალს იღებენ, როცა გირჩები მომწვანო-­ოქროსფერი გახდება. კრეფენ ხელით ან სპეციალური მანქანით, აშრობენ საშრობებში, არა უმეტეს 13% ტენიანობამდე.
ფესურები ძლებს 15-20 წელს, ზოგჯერ მეტსაც, რა თქმა უნდა, თუ ექნება შესაბა­მისი პირობები. მოითხოვს ნოყიერ, აზოტით მდიდარ ნიადაგს. ტენის მოყვარულია. სვიის გასაშენებლად ოპტიმალური პირობებია მდინარეთა ნაპირებზე.
– რა იწვევს ღვინის გასქელება-გალორწოიანებას და რა ეშველება ასეთ ღვინოს? 
– წინასწარ შემიძლია მოგახსენოთ, რომ გალორწოიანებული ღვინის გამოს­წორე­ბის გზები არ არსებობს, შეიძლება მხოლოდ პროცესის შე­ჩერება, რისთვისაც გამოიყე­­ნე­ბა გოგირდის შემ­ცველი კალიუმის ბისულფატი. ეს ნივთიერება უნ­და გახსნათ ღვინოში –10გ – 100 ლიტრ ღვინოზე.
გალორწოიანების მიზეზი ღვინის შესანახი ჭურ­ჭლის უსუფთაობაა. ცუდად გა­რეცხილ ჭურჭელში მოთავსებულ ღვინოში იბუდებენ გალორწოიანების გამომწვევი ბაქტერიები. ეს დაავადება ძირითადად ვრცელდება დაბალალკოჰოლიან და დაბალი მჟავიანობის შემცველ ღვინოში.
გალორწოიანების თავიდან ასაცილებლად, ჭურ­ჭელი უნდა გარეცხოთ ზედმი­წევნით კარგად და ღვინის ჩასხმამდე შიგ დააბოლოთ გოგირდი.
კალიუმის ბისულფატის შეძენა შეგიძლიათ თა­მარაშვილის ქუჩის #17-ში.
– თუ შეიძლება მიპასუხეთ, ოზურგეთში, სოფელ მთისპირში, დაკრეფილი ადე­სა არის თუ არა ფრანგული წარმოშობის?
– სოფელ მთისპირში კი არა, პარიზში მოკ­რეფილი ადესაც არ გახლავთ ფრანგული ჯიში. იგი ამერიკულია და მისი ნამდვილი სახელი `იზა­ბელაა~.
– თუ შეიძლება გვასწავლეთ, როგორ შევფუთოთ პალმა ზამთარში სოფლის პირობებში?
– პალმის შესაფუთად სიმინდის ფუჩეჩიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, ირგვლივ შემოურიგეთ 2-3 რიგად და კანაფი შემოახვიეთ. თუ პალმა და­სავლეთ საქართველოში გიდგათ, საერთოდ არ უნდა შეფუთვა. პალმები თბილისის პირობებშიც შესანიშნავად გრძნობენ თავს.
– არის თუ არა უწამლი ვაზის ყურძენი შხამის შემცველი?
– არც ერთი ჯიშის ვაზი, უწამლი თუ შეწამლული, შხამიან ნაყოფს არ ისხამს. რაც შეეხება ჯანმრთელობისთვის მავნე ჯიშებს, ასეთი ყურძნის ჯიში საქართველოში არ არსებობს.
კომუნისტების დროს მიზანმიმართულად კრძა­ლავ­დნენ უწამლი ვაზის გამრავლებას, რათა ისე­თი ძვირფასი ჯიშების ადგილი არ დაეკავები­ნათ, როგორიც გახლავთ: რქაწითელი, საფერავი, მწვანე და ა.შ. იმასაც გეტყვით, რომ უწამლი ჯიშების ყურძენი ხარის­ხით ახლოსაც ვერ მოვა ჩვენში დამკვიდრებულ ჯიშებთან.
– როგორ მოვაშენოთ ფიჭვი? 
– ფიჭვის თესლით მოშენება კეთილშობილური, მამულიშვილური საქმეა – არც ადვილი და არც ისე ძნელია, როგორც, ერთი შეხედვით, ჰგონია ადამიანს.
დათესვამდე, რა თქმა უნდა, თესლის მოპოვებაზე უნდა იზრუნოთ და აუცილებე­ლია იცოდეთ, რომ ფიჭვის გირჩები შემოდგომით მწიფდება, ხოლო მათგან თესლის დაბნევა მეორე წლის გაზაფხულზე იწყება. იმისათვის, რომ საქმე დააჩქაროთ და საკმაო რაოდენობით თესლი მოიპოვოთ, გირჩები მთელ სიგრძეზე გაბურღეთ და მზეზე დაყარეთ (ბ­რეზენტზე ან პოლიეთილენზე გაშალეთ). გირჩები იხსნება და საღ-სალამათი, სუფთა თესლი იყრება საფენზე.
თესლის აღმოცენების უნარი 90%-ზე მეტია. ითესება როგორც გაზაფხულზე, ისე შემოდგო­მით, ყინვების დადგომამდე 2-3 კვირით ადრე. თესვის ნორმაა 1 გრძივ მეტრზე 5გ, ჩათესვის სიღრმე 1-2 სმ. ყველაზე ხელსაყრელია მწკრივებში თესვა, მწკრივებს შორის მანძილი ჩვე­ულებრივ 20 სმ-ია.
დაწვრილებითი ცნობები ამის თაობაზე შეგიძ­ლიათ ამოიკითხოთ მეტყევეობის სახელმძღვა­ნელოში; ავტორები: ვ.დარახველიძე, პ.მეტრე­ველი, ლ.ჩიხლაძე. გამომცემლობა „განათლება“, 1981წ.
– როდის შეიძლება თხილის, კერძოდ ბერძნულას ჯიშის, დარგვა?
– თხილის დარგვის საუკეთესო პერიოდია შე­მოდგომა-ზამთარი, სანამ ყინვები და­იწყება. პლა­ნტაციის გასაშენებლად ჯობია წინასწარ გა­მოყვანილი, 3-წლიანი ნერგების დარგვა. სტანდარტული ნერგების გამოსაყვანად ფესვის ამო­ნაყარებს აცლიან და ზრდი­ან სანერგეში, სადაც კარგად უვითარდება ფესვთა სისტემა – 40-50 სმ დიამეტრის და 50სმ-მდე 3-4 ამონაყარით.
დარგვის წინ ფესვებს ავლებენ ნაკელისა და თიხის ემულსიაში (წყალხსნარში: 1 წილი ნაკელი და 1 წილი თიხა). ყოველ ორმოში შეაქვთ 10კგ გადამწვარი ნაკელი, 300გ სუპერფოსფატი და 150 გ აზოტი, რომელსაც წინასწარ ურევენ ნიადაგის ზედა ფენიდან ამოყრილ მიწას. ნარე­ვის ნაწილს ყრიან ორმოს ფსკერზე, ნაწილს კი უყ­რიან დარგვის დროს. დარგვის შემდეგ აუცილებლად რწყავენ, რაც იძლევა გახარების 100%-იან გარანტიას.
თხილის დარგვის პერიოდს ჯიშთან არავითარი კავშირი არა აქვს!
– რატომ არ იძლევა მცენარე ნაყოფს? 
– ხდება ხოლმე, რომ მიუხედავად მოვლა-პატრონობისა, დეკორატიული და ნა­ყოფის მომცემი მცენარეები ნაყოფს არ იძლევა, თუმცა, დიდი ხანია, უნდა მოისხას. საქმე ისაა, რომ მცენარეთა შორისაც არსებობს სქესი. თუ მცენარეს შესაბამისი სქესის პარტნიორი არ გააჩნია, ის ნაყოფს ვერ განივითარებს. ასეთ მცენარეებს ორსახლიანს უწოდებენ; პარტნიორის გარეშე უნაყოფოდ არსებობს და ბერდება სვია, ქაცვი, კივი, იფანი და სხვ. ნორმალური დამტვერვისათვის 4-6 მდედრობითი სქესის მცენარისთვის საკმარისია 1მამრობითი.
– როგორ ვებრძოლოთ ლოკოკინას, რომელიც მინადგურებს ბოსტნეულსა და სხვა მცენარეებს?
– ლოკოკინა, რომელმაც ბოსტანი გაგინადგურათ, სინამდვილეში გახლავთ ლოქორა (ლო­­ფორთქინა). ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 100-მდე სახეობის ლოქორა დაღოღავს. ამ სა­ზიზღარ მოლუსკს მოსწონს ნესტიანი ადგილები და მასობრივად მრავლდება წვი­მიან ამინდში. მისი სიგრძე სახეობის მიხედვით 3 მმ-დან 15სმ-მდეა. აზიანებს მინდვრის მრავალ კულტურას, ბოსტნეულს, ბაღჩეულს და ა.შ.
ლოქორასთან ბრძოლის მთავარი ღონისძიებაა ნაკვეთის გასუფთავება სარეველებისაგან, რომლებშიც ლოქორა მთელი დღის განმავლობაში აფარებს თავს. მეორე ღონისძიებაა ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომით ნიადაგის დაბარვა. ღამის საათებში, როცა ლოფორთქინები საკვებად გამოდიან, თქვენს ნაკვეთს უნდა მოაფრქვი­ოთ ახალჩამქრალი კირის პუდრი (100 მ2-ზე 2-3 კგ). ეფრქვევა ორჯერ 10-15 წუთის ინტერვალით.
პატარა ნაკვეთებში ლოქორას მნიშვნელოვანი რაოდენობის დაჭერა შეიძლება: ფიცრების, სველი ჩვრების, ლინოლეუმის, რეზინის ნაჭრების დაფენითაც, რომელთა ქვეშაც ისინი იყრიან თავს. დაჭერილ ლოფორთქინებს სიამოვნებით მიირთმევენ შინაური ფრინველები. თუ არ შეჭამენ, დააყარეთ მარილი და დაიხოცებიან.
– გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა შეიძლება იყოს ღვინის დუღილის შეფერხების მიზეზი?
– დუღილის შეფერხებას ხშირ შემთხვევაში იწვევს მაღალი შაქრიანობა ან და­ბალი ტემპერატურა. თუ ოდნავ მაინც დუღს, აუცილებლად დადუღდება, ოღონდ დუღილი დიდ­ხანს გა­გ­რ­ძე­ლ­დება. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ კულტუ­რული საფუარი, რომელიც ნე­ბისმიერ ღვინის სახლს, ღვინის ქარხანას აქვს. კულტურული საფუარი და­აჩქარებს დუღილს და უფრო მალეც დაიწმინდება. რამდენ ლიტრში რამდენი საფუ­არი უნდა გახ­სნათ, ად­გილზე გასწავლიან.
– შარშან გაზაფხულზე გამრავლების მიზნით მიწაში ჩავრგე ბროწეულის ერთწლიანი ტო­ტები და ვაზის ყლორტები. ყველამ კარგად გაიხარა. მოხდებოდა თუ არა ერთი წლის განმავლობაში მათი დაფესვიანება და შეიძ­ლება თუ არა წელს, გაზაფხულზე, მათი გა­დარგვა დანიშნულების ადგილას?
– ბროწეულისა და ვაზის კალმების დაფესვიანებას ერთ სეზონზე მეტი არ სჭირდება. ამოთხა­რეთ და გადარგეთ მუდმივ ადგილას. ყველა ვაზი გასხალით 2 კვირტზე, ბროწეულის ნაზარდს წა­აჭერით დაახლოებით 1/3.
– გთხოვთ, გვაცნობოთ, რა დაავადებები აწუხებს კურდღელს (ბაჭიებს), რაც იწვევს მის დაღუპვას; როგორ ავიცილოთ თავიდან?
რა სახის საკვები უნდა ვაჭამოთ (მათ შორის, თუ შეიძლება სოია, აბზინდა და სხვა სახის ბალახეული)?
– კარგი საქმე გაქვთ ჩაფიქრებული. ბოცვრების გამრავლება მეტად მოგებიანია, ოჯახისა და ნა­წილობრივ ქვეყნისთვისაც ძალიან კარგი საქ­მეა, მაგრამ ამ საქმიანობას პრობლემებიც ახლავს.
ბოცვერი ავადდება 10 გადამდები და 6 არა­გადამდები, მაგრამ სახიფათო დაავადებით. ძი­რითადი გადამდები ვირუსული დაავადებებია: მიქსომატოზი, ინფექციური სტო­მატიტი, ინფექციური რინიტი (გადამდები სურდო); პასტერელეზი, სტაფილოკოკოზი – ორივე მიკრობული დაავა­დებაა; მკრეჭავი ლიქენი (სოკოვანია), კორცი­დიოზი, პასალუროზი (ჭიები), სარკოპტოზი (ქეცი) და ცალკე ყურის ქეცი – ორივე სახის ქეცს იწვევს ტკიპა.
არაგადამდები დაავადებებია: კუჭისა და ნაწლავების შებერვა, გაუვალობა, გაცივებით გამოწვეული ავადმყოფობები: სურდო, ბრონქიტი, ფილტვების ანთება და რაქიტი.
ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ცხო­ვე­ლების გამოკვების დროსაც. ბუნებაში, გარდა ძვირფასი საკვები ბალახებისა – ძიძო, თაგვის ცერცველა, მატკვარცანა, ბაბუაწვერა, მრავალ­ძარღვა, ბალბა, სამყურა, იონჯა, ჭინჭარი და ა.შ., იზრდება შხამიანი მცენარეებიც: ბაია, ქრისტესისხლა, მინდვრის მდოგვი, ბოლოკა, ლემა, ლენცოფა, შხამა და ა.შ. ამ მცენარეების საკვებ მცენარეებთან შერევით დიდ უსიამოვნებას წა­აწყდებით. თქვენ წარმოიდგინეთ, სუფრის ჭარ­ხალი და გაღივებული კარტოფილიც კი ბოცვრებისთვის მომაკვდინებელია.
ამიტომ გირჩევთ, ჯერ კარგად გაერკვიეთ ბოც­ვრების მოვლაში და მერე მოჰკიდეთ ხელი ამ საქმეს. არსებობს რუსულ ენაზე შედგენილი სახელმძღვანელო: „Все о кроликах“, სადაც დაწ­ვრილებით აღწერილია ყველა საკითხი.
უპრიანი იქნება, თუ დაუკავშირდებით მებოც­ვრეობაში მომუშავე პრაქტიკოს ადამიანებს.
– როდის უნდა მოიხნას მიწა სხვადასხვა კულტურისათვის? რა უხვმოსავლიანი თეს­ლები არსებობს? რა რაზე შეიძლება დაიმ­ყნოს და რა დროს? 
– მიწა როდის უნდა მოიხნას, ან როდის დაიბაროს, ამის შესახებ ცნობები მრავალჯერ გამო­ვაქვეყნეთ. მიუხედავად ამისა, გაცნობებთ, რომ მოხვნა-დაბარვა შეიძლება შემოდგომით და გა­ზაფხულზე. შემოდგომით მოხნული ჯობია იმი­ტომ, რომ შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში ნი­ადაგი კარგად იჟღინთება ნალექებით და ყინვის ზემოქმედე­ბით ბელტი კარგად იშლება. გარდა ამისა, ნიადაგში არსებული მავნებლები ნადგურდება, როგორც დაბალი ტემპერატურის გამო, ასევე ფრინველების საშუალებით.
რაც შეეხება საძირეებს, ვაშლის საძირეებია: მაჟალო, ხომანდული, დუსენი და პარადისი (ჯუჯა და ნახევრად ჯუჯა ვაშლის ჯიშებია); მსხლისა – პანტა, კომში, ბერყენა; ბლისა – ბალამწარა; ალუბლისა – ალუბალი და ბალღოჯი; ატმისა – ნუში, ატმის კულტურული ჯიში და ტყემალი; ლიმონის, მანდარინის და ფორთოხლის – ტრიფოლიატი და ბიგარდია. გარგარის საძირეა – ჭერამი და ტყემალი; ზღმარტლი იმყნობა – გარეულ ზღმარტლსა და ყველანაირ კომშზე.
თესლებისა და სამკურნალო საშუალებათა თა­­ობაზე მიაკითხეთ მემამულეთა კავშირს.
– სამი წლის წინ დავრგეთ უკვე კოკრებიანი აზალია, რომელმაც მშვენივრად ი­ხარა და იყვავილა. მას შემდეგ აღარ ყვავის. იქნებ რაღაცას სწორად არ ვაკეთებთ. რატომ არ ყვავის იელი?
– აზალია იელის რუსული შესატყვისია. გვარის ლათინური სახელწოდებაა რო­დო­დენ­დრო­ნი, რაც ვარდის ხეს ნიშნავს. მსოფლიოში 600-ზე მეტი სახეობაა, მათ შორის 100 სახეობამდე კულტივირებულია. ლიტერატურული მონაცემების მი­ხედვით ყველა სახეობა შხამიანია. საუკეთესო ნი­ადაგი იელისათვის კარგი დრენაჟის (წყალ­გამტარობის) მქონე მჟავე ნიადაგია. კარგად ხარობს დაჩრდილულ ადგილებში. მრავლდება თესლით, კალმით, გადაწვენით და, რა თქმა უნდა, ბუჩქის მთლიანად გადარგვით.
საქართველოში სულ 5 სახეობის იელია: ყვითელი იელი, უნგერნის იელი, შქერი (ანუ პონტის იელი), კავკასიური იელი, ანუ დეკა, და სმირნოვის იელი. ყველა სახეობა მაღალი მთისაა.
საინტერესოა, რომელი სახეობა გადარგეთ და თანაც კოკრების ფაზაში. შესაძლებელია, კოკ­რების ფაზაში მყოფმა მცენარემ კი იყვავილოს, მაგრამ იმავე წელიწადს გახმეს კიდეც! თუ თქვენი მცენარე სამი წლის განმავლობაში კარგად არის, გადარგეთ ჩრდილში და შეიძლება მოხდეს სასწაული და აყვავდეს. საოცრებაა, როცა ალპური და სუბალპური ზონის მცენარე ბარში გაიხარებს და თანაც ყველა თვისებას შეინარჩუნებს.
თუ თქვენი მცენარე კულტურაშია გამოყვანილი, შეიძლება იყვავილოს, ოღონდ ჩრდილში გადარგვა მაინც მოგიწევთ.
– ხეხილის ბაღში ვაშლისა და მსხლის ნარგავებზე შევამჩნიე ნაცრისფერი და ყვითელი ფერის წარმონაქმნები, რომლებიც ადვილად იფხიკება. რა დაავადებაა ეს და როგორ ვებრძოლოთ? 
– ხეხილის ბაღში შტამბსა და ძირითად ტო­ტებზე ჩნდება ლიქენები. ამის საწინა­აღ­მდეგოდ დაავადებული ადგილები დაასველეთ, ჩამოფ­ხიკეთ და შეათეთრეთ კირის რძით. კარგია, თუ შეთეთრებამდე შეასხურებთ რკინის შაბიამნის ხსნარს (300-500გ 10ლ წყალ­ზე).
– შველის თუ არა ლობიოს ქილაში ჩაყრა და პლასტმასის სახურავის დახურვა?
– რა თქმა უნდა, შველის, თუ არ გინდათ, რომ გაზაფხულზე გამოჩეკილი ხოჭოები ქილის გარეთ გამოვიდნენ. საქმე ისაა, რომ ლობიოს მემარცვლიას ხოჭო ბოსტანში ჩ­ნდე­ბა ყვავილობის პერიოდში, იკვებება გვირგვინის ფურცლებით, ყვავილის მტვრით და, როგორც კი პარკები გამოინასკვება, დედალი ხოჭოები მასზე დებენ კვერცხებს, გამოჩე­კილი მატლები ძვრებიან მარცვალში და შიგ გადიან ჭუპრობის ფაზას. ამ პერიოდში ისინი ხრავენ მარცვლის გულს და მის ადგილას რჩება თხელი აპკი, რომლის გარღვევაც არ უჭირს ზრდასრულ ხოჭოს. ასე რომ, ხოჭო ჭუპრის სახით უკვე ზის მარცვალში და მას პლასტმასის სახურავის დაფარება არაფერს შველის.
სხვათა შორის, ამ უსიამოვნო მოვლენის ერთადერთი საშუალებაა ლობიოს მარ­ცვლების გამორჩევისთანავე მათი დამდუღვრა ან წამო­დუღება. ამ შემთხვევაში ჭუპრი იღუპება და, თავისთავად ცხადია, ვეღარც ხოჭო გამოფრინდება.
მემარცვლიასებრთა ოჯახი 900 სახეობით არის წარმოდგენილი და ფართოდაა გავ­რცე­ლებული. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტო­რიაზე ამ ხეშეშფრთიანი მწერის 120 სახეობაზე მეტი გვხვდება. საქართველოში აღსანიშნავია ბარდის მემარცვლია, რომე­ლიც დიდ ზიანს აყე­ნებს ბარდის მოსავალს, და ლობიოს მემარ­ცვლია. ეს უკანასკნელი ძირითადად გავ­რცე­ლე­ბულია დასავლეთ საქართველოში, ლაგოდეხის რაიონსა და ბა­რის სხვა ზონებში.
– როგორ მივიღოთ ოჯახის პირობებში ნუშის ზეთი და რძე?
– ოჯახის პირობებში ნუშის ზეთის დამზადება თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან ამისათვის საჭიროა დიდი სიმძლავრის წნეხი, რომლითაც ღუმელში წინასწარ გაცხელებულ ნუშის გულებს წნეხენ, ან ქიმიური რეაქტივები, რომლითაც ზე­მოქმედებენ დაქუცმაცებულ მასალაზე და ზეთის მიღების შემდეგ აორთქლებენ.
რაც შეეხება ნუშის რძეს, მისი მიღება ადვი­ლია. კანგაცლილი ნუშის გულები დააქუცმაცეთ, დაასხით ანადუღარი თბილი წყალი და კარგად გასრისეთ რძის მიღებამდე (10 გრამ ნუშის გულს ესხმება 100მლ წყალი).
მიღებული რძე კარგად გაწურეთ რამდენიმე ფენა დოლბანდში („მარლაში“).
– იზრდება თუ არა ზეთისხილი აღმოსავლეთ საქართველოში და სად ვიშოვოთ ნერგი?
– საქართველოში ზეთისხილი რომ იზრდება და მოსავალსაც იძლევა, დანამ­დ­ვი­ლებით ვიცი. მისი ერთი ძირი თბილისის ერთ-ერთ სასაფლა­ოზე დგას და ყოველწლიურად მხმოი­არობს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ აღმოსავლეთ საქარ­თველოში მისი მოშენება შეიძლება. საერთოდ კი ზეთისხილი სუბტროპიკული კულტურაა.
როგორც დავადგინეთ, ზეთისხილის მცირე პლანტაცია არსებობს გურჯაანის სელექციური მიღწევების სადგურში.
– ვერსად მოვნახე და ვერ მივაგენი „იადიგარ დაუდიდან“ ამოკრებილ მცენარე­ებს (შე­ნ­ა­ერთებს). გთხოვთ, განგვიმარტოთ ტერმინები. სად შეიძლება მათი ნახვა? 
– „კარაბადინი“, „იადიგარ დაუდი“, „უსწორო კარაბადინი“ და ა.შ. არ გახლავთ პო­პულარული ლიტერატურა, რომელსაც სურვილისამებრ მო­იხმარს მკითხველი, ეს შეუძ­ლებელია, თუ რატომ, ახლავე მოგახსენებთ.
1. მუშკი, ანუ მუსკუსი, გახლავთ ცხოველური წარმოშობის სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც მოიპოვებენ გარეული ცხოველების (კაბარგა, თახვი და ა.შ.) ჯირ­კვლე­ბისგან.
2. ხოლინჯანი – გახლავთ სოინჯი.
3. აკარკარა, აყარყარა, აყრყარა – არის ქარ­ქვეტას ფესვი.
4. ლახოსტაკი – სპილენძის ფერფლია, რომელიც კვერის ცემის დროს ცვივა.
5. დარიჩინი – ეს ყველაზე ცნობილი ხეა, რომელიც იზრდება ჩინეთში და იავაზე, გა­მოიყენება მისი ქერქი (დაფქული) – იყიდება ჩვენს მაღაზი­ებში.
6. დანგი – წონის ერთეულია და უდრის – 0,053 გრამს.
7. ნარგისი, ნარგიზი – იგულისხმება ნარცი­სუს, სპარსულად გულყვითელას ყვავილსაც ნიშნავს. ეს ცნობილი სამკურნალო კულტურული მცენარეა, მაგრამ თქვენ რომელი გჭირდებათ, ნარცისუსი თუ კალენდულა (გულყვითელა)?
ამდენად თავს ტყუილად ნუღარ შეიწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილი ტერმინების გა­შიფვრით, ეს შეუძლებელია!
– ხშირად გამიგონია გამოთქმა, ღობე-ყო­რეს ედებიო, რაც იმას ნიშნავს, არაფერი გამოგივაო. მაგრამ მაინტერესებს, როგორ ამზადებენ ღობე-ყორეს და საქართველოს რომელ კუთხეში?
– ზოგიერთი ბუჩქოვანი მცენარე მთავარ ღეროს სუსტად ივითარებს (მაყვალი, ეკალა) და ვერ ქმნის მაღალ ცოცხალ ღობეს საყრდენის გარეშე. ამგვარ საყრდენად იყენებენ ყორეს. ასეთ ღობეს კი ღობე-ყორეს უწოდებენ, მის მოსაწყობად ჯერ შენდება ყორე, შემდეგ კი ყორის ძირში ირგვება ბუჩქოვანი მცენარეები.
