თუშური გუდის ყველი აღმოსავლეთ საქართველოს ყველაზე ცნობილი ყველის სახეობაა. მის ამოსაყვანად ბატკნის სადედს, ანუ მაჭიკს იყენებენ, ამოყვანილ ყველს აძლევენ ფორმას, ამარილებენ, ათავსებენ ცხვრის ტყავისგან მომზადებულ გუდაში (თავის მხრივ, გუდას მატყლის მხარე შიგნით აქვს, რისი დამსახურებითაც ტენიანობის საჭირო დონეს უზრუნველყოფს, ამის გამო ყველი არ შრება), მოუკრავენ გუდას პირს, დებენ ხის წვრილ ტოტებზე, რომ ჰაერმა იმოძრაოს და არ დალპეს. გუდას პერიოდულად ატრიალებენ, რათა ყველმა თანაბრად მიიღოს მარილი და შეინარჩუნოს მრგვალი ფორმა. მეორე დღეს უმატებენ მარილიან წყალს – წათხს და პერიოდულად კვლავ ატრიალებენ. გუდაში ყველის შენახვა დიდი ხნითაა შესაძლებელი.
გუდის ყველი ცხვრის რძისგან დამზადებული ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ყველია, რომელიც პირველად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კონკრეტულად კი თუშეთში დამზადდა. ამ ყველის დამზადების ტექნოლოგია განსხვავებულია და, რაც მთავარია, საუკეთესო გუდის ყველი მზადდება მხოლოდ ალპურ საძოვრებზე მიღებული ცხვრის რძით. შესაძლებელია გუდის ყველის მომზადება ბარშიც, მაგრამ მას ის საგემოვნებო თვისებები არ ექნება, როგორც მთაში დამზადებულს.
ტრადიციულ გუდის ყველს ისე არაფერი უხდება, როგორც კახური მეთოდით, ქვევრში ექვსი თვის განმავლობაში დავარგებული რქაწითელი. ეს ცნობლი წყვილია, კახური ღვინისა და თუშური ყველის „მეგობრობა” საუკუნეებია მოდის.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები