გულის უკმარისობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობასა და, ზოგჯერ, სიცოცხლესაც კი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ნიშნების დროულად ამოცნობა და რეაგირება.
რა ახასიათებს გულის უკმარისობას, რა ზრდის მისი განვითარების რისკებს და როგორია გამოსავალი? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის კარდიოლოგ ნინო ბაზღაძეს მივმართეთ.
რა არის გულის უკმარისობა და რამდენად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის?
გულის უკმარისობა არის კლინიკური სინდრომი, რომელიც ვითარდება გულის სტრუქტურული ან/და ფუნქციური დაზიანების შედეგად; ეს არის მდგომარეობა, როდესაც გული ვერ ასრულებს მის მთავარ ფუნქციას – უზრუნველყოს სისხლის სათანადო ცირკულაცია, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დღეს 65 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს დადგენილი გულის უკმარისობის დიაგნოზი მსოფლიოს მასშტაბით. მეტად გავრცელებულია ცენტრალურ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და შუა აზიაში, შედარებით ნაკლებად გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რაც კავშირშია ამ გეოგრაფიულ რეგიონებს შორის ცხოვრების განსხვავებულ სტილთან (კვების რაციონი, ფიზიკური აქტივობის დონე, ჭარბწონიანობა).
მასალის გამოყენების პირობები