სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება.
აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე – ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.
„ცვლილებები მომდევნო წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. ახალი სტომატოლოგიური კლინიკების შემთხვევაში ჩვენ უნდა მოგვმართონ და ჩვენი შესაბამისი სამსახური, რეგულირების სააგენტო მივა ადგილზე, შეამოწმებს კრიტერიუმების მიხედვით არის თუ არა მოწყობილი ინფრასტრუქტურა, არიან თუ არა შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები. ასევე სხვადასხვა სკრინინგებთან და აცრებთან უნდა იყოს შესაბამისობაში, რადგანაც იქ მისული პაციენტი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და სრულყოფილად უნდა შევთავაზოთ მაღალი ხარისხის მომსახურება. არსებულ კლინიკებს ამ ორი თვის განმავლობაში ექნებათ გამოსწორების შესაძლებლობა, რომ შემდეგ ადგილზე მივიდეთ და შევამოწმოთ. ამ ეტაპზე 2000-მდე სტომატოლოგიური კლინიკაა.
ჩვენი შიდა სტანდარტის მიხედვით განსაზღვრულია სანებართვო პირობები, ასევე სხვადასხვა საფასური, თუმცა ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გადასახადი ან მინიმალურია, ან საერთოდ არ არის, მაგასთან დაკავშირებით პრობლემა არ უნდა შეექმნას კლინიკას. რაც შეეხება კლინიკას, რომლებიც გონივრულ ვადებში ვერ შეძლებს ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილებას, ეს საკმაოდ მაღალი რისკის საქმეა და ასეთმა ვერ უნდა გააგრძელოს მუშაობა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.
2024 წლიდან სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყებისა და ოპერირების წესები მკაცრდება
მასალის გამოყენების პირობები