13/11/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
მომავალში, ერთ მშვენიერ დღეს, ავად ყოფნისას მედიკამენტების გადაყლაპვის ნაცვლად, შეიძლება სიცოცხლის ხელოვნური ფორმა გადაყლაპოთ, რომელიც სხეულში თავის საქმით დაკავდება, დაავადებას გააანალიზებს ან სრულიად მოსპობს.
ეს ყველაფერი თითქოს სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმს ჰგავს, მაგრამ სამხრეთ დანიისა და აშშ-ის კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტების მკვლევრები დეტალურად აღწერენ, როგორ შეიძლება სპეციალურად შექმნილი, დნმ-ისა და ცილის ჰიბრიდული მოლეკულები თანდათან იქცეს ამ ხელოვნური სიცოცხლის ფორმების ბაზისად.
იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ინჟინერიით გამოყვანილ ციცქნა ბიორობოტები შეიძლება ისე დაიშიფროს, რომ მიზანში ამოიღონ ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები, იქნება ეს კონკრეტული სახის პრეპარატების მიწოდება თუ იმუნური სისტემის მოპასუხე გარკვეული უჯრედების სტიმულირება.
„ბუნებაში, უმეტეს ორგანიზმს ბუნებრივი მტრები ჰყავს, მაგრამ ზოგს არა. მაგალითად, დაავადების გამომწვევ ზოგიერთ ვირუსს ბუნებრივი მტერი არ ჰყავს. ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, სიცოცხლის ხელოვნური ფორმის შექმნა, რომელიც მათი მტერი გახდებოდა“, — ამბობს სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგი ჩენგუანგ ლუ.
მკვლევრები ამ ხელოვნური „მოკავშირეების“ შექმნას ინჟინერიული ვირუსების, ბაქტერიებისა და უჯრედების სახით განიხილავენ.
სიცოცხლის ამ ხელოვნურ ფორმებამდე ჯერ გარკვეული დრო გვაშორებს, მაგრამ წარსულში მკვლევრებმა შექმნეს ე. წ. პეპტიდ-დნმ-ის კავშირი: მოლეკულა, რომელიც აერთიანებს დნმ-ს და პეპტიდებს (ამინომჟავების ჯაჭვი, რომელიც ცილებს წარმოქმნის).
დნმ მოლეკულის კოდირების გზის ზუსტ კონტროლს გვთავაზობს, მაგრამ შეზღუდულია იმ რეაქციების თვალსაზრისით, რომელთა ხელშეწყობაც მას შეუძლია; ხოლო პეპტიდები უზრუნველყოფენ მათი ქიმიური გარემოს მანიპულირების მრავალფეროვნებას.
როგორც მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, სიცოცხლის ხელოვნური ფორმის შექმნის გარდა, ჰიბრიდული მოლეკულების გამოყენება მეცნიერებს ასევე შეუძლიათ ვირუსული ვაქცინების ბაზისად, რაც ინფექციასთან ბრძოლის ინდივიდუალურ გზას გვთავაზობს.
„ხელოვნური ვირუსული ვაქცინა შეიძლება დაახლოებით 10 წელიწადში გამოჩნდეს. თუმცა, იმ ცოდნით, რაც გვაქვს, მომავალში ხელოვნური უჯრედული ორგანიზმების შექმნაც უნდა იყოს შესაძლებელი“, — ამბობს ლუ.
მეცნიერები სულ უფრო აუმჯობესებენ დნმ-ის რედაქტირების მეთოდებს და ამავე დროს, პროგრესი აქვთ მათი და პეპტიდების კომბინირებაში, რათა შექმნან ნანოსტრუქტურები, რომლებსაც მაგალითად, კიბოს მკურნალობაში გამოიყენებენ.
ასეთი ჰიბრიდი მოლეკულები მეცნიერებმა უკვე გამოიყენეს ნანომანქანების შესაქმნელად, რომლებსაც უჯრედის მემბრანაში არხების გახსნა შეუძლიათ. ამის გამოყენება ასევე შესაძლებელია იმუნური სისტემის მიზანმიმართული რეაგირებისთვის, ანდაც ორგანიზმში მიმდინარე რაიმე პროცესის დიაგნოსტიკისთვის.
ამ მიმართულებით კვლევები ჯერ ძალიან ადრეულ ეტაპზეა, რადგან თავად ეს დარგი სულ რაღაც გასულ ათწლეულში გამოჩნდა, მაგრამ ფაქტი, რომ შეგიძლია შექმნა ინჟინერიული მოლეკულები, რომლებიც ძლიერ მორგებადი და ძალიან ზუსტად კონტროლირებადია, შესაძლებლობათა სრულიად ახალ სამყაროს ხსნის.
კვლევა Cell Reports Physical Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია sdu.dk-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze