საკანონმდებლო ორგანოში მომავალი კვირიდან 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყება. მთავრობის მიერ წარდგენილი დოკუმენტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გუშინ დარეგისტრირდა.
პროექტის მიხედვით, მომდევნო წლისთვის ეკონომიკური ზრდა 5%-ით არის დაგეგმილი, ხოლო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 37 მილიარდ 500 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
იზრდება პენსიები, საჯარო სექტორში მომუშავეთა ხელფასები, ასევე ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.
“ჯამში, ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს თუ შევხედავთ, არის 27.6 მილიარდი ლარი ჯამური ხარჯვითი ნაწილი. აქ აღსანიშნავია, რომ გაზრდილია დაახლოებით 800 მილიონ ლარზე მეტით ჯანდაცვის მიმართულება, 400 მილიონ ლარზე მეტით განათლების მიმართულება და როგორც პენსიების ნაწილში, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნაწილში გასაცემლების ზრდა არის გათვალისწინებული ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, ასევე საჯარო სექტორში, მთლიანად საჯარო სექტორში და მათ შორის, განათლების ნაწილშიც ხელფასების ზრდა. არის მნიშვნელოვანი რამდენიმე ახალი პროექტის დაწყება, ეს არის თბილისის შემოვლითი გზის მონაკვეთები, თბილისის-რუსთავის მიმართულებით, ასევე ბათუმის-სარფის მიმართულებით გზის მშენებლობების დაწყება”, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა გიორგი კაკაურიძემ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი სოფელი. (2026). იზრდება პენსიები, საჯარო სექტორში მომუშავეთა ხელფასები, ასევე ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება – მომავალი კვირიდან 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყება. 1 ოქტომბერი, 2026. https://shenisofeli.ge/იზრდება-პენსიები-საჯარო/