ღობე-ყორეს ძირითადად ქვაღორღიან ადგი­ლებში აკეთებენ, სადაც ქვის მოზიდვა საჭირო არ არის. ამგვარი ღობეების სიმრავლე შეინიშნება ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში.
– როგორ ამოვიცნოთ ბაზარში გენური ინჟინერიით მიღებული ბოსტნეული. იქნებ რა­იმე სპეციფიკური ნიშანი არსებობს?
– სამწუხაროდ, გენური ინჟინერიით მოყვა­ნილ ბოსტნეულს გარეგნული ნიშნებით ვერ გა­არჩევთ ჩვეულებრივისგან. ამას მხოლოდ ლა­ბო­რატორიული გამოკვლევით ადგენენ. თუმცა კი ფრთხილი მყიდველი ძალიან დიდი ზომის კარტოფილის, პამიდვრის, ბადრიჯნის თუ სტაფილოს ყიდვისგან თავს შეიკავებს…
– ვცხოვრობ ლაგოდეხის რაიონში. შეიძ­ლე­ბა თუ არა ჩვენთან ყვავილოვანი კომბოს­ტოს მოყვანა და, თუ შეიძლება, როგორ მო­ვუაროთ, რომ უხვი მოსავალი მ­ივიღოთ.
– ლაგოდეხის რაიონი ყვავილოვანი კომბოსტოსთვის იდეალური ადგილია. მისი აგროტექნიკა ძირითადად ისეთივეა, როგორიც საადრეო თავიანი კომბოსტოსი. მოჰყავთ, აუცილებლად, ჩითილის მეთოდით. ჩითილი 30-45 დღისა უნდა იყოს. კვალსათბურებში გამოყვანილი ჩითილის დარგვა შეიძლება როგორც ზეადრეულ ვა­დებში, ისე ზამთრის პირზე (მაშინ იგი შემოვა აპრილ-მაისში). ჩითილები გამოჰყავთ როგორც ტორფ-ნეშომპალიან ქოთნებში, ისე ჩვეულებ­რივი წესით. თანაც, ჩითილი ისე მაგრად უნდა „დაირგოს“ (კარგად მიეტკეპნოს მიწა), რომ ფოთოლი ხელით ამოწევისას მოსწყდეს. ვეგეტაციის პერიოდში საჭიროა: ნიადაგის გაფხვიერება, მორწყვა, სარეველებ­სა და მავნებლებთან ბრძოლა, დამატებითი გამოკვება.
– დავთესე ლიმონი ქოთანში და აღმოცენდა. ახლა დაახლოებით 20 სმ-ია. ბაღში რომ გადავიტანო (შიდა ქართლში ვცხოვრობ), მომცემს თუ არა ნაყოფს და როგორ უნდა მოვუარო?
– თქვენ რომ გგონიათ, ქოთანში ლიმონს ზრდით, იგი არც მეტი, არც ნაკლები, ტრიფოლიატია, ანუ ლიმონის თესლნერგი. ტრიფოლიატი ციტრუსოვანი კულტურების რაიონებში გამოიყენება საძირედ ყინვაგამძლე ჯიშების გამოსაყვანად, აგრეთვე ცო­ცხალი ღობეების მოსაწყობად. სამწუხაროდ, ნამდვილი, ანუ ჯიშიანი, ლიმონის ნერგი ქართლში, ღია გრუნტში არ ივარგებს. თუ ძალიან გინდათ, რომ ლიმონი ოჯახში გქონდეთ, შეიძინეთ ქოთნებში დარგული ნამყენი, ოღონდ… ოთახის კულტურის სახით.
– იქნებ მიპასუხოთ, ზემო იმერეთის (საჩხე­რის რაიონი) პირობებში რომელი შე­უწამ­ლი ვაზის ჯიშის გაშენება ჯობია?
– თუ მაინცდამაინც ე. წ. უწამლი ჯიშის ვაზი გნებავთ, დარგეთ ყველაზე პოპულარული და ნაცადი – ადესა, ანუ იზაბელა. არც ძალიან ბევრი მოვლა უნდა და უხვ მოსავალსაც იძლევა.
– აუცილებელია თუ არა გავრეცხოთ ხილი ან ბოსტნეული, რომელიც ჩვენს ეზოშია მოკრეფილი? ამით ხომ ხილ-ბოსტნეული არომატს კარგავს…
– ვერ დაგეთანხმებით. თუ, ვთქვათ, თქვენს ნაკვეთში მოკრეფილი მარწყვის 4-5 მარცვალს გარეცხავთ (რაც უნდა ხასხასად გამოიყურებოდეს) და ნარეცხი წყლის წვეთს მიკროსკოპით დაათვალიერებთ, გამაოგნებელ შედეგს მი­იღებთ. შეიძლება მასში აღმოაჩინოთ სხვადას­ხვა ჭიის რამდენიმე კვერცხი და ისეთი დაავა­დების გამომწვევი ბაქტერიები, როგორიცაა მუც­ლის ტიფი. ასე რომ, ხილი და ბოსტნეული აუცი­ლებლად უნდა გაირეცხოს.
– მაინტერესებს ყველაფერი ვაშლატამას შესახებ, მათ შორის ისიც, თუ სად შე­იძლება მისი ნერგის შეძენა.
– ვაშლატამა უბუსუსო ატმების ჯგუფის წარ­მომადგენელია. ცნობილია აგრეთვე ნექ­ტა­რი­ნის სახელით. საქართველოში არა აქვს სამრეწველო მნიშვნელობა. გვხვდება საკარმიდამო ნაკ­ვეთებსა და საკოლექციო ნარგაობებში. ჯგუფი მოიცავს მრავალ ჯიშს. მრავლდება როგორც ჩვეულებრივი ატამი – მყნობით და კურკით. ნერგის შეძენა შე­იძლება თბილისის ზღვაზე მდებარე სანერგეებში და ადრე გაზაფხულზე ნერგების ბ­აზრობაზე.
– ამბობენ, აბუსალათინს მწერი არ ეკარებაო, ამიტომაც მინდა, ჩემს ბაღშიც ვა­ხარო. იქნებ გვითხრათ, სად შეიძლება ამ მცენარის ნერგის ან თესლის შეძენა?
– აბუსალათინის გამრავლება პრობლემა არ გახლავთ. მას დედაქალაქის გამწვანებაში, გაზონებზე ძალიან ხშირად შეხვდებით. თითოეული ძირი საკმაოდ ბევრ ნაყოფს ივითარებს (შე­საბამისად, თესლს). არ შეიძლება თქვენს რა­იონში ვინმეს ეზოში არ ედგას აბუსალათინი.
აბუსალათინი დღეს ძალზე პოპულარულია. ამიტომ შეგიძლიათ თესლი რომელიმე თქვენს ნაცნობს გამოართვათ, ვისაც ეზოში ეს კულტურა აქვს. თუმცა, მისი შეძენა ყვა­ვილების მაღაზიაშიც შეგიძლიათ და ბაზრობაზეც, ყვავილების თესლით მოვაჭრეებთან.
