გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით პრევენციული ღონისძიებები გაატარა

ნინო კვარაცხელია
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარა.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან პატრულირებას და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. პარალელურად, პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.
2026 წელს აჭარისა და გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლების მიერ პრევენციული ღონისძიებები გატარდა მდინარეებზე – ჭოროხი, ტარჩენა, ენგური, ჩხოუში, მუნჩია, ხობისწყალი, მტკვარი, ასევე, გრიგოლეთის, ფოთისა და ბაზალეთის ტბებზე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებზე.

გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ კი პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე.
ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ჯამში 2060 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 60-მდე თევზმახე – ე.წ. „გოდორი“, „ფაცერი“ და „ოჩხი“.
თევზმახეებსა და ბადეებში გახლართული თევზი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — საქართველოს რეგიონები და სოფლები. აღწერს კახეთს, იმერეთს, სამეგრელოს, სვანეთს, გურიასა და სხვა კუთხეებს — ტრადიციები, ადამიანები, ბუნება.
კომენტარები ჯერ არ არის