პარასკევი, ნოემბერი 15, 2024
- Advertisement -spot_img

თაფლის ისტორია

თაფლი ისეთივე ძველია, როგორც დამწერლობა. მისი ისტორია იწყება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2100 წლიდან, რასაც ადასტურებს თაფლის მოხსენიება შუმერულ და ბაბილონურ ლურსმული დამწერლობაში, ხეთურ კოდექსში, ინდურ და ეგვიპტურ წმინდა წერილებში.

თაფლის სახელი მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან Hunig. იგი იყო პირველი და ყველაზე გავრცელებული დამატკბობელი, რომელსაც იყენებდა ადამიანი.

ფუტკრები რომ უძველესი არსებებია, ამას ადასტურებს ბირმაში ნაპოვნი ქარვის ნაჭერი, რომელშიც აღმოაჩინეს გაქვავებული ფუტკარი. ქარვა დაახლოებით 100 მილიონი წლისაა. ანუ გამოდის, რომ ნაპოვნი ფუტკარი ერთ დროს დინოზავრების გვერდით დაფრინავდა.

მესოპოტამიაში, პირველი ჩანაწერები, რომელიც დაკავშირებულია თაფლის ფარმაცევტულ და კვებით ღირებულებასთან თარიღდება ძვ. წ. 2700 წლით.

ბიბლიაში პალესტინას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “რძისა და თაფლის ქვეყანას”.

თაფლის სასარგებლო თვისებების შესახებ ადამიანისთვის ცნობილი როგორც მინიმუმ, ძველი წელთაღრიცხვის VIII ათასწლეულიდან გახდა.

ფუტკრების პირველი გამოსახულებები ჯერ კიდევ არქაულ პერიოდში, ქვის ხანაში აღმოაჩინეს პირველყოფილი ადამიანების გამოქვაბულების კედლებზე.

ესპანეთის პროვინცია ვალენსიაში, გამოქვაბულის (Cuevas de la Araña) კედელზე აღმოჩენილია თაფლის მოპოვების სცენა: ეს არის ადამიანის გამოსახულება ფუტკრების გარემოცვაში, რომელიც ცდილობს თაფლის ამოღებას ველური ფუტკრების ბუდიდან. ეს ნახატი დაახლოებით 10 ათასი წლისაა.

თაფლის შესახებ ჩანაწერებს შეიცავს ეგვიპტის უძველესი პაპირუსები, რომლებიც  ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5 ათასი წლით თარიღდება

ერთ-ერთი ადრეული მტკიცებულება მეფუტკრეობის შესახებ აღმოჩენილია “მზის ტაძარში”, რომელიც აშენდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2400 წელს, კაიროს მახლობლად.

ფუტკარს ხშირად გამოსახავდნენ ეგვიპტურ იეროგლიფებში. ძველ ეგვიპტეში ფარაონების კეთილგანწყობის გამო, ფუტკარი ნილოსის დელტას ფარაონების სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

ფარაონის ჰქონდა ტიტული “ფუტკრის მბრძანებელი”. სიცოცხლის განმავლობაში ფუტკრის სიმბოლო მეფის ემბლემას ამშვენებდა, სიკვდილის შემდეგ კი საფლავს. ტუტანხამენოს სამარხის გახსნის შემდეგ ნაპოვნი იქნა თაფლით სავსე დალუქული ამფორები. მასში მოთავსებული თაფლის გემო და სასარგებლო თვისებები პრაქტიკულად არ შეცვლილა ამდენი ხნის განმავლობაში.

ძველი ეგვიპტელები თაფლს იყენებდნენ როგორც დამატკბობელს, საჩუქარს საკუთარი ღმერთებისთვის, იმპერატორების ბალზამირების ინგრედიენტს და ა.შ. ასევე თაფლით კვებავდნენ წმინდა ცხოველებს.

სწორედ ეგვიპტე იყო პირველი, სადაც დაიწყეს პირველი სკების გაკეთება და ველური ფუტკრების მოშინაურება. ძველ ეგვიპტეში აღმოჩენილი იქნა სისტემატური მეფუტკრეობის არსებობის ადრეული ელემენტები, – რამდენიმე ცილინდრული სკისგან შემდგარი „ჯგუფების“ სახით.

ეგვიპტელები მომთაბარე მეფუტკრეობით ძირითადად მდინარე ნილოსის ხეობაში იყვნენ დაკავებული. ისინი სკებს ამზადებდნენ გამომცხვარი თიხისგან ამზადებდნენ, ხოლო ფუტკრებსი მდინარე ნილოსის გასწვრივ ნავებით გადაჰყავდთ.

ეგვიპტელები თაფლის ნამცხვრებს აცხობდნენ და ღმერთებს სწირავდნენ (ისევე როგორც ბერძნები). თაფლი წარჩინებული და მდიდარი ადამიანების დელიკატესად მიიჩნეოდა.

თაფლს ხშირად იყენებდნენ როგორც ვალუტას, ხარკს ან შესაწირავს. იგი ფულის ნაცვლადაც საგადასახადო საშუალებასაც წარმოადგენდა (მე-11 საუკუნეში გერმანელი გლეხები ფეოდალებს გადასახადებს თაფლითა და ფუტკრის ცვილით უხდიდნენ).

მეფუტკრეობის გავრცელების ერთ-ერთ უძველეს არეალად ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიები მიიჩნევა. თაფლის შესახებ ინდოევროპული საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ მის დაშლამდე იყო ცნობილი.

ანტიკურ ხანაში, ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში, თაფლი საკვების გარდა გამოიყენებოდა რელიგიურ რიტუალებში,  წამლების, მალამოების, არომატული საშუალებებისა და სასმელების დასამზადებლად. ასევე როგორც სავაჭრო საშუალება.

თაფლის სასწაულმოქმედი ძალის სწამდათ  ინდიელებს, რომლებიც ნექტარს ღვთაებრივი წარმომავლობის პროდუქტად მიიჩნევდნენ.

 

თაფლის ისტორია (სურათი 2)

 

ინდოევროპულ ენაზე: თაფლს Melith-ს უწოდებდნენ. სიტყვას ორი მნიშვნელობა ჰქონდა: პირველით „თაფლს“ აღნიშნავდნენ, მეორეთი კი“ თაფლის დამათრობელი სასმელს“ (მოგვიანებით ზოგიერთ ენაში ამ სიტყვის ძირი „ღვინოს“ ნიშნავდა).

თაფლი ინდოევროპულ ტრადიციაში ხშირად უკვდავების ღვთაებრივ სასმელთან ასოცირდებოდა (ამრიტა, ამბროზია და ა.შ.)

არსებობს ვარაუდი, რომ ინდოევროპელებმა თაფლის ერთი სახელწოდება Madhu – სემიტური ენებიდან ისესხეს, თუმცა მეცნიერები არ იზიარებენ ამ ჰიპოთეზას ფონეტიკური მიზეზების გამო.

საბერძნეთში, თაფლისა და მეფუტკრეობის შესახებ ყველაზე ადრეული აღმოჩენა (ძვ. წ. 4500-3300 წწ.) არის სესკლოში (Sesklo) – თესალიის (Thessaly) რეგიონში, სადაც აღმოაჩინეს კონტეინერი, რომელიც, სავარაუდოდ ნეოლითურ პერიოდში  ფუტკრის საბოლებლად გამოიყენებოდა.

პირდაპირ თუ ირიბად, ფუტკარს და თაფლს დიდი ადგილი უჭირავს ბერძნულ მითოლოგიაში. ცნობილია, რომ ნიმფები ამალთეა და მელისა (მელიტა) ზევსს რძით და თაფლით კვებავდნენ. ზევსს შეუყვარდა თაფლი და მელისას  საპატივცემულოდ „მელითეუსი“ („Melitteus”), უწოდა.

ბერძნულ მითოლოგიაში მელისა ნახსენებია როგორც ფუტკართა დედამთავარი, ხოლო თაფლი ითვლება “მოკვდავებისა და უკვდავების” ღვთაებრივ საკვებად, რომელიც უკვდავებას და ძალას ანიჭებდა.

ბერძენთა უძველესი ჩვეულება იყო თაფლის შეწირვა ღმერთებისთვის და მიცვალებულთა სულებისთვის. Mead (თაფლისგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელი), ღმერთების სასმელად ითვლებოდა.

ბერძნები თაფლს არა მხოლოდ მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტად, არამედ სამკურნალო საშუალებადაც მიიჩნევდნენ. ბერძნული წამლებისა და სამკურნალო რეცეპტების წიგნებში შეხვდებოდით როგორც კულინარულ, ასევე სამკურნალო რეცეპტებს.

თაფლს იყენებდნენ ბალზამირებისთვისაც. ახლო აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს დაღუპული ალექსანდრე მაკედონელის ცხედარი, მაკედონიის დედაქალაქში (საბერძნეთი), თაფლში ჩასვენებული გადაასვენეს.

ძველმა ბერძენმა სწავლულმა და ისტორიკოსმა ქსენოფონტმა მეფუტკრეობას მიუძღვნა შესანიშნავი ტრაქტატი. ეს იყო ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელიც დღემდე აქტუალურია.

მეფუტკრეობის შესახებ დიდ ინფორმაციას შეიცავს არისტოტელეს ნაშრომების დიდი ნაწილი. ყველაზე ცნობილი ძველმა ბერძენი ფილოსოფოსი და ნატურალისტი თაფლს ჯანმრთელობის საწინდრად მიიჩნევდა. არისტოტელე თავად მისდევდა მეფუტკრეობას და ჰქონდა საკუთარი სკები.

საკუთარი ხანდაზმულობის მიზეზის საიდუმლოდ თაფლს მიიჩნევდა ძველი ბერძენი მათემატიკოსი პითაგორა. ამასვე ამტკიცებდა დემოკრიტე, რომელმაც ას წელზე მეტი იცოცხლა. ახალგაზრდობის შენარჩუნების მიზნით თაფლის მიღებას ურჩევდა ნატურალისტი და პოეტი იბნ-სინა (ავიცენა).

სხვათა შორის, მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ მონეტაზე ფუტკრის სიმბოლო იყო გამოსახული. ეს იყო ეფესოს მონეტა ფუტკრის გამოსახულებით. ეფესო ერთ-ერთია იონიელების კავშირში შემავალი თორმეტი ქალაქიდან. იგი მდებარეობს ეგეოსის ზღვის სანაპიროზე.

ეფესო, რომელიც ძველ ბერძნულ პოლისს წარმოადგენდა, რომაული მმართველობის პერიოდში, დიდი ხნის განმავლობაში გახლდათ რომის იმპერიის სიდიდით მეორე ქალაქი.

ეფესოში იყო ნადირობის ბერძენი ქალღმერთის არტემიდას (ეფესოს) ცნობილი ტაძარი, რომელიც ერთ-ერთია ძველი სამყაროს შვიდი საოცრებიდან. ფუტკრის გამოსახულებიანი მონეტის მოჭრის მიზეზად მიიჩნეოდა ის, რომ ფუტკარი არტემიდას (და კუპიდონის) სიმბოლოდ ითვლებოდა.

მეფუტკრეობით იყვნენ დაკავებული ძველ რომშიც. ისინი სკებს გამომწვარი თიხისგან და მოწნულ წნელებისგან აკეთებდნენ. მეფუტკრეობით ბევრი დიდგვაროვანი და არისტოკრატი იყო დაკავებული, რადგან გარდა იმისა, რომ ეს საქმიანობას დიდ პატივად მიიჩნეოდა, კომერციული თვალსაზრისითაც ძალიან მომგებიანად ითვლებოდა.

თაფლი არაერთხელ არის მოხსენიებული ისეთი ავტორების მიერ, როგორებიც არიან ვერგილიუსი, პუბლიუს ტერენციუს ვარონი და პლინიუსი. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ვერგილიუსის თხზულებას გეორგიკები, სადაც კლასიკური, დეტალური აღწერაა იმისა, თუ როგორ იწარმოება თაფლი.

ჩვენს წელთაღრიცვამდე I საუკუნეში, მდიდარი რომაელი გურმანის აპიკუსის ცნობილ კულინარული წიგნების სერიაში, რეცეპტების ნახევარზე მეტში თაფლი შედიოდა.

იულიუს კეისრის დროს ოქრო შეცვალა თაფლმა. რომში ფუტკარი დაცული იყო კანონით და ფუტკრისა და თაფლის მოპარვა, სკების დაზიანება და ფუტკრის განადგურება სიკვდილითაც კი ისჯებოდა.

ძველ ჩინეთში თაფლი მოხსენიებულია სიმღერების წიგნში ( Sòng Shū ), რომელიც დაწერილია ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში. ჩინური მედიცინის მიხედვით, თაფლს გააჩნდა მამაკაცური საწყისი „იანი“. და დადებითად მოქმედებდა ორგანიზმზე, ძირითადად კუჭსა და ელენთაზე.

თაფლი არაერთხელ არის ნახსენები ძველი ინდოეთის წმინდა წიგნებში (ინდურ ვედებში), რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 – 3000 წლებით.

ისრაელში, ქვეყანაში, სადაც „თაფლის და რძის მდინარები მოედინება“, თაფლი ძალიან მნიშვნელოვანი. ძველ აღთქმაში თაფლი 54-ჯერ არის ნახსენები. მათ შორის სოლომონის ცნობილი სიტყვები, რომელმაც თქვა: “ჭამე თაფლი, შვილო, რადგან სასიამოვნოა”.

თაფლი ნახსენებია ახალ აღთქმაშიც. ქრისტეს აღდგომისა და მოციქულთა წინაშე გამოჩენის დღეს, ქრისტემ საჭმელი შეჭამა, რათა მოციქულებისთვის ეჩვენებინა, რომ მართლაც აღდგა და არ იყო სული ან ხილვა. მან იკითხა ჰქონდათ თუ არა მოციქულებს საკვები, რის შემდეგაც მიართვეს შემწვარი თევზის ნაჭერი და თაფლი, რომელიც აიღო და შეჭამა მათ წინაშე. (ლუკა 24:41-43).

მკვლევართა ერთი ნაწილი თაფლის სამშობლოდ აფრიკის კონტინენტს მიიჩნევს. ამის დასტურად კი მოჰყავთ ის გარემოება, რომ კონტინენტზე პირველად აღმოაჩინეს  მეთაფლე ფუტკარი (Apis mellifera L.). აღსანიშნავია, რომ აფრიკაში თაფლს არ მოჰყავთ, რადგან ცხელ კონტინენტზე არ არის ცივი ზამთარი და ფუტკრებს არ ესაჭიროებათ მარაგების გაკეთება.

იაპონიაში არ არის მეფუტკრეობის განვითარებისთვის  საჭირო კლიმატი, მაგრამ „ამომავალი მზის ქვეყანაში”, თაფლი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ მედიცინაშიც.

ფუტკრის მოშენებით დაკავებული იყვნენ ასევე ასურეთში, არაბეთში, ინდოეთში და აღმოსავლეთის ბევრ სხვა ქვეყანაში.

თაფლი მნიშვნელოვან როლს არულებდა რენესანსის პერიოდამდე, როდესაც შაქრის გამოჩენამ შეამცირა თაფლის მოხმარება. მე XVII  საუკუნიდან ევროპაში შაქარს რეგულარულად იყენებდნენ, როგორც დამატკბობელს, მაგრამ ამან ვერ შეამცირა თაფლის მნიშვნელობა, რომელსაც სიმბოლოებად იყენებდნენ “ძლიერნი ამა ქვეყნისანი”. მაგალითად, პაპმა ურბან VIII-მ თავის სიმბოლოს ფუტკარი ჰქონდა გამოსახული, ხოლო ნაპოლეონის დროშაზე მფრინავი ფუტკრები იყო ამოქარგული, ისევე, როგორც მის სამოსზე.

თანამედროვე სკების მსგავსი კონსტრუქციები პირველად გამოჩნდა ძველ საბერძნეთში. პირველი ასეთი სკა თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7-8 საუკუნეებით.

სწორედ ბერძნებმა ისწავლეს თაფლის შეგროვება და მისი ჭარბი ნაწილის სწორად ამოღება. მათვე შექმნეს პირველი სამეცნიერო ნაშრომი ფუტკრის მოშენებისა და თაფლის მოპოვების თემაზე.

თავდაპირველად, თაფლი ამოღების შემდეგ ფუტკარს ანადგურებდნენ. შემდგომში, ძველმა მეფუტკრეებმა ისწავლეს თაფლის მოპოვება ფუტკრების განადგურების გარეშე.

გერმანია პირველ ქვეყნად ითვლება მსოფლიოში, სადაც თაფლის მოპოვება დაიწყეს სამრეწველო მასშტაბით და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ათასობით სკა იყო განლაგებული.

 

თაფლის ისტორია (სურათი 3)

 

მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში, მღვდელმა და მეფუტკრემ, სახელად ლორენცო ლანგსტროტმა შეიმუშავა სკისა და ფიჭის ჩარჩოების განლაგების ისეთი კონსტრუქცია, რომ ფუტკრის მიერ მოგროვილი ჭარბი თაფლის მოპოვება მარტივი გამხდარიყო.

მისი გამოგონება დაფუძნებული იყო „ფუტკრის თავისუფალი სივრცის“ იდეაზე. ლორენცომ ისე განსაზღვრა თითოეულ ფიჭას შორის მანძილი, რომ იგი ყოფილიყო საკმარისად დიდი, რათა ფიჭები ერთმანეთთან არ მიკვროდა და  საკმარისად მცირე, რომ ფუტკრებს არ ჰქონოდათ მისი დალუქვის მცდელობა.

ლანგსტროტის გამოგონებამ რევოლუცია მოახდინა მეფუტკრეობაში. ფიჭის მოძრავი ჩარჩოების იდეა საკვანძო და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ამ აღმოჩენამდე მეფუტკრეებს ხშირად უწევდათ სკიდან დიდნდგელით ჩაწებებული ჩარჩოების ამოტეხვა.

ამჟამად მეფუტკრეობა მაღალ დონეზეა განვითარებული მთელს მსოფლიოში, ხოლო თაფლის მსოფლიო ბაზარზე ლიდერი ქვეყნებია: ჩინეთი, თურქეთი, იაპონია, არგენტინა და უკრაინა.

წყარო:

https://www.aura.ge/menu/9-gantvirtva/51-mozaika/15535-taflis-istoria.html

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ გავატაროთ 5 დღე ტაილანდში და მის კუნძულებზე

როგორ გავატაროთ 5 დღე ტაილანდში და მის კუნძულებზე

14 November, 2024
ექიმები პაციენტებს ხშირად აშორებენ „უსარგებლო” ორგანოს, რომელიც რეალურად კიბოს ებრძვის

ექიმები პაციენტებს ხშირად აშორებენ „უსარგებლო” ორგანოს, რომელიც რეალურად კიბოს ებრძვის

ნოემბერი 15, 2024
რა პრობლემებზე მეტყველებს დაულაგებელი სახლი

რა პრობლემებზე მეტყველებს დაულაგებელი სახლი

15 ნოემბერი 2024
მცირე ფორმატის ფილები აბაზანაში — 3 შთამაგონებელი იდეა

მცირე ფორმატის ფილები აბაზანაში — 3 შთამაგონებელი იდეა

ნოემბერი 15, 2024
VIDEO: ,,მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია.”- მაია ასათიანი

VIDEO: ,,მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია.”- მაია ასათიანი

14 ნოემბერი 2024
ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ნოემბერი 15, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ მარტივი და გემრიელი სადილი

როგორ მოვამზადოთ მარტივი და გემრიელი სადილი

ნოემბერი 15, 2024
მიცერალური წყალი და მისი მნიშვნელობა სახის კანის მოვლასა და გასუფთავებაში

მიცერალური წყალი და მისი მნიშვნელობა სახის კანის მოვლასა და გასუფთავებაში

ნოემბერი 15, 2024
ტრიუმფალური თაღი – პარიზის ანტიკური სტილის არქიტექტურა

ტრიუმფალური თაღი – პარიზის ანტიკური სტილის არქიტექტურა

15 ნოემბერი 2024
გლდანის რაიონს კიდევ ერთი სკვერი შეემატა – სამუშაოები ავჭალაში დასრულდა

გლდანის რაიონს კიდევ ერთი სკვერი შეემატა – სამუშაოები ავჭალაში დასრულდა

ნოემბერი 15, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები