„2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში დაგეგმილია მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა, – ამის შესახებ „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში დაგეგმილია მოსახლეობის და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა. წინა აღწერა ჩატარდა ზუსტად 10 წლის წინ, 2014 წლის ნოემბერში.
აღწერა ტარდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით. ეს გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს შეეძლება შევიდეს ჩვენს ვებგვერდზე და დაარეგისტრიროს კითხვარით გათვალისწინებული ინფორმაცია.
მეორე ეტაპზე, რომელიც ჩატარდება 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, მონაცემები შეგროვდება პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით. ამ პროცესს წარმართავენ „საქსტატის“ ინტერვიურები კარდაკარის პრინციპით“, – აღნიშნა თოდრაძემ.