ყოველწლიურად მსოფლიოში, დაახლოებით, 15 მილიონ ადამიანს უვითარდება ინსულტი. აქედან წელიწადში 5 მილიონი ადამიანი იღუპება, ხოლო 5 მილიონი შშმ პირი რჩება.
სტატისტიკის მიხედვით, 25 წლის ასაკიდან ზემოთ, 4 ადამიანიდან 1-ს გააჩნია ინსულტის განვითარების რისკი. ასევე, ყველაზე ხშირად 50 წლის ზემოთ ადამიანებს ემართებათ. თუმცა 30-დან 40 წლამდე ასაკში ინსულტის განვითარების რისკი აქვთ მათ, ვინც არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, ალკოჰოლს, თამბაქოს ჭარბი რაოდენობით მოიხმარენ, იღებენ უხვად ცხიმოვან საკვებს, აწუხებთ ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ან სხვა თანხმლები დაავადება.
ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის შედეგად გამოწვეული ტვინის ქსოვილის დაზიანებაა.
არსებობს ინსულტის ორი ფორმა:
- იშემიური ინსულტი: არტერიის თრომბით დახშობა
- ჰემორაგიული ინსულტი: სისხლჩაქცევა ტვინში
ინსულტის ყველაზე ხშირი (87%) ფორმა – იშემიურია.
დაიმახსოვრე ინსულტის სამი ნიშანი:
- სისუსტე კიდურებში – შეუძლია ორივე ხელის აზიდვა და შენარჩუნება?
- ასიმეტრიული სახე – ჩამოწეული აქვს სახე ცალ მხარეს? შეუძლია გაღიმება?
- მეტყველების დარღვევა – დარღვეული აქვს ან უჭირს მეტყველება?
ინსულტის პრევენცია შესაძლებელია!
ინსულტის რისკის შესამცირებლად, სასურველია:
- დაარეგულიროთ სისხლის წნევა
- აკონტროლოთ ქოლესტერინის შემცველობა სისხლში
- შეწყვიტოთ მოწევა
- შეწყვიტოთ ჭარბი ალკოჰოლის მიღება
- მიირთვათ ჯანსაღი საკვები
- ივარჯიშოთ რეგულარულად
- აკონტროლოთ სხეულის წონა
- აირიდოთ სტრესული მდგომარეობა
იშემიური ინსულტი ტვინის ქსოვილის ნაწილის დაღუპვაა (ანუ თავის ტვინის ინფარქტი), რასაც არტერიის დახშობის შედეგად ამ ორგანოსთვის სისხლისა და ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდება იწვევს.
- იშემიური ინსულტის მიზეზი არის არტერიის დახშობა სისხლის თრომბით ან ათეროსკლეროზის დროს ჩალაგებული ცხიმოვანი ნივთიერებით;
- სიმპტომები უეცრად ვლინდება. მათგან აღსანიშნავია: კუნთების სისუსტე, დამბლა, სხეულის ცალ მხარეს მგრძნობელობის დაკარგვა ან უცნაური შეგრძნებები, მეტყველების გაძნელება, ცნობიერების აბნევა, მხედველობის მოშლა, თავბრუხვევა, წონასწორობისა და კოორდინაციის დარღვევა;
- დიაგნოზი, როგორც წესი, სიმპტომებსა და გასინჯვის, გამოსახულებითი კვლევებისა და სისხლის ანალიზის შედეგებს ეფუძნება;
- მკურნალობისთვის გამოიყენება თრომბის დამშლელი მედიკამენტები ან სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებები, ზოგჯერ ოპერაციაც, საბოლოოდ კი – რეაბილიტაცია;
- იშემიური ინსულტის შემდეგ პაციენტთა მესამედი სრულად ან საგრძნობლად მაინც გამოჯანმრთელდება.
რა უნდა იცოდეთ თრომბოლიზისის შესახებ?
თრომბოლიზისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომლის საშუალებითაც თავის ტვინის სისხლძარღვებში ჩაჭედილი თრომბი იშლება. თრომბოლიზისით სისხლძარღვის რეკანალიზება ხდება, ანუ ხელს უწყობს თავის ტვინის დაზიანებულ უბანში სისხლის მიმოქცევის აღდგენას.
რა უნდა იცოდეთ თრომბექტომიის შესახებ?
თრომბექტომია ენდოვასკულური გზით ტარდება. წარმოადგენს მცირეინვაზიურ ჩარევას. ნეიროქირურგი ბარძაყის არტერიიდან მიდგომით კაროტიდული აუზიდან აცილებს იმ თრომბს, რომლითაც კონკრეტული სისხლძარღვია დახშული. ენდოვასკულური ჩარევის შედეგად სისხლის მიმოქცევის სრულფასოვანი აღდგენა ხდება.
სიმპტომები
სიმპტომები ხშირად უეცრად ვლინდება. ყველაზე მძიმე დაწყებიდან რამდენიმე წუთშია, რადგან იშემიური ინსულტი უცებ ვითარდება, სწრაფად პროგრესირებს და წუთების, საათების მანძილზე იწვევს ტვინის ქსოვილის სიკვდილს. შემდეგ, შემთხვევათა უმრავლესობაში, მდგომარეობა სტაბილურდება და დაზიანება სულ ოდნავ ან საერთოდ აღარ ღრმავდება. როცა ინსულტი აღარ პროგრესირებს 2-3 დღის განმავლობაში, მას ჩამოყალიბებული ეწოდება. სისხლძარღვის უეცარი დახშობა ემბოლიით ხშირად სწორედ ასეთ დაზიანებას იწვევს.
უფრო იშვიათად, სიმპტომები თანდათან ვითარდება. ამ დროს ინსულტი ნელ-ნელა მძიმდება რამდენიმე საათში ან 1-2 დღეში, ტვინის უფრო მეტი ქსოვილის დაღუპვასთან ერთად. ამას პროგრესირებადი ინსულტი ჰქვია. სიმპტომების პროგრესირება და დაზიანების გაღრმავება შიგადაშიგ ნელდება, რასაც მეტ-ნაკლებად სტაბილური პერიოდი მოჰყვება – დაღუპული ქსოვილის ზონის ზრდა ჩერდება და მდგომარეობა ცოტა უმჯობესდება. ინსულტის ამ სახეს, როგორც წესი, შევიწროებულ არტერიაში თრომბის წარმოქმნა იწვევს.
სიმპტომები მრავალნაირი შეიძლება იყოს, იმის მიხედვით, თუ რომელი არტერია დაიხშო და შესაბამისად, ტვინის რომელ ნაწილს დააკლდა სისხლი და ჟანგბადი. როცა შიგნითა საძილე არტერიის ტოტები ზიანდება (რომელთაც სისხლი კისრის წინა ნაწილის გავლით ტვინისკენ მიაქვთ), ყველაზე ხშირად ვლინდება:
- ცალ თვალში მხედველობის დაკარგვა
- მხედველობის დაკარგვა ორივე თვალში, მხედველობის ველის ერთსა და იმავე მხარეს
- მგრძნობელობის მოშლა ან სისუსტე და დამბლა ცალ ხელში, ფეხში ან სხეულის ცალ მხარეს
თუკი დახშული სისხლძარღვები ხერხემლის არტერიის ტოტებია (რომელშიც სისხლი კისრის უკანა ნაწილის გავლით მოძრაობს ტვინისკენ), ყველაზე ხშირად ვლინდება:
- თავბრუხვევა და ვერტიგო
- მხედველობის გაორება
- ზოგადი სისუსტე სხეულის ორივე მხარეს
სხვა მრავალი სიმპტომიც შეიძლება განვითარდეს,- მეტყველების გაძნელება, ცნობიერების დარღვევა, კოორდინაციის მოშლა და შარდის შეუკავებლობა.
შესაძლოა, მძიმე ინსულტმა სტუპორი ან კომა გამოიწვიოს. ამასთანავე, ზოგჯერ მსუბუქი შემთხვევებიც კი იწვევს დეპრესიას ან ემოციების კონტროლის მოშლას, მაგალითად, შეუფერებელ დროს სიცილს ან ტირილს.
იშემიური ინსულტის დიაგნოსტიკა მისი განვითარების ისტორიისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით ხდება. სიმპტომების მიხედვით ხშირად შესაძლებელია, დადგინდეს, რომელი არტერია დაიხშო ტვინში.
პირველი კვლევა, როგორც წესი, კომპიუტერული ტომოგრაფიაა. შეიძლება იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის, ტვინის სიმსივნის, აბსცესისა და სხვა პათოლოგიების ერთმანეთისგან გარჩევა. ასევე, საჭიროა გაიზომოს სისხლში შაქრის დონე, რადგან მისმა ნაკლებობამაც (ჰიპოგლიკემიამ) შეიძლება ინსულტის მსგავსი სიმპტომები გამოიწვიოს. თუ შესაძლებელია, ამის შემდეგ დიფუზიური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) კეთდება, რომელსაც იშემიური ინსულტი განვითარებიდან რამდენიმე წუთში შეუძლია გამოავლინოს.
დაავადების მიზეზის ზუსტად დადგენა მნიშვნელოვანია. თუ არტერია თრომბმა დაახშო, არსებული დაავადების მკურნალობის გარეშე ინსულტის ხელმეორედ განვითარებაა მოსალოდნელი. თუ თრომბი გულის რიტმის დარღვევის გამო წარმოიქმნა, ამ მდგომარეობის გამოსწორებით ახალი თრომბების ჩამოყალიბების და შესაბამისად – ახალი ინსულტის პრევენციაა შესაძლებელი.
გახსოვდეთ: ინსულტზე ეჭვის დროს საჭიროა ძალიან სწრაფად მოქმედება. დაუყოვნებივ გამოიძახეთ “სასწრაფო დახმარება”. არ შეიძლება ნიტროგლიცერინის და სხვა სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების მიღება. მათი გამოყენება რეკომენდებულია გულის შეტევის დროს, ხოლო ინსულტის შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.
იშემიური ინსულტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე ადამიანმა მაშინვე უნდა მიმართოს საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას.