გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატ გოჩა ენუქიძესა და სახელმწიფო რწმუნებულ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი სადგური დაათვალიერა და მისი ფუნქციონირების პროცესს ადგილზე გაეცნო.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ინფორმაცია მიიღო სადგურის მუშაობის სპეციფიკის, ნარჩენების გადატვირთვისა და ტრანსპორტირების პროცესის, ასევე რეგიონში ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მომსახურე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ტიპის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის ფუნქციონირების შედეგად რეგიონს მწვანე სტატუსი მიენიჭა.
„ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ასეთი თანამედროვე გადამტვირთავი სადგურის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად ამარტივებს ნარჩენების მართვის პროცესს და ხელს უწყობს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში ეტაპობრივად განვავითაროთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესებას, გარემოს დაცვასა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ნარჩენების მართვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს. აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასა და ქვეყნის მასშტაბით გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის ფუნქციონირებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
