„ვაკეთებ იმისთვის, რომ რაღაც დარჩეს და მოსაგონარი იყოს.“
– ხის ოსტატი რევაზ გორელაშვილი
„ვაკეთებ იმისთვის, რომ რაღაც დარჩეს და მოსაგონარი იყოს.“
– ხის ოსტატი რევაზ გორელაშვილი
მედიკოსების განცხადებით, ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკური პერიოდია.
მედიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში, სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი.
„ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ეს არის ვირუსი, რომელმაც 2009-2010 წლებში გრიპის პანდემია გამოიწვია და ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცა. ცოტა არის H3 ვირუსიც. H3N2 – ესეც პანდემიური ვირუსი იყო 70-იან წლებში, შემდეგ ჩვეულებრივი ვირუსია. არის რესპირატორული ვირუსი. შესაძლოა, ბავშვებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს, არის ცოტა რინოვირუსიც. დაახლოებით 21 ვირუსზე გვაქვს მეთვალყურეობა. ყოველკვირეულად ვაგროვებთ მონაცემებს.
ჩვეულებრივი სეზონია. რაც იყო შარშან, შარშანწინ. ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია. ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს. ახლა კორონას შემთხვევები ცოტაა. ბავშვები, რომლებიც ადრე არ შეხვედრიან ამ ვირუსებს, ახლა ხვდებიან და ავადობენ. შეიძლება, ჯანმრთელი ბავშვი წელიწადში ექვსჯერ, ათჯერ გაცივდეს. ბავშვი ცხოვრების პირველ წლებში ხვდება ამ ვირუსებს და ასეთი 200-მდე ვირუსია. ადამიანი თუ ავად არის, სახლში უნდა დარჩეს, არ უნდა გაუშვას ბავშვი ბაღსა და სკოლაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს გრიპის სეზონის დაწყებამდე, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ორი კვირა მაინც სჭირდება.
„39 ტემპერატურა გრიპის დროს ჩვეულებრივი მოვლენაა. ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ, თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა – 38,5-ზე მეტი აქვს ერთი დღე-ღამის განმავლობაში და არ ექვემდებარება სიცხის დამწევ მედიკამენტებს. ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი საშუალება. არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიცემა, როდესაც ვირუსული დაავადებაა. ადამიანს თუ ჩირქოვანი ნახველი აქვს, ნახველში გაჩნდება სისხლის ძაფები, ან თუ აქვს ფილტვების ანთების ნიშნები, უჭირს სუნთქვა, ულურჯდება ტუჩები, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალი ტემპერატურა.
„გრიპის ვირუსს 5-წლამდე ასაკის ბავშვებში სხვადასხვა გართულების დიდი რისკი აქვს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ პრევენციის სამიზნეს სწორედ 5 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში არის სწორედ რეკომენდებული ვაქცინაცია. ყველაზე მეტად მოსალოდნელი გრიპის ვირუსის გართულება, კერძოდ, ფილტვების ანთება.“
მისი თქმით, პაციენტების თითქმის 30%-ს ფილტვების ანთება უდასტურდება,
„კლინიკაში პაციენტების თითქმის 30%-ს ფილტვების ანთება უდასტურდება. დეკემბრის დასაწყისში ჩვენთან, კლინიკაში, 25-30 პაციენტი იწვა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პაციენტების რიცხვი 75-80-ის ფარგლებშია.
წელს ეს შემთხვევები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო გასულ 2 წელს. თუ 2022 წლის დეკემბრის ბოლოს 380 შემთხვევა იყო 100 ათასს მოსახლეზე, ახლა 160-170 არის, ამიტომ დიახ, მატება არის, მაგრამ არა იმდენი, როგორც 2022 და 2021 წელს იყო. შესაძლებელია, იანვარში მოიმატოს ამ ციფრებმა, წინ არის იანვარი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

გუდის ყველი ცხვრის რძისგან დამზადებული ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ყველია, რომელიც პირველად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კონკრეტულად კი თუშეთში დამზადდა. ამ ყველის დამზადების ტექნოლოგია განსხვავებულია და, რაც მთავარია, საუკეთესო გუდის ყველი მზადდება მხოლოდ ალპურ საძოვრებზე მიღებული ცხვრის რძით. შესაძლებელია გუდის ყველის მომზადება ბარშიც, მაგრამ მას ის საგემოვნებო თვისებები არ ექნება, როგორც მთაში დამზადებულს.
ტრადიციულ გუდის ყველს ისე არაფერი უხდება, როგორც კახური მეთოდით, ქვევრში ექვსი თვის განმავლობაში დავარგებული რქაწითელი. ეს ცნობლი წყვილია, კახური ღვინისა და თუშური ყველის „მეგობრობა” საუკუნეებია მოდის.

გილოცავთ ნათლისღებას! 19 იანვარს, მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს.
ნათლისღება ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.
სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.
ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

ივნისი
ზაფხულში მხოლოდ ამინდის იმედზე ნუ ვიქნებით, ახლა ნიადაგს ესაჭიროება ხშირხშირად გაფხვიერება. არ უნდა დავუშვათ, რომ მიწამ პირი შეიკრას, როგორც კი ნიადაგის ზედაპირი გამაგრდება, მასში წარმოქმნილი ე.წ. კაპილარების საშუალებით ქვედა ფენებში არსებული ტენი ორთქლდება და მცენარეებს პრობლემები ექმნება. ამიტომ, რაც შეიძლება, ხშირად გააფხვიერეთ ნიადაგი. ამას სხვანაირად მშრალად რწყვასაც უწოდებენ. თუ საშუალება გაქვთ და მორწყავთ, ხომ კარგი, თუ არადა, რეგულარულად აფხვიერეთ მიწა.
ამ პერიოდში სასურველია დამატებითი თხიერი სასუქის (წუნწუხის) შეტანა. მრავალწლიან კულტურებს შეაცალეთ შტამბსა და ტოტებზე განვითარებული ამონაყარები, შეწამლეთ მავნებელთა და დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებებით.
ხენდროს წააწყვიტეთ ზედმეტი ულვაშები, დატოვეთ მხოლოდ ნერგებად საჭირო რაოდენობა.
ბაღჩაში გადარგეთ ყაბაყის, ნესვის, კომბოსტოსა და პამიდვრის ნერგები. შემოაყარეთ მიწა კარტოფილს, გააფხვიერეთ რიგთაშორისები, გამოხშირეთ ნათესები. შეგიძლიათ განმეორებით დათესოთ თვის ბოლოკი და ქინძი. პამიდორს შეაცალეთ ფოთლის იღლიაში განვითარებული ყლორტები და ააკარით საყრდენზე.
ვენახში საქმეს რა გამოლევს?! შეაცალეთ შტამბსა და მრავალწლიან მხრებზე განვითარებული ზედმეტი უნაყოფო და დაზიანებული ამონაყარები და ნამხარი (ფოთლის იღლიაში განვითარებული ყლორტები). ამოსული ბალახი გათიბეთ, ხოლო შემდეგ მოთოხნეთ. ნათიბი შეგიძლიათ პირუტყვს აჭამოთ, ხოლო ნათოხნი მიწა ვაზებს მიუტკეპნეთ ძირში მულჩის სახით. ამის შემდეგ ვაზი შეწამლეთ შესაბამისი საშუალებებით: ჭრაქის დროს ბორდოს ხსნარით ან მისი შემცვლელებით, ნაცრის საწინააღმდეგოდ შეაფრქვიეთ გოგირდი. შეფრქვევისას საბერვლიდან გოგირდთან ერთად გამოსული ჰაერის ჭავლი ხელს უწყობს დამტვერვას. ეს კი წინა პირობაა კარგი მოსავლისათვის.
გახსოვდეთ
სამკურნალო საშუალებების შეფრქვევა და შესხურება ტარდება მხოლოდ უქარო და მშრალ ამინდში.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ ახლა კენკროვანი კულტურების კრეფის დროცაა. მოსავლის აღება სასურველია დილით.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
რეიტინგში პირველი ადგილი ლიეტუვურმა სნექმა Kepta duona-მ დაიკავა, ხოლო ბოლო ადგილზეა გერმანული Bayerische Breze.

ჩვენთვის სასიხარულოა რომ ასეულში მოხვდა 2 ქართული სნექი: აჭარული ხაჭაპური და გოზინაყი.
ხაჭაპური რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს, ხოლო გოზინაყი 53-ე ადგილზეა.
ნიკა წულუკიძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს. 26 წლისაა, ჰყავს მეუღლე – ჯული და ორი ტყუპი გოგონა. ნიკა ტბელ აბუსერიძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს, იურიდიულ ფაკულტეტზე, სტატუსის შეჩერება მოუწია, რადგან ბაკალავრისა და მაგისტრის საფეხურებზე ერთდროულად სწავლა არ შეიძლება.
ნიკა წულუკიძე ხულოს წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. ახლა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული არ არის.
ნიკა წულუკიძე ხულოს მუნიციპალიტეტში სტუმრობისას გავიცანი. ნიკა არის ძალიან მიზანდასახული, ჭკვიანი, შრომელი.
ნიკამ მიამბო, რომ ვარდების მოშენებას აპირებდა. ნიკა ახლა უკვე ფერმერია, სტუდენტურ ცხოვრებასთან ერთად სოფელში სათბურის გააკეთა მოახერხა. ხულოში ჰოლანდიური ჯიშის ვარდები მოჰყავს. 2019 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპილოტე პროგრამის თანადაფინანსება მოიპოვა. სოფელ დიდაჭარაში, დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრზე, გააშენა სათბური.
ოჯახთან ერთად ვარდის მოშენება ნიკამ 2021 წლის მარტში დაიწყო. ნერგებმა მალევე გაიხარა. თავიდან მხოლოდ სათბურის კონსტრუქცია ჰქონდათ, შემდეგ გამწოვი დააყენეს, ახლა წვეთოვანს აკეთებენ, გეგმავენს განათების დამონტაჟებასაც.
სათბურის დახვეწისა და სხვადასხვა ტექნოლოგიის დამატებას ოჯახი უკვე საკუთარი ძალებით ახერხებს, პარალელურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგრანტო კონკურსშიც. ნიკა ვარდებს უვლის, მისი მეუღლე ჯული მარკეტინგის საკითხებს აგვარებს. სათბურში დარგულ ვარდებს ნიკა და მისი ოჯახის წევრები უვლიან, ხოლო ღია გრუნტზე დარგულ ვარდებზე ნათესავები ზრუნავენ. სეზონურად კიდევ ორი ადამიანის დასაქმებას შეძლებენ.
ვესაუბრეთ ნიკა წულუკიძეს:
-„გაამართლებდა თუ არა სათბური ხულოში, ალბათ, ჩვენს შრომაზეც იყო დამოკიდებული. გვეშინოდა, ზამთარს არ ჩამოეშალა სათბური. ხულოს მიწა გამოვიკვლიეთ. ვარდს ნამდვილად შეუძლია ხულოს მიწაზე გახარება და მოსავლის მოცემა.
მე და ჯული ვეძებდით ვარდის ჯიშებს. ჯერ სხვა ჯიში გვირჩიეს, გამოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ ის ჯიში ვერ გაუძლებდა სიცივეს, ამიტომ ჰოლანდიური ვარდის ჯიშის, ჯუმელიას მოშენება გადავწყვიტეთ. ეს ჯიში დაახლოებით 7-8 წელი იძლევა მოსავალს, ერთი ძირი 10-12 ცალ ვარდს იძლევა წელიწადში, საშუალო პირობები რომ შეუქმნა.
სოციალური ქსელით ვიპოვეთ ადამიანი, რომელსაც უცხოეთიდან ჩამოჰქონდა ჯუმელიას ვარდის ნერგები, საწყის ეტაპზე 2000 ვარდის ნერგი შევიძინეთ.
დაახლოებით 4 000 ცალი ვარდის რეალიზება შევძელით. გადავწყვიტეთ, ვარდები ღია გრუნტზეც მოგვეშენებინა. დაახლოებით 400 მეტრზე დავამატეთ 3500 ძირი ვარდი და აქედან მოსავალს შემოდგომისთვის ველოდებით.
ვარდისთვის ყველაზე კარგი სეზონი აპრილის ბოლოდან იწყება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.
ჩვენი გაანგარიშებით, ამ ეტაპზე 20 000 – 25 000 ვარდის მიღება შეგვიძლია სეზონურად. რაც უფრო მეტად მოუვლი ვარდს, მით უფრო მეტ შემოსავალს იძლევა. 200 კვადრატულ ფართობში ვარდი ვეღარ სუნთქავდა და გამწოვები სჭირდებოდა სათბურს. საქმემ გვიჩვენა საქმე.
მიხარია, რომ დღეს უკვე ჩემი საქმიდან მაგალითს იღებენ. დიდაჭარაში 2 კერა გაჩნდა, სადაც ვარდების ბიზნესი უნდა დაიწყონ“, – ამბობს ნიკა.
ნიკა წულუკიძემ ყვავილების საკუთარი მაღაზია გახსნა ბათუმში.
ვარდებს ბათუმში ყვავილების 2 მაღაზიას აბარებდა. შეფუთულ ვარდებს ხანდახან მიკროავტობუსით აგზავნიდა, იქიდან კი მაღაზიებს თავად მიქონდათ ადგილზე.
-„ბაზარი გამოვიკვლიეთ, ბათუმსა და ქუთაისში დღეში დაახლოებით 50 000-მდე გასაყიდი ვარდი შემოაქვთ სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ადგილზე წარმოებულ ვარდს ბევრი პრივილეგია აქვს, უფრო სწრაფად მიაწოდებ გამყიდველს, უფრო მხნედ გამოიყურება და ხარისხიანია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ვარდი. ჩვენ შევამოწმეთ ჩვენი ვარდის გამძლეობა. მინიმუმ 16 დღეა სიცოცხლისუნარიანი წყლის გამოცვლის გარეშე, წყალი თუ გამოუცვალე – 25 დღემდე ძლებს“, – გვითხრა ნიკამ.
ნიკას აზრით, სასათბურე მეურნეობის განვითარება ხულოს მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ვარდი იქნება ეს, ჟოლო თუ სხვა.
-„მნიშვნელოვანია, სახელმწიფო სტრუქტურებისგან ადგილზე სწავლება იყოს უზრუნველყოფილი, – როგორ დახვეწოს და განავითაროს იდეები მოსახლეობამ. ამ პროცესში ჩაერთვებიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც სოფელში დარჩებიან, ადგილზე დასაქმდებიან, ფინანსურ შემოსავალს გაამყარებენ და ადგილობრივებს დაასაქმებენ. სოფელში თუ იქნება 3-4 ისეთი სათბური, შესაძლებელი იქნებოდა 15-20 ადამიანის მუდმივად დასაქმება.




მხარეებმა „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL)“ქვეკომპონენტის, სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, პროექტის კოორდინატორი რანუ სინჰუ და მსოფლიო ბანკის ექსპერტები: მიწის ადმინისტრირების მიმართულებით ანა კორსი და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ზდრავკო გალიკი. მიწის შეფასების კრიტერიუმებზე ონლაინ ფორმატში ისაუბრა ექსპერტმა რიჩარდ გროვერმა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა.
სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ქვეკომპონენტი ითვალისწინებს, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების გზით, მიწის საინფორმაციო სისტემის შემუშავება-დანერგვას, ეროვნულ დონეზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მასიური შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვას,მიწის მდგრადი მართვის სტრატეგიის შემუშავებას, ასევე, მიწის კონსოლიდაციის ეროვნული სტრატეგიის მომზადებას და მის პილოტირებას. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მიწის ინვენტარიზაცია/დეშიფრირების სამუშაო პროცესს და სააგენტოს ტექნიკურ შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიწათსარგებლობისა (Land Use) და მიწის საფარის (Land Cover) ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნის, ასევე, გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მიწის საინფორმაციო სისტემის შექმნის პროცესზე, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკისა და ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით მიმდინარეობს. აღინიშნა, რომ საქმიანობა, რომელიც მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში არც ერთ ინსტიტუციას არ უწარმოებია, ხოლო წარსულში მხოლოდ ნაწილობრივ ხორციელდებოდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით გამოცდილება არ არსებობს.
„საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL)“ სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ქვეკომპონენტის ღირებულება 14 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და იგი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ თანაბრად ფინანსდება.პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მიწის მართვისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბაზრის განვითარებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი სისტემის მყარი საფუძვლის შექმნას.