24/03/2021
“ალიას” ესაუბრება გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართველოს სამედიცინო დაწესებულების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოდი. ინიციატივა ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი.
გიორგი ფხაკაძე:
-ამ ინიციატივაზე მუშაობა დავიწყე ჩვენი კოლეგის გარდაცვალების შემდეგ. კოვიდის შემთხვევაში, ყველაზე დიდი პრობლემა სად არის? საიდან ვრცელდება ყველაზე მეტად – სამედიცინო დაწესებულებიდან, ეს ხომ ყველამ ვიცით? თუ გვინდა კოვიდის გავრცელების შეჩერება, უნდა მივხედოთ საავადმყოფოებს.
ჩვენ მოვისმინეთ ჯანმოს წარმომადგენლის პასუხი, რომელსაც ქართველმა ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა 27 წლის ექთნის გარდაცვალების ტრაგიკულ შემთხვევაზე – დიპლომატიის ენით გვითხრა, მაგრამ გვითხრა, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გვივარგა და ვაქცინა არაფერ შუაშია.
რა შეიძლება მე, გიორგი ფხაკაძემ ამისთვის გავაკეთო – ამაზე ფიქრი დავიწყე. ვინ გააკეთებს ამას სხვა? რომელი ექიმი? ვერც ერთი ექიმი ვერ შეაფასებს დამოუკიდებლად, რომელიმე კლინკაში ხომ მუშაობს და რას იტყვის, ჩემი კლინიკა ცუდიაო? დაინტერესებული მხარეა ექიმი.
დაინტერესებული მხარეა სახელმწიუფოც, ის აფინანსებს ამ კლინიკებს.
და არის მესამე დაინტერესებული მხარე – ესაა ხალხი, ვინც უნდა იცოდეს, რომელ კლინიკას უნდა ენდოს.
ვფიქრობდი, ეს პროექტი ჯერ უცხოეთში გამეკეთებია და მერე საქართველოში, მაგრამ ჩვენი კოლეგის გარდაცვალების შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოთი დამეწყო. აღარ ვისაუბრებ კოვიდზე და ვაქცინაზე, საკმარისი ვისაუბრე, პირბადის ფასი გავხადე ხელმისაწვდომი, ვთქვი და გაგაფრთხილეთ მესამე ტალღაზე, რომელზედაც არავინ საუბრობდა, სანამ მე არ ვთქვი და ახლა გაახსენდათ და ა.შ. საკმაოდ ბევრი სპეციალისტია, რომელსაც შეუძლია ვირუსზე და ვაქცინაზე საუბარი. მე უნდა გავაკეთო ახლა ის, რასაც ჩემ გარდა, სხვა ვერავინ გააკეთებს.
შევადგინე კითხვარი, რომელიც არის მინიმალური, ბაზისური, შემდეგ უფრო რთულ სტანდარტზე გადავალ, აი, ამ მინიმალურ კითხვარს თუ ვერ გაივლის კლინიკა, გამოდის დასახურია. იმ კლინიკისთვის, რომელიც აკრედიტაციას გაივლის, ეს რეკლამაა, ხალხის ნდობაა. ჩემი ინტერესი არ არის ვინმეს დაკეტვა, პირიქით, მინდა ხარისხი გვქონდეს. ერთადერთი გამოსავალი ესაა – სახელმწიფო ვერ და არ აკეთებს, პოლიტიკოსები ვერ და არ აკეთებენ და სამედიცინო პერსონალი ამას ვერ აკეთებს.
არიან კლინიკები, რომლებიც კარგად მუშაობენ, ხარისხის გაუმჯობესებას უთმობენ შემოსავლის ნაწილს, არიან კლინიკები, რომლებიც იგივეს არ აკეთებენ, თუმცა, სახელმწიფოსგან დაფინანსებას საყოველთაო დაზღვევის პირობებით, ერთნაირად იღებენ – ეს სამართლიანია? ვინც არ მუშაობს კარგად, ვინც ინფექციის კონტროლსაც ვერ ახერხებს, რატომ უნდა დავაფინანსოთ? თან გათავისუფლებულები არიან დღგ-გან, ვასუბსიდირებთ.
