ქლიავი
კურკოვან კულტურებში ქლიავი ერთ-ერთი საუკეთესოა.
მისი ნაყოფი მრავალ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: შაქრებს, მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს, A, ჩ, P ჯგუფის ვიტამინებს. კურკა შეიცავს 42% ცხიმოვან ზეთებს. ქლიავის ბაღი საუკეთესოა მეფუტკრეობისთვის თაფლის მაღალი გამოსავლიანობის გამო (37კგ-მდე 1ჰა-ზე). ნაყოფი გამოიყენება მურაბის, ხილფაფის, ჩირის, კომპოტის, საწებლის, მარმელადის, წვენის, ღვინისა და არყის ნედლეულად. საუკეთესო საძირეა ატმის, გარგარისა და ნუშისთვის. საქართველოში 30 ჯიშის ქლიავი ხარობს. მრავლდება მყნობით. საძირედ გამოიყენება ტყემალი. ირგვება 10ხ10, 8ხ8 მ-ის დაშორებით. თქვენს ნაკვეთში, მცირე ფართობის გამო, შეგიძლიათ დარგოთ ერთეული ეგზემპლარის სახით. ყინვაგამძლეა. საუკეთესო ნიადაგად ქლიავისთვის ითვლება ღრმა ნეშომპალა-კარბონატული და მუქი ნაცრისფერი ნიადაგები. მოითხოვს ტენის დიდ რაოდენობას, თუმცა არც გადაჭარბებული რწყვა სჭირდება.
დაავადებებიდან ყველაზე ხშირია ფოთლის ლაქიანობა. ნაყოფი ავადდება სოკოვანი დაავადებებით, რომელთა თავიდან ასაცილებლად საუკეთესო ღონისძიებაა კვირტის დაბერვამდე 2-3%-იანი ბორდოს ხსნარით ჩამორეცხვა, ხოლო ნაყოფის გამონასკვის შემდეგ 1%-იანი ბორდოს ხსნარის შესხურება. თუ 2 კვირის შემდეგ შესხურებას გაიმეორებთ, ზემოთ ნახსენებ დაავადებებს საბოლოოდ აიცილებთ თავიდან. ჩვენში შავი ქლიავის სახელით მოიხსენიება ჯიში „იტალიური ვენგერკა“, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოში ცნობილ კალიფორნიულ „შავ ქლიავს“.
საქართველოში გავრცელებული ქლიავის ჯიშებია: ატმისებრი (სინონიმები: წითელი ნექტარინი, ალიბუხარა), ონტარიო, ეკატერინე, ჭრელი პერდრიგონი, ნამდვილი ადრეული უნგრულა, ჩვეულებრივი უნგრულა, აჟანის უნგრულა, იტალიური უნგრულა (სინონიმები: ფელენბერგი, ფრანგული შავი ქლიავი), დიდი ჰერცოგი, კირკე, ღოღნოშო, ჭანჭური, ალტანის რენკლოდი (სინონიმი: გრაფი ალტანი), მწვანე რენკლოდი (სინონიმი: ინგლისური ქლიავი), ბუმბერაზი (სინონიმები: ჯაიენტი, პრიუნი), კვერცხისებრი ყვითელი (სინონიმი: დამ ობერი) და სხვ.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები