ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის – „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“, თემატური მოკვლევის ჯგუფმა ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მეორე ზეპირი მოსმენა გამართა.
თემატური მოკვლევის მოწვეულმა ექსპერტმა, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, კლინიკურმა ონკოლოგმა ივანე კილაძემ შეხვედრის მონაწილეებს იმ კითხვართან დაკავშირებით, რომლებიც მიზნობრივ აუდიტორიას (კლინიკებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სამინისტროსა და სახელმწიფო ორგანიზაციებს, ასევე ონკო პაციენტებს დაეგზავნათ) ინფორმაცია მიაწოდა და მათგან მიღებულ პასუხებსა და მოსაზრებებზე ისაუბრა.
შეხვედრა ინტერაქტიურად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სამედიცინო სფეროს, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზე, პაციენტებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებაზე, ნაადრევი დიაგნოსტიკის საკითხებზე, თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების დანერგვასა და ამ პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერაზე ისაუბრეს.
თემატური ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ჯგუფის მიზანია იმ მიგნებების და რეკომენდაციების მომზადება, რომელიც პაციენტებს ონკო დაავადებებთან ბრძოლაში დაეხმარება და კიდევ უფრო გაზრდის სახელმწიფოს ჩართულობას პირველადი დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროცესში. მისივე თქმით, საკითხზე მსჯელობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და შეხვედრები დარგობრივი მიმართულებებით გაიმართება.
თემატური მოკვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები