ორშაბათი, ივნისი 15, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისამინისტროღვინის სექტორში ახალი რეგულაციები ამოქმედდება - "სავალდებულო დეგუსტაციას კომერციული წარმოების ყველა ღვინო...

ღვინის სექტორში ახალი რეგულაციები ამოქმედდება – “სავალდებულო დეგუსტაციას კომერციული წარმოების ყველა ღვინო გაივლის, გარდა ბუნებრივისა” – ლევან მეხუზლა

საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა, რის შედეგადაც 2027 წლის 1 თებერვლიდან ღვინის სექტორში ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი სიახლეა კომერციული დანიშნულებით წარმოებული ღვინოების სავალდებულო დეგუსტაცია, თუმცა ეს მოთხოვნა არ გავრცელდება „ბუნებრივი ღვინის“ კატეგორიაზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლა განცხადებით, აქამდე სავალდებულო დეგუსტაციას მხოლოდ საექსპორტო ღვინოები და დაცული ადგილწარმოშობის ღვინოები გადიოდნენ, ხოლო ახალი წესების ამოქმედების შემდეგ პროცედურა ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდი სხვა კატეგორიის ღვინოებისთვისაც სავალდებულო გახდება.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, „მცირე ზომის მარნის“ სტატუსის განსაზღვრაც იცვლება. თუ აქამდე ამ კატეგორიაში შედიოდა საწარმო, რომლის წლიური წარმადობა 40 000 ლიტრს არ აღემატებოდა, ახალი წესით ეს ზღვარი 25 000 ლიტრამდე მცირდება.

ამასთან, კანონმდებლობაში ტერმინი „სახლის ღვინო“ ჩანაცვლდება ტერმინით „ბუნებრივი ღვინო“. ახალი განმარტების მიხედვით, ბუნებრივი ღვინო მიიღება ორგანული ყურძნის ტკბილის სპონტანური დუღილის გზით და მისი წარმოებისას დაუშვებელია სხვადასხვა ტექნოლოგიური დანამატებისა და ოპერაციების გამოყენება, გარდა გოგირდის დიოქსიდისა, რომლის მაქსიმალური დასაშვები კონცენტრაცია 50 მგ/ლ-ს შეადგენს.

რეგულაციების ამოქმედებასთან ერთად მცირე მარნებს მოუწევთ სავალდებულო დეგუსტაციის საფასურის გადახდაც. არსებული გათვლებით, ერთი ლოტის შეფასების ღირებულება 75 ლარი იქნება. ასევე იგეგმება სპეციალური ნიშანდების სისტემის დანერგვა, რომლის ღირებულება სავარაუდოდ ერთ ბოთლზე 10 თეთრის ფარგლებში განისაზღვრება.

დარგის წარმომადგენელთა შეფასებით, ახალი მოთხოვნები ღვინის მწარმოებლებისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთს შექმნის. სხვადასხვა გათვლით, სექტორის საერთო ხარჯები შესაძლოა წელიწადში 14-15 მილიონი ლარით გაიზარდოს.

ღვინის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, რომ ცვლილებების მთავარი მიზანი ქართული ღვინის ხარისხის კონტროლის გაძლიერებაა. უწყების პოზიციით, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე რეალიზებული პროდუქცია თავისუფალი უნდა იყოს ტექნოლოგიური და ორგანოლეპტიკური ხარვეზებისგან, ხოლო ბუნებრივი ღვინის კატეგორიისთვის გამონაკლისის დაშვება მისი წარმოების სპეციფიკითა და უნიკალური მახასიათებლებით არის განპირობებული.

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები