კუჭის კიბო
როგორც ჩანს, კუჭის კიბოს უხშირესი მიზეზია Hელიცობაცტერ პყლორი-ით გამოწვეული ინფექცია.
ზოგიერთი დამახასიათებელი სიმპტომია გაურკვეველი დისკომფორტი მუცელში, წონაში კლება და სისუსტე.
საუკეთესო სადიაგნოზო პროცედურაა ენდოსკოპია.
სიცოცხლის ხანგრძლივობა მოკლეა, რადგან კიბოს სხვა ადგილებში ადრეული გავრცელება ახასიათებს.
ქირურგია ნაჩვენებია კიბოს ელიმინაციისა და სიმპტომების მოხსნისთვის.
კუჭის კიბოს დაახლოებით 95%-ს ადენოკარცინომა შეადგენს. კუჭის ადენოკარცინომა კუჭის ამომფენი შრის ჯირკვლოვანი უჯრედებისგან წარმოიქმნება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიურად კუჭის ადენოკარცინომის 21000 შემთხვევა გვხვდება და კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობით ის მეშვიდე ადგილზეა. ის უფრო ხშირად გვხვდება გარკვეულ პოპულაციებში, კერძოდ, 50 წლისა და მეტი ასაკის პირებში, ღარიბებში, შავკანიანებში, ლათინოამერიკელებში, ამერიკელ ინდიელებში და ჩრდილოეთის კლიმატურ პირობებში მცხოვრებ პირებში. კუჭის ადენოკარცინომა, უცნობი მიზეზების გამო, ნაკლებად ხშირია შეერთებულ შტატებში. ის უფრო ხშირია იაპონიაში, ჩინეთში, ჩილესა და ისლანდიაში. ამ პოპულაციებში სკრინინგულ პროგრამებს დიდი მნიშვნელობა აქვს კიბოს ადრეული გამოვლენისთვის.
გამომწვევები და რისკ-ფაქტორები
კუჭის ადენოკარცინომა ხშირად იმ ადგილზე იწყებს განვითარებას, სადაც კუჭის ამომფენი შრე ანთებადია. მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ კუჭის კიბოს ძირითადი მიზეზია ბაქტერიული ინფექცია Hელიცობაცტერ პყლორი.
კუჭის პოლიპები შეიძლება კიბოდ გარდაიქმნას (მალიგნიზაცია) და ამიტომ ხდება მათი მოცილება. კუჭის ადენოკარცინომის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია, თუ პოლიპი ჯირკვლოვანი უჯრედებისგან შედგება, მათი ზომა 3/4 დუიმზე (2 სანტიმეტრი) მეტია ან თუ რამდენიმე პოლიპია.
ფიქრობენ, რომ კუჭის ადენოკარცინომის განვითარებაში გარკვეულ როლს დიეტური ფაქტორები თამაშობს. ეს ფაქტორებია მარილის ჭარბი მოხმარება, ნახშირწყლების ჭარბი მიღება, კონსერვანტების, როგორიცაა ნიტრატი, ჭარბი მიღება, (ხშირად გვხვდება შებოლილ პროდუქტებში) და საკვებში ხილისა და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის სიმცირე. თუმცა არც ერთი ფაქტორის როლი დადასტურებული არ არის.
სიმპტომები
ადრეულ სტადიაზე სიმპტომები სუსტადაა გამოხატული და ხშირად ხდება მათი უგულებელყოფა. დაავადების ადრეული სიმპტომები, მუცლის ტკივილი წვის შეგრძნებით, შეიძლება პეპტიური წყლულის სიმპტომებს წააგავდეს. პეპტიური წყლულის სიმპტომები, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება, შეიძლება კუჭის კიბოზე მიანიშნებდეს. პაციენტს შეიძლება სისავსის შეგრძნება ჰქონდეს მცირე რაოდენობის საკვების მიღების შემდეგ (ადრეული დანაყრება).
წონაში კლება და სისუსტე, როგორც წესი, გამოწვეულია საკვების მიღების გაძნელებით ან ვიტამინებისა და მინერალების შეწოვის შეუძლებლობით. ანემია, რომელიც ხასიათდება დაღლილობით, სისუსტით და თავბრუსხვევით, შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის შეუმჩნეველი თანდათანობით დაკარგვით, კუჭის დაბალი მჟავის გამო B12 ვიტამინის (ვიტამინი, რომელიც საჭიროა ერითროციტების წარმოსაქმნელად) ან რკინის (მინერალი, რომელიც ასევე საჭიროა ერითროციტების წარმოსაქმნელად) შეწოვის დარღვევით. იშვიათად, პაციენტმა შეიძლება დიდი რაოდენობით სისხლი აღებინოს (ჰემატემეზისი) ან ჰქონდეს შავი კუპრისებრი განავალი (მელენა). როდესაც ადენოკარცინომა პროგრესირებს, ექიმმა სიმსივნე შეიძლება პაციენტის მუცლის ხელით გასინჯვით (ხელის ზეწოლით) შეიგრძნოს.
ადრეულ სტადიაზეც კი, პატარა ზომის ადენოკარცინომა შეიძლება დისტანციურად მდებარე ადგილას გავრცელდეს (განვითარდეს მეტასტაზი). სიმსივნის გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის გადიდება, კანის და სკლერის მოყვითალო შეფერილობა (სიყვითლე), მუცლის ღრუში სითხის დაგროვება და მუცლის გადიდება (ასციტი), აგრეთვე კანზე კიბოს კვანძების განვითარება. გავრცელებულ კიბოს შეუძლია ძვლები დაასუსტოს და გამოიწვიოს მისი მოტეხილობები.
დიაგნოზი
დიაგნოზის დასმის საუკეთესო საშუალებაა ენდოსკოპია (გამოკვლევა, რომლის დროსაც დრეკადი მილი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის შიგნიდან დასათვალიერებლად). ის საშუალებას აძლევს ექიმს, პირდაპირ დაათვალიეროს კუჭი, შეამოწმოს Hელიცობაცტერ პყლორი-ის არსებობა და აიღოს ქსოვილის ნიმუში (ბიოფსია) მიკროსკოპიული კვლევისთვის. ბარიუმით რენტგენოლოგიური კვლევა ნაკლებად გამოიყენება, რადგანაც იშვიათად ავლენს კიბოს ადრეულ სტადიაზე და არ იძლევა ბიოფსიის აღების საშუალებას. კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში, პაციენტს კიბოს სხვა ორგანოებში გავრცელების დასადგენად, როგორც წესი, უტარდება გულმკერდისა და მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია (ჩთ). თუ ჩთ სკანირება სიმსივნის გავრცელებას არ აჩვენებს, ექიმი, როგორც წესი, ატარებს ენდოსკოპიურ ულტრაბგერით კვლევას (რომელიც ნათლად აჩვენებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ამომფენ შრეს, რადგან ზონდი მოთავსებულია ენდოსკოპის თავზე). ამ გამოკვლევის მიზანია სიმსივნის სიღრმისა და პროცესში ახლომდებარე ლიმფური კვანძების ჩართულობის განსაზღვრა.
პროგნოზი და მკურნალობა
კუჭის ადენოკარცინომით დაავადებულთა 15%-ზე ნაკლები ცოცხლობს 5 წელზე მეტხანს. კუჭის კიბოს სხვა ადგილებში ადრეული გავრცელება ახასიათებს. თუ კიბო მხოლოდ კუჭს აზიანებს, როგორც წესი, ტარდება ქირურგიული ჩარევა განკურნების მცდელობის მიზნით. სიმსივნის მთლიანად ამოღება, სანამ ის გავრცელდება, განკურნების ერთადერთი იმედია. უნდა ამოიკვეთოს კუჭის უმეტესი ნაწილი ან მთლიანად კუჭი და ახლომდებარე ლიმფური კვანძები. პროგნოზი კარგია იმ შემთხვევაში, თუ კიბო კუჭის კედელში ღრმად არ არის ჩაზრდილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქირურგიული ჩარევის შედეგები ხშირად ცუდია, რადგან დიაგნოზის დასმისას პაციენტთა უმეტესობას კიბოს გავრცელებული ფორმა აქვს. იაპონიაში, სადაც კუჭის კიბო ძალიან ხშირია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მასობრივი სკრინინგ პროგრამები კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის საშუალებას იძლევა, როდესაც განკურნება უფრო მეტად სავარაუდოა. გარკვეულ შემთხვევებში მკურნალობისთვის ქიმიოთერაპია და რადიაციული თერაპიაც გამოიყენება.
თუ კიბო კუჭის გარეთ არის გავრცელებული, ქირურგიულ ჩარევას მდგომარეობის განკურნება არ შეუძლია, მაგრამ ხანდახან გამოიყენება სიმპტომების მოხსნისთვის. მაგალითად, თუ კუჭის ბოლოში საკვები ვერ ტარდება, კეთდება შუნტირება, რომლის დროსაც კუჭსა და წვრილ ნაწლავს ერთმანეთთან აკავშირებენ, რაც საკვების გატარების საშუალებას იძლევა. ასეთი კავშირი (ანასტომოზი) მცირე ხნით მაინც ხსნის ობსტრუქციის სიმპტომებს – ტკივილს და ღებინებას. ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია ასევე ხსნის სიმპტომებს, თუმცა მათი ეფექტურობა შეზღუდულია.
კუჭის არაავთვისებიანი სიმსივნეები
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი.
გამომცემლობა პალიტრა L
მასალის გამოყენების პირობები