შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიროდის რა გავაკეთოთ, რა არის პირველ რიგში საჭირო – კალენდარი -...

როდის რა გავაკეთოთ, რა არის პირველ რიგში საჭირო – კალენდარი – თებერვალი

თებერვალი

მიიწურა იანვარი. ბუნება იღვიძებს. მეურნე კაცისთვის უქმად ყოფნა და, მით უმეტეს თბილ ბუხართან დიდხანს მიფიცხება, არც ერთ თვეში არ არის მოსაწონი. შენს მამულში რომ გაივლ-გამოივლი, თვალსაც გაახარებ და საქმესაც წინ წა­იგდებ, სახლისკენ სულ ღიღინ-ღიღინით წამოხვალ. მერე ჩამოჯდები, მოიმარჯვებ კალამს და, მთელი თვისა თუ არა, ერთი კვირის გეგმას მაინც ჩამოწერ, თუ რა გაქვს გასაკეთებელი:
1. პირველ რიგში, ღობეების გამაგრებაა სა­ჭირო, იქნებ წელს მაინც დავრგო რამდენი­მე ძირი ქაცვის ნერგი, რათა ერთხელ და სამუდამოდ ეზო შეუღწევადი გახდეს ქურდისა და ღორისათვის; ე.ი. ამ კვირას ივრის ხეობაში უნდა წავიდე, ყველაზე მეტი ქაცვი იქ იზრდება. შეიძლება გლდანულას ხეობაშიც წასვლა, ქაცვი იქაც არის.
2. ვაზებს საყრდენები უნდა შევუცვალო, ბო­ძები გავამაგრო და მავთულებიც მივ­ჭიმ-მოვ­ჭიმო. ჰო, მართლა, მავთულიც საშოვნელია;
3. ხეხილსა და კენკროვნებს ხმელი და დაზიანებული, მოტეხილ-მოხლეჩილი ტოტები მო­ვა­ხერხო. აი, კინაღამ დამავიწყდა, რომ ხერ­ხებიც გასალესი მაქვს, ნაჯახიც და სეკატორიც. ამას ამაღამვე გავაკეთებ;
4. ბარის, ნიჩბისა და თოხებისთვის ახალი ტარებია საჭირო, სატარეებს ჩემს ღობეში დარგულ ტირიფებზე მოვჭრი, ტირიფის ტარი მსუბუ­ქია და გამძლეც;
5. წელს ახალი ნერგები უნდა დავრგო: ვაშლი – 2 ძირი, მსხალი – 1, ატამი – 3 ძირი. ერთი ჭერმის ხე უნდა მოვხერხო (მაინც ხმება) და მის ადგილას ორი თხილის ბუჩქი დაეტევა. ნერგებისთვის თბილისის ზღვაზე ავალ სანერგე მეურნეობაში;
6. უნდა მოვიმარაგო თესლები: პამიდვრის, კიტრის, ყაბაყის, გოგრის, ბადრიჯნის, წიწა­კის (მწარე და ბულგარული);
7. გასაკეთებელია კვალსათბური.
თებერვალში მეურნე კაცს შინ რა გააჩერებს. შემოდგომით თუ ვერ მოიცალა, ახლა მაინც და­ბარავს საბოსტნე მიწას. ბაღსა და ვენახს მთლიანად თუ ვერ შეძლებს, ძირებს მაინც შემოუბარავს. თებერვალი ყოველთვის წყალუხვი თვე იყო, და ახლა, რა ღმერთი გაუწყრება, რომ ცოტა ნალექი არ გაიმეტოს. უჰ, რა კარგი იქნება, დაბარულზე კაი ფუმფულა თოვლი რომ დადოს, მერე ცოტა გალღვება, ცოტას მოყინავს და ის მაგარ-მაგარი ბელტიც ჩაიშლება.
კვირტის დაბერვამდე ბაღს 3%-იანი ბორ­დოს ხსნარით ერთი ჩამორეცხვა უნდა გა­უკეთ­დეს, მანამდე კი უნდა მოსცილდეს, და­იწვას დაავა­დებებისა და მავნებლებისაგან და­ზიანებული ტოტები, ზედ შემხმარი ნაყოფი და მავ­ნებლების ბუდეები, გადანაჭრებზე წა­ესვას ბაღის მალამო.
ცრუფარიანების, ბუგრების, ტკიპების საწინა­აღმდეგოდ ხეხილი ნიტროფენით ან უფრო თა­ნამედროვე პრეპარატით უნდა შეიწამლოს. თუ გასულ წელს ვაშლი და მსხალი დაავადებული იყო ქეცით, უმჯობესია, მოფოცხოთ და ერთად შეაგროვოთ ფოთლები, წვრილი ტოტები და დაწ­ვათ, ნაცარი კი ძირებში ჩაუბაროთ ხეებს.
თუ ნიადაგი შემოდგომით დაბარეთ და სასუქიც შეიტანეთ, მაშინ ჩაუშლელი ბელტი თო­ხით ჩაშალეთ, კარგად მოასწორეთ, დაკვალეთ და საადრეო კულტურები დათესეთ: თვის ბოლოკი, პრასი, ხახვი, სტაფილო, ოხრახუში და ბარდა. ოღონდ არ იჩქაროთ, ამ კულტურების დათესვა შეგიძლიათ 20 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით.
გაითვალისწინეთ, რომ ხახვისა და ნივრის გვერდით ლობიო არ ხარობს, ერთმანეთი `არ უყვართ~ კომბოსტოს, პამიდორს, სარის ლობი­ოსა და ხენდროს. კიტრი ვერ ეგუება კარტოფილს, სუფრის ჭარხალი სარის ლობიოს და ა.შ.
ცოტაც და, გაზაფხული შევა ძალაში. გაიღვიძებს მიწა, ხე, ბუჩქი და, რა თქმა უნდა, ათასგვარი ჭიაღუა, სოკო და ლიქენი, რომელთაც ახლავე თუ არ მიხედეთ, მერე გვიან იქნება.
პირველ რიგში, თქვენს მამულ-დედულში გა­შენებულ ხეებსა და ბუჩქებს უნდა მოუაროთ. მო­აშოროთ დაზიანებული, დაავადებული, დამ­ტვრე­ული და გამხმარი ტოტები, ზედ შერჩენილი შემხმარი ნაყოფი, და დაწვათ. ნაცარი ხეებს შემოაყაროთ ირგვლივ და ჩაუბაროთ. თუ გადამწვარი ნაკელი გაქვთ და მასთან ერთად ჩაბარავთ, კიდევ უკეთესი. ჩამოფხიკეთ შტამბსა და ტოტებზე არსებული ლიქენი. ამის შემდეგ იზრუნეთ ბუჩქებისა და ხეების ბორდოსა და რკინის ძაღას ხსნარით ჩამორეცხვაზე.
შტამბსა და ტოტებზე ლიქენების საწინა­აღ­მდეგოდ შეასხურეთ 3-5%-იანი რკინის ძა­ღას ხსნარი (300-500 გ ძაღა 10 ლ წყალზე), შემ­დეგ შეათეთრეთ კირის რძით.
ყველა მერქნიანი კულტურა (ხეები, ბუჩქე­ბი) კვირტის გაშლამდე ჩამორეცხეთ 3-5%-იანი ბორდოს ხსნარით (300 გ შაბიამანი და 250გ ჩა­უმქრალი კირი 10 ლ წყალზე). ეს თავიდან აგაცი­ლებთ საშიშ სოკოვან დაავადებებს: ვაშ­ლისა და მსხლის ქეცს, ფოთლის სი­ხუჭუჭეს, ფი­ტოფტოროზსა და მონილიოზს. სოკოვან და სხვა და­ავადებათა პ­როფილაქტიკისათვის სა­უკეთესო საშუალებაა გაზაფხულზე (კვირტის გაშლამდე) ხეხილის ფესვებში 250 მლ „ბიორაგის“ ხსნარის ჩასხმა.

როდის რა გავაკეთოთ

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები