საშარდე გზების ინფექციები
ჯანმრთელ ადამიანებში შარდის ბუშტში დაგროვილი შარდი სტერილურია – ბაქტერიებსა და სხვა ინფექციურ მიკროორგანიზმებს არ შეიცავს. შარდის ორგანიზმიდან გამომტანი მილი – შარდსადენიც არ შეიცავს ბაქტერიებს ან ყოველ შემთხვევაში, არა იმდენს, რომ ინფექცია გამოიწვიოს. თუმცა, ინფექცია საშარდე გზების ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს და მას საშარდე გზების ინფექციას უწოდებენ (სგი).
სგი ორ ჯგუფად იყოფა: ზედა და ქვედა, იმის მიხედვით, თუ რომელ ნაწილში განვითარდა. ქვედა სგი შარდსადენის ან შარდის ბუშტის ინფექციაა. ზოგი ექიმი თვლის, რომ წინამდებარე ჯირკვლის ინფექციაც (პროსტატიტი) ამ ჯგუფს უნდა მიეკუთვნოს. ზედა საშარდე გზების ინფექციები თირკმელში ვითარდება (პიელონეფრიტი). წყვილ ორგანოებში, მათ შორის თირკმლებშიც, ინფექციამ შეიძლება ერთი ან ორივე ორგანო დააზიანოს. სგი შეიძლება ბავშვებშიც განვითარდეს და ზრდასრულებშიც.
მიზეზები
ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმები საშარდე გზებში ორიდან ერთი საშუალებით ხვდება. ყველაზე ხშირად ისინი ორგანიზმში საშარდე გზების უკიდურესი ქვედა ნაწილიდან – შარდსადენის გარეთა ხვრელიდან შეაღწევენ, რომელიც მამაკაცებში ასოს თავზე, ხოლო ქალებში ვულვაშია მოთავსებული. ინფექცია აღმავალი გზით მიემართება შარდის ბუშტისკენ და ზოგჯერ, თირკმლებისკენაც. მეორე გზა, რომლითაც მიკროორგანიზმები საშარდე გზებში ხვდება, სისხლის მიმოქცევაა. ამ დროს ისინი, როგორც წესი, თირკმელში ხვდებიან.
სგი-ები თითქმის ყოველთვის ბაქტერიებითაა გამოწვეული, თუმცა ზოგჯერ მიზეზი შეიძლება ვირუსი, სოკო ან პარაზიტიც იყოს. სგი-ების 85%-ზე მეტს ნაწლავებიდან ან საშოდან მოხვედრილი ბაქტერიები იწვევს. თუმცა, ჩვეულებრივ, საშარდე გზებში შეღწეული ბაქტერიები შარდის ნაკადით გამოიდევნება ბუშტის დაცლასთან ერთად.
ბაქტერიები: ქვედა საშარდე გზების, ანუ შარდსადენის და შარდის ბუშტის, ბაქტერიული ინფექციები ძალიან ხშირია, განსაკუთრებით ახალგაზრდა სქესობრივად აქტიურ ქალებში. ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიკროორგანიზმი ნაწლავის ჩხირია. როცა ადამიანს თირკმლის კენჭი აქვს, საშარდე გზებში შეიძლება სპეციფიკური ბაქტერია – პროტეუსი გამრავლდეს. 20-50 წლის ასაკში სგი-ები 50-ჯერ უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ამის მიზეზი კაცებში შარდსადენის მეტი სიგრძეა, რის გამოც ბაქტერიებს უჭირთ იმდენად ზევით შეღწევა, რომ ინფექცია გამოიწვიონ. 50 წლის ზემოთ საშარდე გზების ინფექციები ორივე სქესში ხშირდება და გავრცელებაში განსხვავებაც ნაკლებია.
ვირუსები: შარდსადენი შეიძლება დააინფიციროს მეორე ტიპის მარტივმა ჰერპესის ვირუსმა (HშV-2), რაც იწვევს ტკივილს შარდვისას და აძნელებს შარდის ბუშტის დაცლას.
სოკოები: საშარდე გზების ინფექციების გამოწვევა ზოგიერთ სოკოს, მათ შორის საფუარასაც, შეუძლია (საფუარა სოკოები ვაგინიტსაც იწვევს). მათ შორის ყველაზე ხშირად მიზეზი სოკო კანდიდაა. კანდიდა საკმაოდ ხშირად იწვევს სგი-ს დაქვეითებული იმუნიტეტის ან შარდის ბუშტის კათეტერის მქონე ადამიანებში. იშვიათად სგი-ს მიზეზი შეიძლება სხვა სახის სოკოებიც იყოს, მაგ. ბლასტომიკოზისა და კოკციდიომიკოზის გამომწვევები, შესაბამისად Bლასტომყცეს და ჩოცციდიოიდეს. სოკოებსა და ბაქტერიებს იმავდროულად თირკმლების ინფიცირებაც შეუძლიათ.
პარაზიტები: საშარდე გზების ინფექციას რამდენიმე პარაზიტიც იწვევს, მათ შორის ზოგიერთი ჭია.
ტრიქომონიაზი სქესობრივად გადამდები დაავადებაა, რომელსაც მიკროსკოპული პარაზიტი იწვევს და ვლინდება საშოდან დიდი რაოდენობით მომწვანო-მოყვითალო, ქაფიანი გამონადენით. ზოგჯერ შარდის ბუშტისა და შარდსადენის ინფექციაც ვითარდება. ტრიქომონიაზს შარდსადენის დაინფიცირება კაცებშიც შეუძლია. როგორც წესი, ამ დროს სიმპტომები არ ვლინდება, თუმცაღა შეიძლება წინამდებარე ჯირკვლის ანთება – პროსტატიტი განვითარდეს.
შისტოსომოზმა, ჭიით გამოწვეულმა ინფექციამ, შეიძლება დააზიანოს თირკმლები, შარდსაწვეთები ან შარდის ბუშტი. იგი ხშირად იწვევს თირკმლის მძიმე უკმარისობას აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და აზიაში მცხოვრებ ადამიანებში. შარდის ბუშტის ხანგრძლივი შისტოსომოზის დროს სისხლიანი შარდვა ვლინდება, შესაძლოა დაიხშოს შარდსაწვეთები და საბოლოოდ შარდის ბუშტის კიბო განვითარდეს.
ფილარიაზი, რომელსაც ძაფისებრი ჭია იწვევს, ლიმფურ ძარღვებს ახშობს, რის გამოც შარდში ლიმფა გადადის (ქილურია). ამ დაავადებამ ქსოვილების უზარმაზარი შეშუპება – გასპილოვნება შეიძლება გამოიწვიოს, რომელიც, მამაკაცებში შესაძლოა სათესლე პარკზეც გავრცელდეს.
ურეთრიტი
ურეთრიტი შარდსადენის ინფექციაა, მილის, რომლითაც შარდი შარდის ბუშტიდან სხეულის გარეთ გამოიდევნება.
ურეთრიტის ყველაზე ხშირი მიზეზია ბაქტერიები, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიები.
სიმპტომები მოიცავს ტკივილს შარდვისას, გახშირებულ შარდვასა და, ზოგჯერ, გამონადენსაც.
როგორც წესი, ინფექციის სამკურნალოდ ანტიბიოტიკები ინიშნება.
მიზეზები
ურეთრიტი შეიძლება ბაქტერიებმა, სოკოებმა ან ვირუსებმა (მაგ. მარტივი ჰერპესის ვირუსმა) გამოიწვიოს. ქალების უმრავლესობაში გამომწვევები ის ბაქტერიებია, რომლებიც ნორმაში ნაწლავების ქვედა ნაწილში ცხოვრობენ. ისინი შარდსადენში ყითადან ხვდებიან. კაცებში ურეთრიტი ბევრად იშვიათად ვითარდება, რადგან მათი შარდსადენის გარეთა ხვრელი დაშორებულია ყითადან და ბაქტერიებს ნაკლებად შეუძლიათ იქამდე მიღწევა. ურეთრიტის მქონე ქალთა უმრავლესობაში შარდის ბუშტის ინფექციაც (ცისტიტი) ვითარდება, რაც მამაკაცებისთვის დამახასიათებელი არ არის.
სქესობრივი გზით გადამდები მიკროორგანიზმები – მაგ.: გონორეის გამომწვევი ნეისერია (Nეისსერია გონორრჰოეაე) – შეიძლება შარდსადენში სქესობრივი აქტის დროს მოხვდეს ინფიცირებული პარტნიორისგან. სქესობრივი გზით ხშირად ქლამიდია და მარტივი ჰერპესის ვირუსიც გადაეცემა და შეიძლება ურეთრიტი გამოიწვიოს. როცა ეს დაავადება კაცებში ვითარდება, ძალიან ხშირად იგი გონორეითაა გამოწეული. Nეისსერია გონორრჰოეაე-მ ურეთრიტი შეიძლება ქალებშიც გამოიწვიოს, მაგრამ იგი უფრო ხშირად საშოს, საშვილოსნოს ყელს, საშვილოსნოს, საკვერცხეებსა და კვერცხსავალ მილებს აინფიცირებს. კაცებში შარდსადენის ინფექციისა და ანთების კიდევ ერთი მიზეზია მიკროსკოპული პარაზიტი – ტრიქომონა. ურეთრიტი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიებმა, რომლებიც საშარდე გზების სხვა ნაწილებს აინფიცირებენ, მაგ. ნაწლავის ჩხირმა.
სიმპტომები
ორივე სქესში ხშირად ვლინდება მტკივნეული შარდვა და მოშარდვის ხშირი, დაუძლეველი სურვილი. ზოგ ადამიანს სიმპტომები საერთოდ არ აქვს. კაცებში, როცა გამომწვევი გონორეა ან ქლამიდიაა, როგორც წესი, შარდსადენიდან გამონადენი აღინიშნება. იგი ხშირად მომწვანო-მოყვითალოა, როცა გამომწვევი გონოკოკია და გამჭვირვალეა, როცა ინფექციის მიზეზი სხვა მიკროორგანიზმებია. ქალებში გამონადენი უფრო იშვიათია.
სხვა დაავადებებიდან მტკივნეული შარდვა შეიძლება შარდის ბუშტის ინფექციამ და ვაგინიტმაც გამოიწვიოს. ვაგინიტის დროს მტკივნეული შარდვა იმიტომ ვითარდება, რომ მჟავა რეაქციის შარდი ანთებად ვულვასა და საშოს ამომფენ გარსს აღიზიანებს.
გართულებები: შარდსადენის არანამკურნალებმა ან ცუდად ნამკურნალებმა ინფექციებმა შეიძლება დროთა განმავლობაში მისი შევიწროება – სტრიქტურა გამოიწვიოს. ეს, თავის მხრივ, კიდევ უფრო ზრდის შარდის ბუშტის ან თირკმლის ინფექციის რისკს. არანამკურნალები გონორეის დროს შესაძლოა შარდსადენის გარშემო ჩირქი დაგროვდეს ანუ აბსცესი წარმოიქმნას. ამან შეიძლება შარდსადენის კედლების ჩანთასავით გამობერვა (ე.წ. დივერტიკული) გამოიწვიოს და მისი ინფექცია განვითარდეს. თუკი აბსცესმა კანი, საშო ან სწორი ნაწლავი გაარღვია, შარდი შეიძლება ამ ახლად ფორმირებულ ხვრელმილში გადავიდეს (შარდსადენის ფისტულა).
დიაგნოზი
ურეთრიტის დიაგნოზი, როგორც წესი, სიმპტომებიდან და გასინჯვის შედეგებიდან გამომდინარე ისმება. თუკი გამონადენი არის, მისი ნაცხის აღებაა საჭირო რბილთავიანი ჩხირის შარდსადენის ბოლოში შეყვანით. შემდეგ იგი ლაბორატორიაში იგზავნება ანალიზისთვის, რათა გამომწვევი მიკროორგანიზმი დადგინდეს.
პრევენცია და მკურნალობა
ურეთრიტის გამომწვევი სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან თავის დაცვა პრეზერვატივით შეიძლება.
მკურნალობა ინფექციის მიზეზზეა დამოკიდებული. თუმცა, მიკროორგანიზმის ზუსტად დადგენას შეიძლება დღეები დასჭირდეს. ექიმები თავდაპირველად ისეთ ანტიბიოტიკებს ნიშნავენ, რომლებიც ყველაზე ხშირი ინფექციებისთვისაა ეფექტური. სქესობრივად აქტიური მამაკაცებისთვის, მკურნალობა, როგორც წესი, მოიცავს ცეფტრიაქსონის ინფექციებს გონორეისთვის და აზითრომიცინს ან დოქსიციკლინს დასალევად ქლამიდიისთვის. თუკი კვლევებით გამოირიცხება ეს ორი ინფექცია, ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი ან ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკი (მაგ. ციპროფლოქსაცინი) შეიძლება დაინიშნოს. ქალებში მკურნალობა ისეთივეა, როგორც ცისტიტის დროს. მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექციისთვის შესაძლოა ანტივირუსული საშუალება, მაგ. აციკლოვირი გახდეს საჭირო.
საშარდე გზების ბაქტერიული ინფექციის ხელშემწყობი ფაქტორები
აღმავალი ინფექციები:
- საშარდე გზების დახშობა ნებისმიერ ადგილას, მაგ. კენჭებით;
- შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლა, რის გამოც მისი ბოლომდე დაცლა არ ხდება, მაგ. ნევროლოგიური დაავადებების დროს;
- შარდსაწვეთებსა და შარდის ბუშტს შორის არსებული სარქვლის მსგავსი მექანიზმის მოშლა, რის გამოც შარდი და ბაქტერიები ბუშტიდან ზევით, შარდსაწვეთებში და შესაძლოა თირკმლებშიც ადის (უფრო ხშირად საშარდე გზების ინფექციის მქონე ბავშვებში);
ექიმის მიერ კათეტერის ან რაიმე ინსტრუმენტის შეყვანა საშარდე გზებში;
- სქესობრივი აქტი;
- საშოს დიაფრაგმის გამოყენება სპერმიციდთან ერთად;
- პათოლოგიური კავშირის ანუ ხვრელმილის (ფისტულის) არსებობა შარდის ბუშტსა და საშოს ან ნაწლავს შორის;
- მამაკაცებში პროსტატიტი.
სისხლით გავრცელებული ინფექციები:
- ინფექციის გავრცელება სისხლში (სეპტიცემია);
- გულის სარქვლების ინფექცია (ინფექციური ენდოკარდიტი).
საშარდე გზების კენჭები
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები