“საქართველოს უძველესი მარნები”
“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” იწყებს ახალ ონლაინ პროექტს – “საქართველოს უძველესი მარნები”.
ყოველ ხუთშაბათს გიამბობთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მარნების შესახებ, რომელიც ისტორიულმა წყაროებმა დღემდე შემოინახა. არქეოლოგიური აღმოჩენები და მეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მარნების არა ერთი ანსამბლი გვხვდება, რომლებიც უძველეს ნამოსახლარებთან, მონასტრებთან და საფორტიფიკაციო ნაგებობებთანაა განლაგებული.
მარნებისა და ქვევრების ძველი ნაშთები საქართველოში თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზეა არა მხოლოდ ბარში, არამედ მაღალმთიან რეგიონებშიც.
ხშირად მთიან სოფლებშიც შეიძლება გადავაწყდეთ ძველ მარანს, იქ სადაც ვენახის გაშენებას ბუნების მკაცრი პირობები თითქმის შეუძლებელს ხდიდა, თუმცა ქართველი კაცი სიყვარულითა და სიჯიუტით, სწორედ ასეთ რთულ გარემოშიც აგრძელებდა მეღვინეობის ტრადიციას.
საქართველოში ყველგან ერთნაირი მარნები არ იყო გავრცელებული. დასავლეთ საქართველოს მარნები და ღვინის დაყენების მეთოდი რადიკალურად განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველოსგან. მარანს ძველ საქართველოში ხშირად რელიგიური დატვირთვა ჰქონდა – საქართველოში მტრის შემოსევების დროს როდესაც ეკლესია-მონასტრებს არბევდნენ ზოგიერთი საეკლესიო რიტუალი მაგალითად ჯვრისწერა და ნათლობა სწორედ მარანში აღესრულებოდა.
თადეოზ გურამიშვილისეული მარანი
აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული მარნების ტიპის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს სოფელ საგურამოში თადეოზ გურამიშვილისეული მარანი, რომელიც ამავდროულად უნიკალური ხუროთმოძღვრული ძეგლია. მარანი მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, ილია ჭავჭავაძის სიმამრს – თადეოზ გურამიშვილს აუშენებია იმ ადგილას სადაც ამჟამად სოფელი საგურამოა. იქვეა დავით გურამიშვილის ნამოსახლარი და მარანი, (შემორჩენილია მარნის კედლები, ორი დაზიანებული ქვევრი და კარგად შემონახული ქვითკირის საწნახელი).
1863 წელს, მარანს სათავეში ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა. მან, ამავე წელს, თადეოზის ქალიშვილზე, ოლღა გურამიშვილზე იქორწინა. ცნობილია, რომ თავად ილია ჭავჭავაძე ამ მარანში ამზადებდა ღვინოს, რომელიც შემდეგ თავის სარდაფში გადაჰქონდა და მუხის კასრებში ასხავდა.
წყარო: გ.ბარისაშვილი – საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი.
წყარო: საყდრისის კომიტეტი
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

