პარასკევი, ივნისი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებითქვენს ბაღჩა-ბოსტანში, ბაღსა და ვენახში ივ­ლისშიც ბევრი სამუშაოა - ხენდროს მოსავლის აღე­ბიდან...

თქვენს ბაღჩა-ბოსტანში, ბაღსა და ვენახში ივ­ლისშიც ბევრი სამუშაოა – ხენდროს მოსავლის აღე­ბიდან 2-4 კვირის შემდეგ…

ივლისი

თქვენს ბაღჩა-ბოსტანში, ბაღსა და ვენახში ივ­ლისშიც ბევრი სამუშაოა. ხენდროს მოსავლის აღე­ბიდან 2-4 კვირის შემდეგ ფოთლებს მთლი­ანად ჭრიან მიწის ზედაპირიდან 5-7 სმ-ის სიმაღლეზე და წვავენ. თუ ნარგავი ძალიან გახშირებულია, შეათხელეთ და ახალ ადგილზე გა­დარგეთ.
ბაღში ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე კვირტით მყნობის დროა. იმ დღეს, როცა მყნობას და­აპირებთ, თქვენთვის სასურველი ჯი­შის მსხმოიარე ხიდან ააჭე­რით წლე­ვანდელი, ოღონდ კარგად გამერქნებული ყლორტი. წააჭერით თავსა და ბოლოში ორი მუხლის სიგრძე და გადაყარეთ. რაც დაგ­რჩებათ, ის გახლავთ საუკეთესო სანამყენე კვირტები. წააჭერით ყველა ფოთოლი და დატო­ვეთ მხო­ლოდ ფოთლის ყუნწები, ჩა­ალაგეთ ყლორტები წყლიან ჭურჭელში ბოლოებით ქვემოთ ისე, რომ ჩაყოფილი ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუხლის ზომაზე. მიიტანეთ ამ მდგომა­რეობაში ყლორტები დასამყნობად შერჩეულ საძირე ხემდე. საძირის ტოტების ზედა ნაწილში სამყნობი და­ნით, რომელსაც საპირისპირო მხა­რეს აქვს სპეციალური პლასტმასის ბრტყელი, წამახვილებული ფორმის ფირფიტა, გააკეთეთ ასო თ-ს მაგვარი ჭრილი, რომლის ზომებიც უნდა იყოს: ვერტიკალურად – 3-4 სმ, ჰორიზონტალურად – 1,5 სმ. დანის სპეციალური ფირფიტით (ან წამახვილებული ჯოხით) გახსენით კვირტის ჩასასმელი ადგილი, ამოიღეთ ყლორტი წყლიდან, აათალეთ კალმიდან კვირტი თავის ყუნწიანად ისე, რომ კვირტის ზემოთ დარჩეს არა უმეტეს 0,5სმ-ისა, ხოლო ქვემოთ – 1,5 სმ. ჩასვით კვირტი ფაქიზად და შ­ემოუჭირეთ საიზოლაციო ლენტი. სახვევი მოახვიეთ ზემოდან ისე, რომ კვირტი ჩანდეს, დანარჩენი ნაწილი კი კარგად იყოს შეკრული. 2 კვირის შემდეგ შეამოწმეთ ნამყენი. თუ ფოთლის ყუნწი ხელის ოდნავი შეხებით მოძვრება, ე.ი. კვირტი შეხორცებულია.
ხეხილს შტამბზე და ვარჯის შუაში ამო­ნა­ყა­რები შეაცალეთ. მსხმოიარე ტოტებს ორკაპები შეუდგით, მანამდე კი ორკაპში ცოტაოდენი თივა ჩაუდეთ, რომ ღერო არ დაზიანდეს.
ვენახში ახლა კარგი დროა ნამხარისა და ზე­დ­მეტი ყლორტების შესაცვლელად და საყრდენ­ზე ყლორტების მისაბმელად, გარდა ამი­სა, ვაზს აუცილებლად დასჭირდება შეწამვლაც: ჭრა­ქის დროს – ბორდოს ხსნარით, ნაცრის სა­წი­ნააღმდეგოდ – გოგირდით ან კომბინირე­ბული საშუალებით.
ზაფხულის `ცხელი ხაზი~. ამ გაგანია სი­ცხეში, თუ ყოჩაღად არ მოიქცევით, შე­იძ­ლება მერქნიანების მოსავალიც გაგიფუჭდეთ და ნარგაობაც დაგიზიანდეთ. კი, ბატონო, ხანდახან კი დაიქუხებს და წამოვა `თხლიშინა~ წვიმა, მაგრამ ასეთი წვიმა ნიაღვრებს უფრო წარმოშობს, ვიდრე რწყავს. აი, როცა ჟუჟუნა წვიმა მოდის ერთი-ორი დღის განმავლობაში, მაშინ კი მართლა იჟღინთება დალოცვილი მიწა. თუ შეშრობისთანავე ძირებს დამულჩავთ, მიწაც კარგა ხანს შეინარჩუნებს ტენს. ხეხილისა და ბუჩქოვანი კულტურების ნიადაგში მთელი სეზონის განმავლობაში 60-70% ტენი უნდა იყოს, რაც მერქნიანების განვითარებისათ­ვის საუკეთესო რაოდენობაა. რა თქმა უნდა, ამის მისაღწევად წვიმას ვერ დაველოდებით, მცენარეები უნდა მოვრწყოთ. შტამბის ირგვლივ ერთი ბარის­პირის სიღრმეზე გააკეთეთ ჯამები, რამდენჯერმე შეავსეთ წყლით და ბოლოს მშრალი მი­წა, ან მულჩი – ბალახი, თივა ან ფოთლები მოაყარეთ. ჯამის რამდენჯერმე გავსება იმიტომ არის აუცილებელი, რომ წყალმა მცენარის ვარჯის მთელ ს­იგანეზე გაჟონოს.

მერქნიანების მორწყვის საუკეთესო ვადებია:
1. ადრე გაზაფხულზე, კვირტების გაშლამდე. ეს ხელს უწყობს ნორმალურ ყვავილობასა და გამონასკვას. ყვავილობის პერიოდში მორწყვა დაუშვებელია, რადგან ნასკვები დიდი რაოდენობით ცვივა.
2. გამონასკვიდან 15-20 დღის შემდეგ. ამ პერიოდში რწყვა მნიშვნელოვანია, როგორც მიმდინარე ნაყოფიერების, ისე მომავალი წლის საყვავილე კვირტების ჩასახვისათვის.
3. განუვითარებელი ნასკვების ჩამოცვენის შემდეგ შერჩენილი ნაყოფის ზრდის უ­ზრუნველსაყოფად, თუ ნიადაგში ტენი საკმარისია, ნუ მორწყავთ.
4. განსაკუთრებით საჭიროა მორწყვა უშუალოდ მოსავლის აღების შემდეგ, რადგან ფეს­ვთა სისტემა დასუსტებულია და წყალთან ერთად საჭიროებს სასუქის შეტანასაც.
ვენახი. მიუხედავად იმისა, რომ ვაზი გვა­ლ­­ვაგამძლე კულტურაა, მინიმუმ სამი მორწყვა მაინც სჭირდება:
1. ყვავილობამდე (ეს, რა თქმა უნდა, უკვე ჩატარებული გექნებათ).
2. ისრიმობის ფაზაში, ანუ როცა მწვანე მარ­ცვალი მსხვილდება.
3. სიმწიფის დაწყებამდე.
ბოსტანი, ბაღჩა. სხვადასხვა კულტურა ნი­ადა­გის ტენიანობას სხვადასხვანაირად მოითხოვს.
ტენიანობის ყველაზე მომთხოვნ მცენარე­ებად ითვლება: თვის ბოლოკი, ისპანახი, სალათა, კომბოსტო, ფოჩიანი ხახვი, კამა, ნიახური; მათთვის აუცილებელია 4-5 დღეში ერთხელ მორწყვა – 1მ2-ზე საშუალოდ 40 ლ წყალი.
ნაკლებად მომთხოვნია (ზემოთ ჩამოთ­ვლილ­­თაგან შედარებით): კიტრი, თავიანი ხა­ხვი, ნიორი, პამიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი; სეზონზე საკმარისია 7-8 მორწყვა (7-8 დღეში ერ­თხელ) – 1მ2 -ზე საშუალოდ 35 ლ.
უფრო ნაკლებად მომთხოვნია: ჭარხალი, ყაბაყი, სტაფილო, კარტოფილი, ბარდა, ლობიო, სატაცური; 5-6 მორწყვა სეზონზე, 1მ2 -ზე – დაახლოებით 30ლ.
გვალვაგამძლეა: გოგრა, ნესვი, საზამთრო, სიმინდი; ესაჭიროება 15-18 დღეში ერ­თხელ მორ­წყვა, 1მ2-ზე – 30 ლ.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემებისა, აუცილებელია ამინდის გათვა­ლისწინებაც.

ივნისი – ზაფხულში მხოლოდ ამინდის იმედზე ნუ ვიქ­ნებით, ახლა ნიადაგს ესაჭიროება ხშირ­ხშირად გაფხვიერება. არ უნდა დავუშვათ, რომ მიწამ პირი შეიკრას

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები