ქრონიკული ჰეპატიტი
ქრონიკული ჰეპატიტი არის ღვიძლის ანთება, რომელიც, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში გრძელდება.
ხშირი მიზეზებია B- და ჩ-ჰეპატიტის ვირუსები და მედიკამენტები;
ბევრ ადამიანს სიმპტომები საერთოდ არ აქვს გამოხატული, სანამ ღვიძლის მძიმე დანაწიბურება არ ჩამოყალიბდება;
ქრონიკულმა ჰეპატიტმა შეიძლება გამოიწვიოს ციროზი ელენთის გადიდებით, სითხის მუცლის ღრუში დაგროვებით და თავის ტვინის ფუნქციის დარღვევით;
დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება ბიოფსია;
გამოიყენება ანტივირუსული წამლები და კორტიკოსტეროიდები; დაავადების შორს წასული ფორმის დროს შესაძლოა ღვიძლის გადანერგვა გახდეს საჭირო.
ქრონიკული ჰეპატიტი, რომელიც მწვავესთან შედარებით ნაკლებად გავრცელებულია, შეიძლება გრძელდებოდეს წლების, ზოგჯერ ათწლეულების, განმავლობაში. ზოგიერთ ადამიანში ის ძალზე მსუბუქად მიმდინარეობს და არ იწვევს ღვიძლის მნიშვნელოვან დაზიანებას. თუმცა, სხვა ადამიანებში, გახანგრძლივებული ანთება ნელ-ნელა აზიანებს ღვიძლს და საბოლოოდ ციროზს (ღვიძლის მძიმე დანაწიბურებას), ღვიძლის უკმარისობასა და ზოგჯერ ღვიძლის კიბოს იწვევს.
მიზეზები
ქრონიკულ ჰეპატიტს, ჩვეულებრივ, ჰეპატიტის ვირუსებიდან ერთ-ერთი იწვევს (იხ. ცხრილი „ჰეპატიტის ვირუსები“). ქრონიკული ჰეპატიტის შემთხვევათა 60-70% ჩ-ჰეპატიტის ვირუსით არის გამოწვეული და მწვავე ჩ ჰეპატიტის შემთხვევების 75% ქრონიკულ ფორმაში გადადის. B-ჰეპატიტის შემთხვევების დაახლოებით 5-7%, ზოგჯერ D-ჰეპატიტის თანდართვით, ქრონიკული ხდება. A და E-ჰეპატიტის ვირუსები არ იწვევენ ქრონიკულ ჰეპატიტს.
ქრონიკული ჰეპატიტი შეიძლება გარკვეულმა წამლებმა გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ხანგრძლივად იყენებენ. ასეთ წამლებს მიეკუთვნება იზონიაზიდი, მეთილდოფა, ნიტროფურანტიონი და, იშვიათად, აცეტამინოფენი. ვილსონის დაავადებამ (იშვიათი მემკვიდრული დაავადება, რომლის დროსაც ღვიძლში სპილენძი გროვდება), შესაძლოა აგრეთვე გამოიწვიოს ქრონიკული ჰეპატიტი ბავშვებსა და მოზრდილებში. სხვა მიზეზებს მიეკუთვნება ალკოჰოლური ჰეპატიტი, ღვიძლის გაცხიმოვნება, რომელიც არ არის გამოწვეული ალკოჰოლის მიღებით (არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი – ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება) და ალფა-1-ანტიტრიფსინის დეფიციტი (მემკვიდრული დაავადება).
უცნობია, თუ რატომ იწვევს გარკვეული ვირუსი ან წამალი ზოგიერთ ადამიანში ქრონიკულ ჰეპატიტს, ხოლო სხვებში – არა და რატომ არის დაავადების სიმძიმე ასეთი ვარიაბელური. ქრონიკული ჰეპატიტის მქონე ბევრ ადამიანს ვერ უდგენენ ჰეპატიტის გამომწვევ აშკარა მიზეზს. ამ ადამიანებიდან ზოგიერთში ქრონიკული ანთება ემსგავსება ორგანიზმის მიერ საკუთარი ქსოვილების დაზიანებით გამოწვეულ ანთებას (აუტოიმუნური რეაქცია), მაგრამ ეს კავშირი დამტკიცებული არაა. ამ ტიპის ანთებას ეწოდება აუტოიმუნური ჰეპატიტი და ის უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.
სიმპტომები
დაავადებულთა დაახლოებით 2/3-ს ქრონიკული ჰეპატიტი თანდათანობით და უსიმპტომოდ უვითარდება, სანამ არ გამოვლინდება ციროზი. დანარჩენ 1/3-ს ქრონიკული ჰეპატიტი უყალიბდება მწვავე ვირუსული ჰეპატიტის შეტევის შემდეგ, რომელიც გახანგრძლივებულია ან მეორდება (ხშირად რამდენიმე კვირის შემდეგ).
სიმპტომები ხშირად მოიცავს ავადმყოფობის გაურკვეველ შეგრძნებას (დისკომფორტი), უმადობას და დაღლილობას. დაავადებულებს ზოგჯერ აქვთ სუბფებრილური ტემპერატურა და ერთგვარი დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში. სიყვითლე იშვიათია. ღვიძლის ქრონიკული დაავადებისა და ციროზის გართულებები შეიძლება თანდათანობით განვითარდეს. ამ დროს შეიძლება გადიდდეს ელენთა, კანზე გაჩნდეს ობობასმაგვარი სისხლძარღვები, გაწითლდეს ხელისგულები და დაგროვდეს სითხე მუცლის ღრუში (ასციტი). ღვიძლის დისფუნქციამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია), კერძოდ, პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჩ-ჰეპატიტით გამოწვეული ციროზი.
აუტოიმუნურმა ჰეპატიტმა შეიძლება გამოიწვიოს სხვა სიმპტომები, რომლებიც შეიძლება, ფაქტობრივად, ნებისმიერ ორგანოთა სისტემასთან იყოს დაკავშირებული, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებში. ამ სიმპტომებს მიეკუთვნება აკნე, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა, სახსრების ტკივილი, ფილტვების დანაწიბურება, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმლის ანთება და ანემია.
ბევრ ადამიანში ქრონიკული ჰეპატიტი წლების განმავლობაში არ პროგრესირებს. სხვებში მისი მიმდინარეობა თანდათანობით უარესდება. გამოსავალი ნაწილობრივ გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული:
ქრონიკულ ჩ-ჰეპატიტს მივყავართ ციროზამდე, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდება დაავადებულთა 15-25%-ში. იზრდება ღვიძლის კიბოს გაჩენის რისკი, მაგრამ მხოლოდ ციროზის არსებობისას.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)