ბზა – მრავლდება: თესლით, რომელიც ძალიან კარგი აღმოცენების უნარით ხასიათდება, გადაწვენით და, რაც ჩვენს პატივცემულ მკითხველს აინტერესებს – კალმების დაფესვიანებით
ბზის დაახლოებით 30 სახეობაა გავრცელებული ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ცენტრალური ამერიკის ტყეებში; მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. კავკასიაში იზრდება ორი სახეობა: კოლხეთისა და ჰირკანის.
კოლხეთის ბზა მარადმწვანე ბუჩქი ან ხეა, რომელიც კარგ გარემო პირობებში 15-18მ-მდე სიმაღლესა და დიამეტრში 40-50 სმ-ს აღწევს. ამჟამად ასეთი დიამეტრის ხეები იშვიათია, თუმცა ჩემი თვალით მაქვს ნანახი მარტვილის რაიონის ტყეებში.
ბზის მერქანი ღია მოყვითალო ფერისაა, ძალიან მძიმე (წყალში იძირება), ძვალივით მკვრივი; წარმოადგენს უძვირფასეს მასალას სახარატო ნაკეთობების, ხეზე ჭრის, გრავირების და ა.შ. საქმეში. ქერქი და ფოთლები გამოიყენება სამკურნალო და კოსმეტიკური დანიშნულებით. მრავლდება: თესლით, რომელიც ძალიან კარგი აღმოცენების უნარით ხასიათდება, გადაწვენით და, რაც ჩვენს პატივცემულ მკითხველს აინტერესებს – კალმების დაფესვიანებით. ბზის კალმები განსაკუთრებით კარგად ფესვიანდება ქვიშასა და წყალშიც!
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოში მის გამრავლება-გახარებას, შესანიშნავად ხარობს ფასანაურის ხეობაში, ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე, და იძლევა მომწიფებულ თესლს; იტანს 20-25º ყინვას.
აღმოსავლეთ საქართველოში მისი კორომები გვხვდება: საგურამოში, ბულაჩაურთან – ბზიან ხევში, ლიახვის ნაკრძალში (მცირე კორომი), ყვარელთან და სხვ. ეს მისი მეორეული გავრცელება წარსულის გადმონაშთია, ან დაკავშირებულია საკულტო ნაგებობებთან.
როგორ მოვუაროთ მარაოსებრ პალმას
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები