04/05/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:
„მძიმე დროა, მაგრამ ამასაც გადავიტანთ. სიყვარული, სითბო, ერთად დგომა გადაგვარჩენს! ეს არის ერთადერთი გზა!
კაცობრიობას ნებისმიერი ეპიდემიის, სირთულის დროს ასე ემართება, – ჯერ ვართ დაბნეულები, შემდეგ გვაქვს აგრესია, ბოლოს იმარჯვებს საღი აზრი და გამოსავალს ვპოულობთ. ადამიანები, რომლებსაც აქვთ საღი აზრი, აიღებენ მართვის სადავეებს და დაალაგებენ სიტუაციას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მომავალ აღდგომას ჩვენ ასეთ სავალალო მდგომარეობაში არ ვიქნებით.
მე, როგორც იცით, მომხრე ვარ პანდემიის დროს მკაცრი ჩაკეტვის და გონიერი რეგულაციების, მაგრამ ეს ნახევრად დაკეტვა და ხან ჩაკეტვა და ხან გახსნა, ეს ვითომ-ვითომ რეგულაციები არის ბლეფი. მთავრობამ ვერ ისწავლა პანდემიისას სწორი მოქმედება, ვერც საკუთარ შეცდომებზე ისწავლა ვერაფერი.“
მისი თქმით, ახლა ყველგან დეპრესიული ფონია. დეპრესია არის გადამდები.
„შეუწყვეთ ხელი ადამიანებს, რომ აღარ იყვნენ დეპრესიულები და აგრესიულები, მაგრამ თუ ხედავთ, – თქვენი მცდელობა არ ჭრის, განერიდეთ აგრესიას, მოიშორეთ ასეთი ადამიანები, ონლაინ სივრცეში კი დაბლოკეთ. მთავარია, იყოთ პოზიტიურები და თქვენს ირგვლივ გყავდეთ პოზიტიური ადამიანები. პოზიტივი ქმნის პოზიტივს.
მე ვარ ჩემს მეგობრებში ყველაზე ენერგიული და ოპტიმისტი ადამიანი, მაგრამ რამდენჯერმე რაღაც დეპრესიისმაგვარი შემეპარა. თავს ვუთხარი, ასე არ შეიძლება, შეჩერდი. თქვენც გირჩევთ – პოზიტივზე, სიყვარულზე იფიქრეთ, თუ გაქვთ ამის საშუალება, მეგობრეზე, ახლობლებზე იფიქრეთ. მოუსმინეთ მუსიკას, რომელიც მოგწონთ, უყურეთ საყვარელ ფილმს, გადით ბუნებაში, მხატვრობა გიყვართ? – დაათვალიერეთ ნახატები. იკონტაქტეთ ყველაფერ პოზიტიურთან და ნეგატივი მოიშორეთ.
რაც შეეხება საქართველოს, 2022 წელს მივხედავთ ეპიდემიას, 2021 წელი ჩვენ „გავმაზეთ“, ჩავიკეტებით-გავიხსნებით და ასე. ახლა საქართველოში უკვე აღარ არის რეანიმაციული საწოლები.
მე მაინც იმედი მაქვს, წინასაახალწლოდ სიტუაცია საქართველოოშიც დალაგდება. საიდან, როგორ, რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ, ალბათ, დააკვირდით, – როცა რაღაცას ვამბობ, ახდება ხოლმე. გაგიმხელთ, მე მინდა, რომ ჩამოვიდე საქართველოში, იმედი მაქვს, რომ წინასაახალწლოდ ჩამოვალ საქართველოში. სექტემბერ-ოქტომბერში ევროპის ქვეყნები უკვე მიხედავენ თავიანთ სამეზობლოს და ჩვენც მოვყვებით ამ პროცესში. მანამდე როგორმე გავიტანოთ თავი და ბევრი სისულელე არ გავაკეთოთ, მე იმედი მაქვს, რომ სხვანაირი ახალი წელი გვექნება. მე მინდა, ახალ წელს ვიყო თბილისში, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ახალ წელს ვიყო თბილისში. თუ ვირუსის კუთხით უსაფრთხო არ იქნება, ვერ ჩამოვალ. რა თქმა უნდა, მინდა, რომ უფრო მალე ჩამოვიდე, მაგრამ ეს არის ჩემი გათვლები.
იმედი მაქვს, რომ ახალ წლამდე სიტუაცია კონტროლქვეშ იქნება, საქართველოში გონს მოვა ის, ვინც გონს უნდა მოეგოს და გასაკეთებელს გააკეთებს“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе