10/12/2021
მარტო ანტისხეული არ არის გამოსავალი და ეს არ არის ინდიკატორი, შენ დაგემართება თუ არა კოვიდი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„სხვათა შორის, საქართველოში ყველას უყვარს ტესტების გაკეთება და მე ვხედავ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ლაბორატორია მილიონობით ფულს აკეთებს სწორედ ამ ანტისხეულების ტესტებით. ანტისხეული ეს არის მხოლოდ ერთი მიმართულება. იცით, როგორ არის? – მიდიხარ, იკეთებ ტესტს და მერე ყველაფერი კარგად არის. არადა, კოვიდი მარტო ანტისხეულებზე არ არის დამოკიდებული, კიდევ სხვა მექანიზმზეა საუბარი და ასევე კვლევებშია საუბარი, რომ არ მინდა, არასამედიცინო ენა გამოვიყენო, მაგრამ არის კიდევ სხვა კონკურენტები და სხვა ტესტები, რომლებიც აჩვენებს, რომ შესაძლებელია, ანტისხეულები მაღალი იყოს, მაგრამ სხვა ინდიკატორები აჩვენებს, რომ პირიქით, ამ ადამიანს შეიძლება, დაემართოს კოვიდი. შესაბამისად, მარტო ანტისხეული არ არის გამოსავალი და ეს არ არის ინდიკატორი, შენ დაგემართება თუ არ დაგემართება კოვიდი“, – განაცხადა ფხაკაძემ.
ამ განცხადებით გიორგი ფხაკაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად მისაღებია აცრისგან თავის შეკავება იმ შემთხვევაში, თუ კოვიდგადატანილ ადამიანს ანტისხეულები დიდი ხნის განმავლობაში აქვს, რადგან საქართველოში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მიდის, ანტისხეულებს იმოწმებს და როცა ხედავს, რომ ექვსი თვის, ან ერთი წლის შემდეგაც აქვს საკმარისი ანტისხეულები, აცრისგან თავს იკავებს.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა აქედან გამომდინარე, რომ კოვიდპასპორტი კოვიდგადატანილი მოქალაქეებისთვისაც ექვსთვიანი უნდა იყოს, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ კოვიდპასპორტი მაქსიმუმ, 6-თვიანი უნდა იყოს.
„მე რომ ვყოფილიყავი გადაწყვეტილების მიმღები და თუ მინდა, მართლა გავაჩერო ვირუსი მსოფლიოში, მე მაგალითად, მივიღებდი კოვიდის გადატანიდან სამ თვეს. რატომ? – იმიტომ, რომ ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად დაცული. 100 ადამიანიდან შეიძლება, 70 ადამიანი სამი თვის შემდეგ იყოს დაცული, მაგრამ 30 ადამიანი შეიძლება, იყოს რისკის ქვეშ და ეს 30 ადამიანი გაავრცელებს ვირუსს. ექვსი თვის შემდეგ ჩვენ გვაქვს ასეთი სურათი, რომ 100 ადამიანიდან დაახლოებით, 70 ადამიანს შეიძლება, დაემართოს ვირუსი და 30 ადამიანი არის დაცული“, – განაცხადა ფხაკაძემ.
გიორგი ფხაკაძემ ასევე განაცხადა, რომ ძალიან სწორი და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბოლო გადაწყვეტილება, ბრძანება, რომელიც ბუსტერებთან დაკავშირებით გამოვიდა.
მისივე თქმით, „ომიკრონი“ სავარაუდოდ, უკვე საქართველოშიც არის, რადგან ის პრაქტიკულად, მთელ ევროპაშია და საქართველო ევროპის ნაწილია.
„ომიკრონი“ აზიაშიც არის გავრცელებული, უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია და რა თქმა უნდა, საქართველოშიც არის“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: https://old.primetime.ge/omikroni-savaraudod-ukve-saqartveloshits-aris-giorgi-fkhakadze/