კომპოსტის დამზადება
ბოსტნეულის უხვი და მაღალხარისხოვანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ნიადაგში სასუქის შეტანა. საუკეთესო სასუქი, რომელიც, გარდა იმისა, რომ ნიადაგს ამდიდრებს მცენარისათვის აუცილებელი ელემენტებით, აუმჯობესებს მის სტრუქტურას, არის გადამწვარი ნაკელი. ხოლო თუ მასზე ხელი არ მიგიწვდებათ, თავადვე შეგიძლიათ მოამზადოთ ორგანული სასუქი – კომპოსტი, რომლის დამზადებისა და ხმარების წესსაც ქვემოთ გთავაზობთ.
კომპოსტის დასამზადებლად გამოიყენება სხვადასხვა სახის მცენარეული ნარჩენი, ოღონდ ეს ნარჩენი არ უნდა იყოს დაავადებული და შხამქიმიკატებით დაბინძურებული. არ შეიძლება ასევე კომბოსტოს თიაქრით დაავადებული ფესვები, დაავადებული ხახვის ბოლქვები, ფიტოფტოროზით დაავადებული კარტოფილის მიწისზედა ნაწილები; ამგვარი ნარჩენები უმჯობესია დაწვათ და გამოიყენოთ ნაცრის სახით.
საკომპოსტედ მომზადებული მცენარეული ნარჩენების გროვა კარგად უნდა ნიავდებოდეს, იყოს ყოველთვის ტენიანი, რათა გროვაში წარმოქმნილმა სითბომ დროულად მოამზადოს ორგანული მასა. გროვის ფუძე უნდა იყოს 1 მ2, სიმაღლე 1-1,2 მ. უმჯობესია, საკომპოსტე მასა მოთავსდეს ძველ ყუთში ან მავთულბადეში.
15-25 სმ-იან ნარჩენების პირველ ფენას დაეყრება 2-3 სმ ბაღის მიწა და ცოტაოდენი კირი მჟავე რეაქციის გასანეიტრალებლად. ასე მეორდება მანამ, სანამ გროვა არ მიაღწევს 1-1,2 მ. მას ზემოდან კიდევ დაეყრება მიწის თხელი ფენა და გადაეფარება პოლიეთილენის ნაჭერი. როგორც წესი, კომპოსტი მზად იქნება 5-6 თვის შემდეგ. ამგვარად, გაზაფხულზე გასუფთავებული ნაკვეთის ნარჩენებისგან შეგიძლიათ დაამზადოთ ორგანული და მინერალური სასუქი, რომელსაც შემოდგომით შეიტანთ ნიადაგში.
როგორ უნდა დარგოთ ხის ან ბუჩქის ნერგი
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები