კარტოფილი სინათლისადმი ძალიან მომთხოვნია. მისი ნაკლებობისას მწვანე მასა ინტენსიურად იზრდება (იწოწება), ბოლქვების განვითარება ფერხდება და მოსავლიანობა საგრძნობლად მცირდება. კარტოფილის დათესვა დაჩრდილულ ადგილებში ან ხეხილის რიგთა შორისებში მიუღებელია.
წყლის მოთხოვნილება დიდია ბოლქვების აღმოცენების და მათი ფორმირების ფაზაში. ამ პერიოდში ნიადაგში ტენიანობა მისი სრული წყალტევადობის 75-80% უნდა იყოს. ტენის დეფიციტი იწვევს ბოლქვების დეფორმაციას, სიჭარბე კი — ლპობას.
კარტოფილი თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე მოდის, თუმცა მისთვის საუკეთესოა სტრუქტურიანი, ჰუმუსით მდიდარი და მსუბუქი ნიადაგები. მიუღებელია მკვრივ, წყალგაუმტარ ნიადაგებზე კარტოფილის მოყვანა. ამ დროს ხელი ეშლება ბოლქვების ზრდას, ფერხდება მათი ფორმირება და ვითარდება დეფორმირებული ბოლქვები.
მაღალი მოსავლის მიღება შესაძლებელია ორგანული სასუქებით განოყიერებულ ნიადაგზე. საკვები ელემენტებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით იგი მოითხოვს კალიუმს — ბოლქვების ფორმირებისთვის, აზოტს — ზრდისათვის, ფოსფორს — მომწიფებისთვის.
1 ჰა-ზე 60-80 ტონა გადამწვარი ნაკელის, ან 8-10 ტონა ბიოჰუმუსის შეტანისას, მინერალური სასუქების გამოყენება არ არის საჭირო.
ორგანული სასუქების უქონლობის შემთხვევაში გამოიყენება მინერალური სასუქები. მინერალური სასუქების შეტანის ნორმები განისაზღვრება ნიადაგის ნაყოფიერების, დაგეგმილი მოსავლის რაოდენობის და მცენარის საკვებზე მოთხოვნილების მიხედვით. შესაბამისად, აუცილებელია დარგვამდე ნიადაგის ანალიზის გაკეთება.
შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით ყოველი ერთი ტონა პროდუქციის საწარმოებლად, წვეთოვანი მორწყვის შემთხვევაში, საჭიროა — 4.4 კგ. აზოტი, 2.5 კგ. ფოსფორი, 8.5 კგ. კალიუმი. სხვა შემთხვევაში კი — შესაბამისად: 4,8; 3,5; 10,5 კგ. სუფთა ნივთიერებაზე გაანგარიშებით.
წვეთოვანი მორწყვის სისტემის გამოყენების შემთხვევაში აზოტიანი სასუქის 20-30%, ფოსფორიანის 70% და კალიუმიანის 50% ჯობია კგ-ზე გადავიყვანოთ და შევიტანოთ ნიადაგის ძირითადი დამუშავებისას. სასუქების დანარჩენი რაოდენობა + კალციუმი და მაგნიუმი კი — წვეთოვანი მორწყვით და ფოთლოვანი გამოკვებით. სხვა შემთხვევაში ფოსფორიანი სასუქის მთლიანი ნორმა, კალიუმიანი სასუქის 50% და აზოტიანი სასუქის 20-30% შედის ნიადაგის ძირითადი დამუშავებისას. დანარჩენი რაოდენობა ვეგეტაციის — პერიოდში წილობრივად, ხოლო კალციუმი და მაგნიუმი ფოთლოვანი – გამოკვებით.
მასალის გამოყენების პირობები