27 იანვარი, 2022
აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:
„ჯანდაცვის სამინისტროს სჭირდება ტექნიკური დახმარება და ეს გადაუდებლად არის გასაკეთებელი, რადგანაც შექმნილ ვითარებაში ჯანდაცვის სისტემის კრახი ქვეყნის კრახია.“
მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა გამოწვევის წინაშეა. პრობლემის ძირითადი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ არ არის გათვალისწინებული სისტემის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ხარჯეფექტურობა.
„მკაფიოდ არ ჩანს, ჯანდაცვის სისტემაში ვინ ვის წინაშეა ანგარიშვალდებული. მიიღება გადაწყვეტილებები, რომელსაც ტექნიკური და პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია.
ვინაიდან არსებობს სხვადასხვა ბიზნესინტერესები როგორც ფარმაინდუსტრიის, კლინიკების ინდუსტრიის, მომმარაგებლების მხრიდან, ჯანდაცვის სისტემაში ბევრი გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში გამჭვირვალედ არ მიიღება. გარკვეული ინტერესების ლობირება ხდება, რაც დიდ ზიანს აყენებს ჯანდაცვის სისტემას და, საბოლოო ჯამში, ქვეყანას.
რადგანაც სისტემაში არ გვაქვს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, შესაბამისად, ჯანდაცვა ხარჯეფექტური ვერ იქნება. სისტემაში არასწორი დაგეგმვისა და არახარჯეფექტური გადაწყვეტილებების შედეგად გადასახადების გადამხდელთა თანხების ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვის პრობლემას ვაწყდებით.
რა არის გამოსავალი?
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მთლიანად ელექტრონულ ჯანდაცვაზე უნდა გადავიდეს. პირველ რიგში, ეს უნდა იყოს ერთიანი ელექტრონული სისტემა და უნდა არსებობდეს პაციენტის ელექტრონული ბარათი. საქართველოს მოქალაქის პირად ნომერზე უნდა იყოს მიბმული მისი პირადი ჯანდაცვის ელექტრონული ბარათი, სადაც იქნება თავმოყრილი პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია. პაციენტზე ჩატარებული ყველა ლაბორატორიული ანალიზის, ინსტრუმენტული გამოკვლევის, სამედიცინო მანიპულაციის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ერთ ადგილას აკუმულირებული. იქვე უნდა იყოს მითითებული დიაგნოზი და სამკურნალო დანიშნულება.
თუ არ იქნება შემოღებული ელექტრონული ბარათი, ის ნამდვილად კარგი ინიციატივები, რაც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, პრაქტიკულად ვერ განხორციელდება. როგორც ჟენევიდან ვხედავ, პრემიერ-მინისტრმა შეაფასა არსებული პრობლემები და გამოსავლის პოვნას ცდილობს. ეს ჩანს, მაგრამ პრემიერ-მინისტრი არ არის ჯანდაცვის დარგის ტექნიკური სპეციალისტი, სამწუხაროდ, არც ჯანდაცვის მინისტრია ასეთი.
საკითხი დგას შემდეგნაირად – მრჩევლებს, რომლებიც პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს ტექნიკურ რჩევებს აძლევენ, პირველი პირები შეცდომაში შეჰყავთ და, შედეგად, სახელმწიფო ზარალდება. პირდაპირ ვთქვათ სიმართლე – მრჩევლები არიან დაინტერესებული პირები სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა“, – განაცხადა აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ.
—
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
https://youtube.com/@drpkhakadze
—
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil