ლეღვი ერთ-ერთ უძველეს ნაყოფმომცემ ხედ ითვლება, რომლის წარმოშობის ისტორია უხსოვარი დროიდან მოდის. ლეღვის ნამდვილი ნაყოფი ის წვრილი თესლია, რომელიც ნაყოფედის შიგნით უხვად წარმოიქმნება დაყვავილების შემდეგ. ასე რომ, რასაც ნაყოფად მივიჩნევთ, ის ნაყოფგარემო, ანუ ნაყოფედია, რომლის სასარგებლო და სამკურნალო თვისებების გამოც ვაშენებთ ლეღვის კულტურას.
ლეღვის ნაყოფი შეიცავს 71%-მდე შაქრებს, 5% პექტინს, 1%-მდე ლიმონის, ვაშლისა და ძმარმჟავებს, C, B1, B2,AA ვიტამინებს და ბევრ მიკროელემენტს. ამიტომაც გამოიყენება წამლად, როგორც შარდმდენი, კუჭში გამხსნელი და ამოსახველებელი საშუალება. იხმარება ნედლად, მურაბის, ჯემის, ჩირის სახით და, თქვენ წარმოიდგინეთ, ალკოჰოლური სასმელების მისაღებადაც.
ლეღვი საქართველოში უხსოვარი დროიდან ხარობს. იმის გამო, რომ ჩვენთან ველურად უამრავი ლეღვის ხე იზრდება, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოც მის ერთ-ერთ სამშობლოდ ჩაითვალოს, თუმცა მის ძირითად სამშობლოდ მესოპოტამია ითვლება.
ლეღვი ხარობს ყოველგვარ ნიადაგზე, მათ შორის ქვაღორღიან და კლდოვანზეც კი; მთავარია, დარგვის დღიდანვე შეუწყოთ ხელი – ფართო ორმო მოითხაროს და მიწით შეივსოს, დარგვის შემდეგ კი კარგად მოირწყას. მრავლდება ამონაყარებით, ერთწლიანი ღეროს კალმებითა და მყნობით. ნაყოფს იძლევა მეორე-მესამე წელს, ცოცხლობს 150-200 წელს. შესაძლებელია აგრეთვე მცენარის გაახალგაზრდავებაც, ანუ ფესვის ყელთან გადაჭრა და ამონაყარებით განახლება.
კალმები დასაფესვიანებლად იჭრება გვიან შემოდგომით და ზამთრის დასაწყისში, ინახავენ გრილ სარდაფებში, ტენიან ქვიშაში. გაზაფხულზე რგავენ სანერგეში. შემოდგომით ან მეორე გაზაფხულზე გადააქვთ მუდმივ ადგილზე. ირგვება 6X4, 8X8, 5X4 ან 3X3მ-ზე იმისდა მიხედვით, რამხელა მოცულობისაც იზრდება.
რაც მთავარია, ერთ-ერთი საუკეთესო, ადვილად გასამრავლებელი კულტურაა და ყველას ვურჩევთ საკუთარ კარ-მიდამოში მის დარგვას.
აკადემიკოს ნ. ხომიზურაშვილს მხოლოდ კახეთის პირობებისათვის ლეღვის 12 ჯიში აქვს მოხსენიებული:
1. თეთრი ლეღვი – მსხვილნაყოფა
2. შავი ლეღვი – მსხვილნაყოფა
3. ქალაქურა ლეღვი – მოთეთრო-მომწვანო
4. ტაბაკა ლეღვი – ბრტყელნაყოფა
5. გლეხურა ლეღვი – წვრილნაყოფა, შავი
6. მწვანე ლეღვი
7. ოქროლეღვი – წვრილნაყოფა
8. შაქარა ლეღვი – წვრილნაყოფა
9. ძუძუა ლეღვი – სფერულნაყოფიანი
10. შაშალაკა ლეღვი – მოიისფრო
11. ღვინა ლეღვი – მოწითალო
12. ოსმალური ან დიდი ოსმალური ლეღვი
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები