როგორ მოვიქცეთ ბავშვებში საკვებით ინტოქსიკაციის დროს?
რა არის, ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ამ ვერაგი ვირუსის შესაჩერებლად?! – „კოვიდი და სეზონური ვირუსები არსად წასულან“
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, კოვიდი და სეზონური ვირუსები არსად წასულან.

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია.
თბილისის ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესია ბაღია, ყოფილი სამეფო ბაღი, ოფიციალურად: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი — წავკისისწყლის ხეობაშია გაშენებული. მდინარე ბაღში გაედინება და მას ორად ჰყოფს — მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებად, რომლებიც ერთმანეთთან სამი ხიდითაა დაკავშირებული. მათგან ყველაზე ძველი თამარ მეფის დროსაა აგებული და მის საპატივსაცემოდ ასეც ჰქვია — თამარის ხიდი.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი საქართველოს დედაქალაქ თბილისის ისტორიულ-კულტურულ მთლიანობას წარმოადგენს. იგი ბუნებრივადაა შერწყმული ძველ თბილისთან და საუკუნების მანძილზე ქალაქთან ერთად ვითარდებოდა და თანადროულ ფუნქციას იძენდა. ქალაქის აღმასვლა, განვითარება, ძნელბედობა თუ ომები თავისთავად აისახებოდა ბოტანიკურ ბაღზე, როგორც ქალაქის განუყოფელ ნაწილზე. დღეს, მეფეთა მცირე წალკოტისა და რამდენიმე საბაღო ნაკვეთის ნაცვლად, თბილისს აქვს მაღალი დონის სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, მოწყობილი სათანადო ინფრასტრუქტურითა და საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტებით.
ბოტანიკური ბაღი გაშენებულია ძველი თბილისის ცენტრის სამხრეთ ნაწილში, მდინარე წავკისისწყლის ხეობაში. ორ მთას შუა შეჭრილ მწვანე ოაზისს ჩრდილოეთის მხრიდან სოლოლაკის ქედი კეტავს, სამხრეთიდან – თაბორის მთის კლდეები (714 მ ზღვის დონიდან). ჩრდილო-დასავლეთით ბაღი კოჯრის გზატკეცილს ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი თბილისის უძველეს უბნებს – აბანოთუბანსა და ხარფუხს. აღმოსავლეთით, ერთიან სივრცით ანსამბლს ქმნის ნარიყალა (ციხე-კალა) და ძველი სამეფო ბაღის ფრაგმენტები.
მდინარე წავკისისწყალი ღრმად არის ჩაჭრილი ტუფოგენურ წყებებში და ციცაბო კალთებიანი ხეობით და დაბალი ნაპირით გამოირჩევა, რომელიც სხვადასხვა ტიპის მცენარეულობითაა დაფარული. ბოტანიკური ბაღი გაშენებულია ხეობის გაფართოებულ მონაკვეთში, სადაც მდინარე ქმნის მაღალსა და წყალუხვ ჩანჩქერს (წყალვარდნის სიმაღლე 24 მ-ია). აქ მდინარის ფსკერი და მიდამოები შედარებით დაბალია და მოფენილია ნალექი ქანებით.
ნარიყალას მხარეს, სადაც ადრე მეფის სასახლე, თავდაცვითი ნაგებობები და ბაღები იყო გაშენებული, რელიეფის და სუბსტრატის მოზაიკური ცვალებადობა განაპირობებს ნარიყალას სერის ფლორისტულ მრავალფეროვნებას. მცენარეული საფარი გვხვდება როგორც ქვა-ღორღიან გაშიშვლებულ კლდოვან ეკოტოპებზე, ასევე თხელ ხირხატიან ნიადაგზე.
ბოტანიკური ბაღის მთაგორიანმა რელიეფმა და ვაკე ტერიტორიის სიმცირემ მისი ცალკეული უბნების ტერასული განაშენიანება განაპირობა.
თაბორის ქედს ემიჯნება მდინარე წავკისისწყლის მარჯვენა მხარეს გაშენებული ფიტოგეოგრაფიული განყოფილებები. თაბორის ქედი წარმოადგენს ეოცენური ტუფოგენური ქანებით, თაბაშირიანი თიხებით და ქვიშაქვებით გაჯერებულ გორაკოვან მასივს, რომლის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი უბნები ციცაბოა, ამიტომ ბაღის ტერიტორია დატერასებულია და შევსებულია შემოტანილი მიწით. აქ საინტერესოა ადგილობრივი მცენარეები და ხელოვნური ნარგავები. აქვე გვხვდება შიბლიაკის ტიპის ჰემიქსეროფილური ბუჩქნარები. საყურადღებოა უდაბნოს და ნახევრადუდაბნოსთვის დამახასიათებელი მცენარეულობის სახეობები.

![]()

რას ნახავ ბოტანიკურ ბაღში?
შესასვლელშივე პატარა სასეირნო ელექტრომობილები დაგხვდება, მაგრამ აჯობებს, ფეხით გაუყვე ბაღის ბილიკებს, რომლებიც მდინარე წავკისისწყლის კალაპოტის გასწვრივ გადის. გზად სიმწვანეში ჩაფლულ სკვერებს გაივლი, სადაც ბევრი ადგილია დასასვენებლად, შემდეგ – დუმფარებიან ტბორს და მალევე წავკისისწყლის ჩანჩქერთან მოხვდები, რომლის თავზეც 1898 წელს აგებული ხის ხიდი დაგხვდება – ბოტანიკური ბაღის ერთგვარი სავიზიტო ბარათი.
თბილისის ბოტანიკური ბაღი უნიკალურია იმითაც, რომ ის ქალაქის ცენტრშია, ბუნებრივ ლანდშაფტზეა გაშენებული, კანიონი მდინარის მიერ მილიონობით წლის განმავლობაშია გაჭრილი და ვულკანური წარმოშობის ქანებით არის აგებული. დანარჩენი კი ბოტანიკური ექსპერიმენტებია, რომლებმაც გაამართლა და ახლა აქ, შუაგულ ქალაქში, მცენარეების 3500-მდე სახეობა ხარობს.
საქართველოში, უცხო ქვეყნებიდან მცენარეების შემოტანა, გამრავლება და გადარჩევა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამო ძველთაგანვე ხდებოდა. ჯერ კიდევ ბერძნულ მითებშია ნახსენები კოლხი მედეას და მისი მამიდის კირკეს განთქმული სამკურნალო მცენარეული ბაღის შესახებ. ქართულ ენაშიც ბაღს რამდენიმე სინონიმი გააჩნია და აღნიშნავს მის დეკორატიულ-სამკურნალო დანიშნულებას – „ადგილი მწვანილოვანი“, „წალკოტი“, „სამოთხე“, „ბაღნარი“ და სხვა.
XVII-XVIII საუკუნეებში ვახუშტი ბატონიშვილის (1735), პიშევიჩის (1735) და ჩუიკოს (1800) მიერ შედგენილი თბილისის რუკების მიხედვით, დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში, სამი მცირე სიდიდის ბაღი იყო გაშენებული და ისინი მეფეთა საკუთრებას წარმოადგენდა. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, გამორჩეული ქართველ მეფეთა ბაღი იყო, რომელიც ლეღვთახევში, სასახლის წინ იყო გაშენებული. ფრანგი მოგზაურის ჟან-ბატისტ შარდენის მოგზაურობის ჩანაწერებიდან ცნობილია, რომ სამეფო ბაღს განსაკუთრებული მზრუნველობით უვლიდა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი 12-ის მეუღლე, დედოფალი მარიამი.
1801 წლიდან, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, საქართველოს სამეფო კარის ბაღს „თბილისის სახაზინო ბაღი” ეწოდა.
1845 წლის 1 მაისს, კავკასიის მეფისნაცვლის, გრაფ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებულებით, სამეფო ბაღს „თბილისის ბოტანიკური ბაღი“ ეწოდა და მისი მოვლა-პატრონობა თავად კავკასიის მეფისნაცვალმა იკისრა. თითქმის საუკუნის განმავლობაში, თბილისის ბოტანიკური ბაღი იყო კავკასიაში ერთადერთი სამეცნიერო კერა. ამ დროს აიგო მერქნიან მცენარეთა მცირე ორანჟერეა, აშენდა საყრდენი კედლები და მოეწყო სამი ტერასა. ხეხილისა და ვაზის ნერგების, დეკორატიული მცენარეების და ბოსტნეულის ახალი ჯიშების ჩითილების მოსახლეობაზე უსასყიდლოდ გაცემა. გაიყვანეს სარწყავი სისტემა.
ვორონცოვის შემდგომ ბაღს ხელმძღვანელობდნენ გამოჩენილი მებაღე-დეკორატორები და დენდროლოგები. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში და მეოცე საუკუნის დასაწყისში ბოტანიკურ ბაღში გაიხსნა მებაღეობის სასწავლებელი და ბაღს ეწოდა „მებაღეთა სასწავლებლის ბაღი“. ბაღი 12 საფეხურად დატერსდა, 1872 წელს საფრანგეთიდან ჩამოიტანეს ორანჟერეის მასალა და 1873 წელს აშენდა მცირე ზომის ორი, თაღოვანი ორანჟერეა. 1875 წლის ბოლოსათვის ბაღში 1238 სახეობის ღია გრუნტისა და საორანჟერეო (მათ შორის ანანასის კულტურაც) მცენარეს ითვლიდნენ. გარდა ამისა, იყო 134 სახეობის ვარდი. გამოიცა ბოტანიკური ბაღის პირველი კატალოგი. მოეწყო ბოტანიკური ბაღის მუზეუმი, საფუძველი ჩაეყარა კავკასიის მცენარეების ჰერბარიუმის შეგროვებას. დაარსდა ბიბლიოთეკა.
1899 წლიდან ბოტანიკური ბაღის გამგის მოვალეობას ასრულებდა ადოლფ ქრისტიან როლოვი. ამ პერიოდში ბოტანიკური ბაღი გადაიქცა მსხვილ სამეცნიერო დაწესებულებად, სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორიებითა და კაბინეტებით.
ბოტანიკურ ბაღში მუშაობდნენ და აღიზარდნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები: ნიკო კეცხოველი, ლევან ყანჩაველი, ვლადიმერ მენაბდე, ქსენია ბახტაძე, თამარ სულაკაძე, ლევან ჯაფარიძე, მიხეილ სახოკია. 1913 წლიდან, ბოტანიკურ ბაღში მუშაობდა მხოლოდ ერთი ქართველი ბოტანიკოსი ქალი – ლუბა კემულარია.
მეოცე საუკუნეში ბოტანიკური ბაღის აღორძინების და განვითარების საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვით აკადემიკოსებს ვასილ გულისაშვილსა და მამია გოგოლიშვილს.
აღდგა და აღორძინდა მცენარეთა ინტროდუქციისა და მეყვავილეობის განყოფილებები, დაფუძნდა მცენარეთა დაცვის ლაბორატორია. განახლდა სამეცნიერო შრომათა კრებულის „ბოტანიკური ბაღის მოამბის“ გამოცემა; გაშენდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ნათელი ტყეებისა და ჰიმალაის ხეებისა და ბუჩქების კოლექციები. დაარსდა მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორია, სამკურნალო მცენარეთა, ყვავილოვან-დეკორატიულ მცენარეთა აგროტექნიკის, ბუნების დაცვისა და სამეცნიერო-საინფორმაციო განყოფილებები. აშენდა ადმინისტრაციული და ლაბორატორიული კორპუსი, სამკურნალო მცენარეების ლაბორატორიის კორპუსი და ორანჟერეა ლაბორატორიით. ბაღის მთელ ტერიტორიაზე გაკეთდა ახალი სარწყავი სისტემა. 1956 წელს დასრულდა მხატვრულ-დეკორატიული კუთხის – პარტერის მშენებლობა (ავტორი: ლანდშაფტის არქიტექტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გიორგი მანაგაძე). .
მამია ლორიას ხელმძღვანელობით გაიხსნა მერქნიან მცენარეთა დენდროლოგიური მუზეუმი, შეიქმნა საქართველოს ფლორის იშვიათი და გადაშენებადი სახეობების საკოლექციო ნაკვეთი და სირინგარიუმი (იასამნების კოლექცია).
მნიშვნელოვანია, რომ 2009 წელს სამხრეთ კავკასიაში პირველად, თბილისში ჩატარდა ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა BGCI-ის გენერალური მდივანი სარა ოლდფილდი და რეგიონალური პროგრამების დირექტორი იოაჰიმ გრატსფელდი, ასევე მისურის, ბრუკლინის და ედინბურგის ბოტანიკური ბაღების წარმომადგნლები.
2011 წელს საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა მოიპოვა კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღისა და რაფორდის ფონდის (დიდი ბრიტანეთი) დაფინანსება, მცენარეთა კონსერვაციის განყოფილების შენობის რეაბილიტაცია-გაფართოების სამუშაოების ჩასატა-რებლად. დაიწყო ბოტანიკურ ბაღში არსებული ისტორიული ძეგლების რესტავრაცია, გარემონტდა ცენტრალური ხიდი, ორი კოშკი, ნარიყალას გალავნის ფრაგმენტი, თამარის ხიდი, ცენტრალურ შესასვლელთან არსებული ისტორიული შენობა.
დღეს ბოტანიკური ბაღის ფართობი 97 ჰექტარია. დაახლოებით 40 ჰა ნარგავებს, გზებსა და შენობებს უჭირავს, 58 ჰა – ბუნებრივ მცენარეულობას. ბაღის ადგილობრივი ფლორა საკმაოდ მდიდარია. აქ თავმოყრილია უმაღლეს მცენარეთა 800-მდე სახეობა. ბოტანიკური ბაღის მცენარეების კოლექცია მთლიანად 3500-მდე სახეობას, სახესხვაობასა და კულტივარს ითვლის.
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ფუნქციონირებს 6 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება: კავკასიის იშვიათი გადაშენებადი და სამკურნალო მცენარეების, მერქნიან მცენარეთა ინტროდუქციის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილება, მეყვავილეობისა და ლანდშაფტური დიზაინის, მცენარეთა კონსერვაციის, მცენარეთა და ნიადაგის დაცვის განყოფილება. გარდა ამისა, ბაღში ფუნქციონირებს ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა, სანერგე მეურნეობა.
დღეს ბოტანიკური ბაღის ფართობი 98 ჰექტარია. დაახლოებით 40 ჰა ნარგაობებს, გზებსა და შენობებს უკავია, 58 ჰა ბუნებ-რივ მცენარეულობას. ადგილობრივი ფლორა საკმაოდ მდიდარია, აქ თავმოყრილია უმაღლეს მცენარეთა 800-მდე სახეობა, რაც თბილისის ფლორის თითქმის ნახევარს შეადგენს. ბოტანიკური ბაღის ბუნებრივი მცენარეულობა მდიდარია საქართველოს ფლორის ენდემური იშვიათი და გადაშენებადი სახეობებით. ადგილობრივი მცენარეულობის ასეთი მრავალფეროვნება განპირობებულია ბაღის სხვადასხვა რელიეფური და მიკროკლიმატური პირობებით.
ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექცია მთლიანად 3500-მდე სახეობას, სახესხვაობასა და კულტივარს ითვლის. აქედან 1000-მდე სახეობა მერქნიანი მცენარეა, დანარჩენი _ ბალახოვანი. აქ გაშენებულია შემდეგი კოლექციები: კავკასიის მცენარეთა კოლექცია, ხმელთაშუაზღვეთის მარადმწვანე ხეშეშფოთლიანი ტყეების ხეებისა და ბუჩქების კოლექცია, წიწვოვანი ხეების კოლექცია, კედრნარი, ფიჭვების კოლექცია, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ფართოფოთლოვანი ტყეების ხეებისა და ბუჩქების კოლექცია, ცენტრალური აზიისა და ირანის მლაშობების მცენარეების კოლექცია, თურქესტანული მცენარეების განყოფილება, პომოლოგიური ბაღი. ხოლო ადგილობრივი მცენარეულობის შენარჩუნების, დეგრადირებული ცენოზების აღდგენის, ბაღზე ბოტანიკურ-გეოგრაფიული და ეკოლოგიური დაკვირვებების მიზნით 1902 წლიდან ბაღის ზედა ნაწილში გამოყოფილია ნაკრძალი ტერიტორიები.
თბილისის ბოტანიკურ ბაღში დაცულია კავკასიისა და საქართველოს იშვიათი და გადაშენებადი სახეობები: იგივე უთხოვარი, რომელსაც ლათინურად Taxus baccata ჰქვია, ისეთ ადგილებში ხარობს, სადაც სხვა წიწვოვანი ხეები იღუპება, ნელა იზრდება და ხელსაყრელ პირობებში 4 000 წელიც შეუძლია იცოცხლოს(ერთხელ, თურმე, თამარ მეფესთან გლეხები მისულან და უთხოვიათ, ნება მოგვეცი, ტყეში რამდენიმე ურთხელი მოვჭრათო, მეფეს უარი უთქვამს, სხვა რომელი ხეც გინდათ, ის მოჭერით, ურთხელს კი ხელი არ ახლოთო. ის დღე იყო და ის, ურთხელს უთხოვარის სახელი დამკვიდრებია),ბიჭვინთის ბიჭვი, მყრალი ღვია, ძელქვა, ქართული ნეკერჩხალი, დიადი ბოყვი, ლაფანი, ქართული კოწახური, რკინის ხე, კოლხური ჯონჯოლი, კავკასიური აკაკი, შიშველი აკაკი, ლეპტოპუსი , გინგკო ბილობა და სხვები.
„მილიონზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლეთ და ვფიქრობთ, ეს რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზრდება“ – ოთარ შამუგია

„დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. შარშან მილიონზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლეთ და ვფიქრობთ, ეს რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზრდება“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.
მისი თქმით, ყოველწლიურად აარსებენ ახალ დაცულ ტერიტორიებს.
„ამჟამად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა რაჭაში არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოებასა და სამეგრელოსა და ზემო სვანეთში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკითხზე. აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. შარშან მილიონზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლეთ და ვფიქრობთ, ეს რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია შესაბამისი ეკოტურისტული, რეკრეაციული ინფრასტრუქტურა იყოს მოწყობილი. თბილისის ეროვნულ პარკშიც სამუშაოები უკვე დაწყებული გვაქვს. ეს უნიკალური ბუნება ქალაქთან ახლოს მდებარეობს და მას ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, დამსვენებელს მოწესრიგებული და მოწყობილი ინფრასტრუქტურა შევთავაზოთ. მინდა აღვნიშნო შვედეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შვიდი მილიონ ორასი ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სამინისტრო ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. მიმდინარე წელს, მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, დაახლოებით, ათ ლოკაციაზე იგეგმება”, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
როდის რა გავაკეთოთ, რა არის პირველ რიგში საჭირო – კალენდარი – თებერვალი
როდის რა გავაკეთოთ, რა არის პირველ რიგში საჭირო – კალენდარი – თებერვალი
თებერვალი
მიიწურა იანვარი. ბუნება იღვიძებს. მეურნე კაცისთვის უქმად ყოფნა და, მით უმეტეს თბილ ბუხართან დიდხანს მიფიცხება, არც ერთ თვეში არ არის მოსაწონი. შენს მამულში რომ გაივლ-გამოივლი, თვალსაც გაახარებ და საქმესაც წინ წაიგდებ, სახლისკენ სულ ღიღინ-ღიღინით წამოხვალ. მერე ჩამოჯდები, მოიმარჯვებ კალამს და, მთელი თვისა თუ არა, ერთი კვირის გეგმას მაინც ჩამოწერ, თუ რა გაქვს გასაკეთებელი:
1. პირველ რიგში, ღობეების გამაგრებაა საჭირო, იქნებ წელს მაინც დავრგო რამდენიმე ძირი ქაცვის ნერგი, რათა ერთხელ და სამუდამოდ ეზო შეუღწევადი გახდეს ქურდისა და ღორისათვის; ე.ი. ამ კვირას ივრის ხეობაში უნდა წავიდე, ყველაზე მეტი ქაცვი იქ იზრდება. შეიძლება გლდანულას ხეობაშიც წასვლა, ქაცვი იქაც არის.
2. ვაზებს საყრდენები უნდა შევუცვალო, ბოძები გავამაგრო და მავთულებიც მივჭიმ-მოვჭიმო. ჰო, მართლა, მავთულიც საშოვნელია;
3. ხეხილსა და კენკროვნებს ხმელი და დაზიანებული, მოტეხილ-მოხლეჩილი ტოტები მოვახერხო. აი, კინაღამ დამავიწყდა, რომ ხერხებიც გასალესი მაქვს, ნაჯახიც და სეკატორიც. ამას ამაღამვე გავაკეთებ;
4. ბარის, ნიჩბისა და თოხებისთვის ახალი ტარებია საჭირო, სატარეებს ჩემს ღობეში დარგულ ტირიფებზე მოვჭრი, ტირიფის ტარი მსუბუქია და გამძლეც;
5. წელს ახალი ნერგები უნდა დავრგო: ვაშლი – 2 ძირი, მსხალი – 1, ატამი – 3 ძირი. ერთი ჭერმის ხე უნდა მოვხერხო (მაინც ხმება) და მის ადგილას ორი თხილის ბუჩქი დაეტევა. ნერგებისთვის თბილისის ზღვაზე ავალ სანერგე მეურნეობაში;
6. უნდა მოვიმარაგო თესლები: პამიდვრის, კიტრის, ყაბაყის, გოგრის, ბადრიჯნის, წიწაკის (მწარე და ბულგარული);
7. გასაკეთებელია კვალსათბური.
თებერვალში მეურნე კაცს შინ რა გააჩერებს. შემოდგომით თუ ვერ მოიცალა, ახლა მაინც დაბარავს საბოსტნე მიწას. ბაღსა და ვენახს მთლიანად თუ ვერ შეძლებს, ძირებს მაინც შემოუბარავს. თებერვალი ყოველთვის წყალუხვი თვე იყო, და ახლა, რა ღმერთი გაუწყრება, რომ ცოტა ნალექი არ გაიმეტოს. უჰ, რა კარგი იქნება, დაბარულზე კაი ფუმფულა თოვლი რომ დადოს, მერე ცოტა გალღვება, ცოტას მოყინავს და ის მაგარ-მაგარი ბელტიც ჩაიშლება.
კვირტის დაბერვამდე ბაღს 3%-იანი ბორდოს ხსნარით ერთი ჩამორეცხვა უნდა გაუკეთდეს, მანამდე კი უნდა მოსცილდეს, დაიწვას დაავადებებისა და მავნებლებისაგან დაზიანებული ტოტები, ზედ შემხმარი ნაყოფი და მავნებლების ბუდეები, გადანაჭრებზე წაესვას ბაღის მალამო.
ცრუფარიანების, ბუგრების, ტკიპების საწინააღმდეგოდ ხეხილი ნიტროფენით ან უფრო თანამედროვე პრეპარატით უნდა შეიწამლოს. თუ გასულ წელს ვაშლი და მსხალი დაავადებული იყო ქეცით, უმჯობესია, მოფოცხოთ და ერთად შეაგროვოთ ფოთლები, წვრილი ტოტები და დაწვათ, ნაცარი კი ძირებში ჩაუბაროთ ხეებს.
თუ ნიადაგი შემოდგომით დაბარეთ და სასუქიც შეიტანეთ, მაშინ ჩაუშლელი ბელტი თოხით ჩაშალეთ, კარგად მოასწორეთ, დაკვალეთ და საადრეო კულტურები დათესეთ: თვის ბოლოკი, პრასი, ხახვი, სტაფილო, ოხრახუში და ბარდა. ოღონდ არ იჩქაროთ, ამ კულტურების დათესვა შეგიძლიათ 20 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით.
გაითვალისწინეთ, რომ ხახვისა და ნივრის გვერდით ლობიო არ ხარობს, ერთმანეთი `არ უყვართ~ კომბოსტოს, პამიდორს, სარის ლობიოსა და ხენდროს. კიტრი ვერ ეგუება კარტოფილს, სუფრის ჭარხალი სარის ლობიოს და ა.შ.
ცოტაც და, გაზაფხული შევა ძალაში. გაიღვიძებს მიწა, ხე, ბუჩქი და, რა თქმა უნდა, ათასგვარი ჭიაღუა, სოკო და ლიქენი, რომელთაც ახლავე თუ არ მიხედეთ, მერე გვიან იქნება.
პირველ რიგში, თქვენს მამულ-დედულში გაშენებულ ხეებსა და ბუჩქებს უნდა მოუაროთ. მოაშოროთ დაზიანებული, დაავადებული, დამტვრეული და გამხმარი ტოტები, ზედ შერჩენილი შემხმარი ნაყოფი, და დაწვათ. ნაცარი ხეებს შემოაყაროთ ირგვლივ და ჩაუბაროთ. თუ გადამწვარი ნაკელი გაქვთ და მასთან ერთად ჩაბარავთ, კიდევ უკეთესი. ჩამოფხიკეთ შტამბსა და ტოტებზე არსებული ლიქენი. ამის შემდეგ იზრუნეთ ბუჩქებისა და ხეების ბორდოსა და რკინის ძაღას ხსნარით ჩამორეცხვაზე.
შტამბსა და ტოტებზე ლიქენების საწინააღმდეგოდ შეასხურეთ 3-5%-იანი რკინის ძაღას ხსნარი (300-500 გ ძაღა 10 ლ წყალზე), შემდეგ შეათეთრეთ კირის რძით.
ყველა მერქნიანი კულტურა (ხეები, ბუჩქები) კვირტის გაშლამდე ჩამორეცხეთ 3-5%-იანი ბორდოს ხსნარით (300 გ შაბიამანი და 250გ ჩაუმქრალი კირი 10 ლ წყალზე). ეს თავიდან აგაცილებთ საშიშ სოკოვან დაავადებებს: ვაშლისა და მსხლის ქეცს, ფოთლის სიხუჭუჭეს, ფიტოფტოროზსა და მონილიოზს. სოკოვან და სხვა დაავადებათა პროფილაქტიკისათვის საუკეთესო საშუალებაა გაზაფხულზე (კვირტის გაშლამდე) ხეხილის ფესვებში 250 მლ „ბიორაგის“ ხსნარის ჩასხმა.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
ტობავარჩხილი, ენით აღუწერელი სილამაზე – სამოთხე დედამიწაზე
ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა), პატარა სამოთხე, სამეგრელ0-ზემო სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. ტობავარჩხილი ეგრისის ქედზე ყველაზე დიდი ტბაა. ტობავარჩხილის ტბიდან სათავეს იღებს მდინარე მაგანა, რომელიც ულამაზეს კანიონსა და ჩანჩქერს ქმნის ტბის სიახლოვეს.



ტობავარჩხილის ტბა იყოფა ორად დიდი და პატარა ტობავარჩხილი,ტბაში თევზები არ ბინადრობენ, რადგან წყალი მტკნარია. ტბა საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლებით. სანამ, ტობავარჩხილის ტბამდე მიაღწევთ უნდა გაიაროთ მდინარე ხობისწყლის ხეობა, რომელიც უნიკალურია მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, – მდინარის გაყოლებაზე შეგხვდებათ ჩანჩქერები, მღვიმეები, ალპური ტბები, სიმაღლის მატებასთან ერთად გარემო თანდათან უფრო მწვანდება.
მოლაშქრეებს ხშირად ადგილობრივები ეხმარებიან. ვიზიტორები ვერცხლის ტბას ძირითადად აგვისტოში სტუმრობენ, სექტემბრის ბოლოს ეგრისის ქედის ეს ნაწილი თოვლით იფარება. ყოველწლიურად ვერცხლის ტბას 1500-2000 ტურისტი სტუმრობს.
მადრიდში გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას
სასარგებლო ბაქტერიების მიღება პირდაპირ საკვებიდან არის შესაძლებელი – ექიმები ასახელებენ პროდუქტებს, რომელსაც აფთიაქის პრობიოტიკების ჩანაცვლება შეუძლია
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ უმეტეს შემთხვევაში სასარგებლო ბაქტერიების მიღება პირდაპირ საკვებიდან არის შესაძლებელი, თანაც იმ დამატებით მკვებავ ნივთიერებებთან ერთად, რომლებსაც კაფსულები არ შეიცავს, წერს Verywellhealth.
პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებიც ინარჩუნებენ ნაწლავის მიკროფლორის ბალანსს, გავლენას ახდენენ იმუნურ სისტემასა და საკვები ნივთიერებების ათვისებაზე. კვლევები აჩვენებს, რომ ნაწლავში ბაქტერიების მრავალფეროვნება პირდაპირ კავშირშია საერთო ჯანმრთელობასთან, მათ შორის იმუნიტეტსა და ნივთიერებათა ცვლასთან. მაგალითად, ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებული სამეცნიერო მიმოხილვა ხაზს უსვამს მიკრობიომის მნიშვნელოვან როლს ორგანიზმის მრავალი პროცესის რეგულაციაში.
ქვემოთ წარმოდგენილია რვა პროდუქტი, რომლებიც პრობიოტიკების ბუნებრივ წყაროს წარმოადგენს:
იოგურტი
იოგურტი პრობიოტიკების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყაროა. იგი მზადდება რძის ფერმენტაციით Lactobacillus და Streptococcus ბაქტერიების მონაწილეობით. გარდა ამისა, პროდუქტი მდიდარია ცილით, კალციუმითა და B ჯგუფის ვიტამინებით.
კეფირი
კეფირი ფერმენტირებული რძის სასმელია, რომელიც ბაქტერიებისა და საფუარის სოკოების ფართო სპექტრს შეიცავს. მიკროორგანიზმების ასეთი მრავალფეროვნების გამო, მას ხშირად იოგურტზე უფრო ძლიერ პრობიოტიკად მიიჩნევენ. იგი ასევე შეიცავს ამინომჟავებსა და ადვილად ასათვისებელ ცილას.
კიმჩი
ეს ტრადიციული კორეული კერძია, რომელიც ფერმენტირებული ბოსტნეულისგან (ძირითადად პეკინური კომბოსტოსგან) მზადდება. ფერმენტაციის დროს წარმოიქმნება რძემჟავა ბაქტერიები, რომლებიც აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას და ამცირებენ ორგანიზმში ანთებით პროცესებს.
მისო
მისო ფერმენტირებული სოიოს პასტაა, რომელიც იაპონურ სამზარეულოში ფართოდ გამოიყენება. ის სასარგებლო ბაქტერიებსა და ამინომჟავებს შეიცავს. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მისო კერძებს მომზადების ბოლოს დავამატოთ, რათა მაღალმა ტემპერატურამ ცოცხალი კულტურები არ გაანადგუროს.
მჟავე კომბოსტო
ეს ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ფერმენტირებული პროდუქტია. ბუნებრივი დუღილის პროცესში მასში წარმოიქმნება სასარგებლო ბაქტერიები და ნარჩუნდება C და K ვიტამინები. თუმცა, ყველაზე მეტი სარგებელი მოაქვს უმ, არაპასტერიზებულ ვერსიას.
კომბუჩა (ჩაის სოკო)
კომბუჩა ფერმენტირებული ჩაია, რომელიც ბაქტერიებისა და საფუარის სიმბიოზური კულტურის (SCOBY) მეშვეობით მიიღება. სასმელი შეიცავს სხვადასხვა მიკროორგანიზმს და ორგანულ მჟავებს. ის ასევე შეიძლება იყოს ტკბილი გაზიანი სასმელების ჯანსაღი ალტერნატივა.
ზოგიერთი სახეობის ყველი
ყველა ყველი არ შეიცავს ცოცხალ კულტურებს, თუმცა გარკვეული დაძველებული სახეობები, მაგალითად, ჩედარი, გაუდა, ხაჭო ან შვეიცარიული ყველი. ფერმენტაციის შემდეგაც ინარჩუნებენ სასარგებლო ბაქტერიებს (ჰარვარდის ჯანმრთელობის სკოლის კვლევის მიხედვით).
ფერმენტირებული მჟავე კიტრიტრადიციული მჟავე კიტრი, რომელიც ძმრის გარეშე, ბუნებრივი დუღილის მეთოდითაა მომზადებული, ასევე შეიცავს რძემჟავა ბაქტერიებს, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი მიკრობიომის შენარჩუნებას.
მერქნიანი კულტურების სხვლა
მერქნიანი კულტურების სხვლა
სხვლა ერთ-ერთი ძირითადი აგროტექნიკური ღონისძიებაა ბაღ-ვენახში. მისი მიზანია მცენარის ფორმირება, ძლიერი მცენარის გაზრდა და, რაც მთავარია, უხვი და მაღალხარისხოვანი მოსავლის მიღება.
ახალდარგულ მცენარეს აუცილებლად უნდა მოაჭრათ ცენტრალური ღეროს კენწერული ნაწილი და გვერდითი ტოტები დარგვის დროს დაზიანებულ ფესვებსა და მიწისზედა ნაწილებს შორის წონასწორობის შესანარჩუნებლად.
განუტოტავი ერთწლიანი ნერგის ფორმირების დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ გადაჭრილი ადგილიდან დაახლოებით 20 სმ-ის ქვემოთ ვითარდება ტოტები. ამიტომ, თუ გინდათ, რომ ნერგის შტამბის სიმაღლე იყოს 60 სმ, უნდა გადაიჭრას 80 სმ სიმაღლეზე.
ორწლიანი ნერგის გასხვლისას უნდა ამოიჭრას ვარჯის შუაგულში არსებული, ერთმანეთთან ძალიან ახლოს მყოფი სუსტი ტოტები; ძლიერ ტოტებს, რომელთაც დატოვებთ, წვერები ეკვეცება. როგორც წესი, ტოტი იჭრება ისე, რომ წვერის კვირტი დარჩეს გარეთ, რათა ნაზარდი განზე განვითარდეს და არა ცენტრისკენ. ცენტრისკენ მიმართული ტოტები იჭრება ძირში. თავისთავად ცხადია, უნდა მოაცალოთ ყველა მოტეხილი ან შემხმარი ტოტი. ტოტები, რომლებიც მახვილ კუთხეს ქმნიან ცენტრალურ ღეროსთან, შეგიძლიათ გადაღუნოთ სასურველ კუთხემდე და კანაფით მიაბათ შტამბზე.
სამწლიან ხეს რომ სასურველი ფორმა მისცეთ, ვარჯში არსებული ყველა ჩახშირებული, შიგნით მიმართული და დაზიანებული ტოტი უნდა მოაცალოთ, ხოლო ცენტრალურ ღეროსთან მახვილი კუთხით მოზარდი ტოტები, ისევე როგორც ორწლიანების შემთხვევაში, გადაღუნოთ ჰორიზონტალურ ან ნიადაგისკენ დახრილ მდგომარეობაში და დააბათ შტამბზე ან სპეციალურად დარჭობილ პალოებზე. ეს ღონისძიება აფერხებს ტოტების გაძლიერებულ ზრდას და ხე უფრო ადრე იწყებს მსხმოიარებას. ასე გამოგვყავს 4-5 იარუსი, რომელსაც ყოველწლიურად ვარეგულირებთ.
ოთხწლიანი ხე უკვე ფორმირებულია და ისხამს კიდეც. ამ შემთხვევაში სხვლის ძირითადი მიზანია ვარჯის გამოხშირვა და ცენტრალური ღეროს ზედა ნაწილის წაჭრა დაახლოებით 3მ-ის ზევით. სხვლის დროს ყველა ხეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მსხვლელმა უნდა გაითვალისწინოს ხის ან ბუჩქის შესაძლებლობები, კლიმატური პირობები, მცენარეთა რწყვისა და გამოკვების საკითხები და ა.შ.
ქლიავისა და გარგარის ვარჯებს ზომიერი გამოხშირვა სჭირდება. ერთმანეთზე გადახლართული და ერთმანეთთან ახლო მყოფი ტოტებიდან სცილდება შედარებით სუსტი, აგრეთვე ცენტრისკენ მიმართული და დაზიანებული ტოტები. ეს ჯიშები ისე უნდა გაისხლას, რომ ვარჯში მზის სხივი ადვილად აღწევდეს.
ატამს, რაც უფრო დაბალი შტამბი ექნება, ჯობია. ამ შემთხვევაშიც ვარჯის გამოხშირვა მოხდება ზემოთ მითითებული მეთოდით. სხვლის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ატმის ხის პოლარობა, ანუ წვერისკენ ზრდის თვისება. ეს რომ არ მოხდეს, ყოველწლიურად ვუტოვებთ სანაყოფე და სამამულე – 1/3-ზე დამოკლებულ ტოტებს. ასე ნასხლავი ატამი დიდხანს იძლევა ნაყოფს, გაუსხლავად დატოვებული, ანუ წვერისკენ გაქცეული ხეები მხოლოდ კენწეროში ისხამენ და მალეც ხმებიან. თუ მაინც „გაგექცათ“ ატმის ტოტები წვერისკენ, ჩაატარეთ გასაახალგაზრდავებელი სხვლა – ზომიერად გადაბელეთ.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)










