სოფლის განვითარების სააგენტო აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას გაზრდილი ბიუჯეტით ახორციელებს

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

2026 წელს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 17 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თითოეული დამზღვევისათვის სადაზღვევო პოლისის პრემიის 70%-ს დააფინანსებს, რაც ვრცელდება პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

პროგრამის პირობების თანახმად, ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს დააზღვიოს მაქსიმუმ 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურების შემთხვევაში – 100 ჰექტრამდე ფართობი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე.

დამატებითი მხარდაჭერა გათვალისწინებულია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწებისათვის, ამ შემთხვევაში სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი სადაზღვევო პრემიის წილი კიდევ 5%-ით იზრდება.

აგროდაზღვევის პროგრამა ფარავს ძირითად სტიქიურ რისკებს, მათ შორის: სეტყვას, წყალდიდობას, ქარიშხალს და საშემოდგომო ყინვას. ამასთან, საშემოდგომო ყინვის რისკი ვრცელდება მხოლოდ ციტრუსოვან კულტურებზე, 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა უკვე ათ წელზე მეტია წარმატებით ხორციელდება და ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, დაიცვან საკუთარი მოსავალი სტიქიური მოვლენებისგან.

2014 წლიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში: 72,703 ბენეფიციარზე გაცემულია 194,000-ზე მეტი სადაზღვევო პოლისი; ანაზღაურებული ზარალის საერთო მოცულობამ 92 მილიონ ლარს გადააჭარბა.

სადაზღვევო პოლისის შეძენა შესაძლებელია საქართველოში მოქმედ შემდეგ სადაზღვევო კომპანიებში: ალდაგი, ალფა, თიბისი დაზღვევა და ნიუ ვიჟენ დაზღვევა.

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის