ცისტიტი
- ცისტიტი შარდის ბუშტის ინფექციაა.
- როგორც წესი, მას ბაქტერიები იწვევს.
- ყველაზე ხშირი სიმპტომებია გახშირებული შარდვა, ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვისას.
- დიაგნოზი შეიძლება სიმპტომების მიხედვითაც დაისვას, მაგრამ, როგორც წესი, შარდის ანალიზიც კეთდება.
- ინფექციისა და სიმპტომების სამკურნალოდ მედიკამენტებია საჭირო.
მიზეზები
ქალებში ცისტიტი ხშირი პრობლემაა, განსაკუთრებით კი შვილოსნობის ასაკში. ზოგ მათგანს ეს განმეორებით, მრავალჯერ ემართება. რამდენიმე მიზეზის გამო შარდის ბუშტის ინფექცია ქალებში უფრო ხშირია, მათ შორის იმიტომ, რომ ქალების შარდსადენი მოკლეა და ახლოსაა საშოსთან და ყითასთან, სადაც ბაქტერიები დიდი რაოდენობითაა. სქესობრივმა აქტმაც შეიძლება შეუწყოს ამას ხელი, რადგან მოძრაობის დროს მიკროორგანიზმები უფრო ადვილად აღწევენ შარდსადენს და აღმავალი გზით ვრცელდებიან შარდის ბუშტისკენ. ორსულ ქალებში ეს პრობლემა განსაკუთრებით ხშირია, რადგან ამ დროს შარდის ბუშტის დაცლა გაძნელებულია.
საშოს დიაფრაგმაც ზრდის ცისტიტის განვითარების რისკს, რადგან მასთან ერთად გამოყენებული სპერმიციდი თრგუნავს საშოს ნორმალურ მიკროფლორას და ცისტიტის გამომწვევ ბაქტერიებს გამრავლების საშუალებას აძლევს.
მენოპაუზის შემდეგ ესტროგენების ნაკლებობა იწვევს შარდსადენის გარშემო საშოსა და ვულვის ქსოვილების გათხელებას (ატროფიული ვაგინიტი და ურეთრიტი), რაც ცისტიტის განმეორებითი შემთხვევების განვითარების რისკს ზრდის. ამასთანავე, საშვილოსნოს ან შარდის ბუშტის დაწევამ შეიძლება მისი დაცლის გაძნელება გამოიწვიოს და ცისტიტის რისკიც მეტი იყოს. ეს მდგომარეობები უფრო ხშირია ახალგაზრდა, მრავალჯერ ნამშობიარებ ქალებში.
იშვიათად, ცისტიტი ვითარდება შარდის ბუშტსა და საშოს შორის პათოლოგიური კავშირის – ხვრელმილის არსებობის გამო (ვეზიკოვაგინალური ფისტულა).
კაცებში ცისტიტი უფრო იშვიათია. მათში ეს დაავადება, როგორც წესი, შარდსადენის ინფექციით იწყება, რომელიც წინამდებარე ჯირკვალსა და შარდის ბუშტზე გადადის. კაცებში განმეორებითი ცისტიტის ყველაზე ხშირი მიზეზი წინამდებარე ჯირკვლის გახანგრძლივებული ბაქტერიული ინფექციაა. მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკები სწრაფად ათავისუფლებენ შარდის ბუშტსა და შარდს ბაქტერიებისგან, მათი უმრავლესობა წინამდებარე ჯირკვალში კარგად ვერ აღწევს, რათა ინფექცია იქაც განკურნოს. ამის გამო ხშირად საჭირო ხდება მათი კვირების განმავლობაში მიღება. შესაბამისად, თუკი მკურნალობა ნაადრევად შეწყდა, ბაქტერიები რჩება წინამდებარე ჯირკვალში და თავიდან აინფიცირებს შარდის ბუშტს.
ორივე სქესში ცისტიტის მიზეზი შეიძლება შარდის ნაკადის შეფერხება იყოს, რასაც იწვევს შარდის ბუშტში ან შარდსადენში არსებული კენჭი, გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი (კაცებში) ან შარდსადენის შევიწროება. ამ დროს საშარდე გზებში მოხვედრილი ბაქტერიები საკმარისად ვერ გამოირეცხება შარდით. მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტში დარჩენილი მიკროორგანიზმები სწრაფად მრავლდება. რაც უფრო მეტი ბაქტერია რჩება, მით უფრო დიდია ინფექციის განვითარების რისკი. შარდის დინების ხანგრძლივად ან ხშირად შეფერხების გამო, შარდის ბუშტის კედელი შეიძლება ჩანთასავით გამოიბეროს (დივერტიკული წარმოიქმნას). მასში შარდი მოშარდვის შემდეგაც რჩება, რაც კიდევ უფრო ზრდის ინფექციის განვითარების რისკს.
ცისტიტი შეიძლება კათეტერმაც ან საშარდე გზებში შეყვანილმა ნებისმიერმა ინსტრუმენტმაც გამოიწვიოს, რომელსაც შარდის ბუშტში ბაქტერიები შეაქვს. ორივე სქესში შეიძლება წარმოიქმნას პათოლოგიური კავშირი შარდის ბუშტსა და ნაწლავს შორის (ვეზიკოენტერული ხვრელმილი), რომლითაც განავლოვანი მასები შარდის ბუშტში ხვდება და მის ინფიცირებას იწვევს.
ზოგჯერ შარდის ბუშტის ანთება შეიძლება ინფექციის გარეშეც განვითარდეს (ინტერსტიციული ცისტიტი).
სიმპტომები
ცისტიტი იწვევს შარდვის გახშირებულ, დაუძლეველ სურვილს და ტკივილს ან წვას მოშარდვის დროს. ეს სიმპტომები რამდენიმე საათში ან ერთ დღეში ვითარდება. დაუძლეველი სურვილის გამო შეიძლება უნებლიე შარდვა განვითარდეს, განსაკუთრებით მოხუცებში. მაღალი ტემპერატურა იშვიათად ვლინდება. ტკივილი ბოქვენის ძვლის ზემოთ და წელის მიდამოში იგრძნობა. ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება ღამით შარდვის გახშირებაც (ნოქტურია) იყოს. შარდი ხშირად შემღვრეულია და ადამიანთა 30%-ში სისხლიანია, რაც თვალითაც შეიმჩნევა. როცა ინფექცია შარდის ბუშტსა და ნაწლავს ან საშოს შორის არსებული პათოლოგიური კავშირის, ხვრელმილის (ფისტულის) გამო ვითარდება, შარდვისას ჰაერიც შეიძლება გამოიყოს.
ცისტიტის სიმპტომები შეიძლება მკურნალობის გარეშეც თავისით გაქრეს. ზოგჯერ შარდის ბუშტის ინფექცია სიმპტომებს საერთოდ არ იწვევს, განსაკუთრებით მოხუცებში და ინფექციის არსებობა შემთხვევით დგინდება, როცა ანალიზი სხვა მიზეზის გამო ტარდება. შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლის დროს (ნეიროგენული შარდის ბუშტი) ან კათეტერის ხანგრძლივად დატოვების გამო შესაძლოა ცისტიტი უსიმპტომოდ არსებობდეს მანამ, სანამ თირკმლის ინფექცია ან ცხელება არ იჩენს თავს.
დიაგნოსტიკა
ცისტიტის დიაგნოზი მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიდან გამომდინარე ისმება. ანალიზისთვის საჭიროა შარდის შუა ულუფის სუფთა წესით აღება, რათა ის არ დაბინძურდეს საშოში ან ასოს თავზე არსებული ბაქტერიებით. შარდში ორი ისეთი ნივთიერების არსებობის დადგენა, რომელიც ნორმაში არ უნდა იყოს, სწრაფი ტესტითაა შესაძლებელი, რომლის დროსაც სპეციალური სატესტო ჩხირი ანალიზისათვის შეგროვებულ შარდში თავსდება. ამ კვლევით დგინდება შარდში ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი ნიტრიტებისა და ლეიკოციტური ესთერაზას არსებობის დადგენა. ამ უკანასკნელს სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედი შეიცავს და შარდში მისი აღმოჩენა მიანიშნებს, რომ ორგანიზმი ცდილობს ებრძოლოს ბაქტერიებს. ზრდასრულ ქალებში ეს ორი ტესტი შესაძლოა საკმარისი იყოს.
ზოგჯერ საჭირო ხდება შარდის ნიმუშის მიკროსკოპით გამოკვლევაც, რათა მასში სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების, ან სხვა რაიმე ნივთიერების არსებობა დადგინდეს. ბაქტერიების რაოდენობა ითვლება და შესაძლოა ნიმუშის კულტურაც დაითესოს, რათა ზუსტად დადგინდეს ბაქტერიების რიცხვი და სახეობა. თუკი ადამიანს ინფექცია აქვს, როგორც წესი, ერთი რომელიმე ტიპის ბაქტერია დიდი რაოდენობითაა შარდში.
მამაკაცებში შარდის შუა ულუფის ნიმუში, როგორც წესი, საკმარისია კულტურის დასათესად. ქალებში უფრო დიდია ალბათობა, რომ იგი საშოს ან ვულვის ბაქტერიებით იქნება დაბინძურებული. როცა შარდში მცირე რაოდენობითაა ბაქტერიები, ან მათი რამდენიმე ტიპი ერთად აღმოჩნდება, სავარაუდოა, რომ იგი აღების პროცესში დაბინძურდა. ზოგჯერ ამის თავიდან ასაცილებლად ექიმებს შარდის პირდაპირ შარდის ბუშტიდან გამოღება უწევთ, კათეტერის გამოყენებით.
ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებში ძალიან მნიშვნელოვანია ცისტიტის გამომწვევი მიზეზის დადგენა. ეს ეხება ბავშვებს, ნებისმიერი ასაკის მამაკაცებს და ზოგ ქალს, რომელთაც ინფექცია წელიწადში 3-ჯერ ან უფრო ხშირად აქვთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა აღინიშნება საშარდე გზების დახშობის სიმპტომები, ზედა საშარდე გზების ინფექცია ან ბაქტერია პროტეუსით გამოწვეული ინფექცია. ამ ადამიანებში დიდია ალბათობა იმისა, რომ სხვა დაავადებაც არსებობს, რომელიც ინფექციის მედიკამენტური მკურნალობის გარდა სხვა სახის მკურნალობასაც საჭიროებს (მაგ. თირკმლის დიდი ზომის კენჭი). ინფექციის მიზეზის დასადგენად ექიმმა შეიძლება ინტრავენური უროგრამა დანიშნოს. ამ დროს ვენაში საკონტრასტო ნივთიერება შეჰყავთ, რომელიც შემდეგ თირკმლებიდან შარდით გამოიყოფა და გადაღებული რენტგენის საშუალებით შეიძლება თირკმლების, შარდსაწვეთებისა და შარდის ბუშტის გამოსახულების მიღება. ინტრავენური უროგრამის ნაცვლად შეიძლება ულტრასონოგრაფიული (ულტრაბგერითი) კვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია გაკეთდეს. გამოკვლევის კიდევ ერთი მეთოდია მოშარდვის ცისტოურეთროგრაფია, რომელიც გულისხმობს რადიოგაუმჭვირვალე საკონტრასტო ნივთიერების შარდის ბუშტში შეყვანას და რენტგენის გადაღებას მოშარდვის პროცესში, როცა ეს ნივთიერება გარეთ გამოიყოფა. ამით შარდსადენის შევიწროების (სტრიქტურის) აღმოჩენა შეიძლება. ამასთან, განსაკუთრებით ბავშვებში, შეიძლება დადგინდეს, რომ შარდი შარდის ბუშტიდან ზევით, შარდსაწვეთებში ბრუნდება (ე.წ. რეფლუქსი). კვლევის კიდევ ერთი სახეა რეტროგრადული ურეთროგრაფია, რომლის დროსაც საკონტრასტო ნივთიერება პირდაპირ შარდსადენში შეიყვანება და შეიძლება მისი შევიწროების (სტრიქტურის), ჩანთისებრი გამობერილობის ან სხვა ორგანოებთან დამაკავშირებელი პათოლოგიური ხვრელმილის (ფისტულის) აღმოჩენა ორივე სქესში. შარდის ბუშტის პირდაპირ დათვალიერება დრეკადი, კამერიანი მილით (ცისტოსკოპია), გამოსადეგია ისეთ შემთხვევებში, როცა, მკურნალობის მიუხედავად, ცისტიტის მორჩენა ვერ ხერხდება.
პრევენცია
შარდის ბუშტის ხშირი ინფექციების მქონე ადამიანებს შესაძლოა ანტიბიოტიკების დაბალი დოზების მიღებამ ხანგრძლივად მოუწიოთ – ყოველდღე, კვირაში 3-ჯერ ან ერთჯერადად უშუალოდ სქესობრივი აქტის შემდეგ. მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, ატროფიული ვაგინიტის, ატროფიული ურეთრიტისა და ხშირი ცისტიტის მქონე ქალებში, შესაძლოა ეფექტური იყოს ვულვაზე ესტროგენის კრემის ან საშოს სანთლების გამოყენება.
ცისტიტის თავიდან ასაცილებლად დიდი რაოდენობის სითხის მიღებაა სასურველი. მოშარდვისას ბევრი ბაქტერია შარდის ბუშტიდან შარდთან ერთად გამოირეცხება, დარჩენილს კი – ორგანიზმის ბუნებრივი დამცველი ძალები მოაშორებს. მიიჩნევა, რომ წინიდან უკანა მიმართულებით გამოწმენდა, სქესობრივი აქტის შემდეგ მალევე მოშარდვა და არამჭიდრო, ჰაერგამტარი ქსოვილის საცვლების გამოყენება, ეხმარება ქალებს შარდის ბუშტის ინფექციების პრევენციაში. თუმცა, ზუსტად დადგენილი არ არის, რამდენად ეფექტურია ეს ხერხები.
მკურნალობა
ცისტიტის სამკურნალოდ, როგორც წესი, ანტიბიოტიკები ინიშნება. მანამდე ექიმი განსაზღვრავს, ხომ არ აქვს ადამიანს ისეთი დაავადება, რომელიც ცისტიტის მიმდინარეობას დაამძიმებს (მაგ. შაქრიანი დიაბეტი ან იმუნიტეტის დაქვეითება, რის გამოც ორგანიზმი ვეღარ ებრძვის ინფექციას) ან ინფექციის მოცილებას გაართულებს (მაგ. საშარდე გზების სტრუქტურული პათოლოგია). ასეთი პრობლემების თანაარსებობისას შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო ძლიერი ანტიბიოტიკების უფრო ხანგრძლივად მიღება, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ ინფექცია ანტიბიოტიკების მკურნალობის შეწყვეტისთანავე თავიდან განვითარდება.
ქალებში გაურთულებელი ინფექციის სამკურნალოდ, როგორც წესი, ეფექტურია ანტიბიოტიკის 3 დღის განმავლობაში დალევა, თუმცა ექიმები არჩევენ ერთჯერადი დოზის დანიშვნას. უფრო `ჯიუტი~ ინფექციებისთვის ანტიბიოტიკები 7-10-დღიანი კურსით ინიშნება. მამაკაცებში ცისტიტი ხშირად წინამდებარე ჯირკვლის ინფექციითაა გამოწვეული და ანტიბიოტიკების მიღებაც კვირების მანძილზეა საჭირო.
სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენებით შესაძლებელია ცისტიტის სიმპტომების შემსუბუქება, განსაკუთრებით ისეთი სიმპტომებისა, როგორიცაა მოშარდვის ხშირი და დაუძლეველი სურვილი, მტკივნეული შარდვა. ანტიქოლინერგულმა საშუალებებმა (ოქსიბუტინინი, ტოლტეროდინი) შეიძლება მოხსნას შარდის ბუშტის სპაზმი, რაც მოშარდვის დაუძლეველ სურვილს იწვევს. მათი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს დიდი ზომის წინამდებარე ჯირკვლის მქონე მამაკაცებში, რადგან შესაძლოა შარდის შეკავება გამოიწვიოს. სხვა მედიკამენტები, მაგ. ფენაზოპირიდინი, ქსოვილების ანთებასა და, შესაბამისად, ტკივილს ამცირებს.
შარდის დინების შემაფერხებელი მექანიკური დაბრკოლებების მოსახსნელად ან სტრუქტურული პათოლოგიის გამოსასწორებლად შეიძლება ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო, მაგ. საშვილოსნოს ან შარდის ბუშტის დაწევის დროს, რადგან ეს მდგომარეობები ინფექციების განვითარების რისკს ზრდის. ოპერაციამდე ინფექციის უკეთ გასაკონტროლებლად ეფექტურია დახშობის ადგილის შარდისგან დაცლა კათეტერის გამოყენებით. როგორც წესი, ქირურგიულ ჩარევამდე ანტიბიოტიკიც ინიშნება, რათა ინფექცია მთელ ორგანიზმში არ გავრცელდეს.
იცით თუ არა, რომ…
ზუსტად უცნობია, რამდენად ეფექტურია შარდის ბუშტის ინფექციის პრევენციისთვის წინიდან უკანა მიმართულებით გამოწმენდა ან მჭიდრო, ჰაერგაუმტარი საცვლების გამოყენებაზე უარის თქმა.
აღნიშნულისაგან განსხვავებით, როგორც ჩანს, შტოშის წვენი შეიძლება ეფექტური იყოს ცისტიტის თავიდან ასაცილებლად.
საშარდე გზების ბაქტერიული ინფექციის ხელშემწყობი ფაქტორები
ქალებში, რომელთაც შარდის ბუშტის ინფექცია წელიწადში სამჯერ ან უფრო ხშირად აქვთ, შეიძლება შემდეგი მეთოდები იყოს ეფექტური:
შტოშის წვენის დალევა (დღეში 300 მლ წვენი ან 50მლ მისი კონცენტრატი) ან შტოშის აბების მიღება. ეს ხილი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც პირდაპირ თრგუნავს ბაქტერიების მიმაგრებას შარდის ბუშტის კედელზე და ზრდის შარდის მჟავიანობას, რაც ბაქტერიებისთვის ნაკლებად ხელსაყრელია;
მეტი რაოდენობით სითხის მიღება;
ხშირი შარდვა;
სქესობრივი აქტის შემდეგ მალევე მოშარდვა;
სპერმიციდების გამოყენებისგან თავის შეკავება (მათ ხშირად, როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას, საშოს დიაფრაგმასთან ერთად იყენებენ);
ანტიბიოტიკების მუდმივად, დაბალი დოზებით მიღება, ყოველდღე, კვირაში სამჯერ ან უშუალოდ სქესობრივი აქტის შემდეგ;
მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ატროფიული ვაგინიტის ან ატროფიული ურეთრიტის მქონე ქალებში ესტროგენის კრემის (ვულვაზე) წასმა ან საშოს ესტროგენის შემცველი სანთლების გამოყენება.
ინტერსტიციული ცისტიტი: შარდის ბუშტის ანთება ინფექციის გარეშე
ინტერსტიციული ცისტიტი შარდის ბუშტის მტკივნეული ანთებაა, რომლის დროსაც ინფექციის არსებობა არ დასტურდება. ის, როგორც წესი, ქრონიკულად მიმდინარეობს. მიზეზი უცნობია. შარდში ინფექციური მიკროორგანიზმების აღმოჩენა ვერ ხერხდება. დაავადება, როგორც წესი, საშუალო ასაკის ქალებს ემართებათ. მამაკაცებში იგი იშვიათია.
სიმპტომებიდან ვლინდება ხშირი, მტკივნეული შარდვა. შარდი შეიძლება ჩირქს და სისხლს შეიცავდეს, რომელთა არსებობაც მიკროსკოპით ვლინდება. დროთა განმავლობაში ანთების გამო შარდის ბუშტი იჭმუხნება. ცისტოსკოპით მისი დათვალიერებისას ვლინდება სისხლდენის მცირე, ჩაღრმავებული ადგილები და წყლულები.
მკურნალობის რამდენიმე მეთოდია ნაცადი, მაგრამ ყოველთვის ეფექტური არც ერთი არ არის. ზოგჯერ ინიშნება ტკივილგამაყუჩებლები, ანტიქოლინერგული საშუალებები ან ანტიდეპრესანტები. ტკივილის შესამცირებლად შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს პენტოსანი – მედიკამენტი, რომელიც დასალევი ფორმით არსებობს. დიმეთილსულფოქსიდი პირდაპირ შარდის ბუშტში შეჰყავთ და ზოგჯერ ისიც ეფექტურია. ძალიან რთულ შემთხვევებში, როცა ადამიანს გაუსაძლისი სიმპტომები აქვს, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება, შესაძლოა შარდის ბუშტის ამოკვეთა გახდეს საჭირო. ამის შემდეგ ახალი შარდის ბუშტი ხელოვნურად იქმნება ნაწლავის ნაწილისგან.
საშარდე გზების ინფექციები
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები