„ჰესების მშენებლობის პროცესში შესაძლოა, სახელმწიფო როგორც თანადამფინანსებელი შევიდეს“ – პრემიერი

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ჰესების მშენებლობის პროცესში შესაძლოა, სახელმწიფო როგორც თანადამფინანსებელი შევიდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ენერგეტიკული აღმშენებლობა, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, არსებული დაახლოებით, 4800 მგვტ-დან ელექტროენერგიის გენერაცია გავზარდოთ 11500 მგვტ-მდე.

ეს არის ჩვენი 10-წლიანი გეგმა, თუმცა, გაორმაგება დაგეგმილი გვაქვს უკვე 5-6-წლიან ჭრილში. ეს ითვალისწინებს მათ შორის მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასაც. იცით რომ არის 4 მსხვილი პროექტი და ამაზე აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო.

რაც შეეხება იმას თუ რა ფორმით იქნება ეს პროექტები დაფინანსებული, სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, მათ შორის შეიძლება სახელმწიფოც შევიდეს კონკრეტული ფორმით, როგორც თანადამფინანსებელი, შეიძლება მთლიანად ინვესტიციით განხორციელდეს. ეს კონკრეტულ მოლაპარაკებებზეც იქნება დამოკიდებული,“ – აღნიშნა კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმაც ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას.

„ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს ენერგეტიკის სექტორში, თუმცა, უკვე ვხედავთ რომ ძალიან დიდი და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება დარგში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. მიმდინარე წლის ბოლოს ენერგეტიკის ქსელში დაგვემატება 300 მგვტ-ის სადგურები, რომლებიც შევლენ ექსპლუატაციაში, ეს კი ნიშნავს რომ ეს 300 მგვტ. შიდა გენერაციას დაემატება.

ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჰიდროელექტროსადგურების შემდგომი გაძლიერებისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით, ახალი აუქციონის მოდელის შემუშავებაზე, რომელიც შეეხება სიმძლავრისა და ტარიფის აუქციონს,“ – განაცხადა ქვრივიშვილმა.

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის