ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, თამბაქოს დღესდღეობით 1.3 მილიარდი ადამიანი მოიხმარს.
სტატისტიკურად, ყოველწლიურად 8 მილიონი მწეველი კვდება, რომელთა უმეტესობის გარდაცვალების მიზეზი ამ მცენარისგან დამზადებული სიგარეტის პირდაპირი გამოყენებაა, ფატალური შემთხვევების ნაწილი კი მეორეული კვამლის შესუნთქვას უკავშირდება.
მოწევა უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს სხეულში არსებულ თითქმის ყველა ორგანოზე და სხვადასხვა დაავადების გაჩენის რისკს ზრდის. ასევე, საგრძნობლად ამწვავებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთ გართულებებს, რომლებიც პაციენტებს მანამდეც აღენიშნებოდათ, თუმცა ბევრად მსუბუქი სიმპტომატიკით.
არაჯანსაღი კბილები, ადრეული მენოპაუზა, გაუარესებული მხედველობა, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითება, უმადობა, მუდმივი ხველა, სუსტი იმუნიტეტი, უნაყოფობა, დანაოჭებული კანი, სიყვითლე თითებზე — ეს იმ პრობლემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც მწეველები დგანან.
პასიური მწეველობა
შესაძლოა, თავად არ ეწეოდეთ და არც თქვენი ოჯახის წევრები, მაგრამ არ გეგონოთ, საფრთხისგან დაზღვეული იყოთ! ოფიციალური მონაცემებით, პასიური მწეველობაც ისეთივე სახიფათოა, როგორიც აქტიური. ნებისმიერი ზემოხსენებული დაავადება მხოლოდ იმიტომ შეიძლება დაგემართოთ, რომ მწეველთა გარემოცვაში ხართ. არადა, ამისთვის თავის არიდება ჩვენს სინამდვილეში უფრო და უფრო რთულდება. იმ 6 მლნ კაციდან, ყოველწლიურად რომ ეწირება თამბაქოს, 600 000 ანუ 10% პასიური მწეველია, საქართველოში კი ეს მაჩვენებლი 27%-ს აღწევს. მოწევის დროს გარემოში რჩება სიგარეტის კვამლის ორი მესამედი, რომელიც ორჯერ მეტ ნიკოტინსა და კუპრს შეიცავს, ვიდრე ჩასუნთქული. ამ კვამლში შედის 4000-მდე ქიმიური ნივთიერება და 50-ზე მეტი კანცეროგენი. ასე რომ, მწეველი არა მარტო საკუთარ თავს, არამედ გარემოსაც ვნებს.
იმისთვის, რომ თქვენი პატარა თამბაქოს კვამლისა და მისი მცირე ნაწილაკებისგან დაიცვათ, რომლებიც მან შეიძლება შეისუნთქოს, ყველა ოჯახის წევრმა უნდა მოწიოს სახლის გარეთ ან სხვა ოთახში მაინც. მოწევის შემდეგ სანამ ბავშვს შეეხებით, დაიბანეთ ხელები. ასევე, უმჯობესია მოწევისას გეცვათ ქურთუკი ან რაიმე სხვა სამოსი, რომ დაიცვათ ტანსაცმელი კვამლის ნარჩენებისგან. მოწევის შემდეგ, ბავშვთან დაბრუნებამდე, ქურთუკი უნდა გაიხადოთ.
მოწიეთ ძუძუთი კვების დასრულებისთანავე და არა მანამდე
მოწევის შემდეგ დედის რძეში ნიკოტინის დონე იმატებს, შემდეგ კი, დროთა განმავლობაში, იკლებს. ასევე იმატებს ამონასუნთქ ჰაერში ნახშირბადის მონოოქსიდის (CO) შემცველობა, განსაკუთრებით, მოწევის შემდგომ 1 საათის განმავლობაში. CO-ს შემცველობა ამონასუნთქ ჰაერში გაზრდილი რჩება მოწევიდან 24 საათის განმავლობაში, ამიტომ მწეველ დედას უმჯობესია, ღამე ბავშვის გვერდით არ ეძინოს. ძუძუთი კვების შემდეგ მაშინვე მოწევა ამცირებს მომდევნო კვების დროს რძეში ნიკოტინის რაოდენობას. მოწევიდან 90 წუთში დედის სისხლსა და რძეში ნიკოტინის დონე ნახევრდება. ბავშვის სიცოცხლის პირველ კვირებში ის ძალიან ხშირად საჭიროებს კვებას, ამიტომ შესაძლოა კვებებს შორის ინტერვალი 90 წუთზე ნაკლები გამოვიდეს ხოლმე.
გახსოვდეთ, ძუძუთი ხშირი კვება სასარგებლოა თქვენი რძის მარაგის შენარჩუნებისთვის და ბავშვის ოპტიმალური ზრდისთვის.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მოწევა ბევრი ვიტამინის დეფიციტის პროვოცირებას ახდენს.
მასალის გამოყენების პირობები