ჩემი მიზანია ჩვენ გვქონდეს ისეთი კლინიკები, როგორიც ევროპას, ამერიკას, თურქეთს. რათა გინდ ექიმებს და გინდ პაციენტებს ქვეყნის დატოვება არ მოუწიოთ. ბევრი წინააღმდეგონა შემხვდება ვიცი, ნიჰილიზმია ჩემი კოლეგების ნაწილში, ზოგმა დამირეკა და მითხრა, რა რომანტიკოსი ყოფილხარო, ჯანდაცვის ხარისხი რომანტიზმია? სირთულეები იქნება, ვიცი. იყო კიდეც სირთულეები, საქართველოში ვერ მოხერხდა ორგანიზაციის დარეგისტრირება, მაგალითად, მაგრამ ახლა ეს ორგანიზაცია დარეგისტრირებულია საფრანგეთში.
აკრედიტაცია იქნება პირველი ნაბიჯი, კლინიკებმა თქვეს, რომ აი, კარგები ვართ, მაგრამ ვქმნი გვერდს, სადაც ხალხი შეაფასებს სამედიცინო დაწესებულებას, პრობლემაა? არ მოგეწონათ? აფასებთ, ქულას წერთ, აგზავნით ტექსტს, ვიდეოს, ფოტოს – რა არ მოგეწონათ იმის აღსაწერად, ამ შეფასების და პრობლემის შესახებ ინფორმაციას ვუგზავნი საავადმყოფოს, რომელმაც უნდა გასცეს პასუხი.
-უკმაყოფილო პაციენტი ბევრი იქნება, იქნება ისეთი ოჯახიც, რომელიც პაციენტის გარდაცვალებაში დაადანაშაულებს კლინიკას, საჭირო გახდება ექსპერტიზის დასკვნა და კიდევ ერთ ჩიხში შევდივართ – სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს არ აქვს ქვეყანაში ნდობა.
-ერთი კი არა, ბევრი ჩიხი იქნება… საავადმყოფოები იქნებიან შეფასებულნი ფერების მიხედვით, დავუშვათ, შავი ფერი ექნება იმ კლინიკას, ვის მიმართაც არის პრეტენზია, დაიწყებს აკრედიტაციას და პასუხების გაცემას? – გაყვითლდება. შემდეგი ეტაპი იქნება – მწვანე ფერი. იქნება პრეტენზია? – გაეცი პასუხი. ეს მექანიზმი იქნება.
-აკრედიტაციის პირველი მსურველი თუ გყავთ უკვე და ასევე უნდა გკითხოთ ფინანსებზეც, გაფიფნანსებთ, თუ არა ვინმე?
არც ფული, არც რესურსი არ მაქვს, ვაკეთებ მარტო. მწერენ ადამიანები, მთავაზობენ დახმარებას, ვეუბნები, რომ ფული არა მაქვს, მაინც მთავაზობენ დახმარებას, თუნდაც გვერდის და საიტის დიზაინში და ა. შ. უამრავი ადამიანი ყოფილა საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, რომელიც ამ პრობლემითაა დაინტერესებული. დღეს, მაგალითად, შვიდი შეხვედრა მაქვს.
მთავარი ისაა, რომ პროცესი იქნება გამჭვირვალე. უშიშროების სააგენტო ხომ არ არის, საავადმყოფოა, რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალე? რაც შეეხება აკრედიტაციის მსურველებს, კი, რამოდენიმემ უკვე მომწერა და აქვთ აკრედიტაციის გავლის სურვილი.
რა არის ინიციატივის პრინციპები და როგორ წარიმართება უშულოდ პროცესი:
ინიციატივის პრინციპებია:
გამჭვირვალობა
ხელმისაწვდომობა
უსაფრთხოება
საქართველოში ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც აქვს პრეტენზია მაღალ ხარისხზე, აწვდის უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და პაციენტებისთვის შექმნილი აქვს უსაფრთხო გარემო, შეუძლია გაიაროს და მიიღოს ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია.
პროცესი 3-ეტაპიანია, საკმაოდ მარტივი და გამჭვირვალეა:
1. განაცხადის და კითხვარის შევსება (თანდართულია)
2. გასაუბრება და დაწესებულებაში ვიზიტი (ვირტუალური/პირდაპირ ფორმატში)
3. დასკვნის საჯარო გამოქვეყნება და აკრედიტაციის 2-წლიანი ვადის მინიჭება (80-ქულიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში)
მთელი პროცესი არის ნებაყოფლობითი და უფასო
დამოუკიდებელი სამედიცინო აკრედიტაციის კრიტერიუმები არის დაყოფილი 4 თავად. ყელა კითხვაზე უნდა იქნას გაცემული პასუხი:
1.კი; 2.არა; 3.კითხვარი მომზადების სტადიაშია.
ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს თითოეულ პუნქტზე დამადასტურებელი საბუთი.
ორგანიზაციის „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ქართული საკრედიტაციო კითხვარი (ვერსია 2021.1)
1. უწყვეტი სამედიცინო განათლება (30 ქულა)
1.1. 50 საათი წელიწადში – ექიმებისთვის (5 ქულა)
1.2. 25 საათი წელიწადში – ექთნებისთვის (10 ქულა)
1.3. ბოლო 2 წელიწადში 1 სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალში (5 ქულა)
1.4. ბოლო 2 წელიწადში 3 სამეცნიერო სტატია ქართულ სამედიცინო ჟურნალში (5 ქულა)
1.5. უწყვეტ განათლებაში დახარჯული თანხა შეადგენს დაწესებულების თანხის ბრუნვის მინიმუმ 2%-ს (5 ქულა)
2. სამედიცინო აპარატურის მინიმალური სტანდარტი (20 ქულა)
2.1. ყველა სამედიცინო აპარატურას ჩაუტარდა კალიბრაცია მწარმოებლის მიერ დადგენილი წესით (5 ქულა)
2.2. სამედიცინო აპარატურის სათადარიგო ნაწილები, სახარჯი მასალები, რეაგენტები აპარატურის მწარმოებლის მიერ არის რეკომენდებული (5 ქულა)
2.3. სამედიცინო აპარატურის კომპიუტერული მართვა (ანალიზების მართვა) (5 ქულა)
2.4. ჰაერის სავენტილაციო სისტემების არსებობა (ჰეპა ფილტრებით აღჭურვილი საცირკულაციო სისტემა) (5 ქულა)
3. ინფექციის კონტროლი (25 ქულა)
3.1. ინფექციის კონტროლის სახელმწიფო სტანდარტები და ნორმები განხორციელებულია (5 ქულა)
3.2. დაწესებულების დეკონტამინაციის (სანიტარიული) სამსახურის სისტემა (დალაგება, ხელსაწყოები, ქიმიკატები, ნაგვის/ნარჩენების უტილიზაცია) გეგმის მიხედვით ფუნქციონირებს (10 ქულა)
3.3. პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისათვის სამრეცხაოსა და კვების (სასადილოს) სტანდარტები შემუშავებულია და კონტროლდება (10 ქულა)
4. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება (25 ქულა)
4.1. დანერგილია ელექტრონული მართვის (ე-ჰეალტჰ) სისტემა (5 ქულა)
4.2. წლიურ ანგარიშს დაწესებულება აქვეყნებს საჯაროდ (ფინანსური, პროგრამული) (5 ქულა)
4.3. პაციენტთა კმაყოფილების/უკმაყოფილების გამოკითხვის ანგარიში (პაციენტების მიერ შეფასების სისტემა (არ უნდა იყოს წაშლის შესაძლებლობა)) გასაჯაროებულია და გადადგმულია შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯები (5 ქულა)
4.4. დაწესებულების შესახებ: დასახელება, მისამართი, სერვისების ჩამონათვალი, სპეციალისტების/ექიმების ჩამონათვალი, მმართველი გუნდის/საბჭოს ჩამონათვალი, მფლობელების ჩამონათვალი, საჯარო ხელმისაწვდომობა ვებგვერდზე/ სოციალურ ქსელში (5 ქულა)
4.5. ბოლო 2 წელიწადში ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი თუ განხილულა სამედიცინო დაწესებულებაში კომპეტენტური ორგანოს მიერ (5 ქულა)
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: https://www.alia.ge/rogor-da-ratom-gaakontro/