– უხდება თუ არა გოგრას, პამიდორს და ლობიოს ძირზე მიწის შემოყრა და ხში­რად გაფხვიერება?
– ნიადაგის გაფხვიერება ყველა კულტურისთვის აუცილებელია, ხოლო შემოყრა ესა­ჭი­როება იმ მცენარეს, რომელსაც უნარი შესწევს დამატებითი ფესვების გამოღებისა. ასეთია პამიდორი და კარტოფილი. გაფხვიერება პირველი მორწყვის შემდეგ სასურველია ყველა კულტურისთვის. ამით ხელს ვუშლით ნიადაგში არსებული წყლის აორთქლებას.
– ამბობენ, თაფლით მკურნალობის არაერთი მეთოდი არსებობსო.
– ამ მეთოდს აპითერაპია ჰქვია და იგი არა მარტო თაფლით, არამედ მეფუტკრეობის პროდუქტებით მკურნალობას აერთიანებს. თაფლი გა­მოიყენება გაცივების დროს, შველის ბრონქიტს, თაფლის ინჰალაცია განსაკუთრებულ ეფექტს იძ­ლევა ტუბერკულოზის მკურნალობისას.
– ამბობენ, ბროწეულს საერთოდ არ უნდა მორწყვაო. რამდენად სწორია ეს?
– ბროწეული მართალია გვალვაგამძლე კულტურაა, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ მორწყვა არ სჭირდება. ამიტომ დააკვირდით მცენარეს და თვითონ მიხვდებით, სჭირ­დება თუ არა მორწყვა (ფოთლები თუ ხასხასა მუქი მწვანე ფერის არა აქვს, ე.ი. მას დახმარება, ანუ მორწყვა, უნდა).
– ეზოში ქოთნით მაქვს იორდასალამი (პიონი). მხოლოდ ერთხელ იყვავილა. აგერ უკვე მე-3 წელია, ყვავილი აღარ გამოაქვს. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვუარო, როგორი პირობები უყვარს?
– იორდასალამს ქოთანი არ სჭირდება! დარგეთ პირდაპირ გრუნტში და ყოველ­წლიურად იყვავილებს, ოღონდ წყალი და სასუქი (ნაკელი) არ მოაკლოთ.
– საქართველოს სიმბოლო ვაზია. მაინტერე­სებს, რომელი მცენარეებია ამა თუ იმ ქვეყნის სიმბოლო?
– მართლაც, მრავალი ქვეყნის სიმბოლოა მცენარე. გერმანიაში ეს გახლავთ მუხა, ჰო­ლან­დიაში – ტიტა, ჩინეთში – იორდასალამი, კანადაში – ნეკერჩხალი, იაპონიაში – ქრიზანთემა, საბერძნეთში – დაფნა, ინდოეთში – ლოტოსი, ეგვიპტეში – პაპირუსი…
– შარშან ჩვეულებრივი წესით დავაყენე ღვინო, მაგრამ რატომღაც ტკბილი გა­მოვიდა. რით ვუშველო, წელსაც რომ იგივე არ განმეორდეს?
– როგორც ჩანს, თქვენმა ღვინომ დუღილი შეწყვიტა ტემპერატურის დაცემის გამო. ამ შემ­თხვევაში შაქარი ვერ ასწრებს ბოლომდე დაშ­ლას და ღვინო ინარჩუნებს სიტკბოს. არ არის გამორიცხული, რომ ჰაერის ტემპერატურის მომატებასთან ერთად ღვინოში დუღილის პროცესი განახლდეს. ამიტომ, მაშინვე სცადეთ ხელოვნურად, კულტურული საფუვრის საშუალებით, განაახლოთ დუღილი.
– მინდა დავთესო სოია. გთხოვთ, მიპასუ­ხოთ, ეს კულტურა ნიადაგს ფიტავს თუ ანო­ყიერებს?
– ყველა სახის პარკოსანი მცენარე, მათ შორის სოია, ნიადაგს ამდიდრებს აზოტით. უფრო ხშირად სოიას თესავენ სიმინდთან და მზესუმზირასთან ერთად, რითაც მნიშვნელოვნად იზრდება ამ კულტურათა მოსავალი.
– იქნებ გვირჩიოთ, ბაღ-ბოსტანში რომელი მცენარე რომლის გვერდით დავ­რგოთ.
– ვენახში არ შეიძლება კომბოსტოს და ზოგიერთი ბაღჩეულის დარგვა. არ ვარგა ალუბლისა და გარგარის ხეების ერთად დარგვა, კომშთან მსხალი, ხოლო ბალთან მო­ცხარი არ ხარობს.
სოჭის, ცხენისწაბლას, აკაციის, იასამნისა და ვარდის ბუჩქის მახლობლად სხვა მცე­ნარეებს უჭირთ ზრდა-განვითარება.
– ჩემს სახლთან ახლოს გაშენებულია კოლ­ხური სურო, რომელიც კედლებზეც არის ამოსული. ვფიქრობ, რომ სურო შხამიანი მწერებისა და ქვეწარმავლების გავ­რცელებას შე­უწყობს ხელს. როგორ მოვიქცე?
– სუროს დარგვით სიკეთის მეტი არაფერი `ემუქრება~ თქვენს კარ-მიდამოს. არც მ­წერები ბუდობენ მასზე მაინცდამაინც; რაც შეეხება ქვეწარმავლებს, ამ მცენარესთან მათ საერთო ნამდვილად არაფერი აქვთ.
– როგორ ხდება ხის სოკოს მოყვანა? სად შევიძინოთ მიცელიუმი? გვასწავლეთ, როგორ მოვუაროთ, ან მიგვითითეთ ლიტერატურა.
– ხის სოკოს მოყვანა საკმაოდ რთული პროცესია და მოითხოვს პროფესიონალურ ცოდნას. ამისთვის, სჯობს, მიაკითხოთ მემამულეთა კავშირს. მათ ექნებათ სპეცია­ლუ­რი ლიტერატურა და საჭირო კონსულტაციასაც გაგიწევენ.
– გთხოვთ, მოკლედ მოგვითხროთ სატაცუ­რის შესახებ.
– სატაცური შროშანისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. პა­ტარა ყვა­ვი­ლე­ბი აქვს, ნაყოფი – წითელი, წვრილი, სფე­როსებრი კენკრაა. ევროპაში, აზიასა და აფრიკაში მისი 300-მდე სახეობაა გავრცელებული, საქართველოში – მხოლოდ სამი. სატაცურისგან გაზაფხულზე გემრიელ კერძებს ამზადებენ დიასახლისები.
– რას ურჩევდით დამწყებ მეფუტკრეს, თუ სერიოზულად სურს მოჰკიდოს ამ საქმეს ხელი?
– დამწყებ მეფუტკრეს ვურჩევ, მიაკითხოს მეფუტკრეობის საზოგადოებას, სადაც საშუალება ექნება, შეიძინოს ყველა სახის ინვენტარი, ლი­ტერატურა და მიიღოს კონსულტაცია მეფუტკრე­ებისაგან.
– არსებობს თუ არა რაიმე წამალი (როგორც მღრღნელების საწინააღმდეგოდ) ქვეწარმავლების გასანადგურებლად?
– ქვეწარმავლებში თქვენ ალბათ გულისხმობთ გველს, რომელსაც არ ანადგურებენ, ამიტომაც ასეთი საშუალება არ არსებობს. თუ თქვენ ახლომახლო დაიდო ბინა და შეგაშინათ, გოგირდი დააბოლეთ, ის აუცილებლად მოსცილდება იქაურობას.
ცნობისათვის: საქართველოში არსებობს 21 სა­ხე­ობის გველი, რომელთაგან მხო­ლოდ 4 სა­ხე­ობაა შხამიანი: გიურზა და სამი სახეობის გველ­გესლა – კავკასიური, ველის, ცხვირრქოსანა.
თუ მოერიდებით, ფეხს არ დაადგამთ ან სხვანაირად არ გააღიზიანებთ, ადამიანს არ ერჩიან. შხამი მათი თავდაცვის საშუალებაა!
– მინდა ვარდების გახარება დაკალმებით (თქვენ მიერ აღწერილი მეთოდით), მ­აგ­რამ არ ვიცი, სად შეიძლება ვიშოვოთ ნი­ადა­გის­თვის საჭირო მასალა (გადამ­წვარი ნაკელი, ტორფი). იქნებ მითხრათ კონკრეტული მისამართი.
– გადამწვარი ნაკელის შოვნა შეიძლება თბილისის შემოგარენის ნებისმიერ სოფელში: გლდანი, ლისი, ოქროყანა, შინდისი, ტაბახმელა და ა.შ. ტორფი მოიკითხეთ მემამულეთა კავშირში.
– ქლიავსა და ალუჩას გაუჩნდა თეთრი მკვრივი ფისივით ნივთიერება. ხემ ფოთლები დაყარა. როგორ შეიძლება ვუმკურნალო? 
  გაზაფხულზე ერთი ადგილიდან მეორეზე გა­დავ­რგე ვაშლის ხე, რომელიც 3 წ­ლისაა. სექ­ტემბერში გაუყვითლდა წვეროები, ფოთლები. რისი ბრალი შეიძლება იყოს? 
– აღწერის მიხედვით, თქვენს ქლიავსა და ალუჩას დაემართა კურკოვანებისთვის დამახასიათებელი დაავადება გომოზი, ანუ წებოსდენა. ამის მიზეზი სხვადასხვაა: მოყინ­ვა, ყინვის გამო ხის ქერქის დაზიანება, მზით გამოწვეული დამწვრობა ან სოკოვანი დაავა­დებები.
დიდი მნიშვნელობა აქვს ბაღში ყველა აგ­რო­­ღო­­ნის­ძიების დროულად და ხარისხიანად ჩა­ტარებას. სხვლის დროს მიყენებული ჭრი­ლო­­ბები აუცილებლად უნდა დაამუშაოთ ბაღის მალამოთი. უკვე დაავადებულ ხეებს მოაცილეთ წებო, დაამუშავეთ 1%-იანი შაბიამნის ხ­სნარით (10 ლ წყალზე 100 გ შაბიამანი და 100 გ კირი) და ამის შემდეგ 5-10 წუთის ინტერვალებით 2-3-ჯერ წაუსვით მჟაუნას ახალი ფოთლები, ხოლო შემდეგ ბაღის მალამო.
– როგორ დავამზადოთ სილოსი?
– სილოსი საუკეთესო საკვებია ყველა სასოფ­ლო-სამეურნეო ცხოველისათვის. სილოსით კვე­ბა აუმჯობესებს საკვების მონელებას, ხელს უწ­ყობს უხეში საკვების უკეთ შეთვისებას, რის გამოც ღირს თავის შეწუხება მის დასამზადებლად.
სილოსსათავსებს აშენებენ არხების, ორმოებისა და კოშკების სახით. ყველაზე მო­ხერხებული და მემამულისათვის ხელმისაწვდომი გახლავთ არხი, რომლის გათხრაც შე­იძლება ექსკავატო­რით. კედლები და იატაკი უნდა გაკეთდეს ბეტონის, ისე, რომ წვენმა არ გაჟონოს. არხი ითხრება შემაღლებულ ადგილას, რომ გრუნტის წყა­ლი არ მისწვდეს სასილოსეს ფსკერს. იქ, სა­დაც გრუნტის წყლები ახლოა ნიადაგის ზედა ფე­ნებთან, უმჯობესია, მიწისზედა ტიპის საცავის გაკეთება. მისი ზომები დამოკიდებულია შე­სანახი მასალის რაოდენობაზე. ნედლეულის მი­ხედვით განასხვავებენ: სიმინდის (მიწისზედა ნა­წილი), კარტოფილის, მზესუმზირას (მიწისზედა ნაწილი), ცერცველა-შვრიის მწვანე მასას და სხვ. როგორც წესი, სილოსი მაგრად იტკეპნება, რის შემდეგაც ჰერმეტულობის დასაცავად ზედაპირზე აფარებენ სინთეზური მასალისაგან (სქელი პოლიეთილენისგან) დამზადებულ აპკს, შემდეგ, გაყინვის თავიდან ასაცილებლად, აყრიან ნამჯას და ხის სა­ხურავს უკეთებენ.
სილოსის საკვები ღირებულება დამოკიდებულია მცენარის სახეობაზე, გათიბვის მომენტში მცენარის განვითარების ფაზაზე, დამზადების ტექნოლოგიასა და შენახვის პირობებზე. კარგი სილოსი ღია მწვანე ან მოყვითალოა, ძლიერ ჩახურებული – მუქი ყა­ვისფერია, დამჟავებული კომბოსტოს სუნი აქვს. კარგი სილოსი სტრუქტურულად ფაშარი უნდა იყოს, თუ იგლისება – გაფუჭებულია.
სილოსი განსაკუთრებით ძვირფასი საკვებია ზამთრის პერიოდში, რადგან შემცვე­ლო­ბით ახლოს დგას სასილოსე მცენარეების ქი­მიურ შემცველობასთან. სხვათა შორის, გვალ­ვიან რაიონებში, როცა ველ-მინდვრები გა­და­ხრუკულია, საქონელი დიდი სი­ამოვნებით მი­ირ­თმევს სილოსს ზაფხულობითაც.

ლიმონი კასრში –  ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
3 საუკეთესო სამოგზაურო მარშრუტი ხორვატიის დასათვალიერებლად

3 საუკეთესო სამოგზაურო მარშრუტი ხორვატიის დასათვალიერებლად

19 November, 2024
თბილისში, ერთ-ერთ თავშესაფარში უგონო მდგომარეობაში მყოფი 70 წლის ქალი სასწრაფოს ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს

თბილისში, ერთ-ერთ თავშესაფარში უგონო მდგომარეობაში მყოფი 70 წლის ქალი სასწრაფოს ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს

ნოემბერი 20, 2024
აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს კიევზე მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმის შესახებ აფრთხილებს და საელჩოს ხურავს

აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს კიევზე მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმის შესახებ აფრთხილებს და საელჩოს ხურავს

20 ნოემბერი 2024
საუკეთესო თბილი ფერები საძინებლისთვის – კომფორტისა და სიმშვიდის შესაქმნელად

საუკეთესო თბილი ფერები საძინებლისთვის – კომფორტისა და სიმშვიდის შესაქმნელად

ნოემბერი 20, 2024
როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ბედნიერება – ბრძნული იგავი

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ბედნიერება – ბრძნული იგავი

18 ნოემბერი 2024
სად იწვიმებს და მოთოვს და სად შენარჩუნდება უნალექო ამინდი

სად იწვიმებს და მოთოვს და სად შენარჩუნდება უნალექო ამინდი

ნოემბერი 20, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
საუზმე მათთვის ვისაც გახდომა სურს

საუზმე მათთვის ვისაც გახდომა სურს

ნოემბერი 19, 2024
ნიკოლ კიდმანი -ახალგაზრდობის საიდუმლოს გვიმხელს

ნიკოლ კიდმანი -ახალგაზრდობის საიდუმლოს გვიმხელს

ნოემბერი 20, 2024
როგორ დავზოგოთ ფული საზღვარგარეთ: პრაქტიკული რჩევები

როგორ დავზოგოთ ფული საზღვარგარეთ: პრაქტიკული რჩევები

20 ნოემბერი 2024
დიდუბის რაიონში, აგლაძის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე განახლდა

დიდუბის რაიონში, აგლაძის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე განახლდა

ნოემბერი 20, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები